ფეხსაცმლის მაღაზიები თბილისში


ახალი ფეხსაცმელი რომ გჭირდება და არ გინდა ქალაქში ბევრი იბოდიალო მის საძებნელად, რა უნდა ქნა? რა თქმა უნდა, ონლაინ უნდა აარჩიო. თბილისში ნებისმიერი სტილის, ფასის, სეზონის ფეხსაცმლის მოძებნა შეიძლება, და მხოლოდ მაღაზიების ნაწილს აქვს ვებსაიტები საძიებო სისტემებით, ან ფეისბუქის გვერდები სადაც პერიოდულად დებენ ახალ პროდუქტებს. თავის დროზე, ყველა მაღაზიაში შეხედვა და ყველა მოდელის სათითაოდ დათვალიერების დრო რომ არ მქონდა, სასურველი ფეხსაცმლის შესარჩევად ონლაინ ძებნა მომიწია. მაღაზიების ეს ჩამონათვალიც მაშინ გავაკეთე. იმედია, დაგეხმარებათ მოხერხებული და ხელმისაწვდომი ფეხსაცმლის პოვნაში.

Archevani.ge – შეგიძლიათ შეიძინოთ ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები ადამიანურ ფასებში. თუმცა საიტზე მოცემული ზოგიერთი მოდელი შეიძლება მაღაზიაში აღარ დაგხვდეთ.

Dressup.ge – მსოფლიო ბრენდების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენითვის სასურველი მოდელი/ზომა და ნახოთ რომელ მაღაზიაშია. მაღაზიები განთავსებულია თბილისის მოლებსა და ცენტრალურ უბნებში. ქსელში არის Levis, Lee, Mavi, Guess, Wrangler, Adidas და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია. მაღაზიების ჩამონათვალი მოცემულია მათ ვებსაიტზე.

Rainbow – საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელი შეგიძლიათ შეიძინოთ პეკინისა ქუჩაზე და ვაგზალზე, კიდობანში მდებარე მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ შეკვეთით დაამზადებინოთ სასურველი ზომის/დიზაინის ფეხსაცმელი. პეკინის ფილიალის მენეჯერი მზად იყო ფეხსაცმლის შეკვეთის მისაღებად. იმედია პოსტის გამოქვეყნების დროისთვის ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

Paradisi.ge – მიუხედავად იმისა, რომ “ზრდადობისა” და “კლებადობის” მნიშვნელობები უკუღმა ესმით, მაინც ღირს შეხედვა სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების სანახავად. აქ წარმოდგენილია Armani EA7, New Balance, Trespass ბრენდები.

Icrshop.ge – აერთიანებს რამდენიმე მაღაზიას: Geox, Ecco, Bata, Bambino, Corso Italia, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა. საიტზე შესაძლებელია მრავალფეროვანი ძებნა (მაღაზიის, ზომის, სქესის, სტილის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით), თუმცა არ აჩვენებს კონკრეტული მოდელი რომელ კონკრეტულ ფილიალშია.

Mantis.ge – სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარები ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ფეხსაცმელებთან მოცემულია ზომების ცხრილი (ევროპული, ამერიკული, ქართული ზომები).

Hippo.ge – მოთმინება თუ გეყოფათ, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ საიტს. პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია (ტანსაცმელსა და ფეხსაცმელთან ერთად ჭურჭელი, ტექნიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ.). მაგრამ ძალიან მოუხერხებელი ძიების სისტემით. არეულდარეული საიტია, ზოგ ფეხსაცმელს ზომა არ აწერია, ზოგს ფასი. ოპერატორებთან დაკავშირებაც პრობლემაა.

Salamander.ge – ფეხსაცმელების მაღაზიას ვებსაიტიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია პროდუქციაზე, ფასდაკლებებზე და ა.შ.

Baldi.ge – ბალდის მაღაზიის ვებსაიტი, სადაც ფეხსაცმელებთან, ფასდაკლებებთან ერთად ბევრ სხვა რამესაც ნახავთ (ტანსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები და ა.შ.).

Price.ge – აქ შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან, ასევე ტექნიკა, ავეჯი, სპორტული აქსესუარები და ა.შ.

სიაში არ შევიყვანე, მაგალითად, H&M და კოტონი, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებელი ვებგვერდები საქართველოსთვის. ამ ჩამონათვალის გარდა ინტერნეტში შეიძლება კიდევ იყოს წარმოდგენილი ფეხსაცმელების სხვა მაღაზიებიც. შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ შესაბამისი ლინკები.

