როგორ გავაუმჯობესოთ CV


მომსახურება იქნება ფასიანი

კარიერის შეცვლა რომ გინდა და “კეთილისმსურველები” გეუბნებიან – “ეგ ვერ გამოგივა”, “შეუძლებელია”, და მაინც ძალიან გინდა რაღაც ახლის დაწყება, რა უნდა გააკეთო? – მოუსმინო და დანებდე? საკუთარ მიზნებზე უარი თქვა? ეს პროფესიული ჰარაკირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ! აუცილებელია CV გააუმჯობესო და საქმეს შეუდგე! ანუ ამ გაუმჯობესებული CV-ით და დიდი მოტივაციით მიმართო იმ ორგანიზაციებს, სადაც შენი ახალი ინტერესთა სფეროა!

Continue reading

სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი 2


———————-

კატალოგის მეორე ნაწილი მოიცავს ინფორმაციას (ძირითადად) ევროპაში არსებული სტიპენდიების შესახებ. კატალოგში ინფორმაციის დამატება ან შეცვლა აღარ მოხდება. თუ დროთა განმავლობაში რომელიმე ლინკი აღარ იმუშავებს, დაგუგლეთ სტიპენდიის სახელი და ამგვარად გადადით მის დეტალებზე. წარმატებას გისურვებთ.

სარჩევი:

  1. The University of Melbourne, Graduate Research Scholarships (კვლევითი მაგისტრატურა ან დოქტორანტურა. ავსტრალია)
  2. თურქეთის მთავრობის სტიპენდიები
  3. MALAYSIAN INTERNATIONAL SCHOLARSHIP (MIS) (მაგისტრატურა, დოქტორანტურა. მალაიზია)
  4. Visby Programme scholarships for master’s level studies (შვედეთი)
  5. სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდია (დოქტორანტურის სტუდენტები, არტისტები, უნივერსიტეტის ლექტორები, მკვლევარები. სლოვაკეთი)
  6. საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ბუნდესტაგში (გერმანია)
  7. ესტონეთის დიპლომატიური სკოლა
  8. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ადმინისტრირებული სასტიპენდიო პროგრამები (სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, კვალიფიკაციის ამაღლება, ფულბრაიტი, მაგისტრატურა საფრანგეთში, უნგრეთში)
  9. Monash International Merit Scholarship (ავსტრალია)
  10. ბოლონიის უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო სტუნდენტებისთვის (იტალია)
  11. ბმულები სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებზე (ეიფელის სტიპენდია საფრანგეთში, როტარის სტიპენდიები სხვადასხვა ქვეყნებში, აირექსი და სხვა სასარგებლო საიტები).

The University of Melbourne, Graduate Research Scholarships

მელბურნის უნივერსიტეტი გასცემს სტიპენდიებს სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კვლევით მაგისტრატურაზე (Masters by Research) ან დოქტორანტურაზე.

სტიპენდია აფინანსებს სწავლის გადასახადს და საცხოვრებელ ხარჯებს.

განაცხადის შეტანის დედლაინი: 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს.

სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი I


—————

ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით. კატალოგში ინფორმაციის დამატება ან შეცვლა აღარ მოხდება. ამ ნაწილში მოცემულია სტიპენდიები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. თუ დროთა განმავლობაში რომელიმე ლინკი აღარ იმუშავებს, დაგუგლეთ სტიპენდიის სახელი და ამგვარად გადადით მის დეტალებზე. წარმატებას გისურვებთ.

სარჩევი:

  1. გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) (ბაკალავრიატი. აშშ)
  2. Reach Oxford Scholarship (ბაკალავრიატი. დიდი ბრიტანეთი)
  3. ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიის პროგრამა (აშშ)
  4. კემბრიჯის სტიპენდიები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. დიდი ბრიტანეთი)
  5. ბირმინჰემის უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. დიდი ბრიტანეთი)
  6. Vice-Chancellor’s Scholarship for Research Excellence (International) (მაგისტრატურა, დოქტორანტურა. დიდი ბრიტანეთი)
  7. Wells Mountain Foundation (ბაკალავრიატი. განვითარებადი ქვეყნები)
  8. Westminster International Scholarships (დიდი ბრიტანეთი)
  9. პროფესიული პრაქტიკის პროგრამა შეერთებულ შტატებში (აშშ)
  10. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) (აშშ)
  11. გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია (დიდი ბრიტანეთი)
  12. ჩივნინგის სტიპენდია (მაგისტრატურა. დიდი ბრიტანეთი)

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD)

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან  ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს:

  • მხარდაჭერას აშშ J-1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
  • ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში;
  • უნივერსიტეტში სწავლების საფასურს და სხვა სავალდებული საუნივერსიტეტო ხარჯებს;
  • თანხას წიგნების შესაძენად;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას;
  • სამედიცინო დაზღვევას;

დამატებითი დეტალებისა და ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს.