ბედნიერ შოპინგს გისურვებთ. 🙂

დიეგო და ფრიდა


როცა გამოფენაზე მივდიოდი, რატომღაც მეგონა, ეს იქნებოდა ძალიან ფერადი და დინამიური გამოფენა, სადაც ვნახავდი ამ საოცარი ქალის ბობოქარი ცხოვრების ამსახველ კადრებს; რომ ფოტოებიდან წამოვიდოდა ცოცხალი ემოცია, ფრიდას ენერგია, ბრძოლისუნარიანობა და მგზნებარება. ფეისბუქზე დადებულ განცხადებაშიც ხომ გვამცნობდნენ, რომ ეს იქნებოდა დიეგოსა და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა.

იმედი მწარედ გამიცრუვდა: დამხვდა 4 კედელს შორის გამოკეტილი შავთეთრი ფოტოები – დიეგო და ფრიდა. ფრიდა და დიეგო. მათი ცხოვრება – დაბადებიდან სიკვდილამდე. ფრიდა დიეგოსთან ერთად და დიეგო – ფირდასთან ერთად. ფრიდა ჭრელ კაბებში, ფრიდა სკამზე, ფრიდა მუშაობის დროს… ფოტოებზე ეს ორი ერთად იყო და ამავე დროს ძალიან მარტოსული ჩანდა – მეგობრების, თანამოაზრეების გარეშე. ყოველ შემდეგ ფოტოზე დიეგო თანდათან ბერდებოდა და კიდევ უფრო სუქდებოდა; ფრიდას სულერთია გამომეტყველებაც იშვიათად იცვლებოდა. შემთხვევით ვიზიტორს შეიძლება იგი ძალიან სწორხაზოვან, გულგრილ და სტატიკურ ადამიანად ჩაეთვალა. გამოფენაზე საერთოდ არ იგრძნობოდა შემოქმედება და გამოწვევები, რომლებსაც ეს წყვილი უგზვნიდა ხელოვნების სამყაროს, ერთმანეთს, და თუნდაც ჩვენს თანამედროვეებს. არ ჩანდა მათი ხასიათი, იდეები. პაწაწინა ფოტოებს მოკლე, მშრალი საინფორმაციო წარწერები ჰქონდა – რისი წაკითხვაც ინტერნეტშიც შეიძლებოდა.

ერთადერთ ფერად, “ფრიდას სტილის” კუთხეში  გამოყენებულ ხალიჩას რატომღაც ქართული წარწერები ამშვენებდა. 🙂 ეს კი ამ ერთადერთი ჭრელი ადგილის “მექსიკურობის” შეგრძნებასაც აქარწყლებდა. თუმცა საწოლზე დადებული სარკე სელფების მოყვარულებისთვის ნამდვილი განძი გამოდგა – ვისაც არ ეზარებოდა მის წინ მობილურს ყველა აჩხაკუნებდა.

მოკლედ, ძალიან უფერული გამოფენა აღმოჩნდა. ძალიან სასაცილოა, რომ “საზოგადოების დიდი ინტერესის გამო” იგი დაგეგმილზე დიდხანს, 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

This slideshow requires JavaScript.

“გთხოვთ შემეცით რათა გააგრძელოთ” და სხვა კურიოზები გუგლის თარჯიმნიდან


ამ ფრაზებს შეხვდებით გუგლის თარჯიმანში, როდესაც სხვების მიერ გაკეთებული თარგმანის სისწორეს ამოწმებთ. ჭეშმარიტად აღმაფრთოვანებელია ადამიანების მთარგმნელობითი ოსტატობა და ფანტაზიები. 🙂

საინტერესოა ამ ვერსიის ავტორი რა სახის დირექტორთა საბჭოს სხდომებს ესწრებოდა 🙂


Screen Shot 2017-06-08 at 2.56.48 AM

სიყვარულმა დრო და ადგილი არ იცისო, ამაზეა ნათქვამი:

Screen Shot 2017-06-08 at 3.08.53 AM

მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო:

Screen Shot 2017-06-08 at 3.14.37 AM

საინტერესო ვერსიებია, რას იტყვით? Continue reading

როგორ გავაუქმოთ Amazon Prime


ამაზონ პრაიმი ამერიკის ერთ-ერთი მონსტრი ონლაინ მაღაზიის მიერ დაწესებული პრივილეგიებია, რომელიც წევრებს წელიწადში $99-ის საფასურად გადაეცემათ.  იგი მოიცავს გარკვეული ნივთების უფასო 2-დღიან ტრანსპორტირებას, ვიდეოარქივზე და ქინდლის ბაზაზე უფასო წვდომას. მაგრამ ბევრისთვის ეს $99 მეტისმეტად ძვირია იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ამაზონის სერვისებით იშვიათად სარგებლობდეს და არ უღირდეს გადახდა.

პრაიმი შეიძლება ავტომატურადაც ჩაირთოს, თუ რეგისტრაციისას შესაბამისი გრაფა გაქვთ მონიშნული. თუმცა მისი გაუქმება შესაძლებელია, გამოუყენებლობის შემთხვევაში თანხა რამდენიმე დღეში დაბრუნდება ანგარიშზე.

პრაიმის გაუქმება მარტივია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელს ინგლისურის ინჩიბინჩი არ გაეგება. 🙂 პრობლემა რამდენიმე მარჯვე დაწკაპუნებით გადაიჭრება.   Continue reading

ბიომრავალფეროვნების ანბანი


გაკაფული ტყე. ფოტო: PIA

 ამ ფოტოზე 2 ბოროტებაა გამოსახული: გაკაფული ხეები და პოლიეთილენის ბოთლი. ეს უკანასკნელი ძალიან კომპლექსური თემაა და ასეთივე ნეგატიურ ეფექტს ახდენს გარემოზე: პოლიეთილენს დედაბუნება ვერ “ინელებს”, იგი სამუდამოდ ბინძურდება, წამლავს ნიადაგს, წყალს, ცხოველებისა და ფრინველების საკვებ თუ საცხოვრებელ ადგილებს. თუ ცოცხალ არსებას გადაეყლაპა – სასიკვდილოდაა განწირული. პოლიეთილენის ნაწილები ხვდება ოკეანეში, თევზების საშუალებით კი შესაძლოა ჩვენც შემოგვეჭამოს (რამდენადაც ჩვენ მოვიხმართ თევზებს, რომლებიც შეიძლება უკვე “გამოკვებილი” იყვნენ ამ მავნე ნივთიერებით). პოლიეთილენს ჩვენი დაუდევრობით და უპასუხისმგებლობით ყველგან ვტოვებთ: ქუჩებში, ქალაქებში, სოფლის ორღობეებში, მთებში და ველებში, სარწყავ არხებში, მდინარეებში. სალაშქრო ბილიკებზე უამრავი გადაყრილი პოლიეთილენის ბოთლი და პარკი მინახავს. მეგობრებთან ერთად ბევრი მათგანი აგვიღია და ნაგვის ურნამდე მიგვიტანია, მაგრამ ჩვენი მცდელობა ზღვაში წვეთია დაბინძურების მასშტაბებთან შედარებით… და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოში ნარჩენების გადამუშავება არ წარმოადგენს გავრცელებულ პრაქტიკას. Continue reading

სერვიზი/სერვისი


ბოლო დროს რამდენჯერმე ძალიან მძიმედ მომხვდა თვალში (და ყურშიც) “სერვიზი”.

“უფასოდ მიტანის სერვიზი ხომ არ აქვთ?” – კითხულობდნენ ონალინ მომხმარებლები. პირველად მექანიკურ შეცდომას დავაბრალე, მაგრამ როდესაც ზედიზედ მერამდენიღაცაჯერ “შემომესერვიზა”, მივხვდი, რომ ერის გარკვეულ ნაწილს ამ საკითხში ძალიან უჭირს.

“სერვისსა” და “სერვიზს” შორის არსებითი განსხვავებებია.

ასევე არის ჩაის, ყავის, ათასი სხვა რამის სერვიზები. უცხო სიტყვათა განმართებითი ლექსიკონის მიხედვით, სერვიზი არის

სადილის ან ჩაის ჭურჭლის მთელი კომპლექტი ადამიანთა გარკვეული რაოდენობისათვის.

ეს არის ესოდენ პოპულარული (მადონას) სერვიზი:

რაც შეეხება სერვისს, ამავე ლექსიკონის მიხედვით, ეს არის:

E. service სამსახური
1. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება.
2.სპორტ. ჩოგბურთში, ფრენბურთში და სხვ.: დარტყმა, რომლითაც მოთამაშეს ბურთი შეჰყავს თამაშში; მიწოდება.

სერვისების მაგალითებია: სამედიცინო მომსახურების გაწევა, კონსულტაციები, თუნდაც ნივთის ადგილამდე მიტანა და ა.შ.