სწავლა ბრიტანეთში – სავიზო პროცედურები


————–

დიდი ბრიტანეთის სტუდენტური (და სხვა ტიპის) ვიზისათვის საბუთების ჩაბარება ხდება თბილისში, ბესიკის ქ. #4-ში მდებარე UK Visa Application Center-ში. საბუთები გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება თურქეთში, ქ. სტამბულში არსებულ ბრიტანეთის საკონსულოში. განსახილველად და პასუხისათვის საჭიროა საშუალოდ 15 სამუშაო დღე. სტუდენტური ვიზისათვის ავსებთ tier 4 განაცხადს.

რა გჭირდებათ ბრიტანეთის სტუდენტური ვიზის მისაღებად?

  • აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ ინგლისური ენის ცოდნის კრიტერიუმებს
  • სავიზო განაცხადის შევსებამდე მიღებული გქონდეთ ე.წ. CAS (Confirmation of Acceptance of Study), რომელსაც გასცემს სასწავლებელი უპირობო ჩარიცხვის (unconditional Offer) შემთხვევაში. CAS ნომერის გარეშე შეუძლებელია სავიზო განაცხადის შევსება. CAS მისაღებად შეფასება ხდება 40-ქულიანი სისტემით, სადაც 30 ქულა მოდის ფინანსურ მხარეზე (გაქვთ თუ არა საკმარისი თანხა კურსის გადასახადისა და საცხოვრებლისთვის), 10 ქულა – მოტივაციასა და მზაობაზე ამ კურსის გასავლელად. CAS გაცემა ხდება სწავლის დაწყებამდე 3 თვით ადრე.

სწავლა საზღვარგარეთ: ხშირად დასმული კითხვები


საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადებას ვინც იწყებს, პირველივე დღიდანვე უამრავი კითხვა ებადება. ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ საკითხებზე, რასაც ყველაზე ხშირად კითხულობენ: 

  • რა კრიტერიტუმებით ხდება საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა?

ზოგი უნივერსიტეტის ან პროგრამის ოფიციალურ საიტზე მოცემულია მინიმალური მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელსაც აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს შეიძლება იყოს:

  • აკადემიური მოსწრება და მიღწევები
  • ინტერესები კონკრეტული დარგის მიმართულებით
  • მოტივაცია და ხედვა
  • არააკადემიური აქტივოებები (როგორიცაა, მაგალითად, სხვადახვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სემინარები და კონფერენციები, ორგანიზაციების წევრობა, ჯილდოები, ლიდერობის მაგალითები და ა.შ.).
  • სამუშაო გამოცდილება
  • სტუდენტის პოტენციალი და ა.შ.

ჩარიცხვა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ფაქტორებზეც, როგორიცაა სხვა კანდიდატების მონაცემები და მიღწევები, აპლიკაციების საერთო რაოდენობა და ა.შ. ხშირად 15-20 ადგილზე მისაღებად 1000-ზე მეტი განაცხადი შედის, ამიტომ მისი ყველა კომპონენტისთვის დიდი ყურადღების დათმობაა საჭირო. 

  • რომელი ტესტები ჩავაბარო?

ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის აუცილებელია TOEFL ან IELTS (აკადემიური) ჩაბარება, თუ უნივერსიტეტის მიერ სხვა ტესტიც არ არის განსაზღვრული.

  • TOEFL ჩავაბარო თუ IELTS? რა განსხვავებაა მათ შორის?

დეტალური პასუხისთვის წაიკითხეთ ეს პოსტი და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება.

  • IELTS/TOEFL-ის ქულა მაქვს X და მიმიღებენ?