ყოველ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ, რა იცით რა სიტუციაში გამოგადგეთ. ხშირად პატარა ცოდნასაც დიდი სარგებლობა მოაქვს. 😉

“წიგნის” სათქმელი


ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არ უნდა ჰკითხო, უყვარს კითხვა. გადმოიღებს წიგნს, გადაფურცლავს, გადმოფურცლავს, თითს გააყოლებს სტრიქონებს. შეიძლება გახაზოს კიდეც, ან გვერდი გადაკეცოს; რომ მობეზრდება – მიაგდოს, თაროზე შემოდოს და შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდეს მას.

ყველას უყვარს კითხვა – ტრადიციული, ნაბეჭდი წიგნებით. მოსწონს ქაღალდის შრიალი, ახალი ფურცლების ან სიძველის სუნი, ჩრჩილის მიერ დატოვებული ნაკვალევი, მოგლეჯილი გვერდები თუ მოფამფალებული ყდები… თუმცა უფრო თანამედროვე – ელექტრონულ წიგნებს გაცილებით მცირე აუდიტორია სწყალობს – სწორედ იმიტომ, რომ ისინი ნაკლებად “ხელშესახები” არიან. კიდევ უფრო ცოტა მკითხველი ჰყავს “ცოცხალ წიგნებს” – შეზღუდული გამოცემის, უნიკალურ “ქმნილებებს”: როგორც წესი, მათი ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს, თუმცა ყველაზე სახალისო, ინტერაქტიული და მრავალფეროვანნი არიან. მათი სიცოცხლის ციკლი პეპელაზე ხანმოკლეა: რამდენიმე საათი; თუ არ მიუსწარი, შეიძლება წაკითხვა ვეღარასოდეს მოახერხო!…  Continue reading

“რენესანსი” და გაუთვალისწინებელი ვალების თავიდან აცილების სტრატეგიები


ცოტა ხნის წინ ტელეფონმა დამირეკა. უცხო ნომერი იყო.

– წკრრრრრრრრ

– გისმენთ

– გამარჯობათ, – გოგოს სასიამოვნო ხმა გაისმა, – კომაპნია “რენესანსიდან” გირეკავთ, დრო თუ გაქვთ, რომ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხოთ?

– კი ბატონო, ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით საიდან გაქვთ ჩემი ტელეფონის ნომერი.

– ერთ-ერთმა თქვენმა ახლობელმა დაგვიტოვა.

– თუ შეიძლება კონკრეტული გვარი და სახელი მითხარით.

– ვერ გეტყვით, მე მხოლოდ ოპერატორი ვარ.

– თუ შეიძლება გამირკვიეთ და მითხარით. წინააღმდეგ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან გიჩივლებთ ჩემი პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვებისთვის.

– კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით, – უცებ მომიჭრა და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი ტელეფონი გამითიშა.

მეტი არაა ჩემი მტერი კიდევ დამირეკონ 🙂

ინტერნეტში წერენ, რომ “რენესანსიდან”, “დეშელიდან” და ასევე სხვა დასახელების რამდენიმე კომპანიიდან ქალებს შემაწუხებლად ხშირად ურეკავენ. ეუბნებიან, რომ მოიგეს სასაჩუქრე პაკეტი, შეხვედრას უნიშნავენ ოფისში. იქიდან კი ქალი უმეტეს შემთხვევაში რამდენიმეათასიანი საბანკო ვალით, ასევე “მაღალი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებით” ბრუნდება. სახლში მისული აცნობიერებს, რომ 3-4000 ლარის გადახდა კოსმეტიკაში არ სურს, კონტრაქტის გაწყვეტა უნდა, მაგრამ კომპანია ამაზე უარს ეუბნება. მოკლედ, როგორც ბევრი ამბობს, ფულისა და ვალების მახეა.  Continue reading