უნივერსიტეტში ჩასარიცხად მხოლოდ ტესტის ქულა არ არის საკმარისი. მიმღები კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ კომპლექსურად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. სტუდენტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ კონკრეტული უნივერსიტეტის/პროგრამის ენის ტესტის მინიმალურ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენციას ვერ გაუძლებს. თუმცა, ზოგჯერ არის გამონაკლისი შემთხვევები:

  • ზოგი უნივერსიტეტი კანდიდატებს სთავაზობს შიდა ენის ტესტის ჩაბარებას, რომლის შედეგების გამოყენება შეგეძლებათ მხოლოდ იმ კონკრეტული უნივერსიტეტისთვის.
  • ტესტის დაბალი ქულის შემთხვევაში, შესაძლოა უნივერსიტეტმა მოგცეთ გარკვეული ვადა მის გადასაბარებლად.
  • ასევე შესაძლებელია, რომ დაბალი ქულის შემთხვევაში უნივერსიტეტმა/პროგრამამ შემოგთავაზოთ რამდენიმეკვირიაი ინგლისურის კურსის გავლა საკუთარ ბაზაზე, სწავლის დაწყებამდე.

თითოეული ეს შესაძლებლობა გადაამოწმეთ ოფიციალურ ვებსაიტებზე და/ან უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელთან.

  • ჩემს TOEFL/IELTS ვადა გაუვიდა და თავიდან მომიწევს აღება?

დიახ, ტესტი თავიდან უნდა ჩააბაროთ. უნივერსიტეტები არ იღებენ ვადაგასულ შედეგებს.

  • შეიძლება თუ არა TOEFL/IELTS-ის ჩაბარების გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრა?

ეს შესაძლებელია რიგ შემთხვევებში:

– თუ დამთავრებული გაქვთ ინგლისურ ენაზე უნივერსიტეტი ან სკოლა და შეგიძლიათ ამის დოკუმენტურად დადასტურება;

– თუ ჩაბარებული გაქვთ უნივერსიტეტის მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო ტესტი, მაგალითად: PTE, FCE ან სხვა რამ. ეს დეტალი აუცილებლად მითითებული იქნება უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

– თუ ჩააბარებთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ენის ტესტს. მაგალითად, ტალინის უნივერსიტეტი საქართველოში ყოველწლიურად აწყობდა ინგლისური ენის ტესტს, რომლის ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტები თავისუფლდებოდნენ TOEFL/IELTS- ის გაგზავნის ვალდებულებისგან. ეს შესაძლებლობაც აუცილებლად მოცემული იქნება უნივერსიტეტის/პროგრამის ოფიციალურ ვებსაიტზე.

  • ცუდი ნიშნები მყავს და მიმიღებენ?

რთული სათქმელია.  ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ზოგადად, უნივერსიტეტს და პროგრამას გააჩნია. ზოგიერთ მათგანს აქვს მინიმალური მოთხოვნები (მაგალითად, GPA 3.0 და ზემოთ). თუ ამას ვერ აკმაყოფილებთ და მაინც ძალიან გსურთ კონკურსში მონაწილეობა, ძალიან კარგად უნდა ახსნათ, თუ რატომ ღირს თქვენი მიღება და გამოკვეთოთ რა გაქვთ ცუდი ქულების საპირწონედ.

  • ყველა უნივერსიტეტი ერთ ქულას ითხოვს?

– უნივერსიტეტებს და პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ მინიმალური ქულის სხვადასხვა მოთხოვნა, ეს აუცილებლად იქნება მოცემული მათ ოფიციალურ ვებსაიტზე. რაც უფრო მაღალია თქვენი აკადემიური მიღწევები, მეტად კონკურენტუნარიანი იქნებით.

  • ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი?

რეკომენდაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

  • რა პროცედურების გავლაა საჭირო ევროპული უნივერსიტეტის ბაკალავრიატში ჩასარიცხად?

ზოგადი მოთხოვნების, საბუთების ჩამონათვალის შესახებ იხილეთ ეს პოსტი. (სწავლა საზღვარგარეთ – როგორ დავიწყოთ). შესაძლებელია კონკრეტულ ქვეყანას ან უნივერსიტეტს ჰქონდეს განსხვავებული მოთხოვნები (საბუთების აპოსტილით დამოწმება, სკოლის ნიშნების გაგზავნა, დამატებითი გამოცდის ჩაბარება და ა.შ.). საბუთების მომზადება დაიწყეთ ოფიციალურ ვებსაიტზე მოცემული სიის შესაბამისად.

  • შეიძლება თუ არა ქართული დიპლომით უცხოეთის უნივერსიტეტში ჩაბარება?