სანაგვეთის ქვეყანა


ფრთოსანი ბოთლები, პოლიეთილენის ვაშლები, სამფეხა ბავშვები, კიბოთი დასნებოვნებული სოფლები, მუხაზე მსხმოიარე ალუბალი, ჭიკარტების წვიმა, მიწიდან ამოსული პლასტმასის ყვავილები, ათასგვარი მავნე მინარევებით გაფერადებული მდინარეები ყველაზე ნაკლები კოშმარებია იქიდან, რაც შეიძლება გარემოს დაბინძურებამ გამოიწვიოს. “უმნიშვნელო” ნაგავიც კი, როგორიცაა სიგარეტის ნამწვი (რეალურად მასაც ვერ “ინელებს” დედაბუნება) სერიოზული გამოწვევაა ჩემი, თქვენი, მეზობლების, არამკითხე მამიდების, ჭორიკანა თალიკო დეიდების, ტრაკგასქელებული ექთნების, საპოჟნიკი სერიოჟების, ჯარისკაცების, ექიმების, მასწავლებლების, ენჯეოშნიკების თუ მთავრობის წევრების ჯანმრთელობისთვის. ცნობისათვის, ტურისტებიც ზიზღით იბრუნებენ თავს ნაგვით დამახინჯებული ადგილებიიდან. ჰოდა თუ ოდნავ მაინც გაწუხებთ “რას იტყვის ხალხი”, “რას იტყვის ჩემი მეზობელი”, “რას იტყვის საერთაშორისო საზოგადოება”, თუ არ გინდათ რომ თავი მოგვეჭრას ევროპის, აზიის, აფრიკის (ბევრი აფრიკელი ემიგრანტი გვყავს), ჩინეთის, ინდოეთის, პინგვინების გაერთიანებული რესპუბლიკის, მსოფლიოს ყველა კონტინენტისა და სრულია კოსმოსის მასშტაბით, ასეთ სასწაულ ადგილებში ნუ დაყრით ნაგავს!!!! ჩაიდეთ ჯიბეში, სუფთა პარკში, ჩანთაში, კონტეინერში და აუცილებლად მიიტანეთ უახლოეს ურნამდე!!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ გაგიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დღეს მფრინავი პოლიეთილენის ბოთლი ფანჯარაზე მოგიკაკუნებთ!

ეს ფოტოები სხვადასხვა დროს თბილისსა და მის შემოგარენში გადავიღე.

მტკვარზე, რიყესთან. კედელზე წარწერაა: “გავალამაზოთ და გავუფრთხილდეთ მტკვარს”. გვერდით კი ვიღაცის ნასუფრალია მიყრილი. გალამაზებაც ამას ჰქვია, ღმერთმანი! წარმომიდგენია ამის “ავტორი” რომ ნებაზე მიუშვა, რამდენ “ღირსშესანიშნაობას” დატოვებს!

IMAG2188

“2 in 1” – ქუჩის მხატვრობასთან ერთად დანაგვიანებული ქუჩაც გადავიღე. ეს ფურცელაძის ქუჩაზაა, საჯარო ბიბლიოთეკის ქვემოთ.

IMAG1107

ორბელიანის მოედანზე დინოზავრის ნაკვალევივით შემორჩენილი ძველიძველი ტელეფონი. ციფერბლატის მაგივრად ახლა სანაგვე აქვს. ვიღაცას ეტყობა პოლიეთილენის პარკის სანაგვემდე მიტანა დაეზარა და სადამდეც ხელი მიუწვდა იქ გაჩხირა. ხელმარჯვე “ოსტატიც” ის ყოფილა!! ჰაჰა.

IMAG0517

ეს საბურთალოზე, “კოტონის” მოპირდაპირე მხარეს. ზედ ბოძის წინ დასკუპებული პოლიეთილენის ბოთლი.

IMAG2471

როცა არ იცი ნაგავი სად წაიღო, ჩაჩურთე სადაც მოგიხდება! რუსთავი-თბილისის მარშუტკაში დავაფიქსირე რამდენიმე ხნის წინ.

IMAG2534

არანაკლებ “კეთილსინდისიერი” მგზავრის დანატოვარი. რა მზრუნველად დაუდია სკამის ქვეშ, რომ სხვებისთვის მოძრაობა არ შეეშალა!

IMAG3290

ცოტნე დადიანის ქუჩაზე. როგორ ჩანს, ჯართთან ერთად ნაგავსაც იბარებენ.

IMAG3518

რომელიღაც ყვითელ ავტობუსში გადავიღე.

IMAG3537

მრავალფუნქციური სატელეფონო ჯიხური ვაგზლის მოედანზე. საქართველო მიჩვენე და ნაგავს გიჩვენებო.

IMAG2536

მეტრო პოლიტექნიკურის ამოსასვლელში, სპორტის სასახლის მხარეს. არტი არ გეგონოთ, გულმოდგინედ “მიჩქმალული” ნაგავია. მერე რა რომ ურნა საკმაოდ ახლოსაა, “ასე კარგად ინახება”.

IMAG2491

ეტყობა ვიღაცამ იფიქრა, რომ ამ ქანდაკებას რაღაც “აკლდა” და დაუმატა – ხელებში ნაგავი ჩაუყარა. ტაშიიიი! აი მესმის კრეატივი!

IMAG3476

ესეც საბურთალოზე, ჯიხურსა და ბოძს შორის შეჭიჭყნილი ნაგავი. კარგად უწვალია “ავტორს”! მქუხარე აპლოდისმენტები!

IMAG2473

კიდევ ერთი “კრეატივი” რუსთაველზე. ვიღაცამ ქანდაკება “დაათრო” – თავზე საკუთარი ქუდი ჩამოაფხატა და გვერდით სასმელით სავსე ჭიქა მიუდგა. გავუაროთ ხოლმე, ერთად დავლიოთ.

IMAG2792

რეკლაა რუსთავში: ხეზე მისკოჩილი განცხადება.

IMAG3477

ვსვათ, ვჭამოთ, მოვილხინოთ და შემდეგ ნასუფრალი ადგილზე დავტოვოთ! ვაგზალზე, “კიდობანის” წინ აუზზე გადაღებული ნაგავი.

IMAG2510

ეს სოფ. ფარცხისის შესასვლელთან (თეთრიწყაროს რაიონი). გზის გასწვრივ დასამუშავებელი მიწებია, თუმცა რთული სათქმელია ვინ გახსნა “ნაგვის ბირჟა” ამ ადგილას – ნაკვეთების პატრონებმა თუ უპასუხისმგებლო მძღოლებმა.

IMAG3380

ეს ის არ არის რასაც ფიქრობთ. არავინ აპირებს აქ მწვადაობას. ორიოდე თვის წინ ბირთვისში რომ ჩავედით, კოცონის ადგილას რომელიღაც ვიზიტორების მიერ დატოვებული ნაგვები დაგვხვდა, მათ შორის ეს ლითონის ჯამი და კოვზი. არადა ზურგჩანთით ქალაქის ურნამდე ტარებას რა უნდოდა… ტყეს ასე უნახავენ შვილებს, როგორც ჩანს…

IMAG3345

ერთ-ერთ კორპუსში… ნაგვის გადაყრა რომ ეზარებათ, ასე ტოვებენ. საამაყო საქციელია!

IMAG3468

ეს ნაგავი ასურეთში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) “ვიპოვეთ”. მე-19 საუკუნის გერმანული ეკლესიაა, რომელიც კომუნისტების დროს სოფლის კლუბად იყო გადაკეთებული. ვანდალურად დამახინჯება არ აკლდა, ახლა ნაგავსაყრელადაც “წარმატებით” იყენებენ.

IMAG3408

მიწისქვეშა გადასასვლელი რომ არის პუშკინის სკვერში, ასეთ “მშვენეირებას” ხშირად ნახავთ.

IMAG0495

ესეც ჭეშმარიტი კრეატივი:

IMAG3494

როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება Facebook-ში


gijmaj Screen Shot 2015-06-10 at 9.29.04 PM copyერთ-ერთ პოპულარულ ფეისბუქის გვერდზე საკუთარ ფოტოს წავაწყდი. Cover-ად ჰქონდათ დაყენებული. მივწერე  რომ ეს ჩემი ფოტო იყო და ავტორი მითითებინათ ან საერთოდ წაეშალათ. ამას არაფერი მოჰყვა. შემდეგ უკვე პირადად მივწერე იგივე თხოვნით. გვერდის ადმინმა პირდაპირ დამცინა, რა სისულელე მოთხოვნააო. ვნახოთ ამ “სისულელეზე” ფეისბუქს როგორი რეაქცია იქნება მეთქი გავიფიქრე და ფოტო დავარეპორტე. შედეგი: სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში ფეისბუქმა ფოტო წაშალა.

ნებისმიერი ფოტო, ვიდეო, აუდიო, ნახატი, ჩანაწერი (ე.წ. note), სტატუსიც კი, თქვენი გაკეთებული და ატვირთული ფაილი, სავაჭრო ნიშანი არის თქვენი ინტელექტურალური საკუთრება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედ © არ აწერია და თავისუფლად დევს ინტერნეტში, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა, ავტორის მითითება ან სარგებლობისთვის/დარღვევისთვის ფულადი კომპენსაცია. ეს თქვენი კანონიერი უფლებაა. საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. მიუხედავად ამისა, ყველა ქეისის შესახებ მას ვერ დაუკავშირდებით (განსაკუთრებით თუ საქმე პოპულარულ ფოტოებს ეხება, თან დიდი რაოდენობით), და მცირე რამ თავადაც უნდა გააკეთოთ.  Continue reading