– რა თქმა უნდა შეიძლება. ზოგი ქვეყანა/უნივერსიტეტი მოითხოვს დიპლომის აღიარებას და თავისივე ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული ამისათვის საჭირო პროცედურები და ვადები.

  • შესაძლებელია თუ არა, რომ საზღვარგარეთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი სამუშაოდ დავრჩე?

 დიახ, შესაძლებელია. ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია და პროცედურები გააჩნია, ამიტომ გაეცანით იმ ქვეყნის კანონებს, სადაც სწავლობთ ან სწავლას აპირებთ.

  • ბაკალავრიატი დამთავრებული მაქვს X მიმართულებით, სურვილი მაქვს სწავლა გავაგრძელო Y სპეციალობაზე. როგორია ჩემი ჩაირცხვის შანსები?

 გააჩნია სპეციალობებს და უნივერსიტეტის პოლიტიკას. ზოგი უნივერსიტეტი, კარგი დასაბუთების და/ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების შემთხვევაში უფლებას მოგცემთ ჩააბაროთ სასურველ სპეციალობაზე. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ძალიან განსხვავებული პროფესიები. უმეტესობა მაინც უპირატესობას ანიჭებს ერთი და იმავე დარგში სწავლის გაგრძელებას, ითხოვს ამ მიმართულებით გავლილი საგნების გარკვეულ საათებს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით უნივერსიტეტს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე და ჰკითხეთ, რამდენად შესაძლებელია მათთან ამის გაკეთება. სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში ძალიან კარგი არგუმენტაციაა საჭირო.

  • როგორ ავირჩიო უნივერსიტეტი?

პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ – რა კონკრეტული სპეციალობა, სად. როგორ გარემოში სწავლა, რომელ ქვეყანაში, როგორ უნივერსიტეტში. პრიორიტეტების განსაზღვრასთან ერთად გაეცანით ამ ინფორმაციასაც: როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი.

  •  ჯერ საქართველოში უნდა ჩავაბარო მაგისტრატურაში და შემდეგ უნდა მივიღო მონაწილეობა უცხოურ პროგრამებში?

– შეგიძლიათ ჯერ საქართველოში ჩააბაროთ მაგისტრატურაში და შემდეგ გაცვლითი სემესტრით გაემგზავროთ რომელიმე უნივერსიტეტში. ამ პროგრამებისა და პარტნიორების ჩამონათვალი მოცემული იქნება თქვენი უნივერსიტეტის ვებსაიტზე. შემდეგ დაბრუნდებით და სწავლას დაამთავრებთ საქართველოში.

– ასევე შეგიძლიათ პირდაპირ უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბაროთ სასურველ სპეციალობაზე, შერჩეულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მიიღებთ უცხოურ დიპლომს.

  • მინდა, მაგისტრატურა გავიარო უცხოეთში. შემიძლია თუ არა დაფინანსების მიღება რომელიმე ქვეყანაში სწავლისთვის?

 საერთაშორისო სტუდენტებისთვის არსებობს ბევრი სტიპენდია, რომელიც სწავლას და ცხოვრებას აფინანსებს ნაწილობრივ ან მთლიანად. ამისათვის უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს და გაიაროთ კონკურსის რამდენიმე ეტაპი.

  • X   წლის ვარ და მაგისტრატურაზე ჩაბარება დაგვიანებულია? (განსაკუთრებით 25+ ადამიანები კითხულობენ ამას).

გამონაკლისების გარდა, უნივერსიტეტებს არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა, ასე რომ შეგიძლიათ თამამად გაგზავნოთ განაცხადები. სწავლა არასოდესაა გვიან.

  • რას ნიშნავს უპირობო ჩარიცხვა?

 უპირობო ჩარიცხვა ნიშნავს, რომ თქვენ მთლიანად აკმაყოფილებთ უნივერსიტეტის მოთხოვნებს და მიგიღეს. თუ რომელიმე კომპონენტში სუსტია აპლიკაცია, მაგრამ უნივერსიტეტს მაინც აინტერესებს კანდიდატი, ამ შემთხვევაში ხდება “პირობითი ჩარიცხვის” (conditional offer) საბუთის გამოშვება. კანდიდატს მოეთხოვება ამ ხარვეზის აღმოფხვრა (მაგალითად, ენის ტესტის ჩაბარება უფრო მაღალ ქულაზე, სარეკომენდაციო წერილის გაგზავნა და ა.შ.).



განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია საზღვარგარეთ სწავლისათვის


განათლების საერთაშორისო ცენტრი სამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც გასცემს საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საზღვარგარეთ სასწავლებლად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და რიგი სხვა სტიპენდიების ადმინისტრირებას.

მაგისტრატურის დაფინანსებისათვის საბუთების შეტანა შეუძლია 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. ცენტრის მთავარი მოთხოვნაა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი დაბრუნდეს საქართველოში და აქ იმუშაოს შესაბამის ორგანიზაციაში 3 წლის განმავლობაში. ასე რომ თუ ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავთ, სჯობია მას არ მიმართოთ.

სააპლიკაციო პროცესი მოიცავს 3 ეტაპს:

  • საბუთების ატვირთვა ონლაინ. ცენტრის წარმომადგენლები ამოწმებენ მათ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (მაგალითად, თუ რომელიმე დოკუმენტი აკლია), ცენტრის წარმომადგენელი გიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას ან გირეკავთ და გთხოვთ დადგენილ ვადაში მის გამოსწორებას.
  • მეორე ეტაპზე ხდება საბუთების შინაარსობრივი შეფასება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. დადგენილია გამსვლელი ქულა მიმართულებების მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს: განათლება, გამოცდილება, მოტივაცია, სამომავლო გეგმები და განაცხადის საერთო სიძლიერე.
  • მესამე ეტაპზე ხდება გასაუბრება სტიპენდიის კანდიდატებთან. ამ შემთხვევაში კანდიდატი გადის კომისიის წინაშე, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კითხვებს უსვამს და აფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: განათლება და გამოცდილება; მოტივაცია და არგუმენტაცია; პრეზენტაბელურობა; სამომავლო გეგმები; სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა.
Continue reading

შთამაგონებელი სამოტივაციოს ნიმუშები


ეს არის ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის ბმული სადაც გამოქვეყნებულია სტუდენტების საუკეთესო ესეები თემაზე: “Tell me, what is it you plan to do with your one wild and precious life?” 2002 წლიდან მოყოლებული ადამიანები აქ საკუთარ ამბებს უვებიან: თუ რა გავლენა მოახდინა პირადმა ან პროფესიულმა გამოცდილებამ მათზე, რა შესძინა, როგორ შეცვალა, რა ახალი მიზნები დაუსახა. შთამაგონებელი ნაწერებია.

 

რა უნდა ვიცოდეთ სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ


room-cool-student-residence-703a829fe869a06d919e3c944d32ef2dუნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ საერთაშორისო სტუდენტის წინაშე ახალი გამოწვევები დგება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კითხვა: სად უნდა ვიცხოვრო? როდის მოვძებნო? როგორ შევარჩიო?

რა არჩევანი აქვს უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტს?

საცხოვრებლის ძირითადი ტიპები:

  • სტუდენტური საცხოვრებელი – თითქმის ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ბინის დაქირავება სასწავლო წლის განმავლობაში. ეს არის ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილი, რომელიც ბევრ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.
  • კერძო საცხოვრებელი კომპლექსები – კერძო პირს/ორგანიზაციას (და არა უნივერსიტეტს) ეკუთვნის და სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი. შეიძლება ეს უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე საუნივერსიტეტო დასახლება, თუმცა ამავე დროს უფრო ძვირიც.
  • ოთახი კერძო სახლში – ზოგჯერ კერძო მესაკუთრეები ერთ (ან რამდენიმე ოთახს) აქირავებენ სტუდენტებზე. ამ შემთხვევაში სტუდენტს გააჩნია პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი, თუმცა შეიძლება აბაზანა, სამზარეულო და სამრეცხაო საერთო ჰქონდეს სახლის სხვა ბინადრებთან.
  • საზიარო სახლი – კერძო სახლის დაქირავება რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად. ეს ნიშნავს გაზიარებულ საცხოვრებელ სივრცეს (პირადი ოთახის გარდა), ასევე საზიარო პასუხისმგებლობებს, დასუფთავების დღეებს, ქირას და კომუნალურ გადასახადებს.
  • ბინა –  ყველაფრით დამოუკიდებელი საცხოვრებელი, სადაც საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, სამრეცხაო და ნებისმიერი მისი სათავსო პირადად სტუდენტს ეკუთვნის. მეორე მხრივ, მარტო ცხოვრება უფრო ძვირი ფუფუნებაა და მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული.

Continue reading

გამგზავრება: რა წავიღოთ


travelpackingtipsბარგი ისე უნდა ჩაალაგოთ, რომ ჩასვლის შემდეგ, ყველაფერს რომ ამოალაგებთ, საკუთარ თავს არ დაუსვათ რიტორიკული კითხვა: “ეს რა ჯანდაბად მინდოდა?”

უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეზღუდული ბარგის წაღების უფლება გექნებათ – 1 ან 2 ჩემოდანი, მათი დასაშვები წონა კონკრეტული ავიაკომპანიის საიტზე უნდა გადაამოწმოთ. შეიძლება ეს იყოს 20, , 23 კგ ან მეტი. აუცილებლად დააზუსტეთ, რადგან ზედმეტი წონისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ბარგი უნდა ჩაალაგოთ მაქსიმალურად კომპაქტურად და ეფექტურად, რაც ნიშნავს, რომ უნდა წაიღოთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. Continue reading

გასაუბრება სტიპენდიისთვის/უნივერსიტეტში ჩასარიცხად


applicaiton-interviewგასაუბრება სასტიპენდიო პროგრამებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ხშირად ეს არის გადამწყვეტი ეტაპი – ხდება კანდიდატების შერჩევა და გაცხრილვა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მისთვის კარგად მოემზადოთ.

თქვენი მიზანი გასაუბრებისას არის საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება არის დიალოგი (და არა მშრალი კითხვა-პასუხის სესია) და აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული რას ეტყვით და რით დაამახსოვრებთ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ თავს, იცის მისი მისწრაფებები, მიზნები და ეს უნდა გასაგებად აუხსნას დიალოგის მეორე მონაწილეს. მხოლოდ თქვენ წყვეტავთ, საკუთარი პირადი თუ პროფესიული ცხოვრების რა დეტალები და რა ფორმით მოყვეთ, როგორი ემოციები და ასოციაციები გამოიწვიოთ მსმენელში.

ზოგიერთი რჩევა:

  • ისაუბრეთ თავდაჯერებულად. თავდაჯერება საქმის ნახევარს აკეთებს 🙂 ასევე გამსაუბრებელს მიანიშნებს იმაზე, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ არჩევანში, კარგად იცნობთ სფეროს და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები გამოძრავებთ.
  • საუბრის მანერა – ეცადეთ ისაუბროთ მშვიდად, ზომიერი ტემბრით. ეცადეთ დაფაროთ საკუთარი მღელვარება. კონცენტრაცია მოახდინეთ საუბრის შინაარსზე, ეფექტურ პრეზენტაციაზე და არა საკუთარ ემოციებზე – ეს ის შემთხვევაა, როცა ეგოიზმი უნდა დაივიწყოთ. 🙂 მოერიდეთ დიდ პაუზებს. თუ კითხვა ვერ გაიგეთ, აუცილებლად ჰკითხეთ, დააზუსტებინეთ.
  • წინასწარ მოემზადეთ გასაუბრებისათვის. ეს ნიშნავს, რომ დეტალურად შეისწავლოთ პროგრამა, უნივერსიტეტი, სასწავლო გარემო და საგნები, შეძლებისდაგვარად გაეცნოთ გამსაუბრებლის შესახებ ინფორმაციას (აბა რისთვის არსებობს საძიებო სისტემები და სოციალური ქსელები 😉 ); ასევე გააანალიზოთ საკუთარი მისწრაფებები, მიზნები, გეგმები. დაალაგოთ სათქმელი და მოემზადოთ მხოლოდ სიმართლის სასაუბროდ. გასაუბრებაზე ტყუილის თქმა არ ღირს. გაწაფული დეიდები და ბიძიები მაინც გამოგიჭერენ და ასეთ შემთხვევაში სამუდამოდ დაემშვიდობებით იმ პროგრამაში/უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობას. სხვა საქმეა ფაქტების ეფექტურად შეფუთვა და წარმოჩენა 🙂
  • ლექსიკა – დაბალანსებული, მოერიდეთ ძალიან პროფესიული ტერმინების, აბრევიატურების გამოყენებას. შეიძლება გასაუბრებას ატარებდეს ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სფეროსთან შეხება არ აქვს და მხოლოდ კანდიდატის მზაობას ამოწმებს კონკრეტული პროგრამისთვის/უნივერსიტეტისთვის.
  • კითხვები – ინერვიუმდე მოამზადეთ კითხვები. ამით მათ დაანახებთ, რომ დაინტერესებული ხართ კონკრეტული პროგრამით. რა შეიძლება ჰკითხოთ? მაგალითად: თუ აქვს პროგრამას ალუმნების ქსელი? გაუგებარი დეტალები, პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია, საცხოვრებელი პირობები, თქვენი ვალებულებები და ა.შ. ნებისმიერი რამ, რაც მასთან დაკავშირებულია და მოცემული არ არის პროგრამის/უნივერსიტეტის ვებსაიტზე, ბუკლეტში.

business-attireქვემოთ მოცემულია შესაძლო კითხვები აკადემიური გასაუბრებისათვის. “შესაძლო” ნიშნავს, რომ ეს არის საორიენტაციო ჩამონათვალი. რეალურად გასაუბრებაზე პასუხისმგებელ პირზეა დამოკიდებული რას გკითხავთ, რას ჩაუღრმავდება, რა საკითხების ხაზგასმას მოინდომებს.

  • მოგვიყევით თქვენს შესახებ – ბევრი ორგანიზაცია/პროგრამა იწყებს გასაუბრებას ამ ბანალური კითხვით. აქ 1-2 წუთში უნდა მოახერხოთ საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა, ძირითადი მიღწევების ხაზგასმა განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებებით. თუ ეს სამაგისტრო პროგრამაა, არ ღირს სასკოლო გამოცდილების ხსენება (თუ ეს არ არის იმ პერიოდში დაწყებული გრძელვადიანი პროექტი, ან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პროგრამასთან). შეგიძლიათ ახსენოთ სამოხალისეო გამოცდილება, საკუთარი ინიციატივა, პირადი ისტორია – თუ კონკრეტულ სფეროსთან არის დაკავშირებული.
  • რატომ კონკრეტულად ეს პროგრამა და/ან ეს უნივერსიტეტი? რამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე? წარმოადგინეთ არგუმენტები და კონკრეტული მიზეზები.
  • კვლევითი პროგრამი შემთხვევაში: -რა კონკრეტულ პროექტზე გსურთ მუშაობა? რა საკითხს გამოიკვლევთ? რა კვლევით მეთოდებს გამოიყენებთ? ვისთან გსურთ მუშაობა? (აქ იგულისხმება კონკრეტული მკვლევარი/პროფესორი, რომელიც მუშაობს ამ უნივერსიტეტისთვის ან პროგრამისთვის).
  • ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ? მერე რა, რომ მსოფლიო კლასიკოსები შეიძლება გქონეთ წაკითხული. ამ შემთხვევაში უნდა დაასახელოთ აკადემიური გამოცემა თქვენს მიერ არჩეულ სფეროში.
  • ამ სფეროში რომელ ავტორებს იცნობთ? უნდა ახსენოთ ისევ პროფესიასთან დაკავშირებული პუბლიკაციები და ავტორები.
  • თქვენი განათლებისა და სამუშაო ისტორიიდან გამომდინარე კონკრეტული კითხვები: – ამჟამად სად მუშაობთ? რა შედის თქვენს მოვალეობებში? რა ინიციატივები გაქვთ განხორციელებული? რამდენი ხანია რაც მანდ მუშაობთ და რა მოგწონთ ან არ მოგწონთ თქვენს სამუშაოში? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? ბოლოს რა პროექტი განახორციელეთ? გყავთ თუ არა ადგილობრივი ან საერთაშორისო პარტნიორები? არასამთავრობო ორგანიზაციის შემთხვევაში – რომელი დონორებისგან გაქვთ დაფინანსება მიღებული? ასევე – დეტალები კონკრეტული პროექტის/ინიციატივის შესახებ: ვინ მონაწილეობდა? რამდენი ადამიანი? რა შედეგებს მიაღწიეთ? რა პრობლემებს ხედავ და შენი აზრით, როგორ შეიძლება მათი ეფექტურად მოგვარება?

საყურადღებო დეტალები (არსებობის შემთხვევაში):

  • ახსენეთ ლიდერობის გამოცდილება – მაგალთად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიება, იქნება ეს ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროგრამა. ან როგორ მიიღეთ მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროგრამის ჩამოყალიბებაში/განხორციელებაში.
  • ახსენეთ პარტიორობა და თანამშრომლობა სფეროს ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან.
  • დაანახეთ მომავლის კონკრეტული ხედვა და ცვლილებისათვის მზაობა – რა გურთ აკეთოთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

წარმატებას გისურვებთ.