გზიდან დაწერილი პოსტები


1. “კინაღამ”

კინაღამ ავტობუსზე დავაგვიანე. უფრო სწორად ნამდვილად დავაგვიანე. ჩაბარგებით გავერთე, შემდეგ დავემშვიდობე მეგობრებს, შემდეგ… რა მნიშვნელობა აქვს, უცებ აღმოვაჩინე რომ გამგზავრების დროა. ავტობუსს მეორე ქალაქამდე უნდა გავყოლოდი, სადაც კიდევ ერთი გადაჯდომა მომიწევდა. გზა ოჰაიოდან ვისკონსინამდე გრძელია, 14 საათზე მეტი სჭირდება.  ავტობუსი,რომელსაც უნდა გავყოლოდი, უკანასკნელი იყო. შემდეგი ორშაბათ დილას გადიოდა… გაჩერებამდე რამდენიმე წუთის სავალი იყო და მიზნად იქ მიღწევა რომ დამესახა, აუცილებლად მარცხს განცივდიდი :))) გამიმართლა – ტრანპორტი თავად მეახლა :))) სახლიდან გამოვედი თუ არა, მოსახვევიდან ცხვირი გამოყო და გამიჩერა. დაიწყო დამღლელი გზა….

2. ადამიანები

არ დაიჯეროთ, რომ ამერიკა ერთმნიშვნელოვნად ცივი, უგუნური ხალხის ქვეყანაა. ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აქა არიანჭკვიანები, მამაცები, სასაცილოები, ძლიერები… უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კარგებსა და კეთილებთან მომიწია ურთიერთობა. დაწყებული ავტობუსის მძღოლიდან, დამთავრებული უნრალო მგზავრებით ან გამვლელებით უანგაროდ მეხმარებოდნენ. ავტობუსი სადაც შემომეფეთა, საკმაოდ შორი იყო გაჩერებისგან, მძღოლს უფლება ჰქონდა “ვერ შეგამჩნიე-გზას-ვაგრძელებ” ეთამაშა და კიდევ რამდენიმე დღით დავრჩებოდი ჩემს ქალაქში. როდესაც მძიმე ჩემოდნები ავათრიე, ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს წაქცევა. სანამ ლაგამს ამოვდებდი, ერთი არცთუ ისე სიმპათიური, არცთუისე ახალგაზრდა – რასაც ჰქვია თავზე შემომევლო. და მთელი გზის განმავლობაში სრულიად უცნობები მაშველებდნენ ხელს.

სადგურიდან სადგურამდე მხვდბეოდნენ ადამიანები, რომლებიც არც კარის გაღებაზე ყოყმანობდნენ და მოთმინებით ელოდებოდნენ როდის გავათრევდი ჩემს ბარგიბარხხანას. მოცლილები არ გეგონოთ, ისინიც მგზავრები იყვნენ, რომლებსაც სულ სადღაც ეჩქარებათ. ერთმა ავტობუსამდეც კი მიმითრია მძიმე ჩემოდანი.

3. კლივლენდის ავტოსადგური

რამდენიმე კარგი ამბავი და ცუდი ამბავიც მაქვს. კარგი ისაა, რომ გზაში  ვარ; კიდევ ის, რომ უჩვეულო გარემოში ვხვდები საკუთარ დღეობას; კიდევ ის, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ; კიდევ ის რომ გადაჭრელდა ჩემი ფეისბუქი მილოცვებით. უკვე იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ ლამის მეც გამიხარდეს ამ დღის გათენება :)) ცუდი ამბავი კი ის არის, რომ მოულოდნელი აღმოჩენა გავაკეთე: ჩემი საათი, რომელსაც ციფერბლატზე საქართველოს დროშა ახატია, გაჩერდა. ეს საათი შემთხვევით ვნახე თბილისში და როგორც კი თვალი მოვკარი, მივხვდი, რომ “ის იყო ის”. დიდი სიამაყით ვატარებდი ამერიკაში და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალში ვჩრიდი ინფორმაციას ჩემი პატარა ქვეყნის შესახებ. ახლა, როდესაც უსიცოცხლოდ გაჩერებულ ისრებს ვუყურებ, ვნატრობ სადმე იყოს მესაათე ისაკა, რომელიც უცებ “მოასულიერებდა” გაკერპებულ მექანიზმს. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვიშორებ ხელიდან და ვაპირებ, საპატიო ადგილი მივუჩინო სუვენირების მუზეუმში.

ახლა ზუსტად იმ ადგილზე ვარ, სადაც რამდენიმე კვირის წინ კინაღამ ავტობუსმა არ გამასწრო. რამდენიმე საათიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. მალე ისევ გავუდგები გზას. დანიშნულების ადგილზე დილით ჩავდივარ…. დროა გავიდე…..

3. ჩიკაგომდე

მთელი ღამე მშვიდობით ვიმგზავრე. მეგობრებმა ჩემი ფეისბუქის კედელს ცეცხლი მოუკიდეს 🙂 მეც ტელეფონიდან ვმესიჯობდი, ასე რომ მალე დამიჯდა. გზადაგზა, როდესაც მასობრივი სმა-ჭამის ობიექტთან რამდენიმე წუთით ჩერდებოდა ჩემი ავტობუსი, საკვებზე უწინარეს შტეფცელებს ვეძებდი, რომ დატენვა მომეხერხებინა. მაგრამ 15 წუთიანი შესვენებების დროს შეუძლებელი აღმოჩნდა “სრულად შეიარაღება”. ასე რომ გამთენიისას ტელეფონის გატარიას საბოლოოდ სული ამოხდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ძილღვიძილში გაუთვალისწინებელი გაჩერება ვიგვრძენი. ორიოდე წუთში მძღოლმა გამოგვიცხადა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და გაგვაფრთხილა, რომ შეიძლებოდა რამდენიმე საათი ვმდგარყავით ადგილზე. ეჰ – გავიფიქრე გულდაწყვეტით, – ჩიკაგოში მაინც შევფერხებულიყავით… საინტერესეო კადრებს შევმატებდი ჩემს ფოტოალბომს… თუმცა აქაც, შუა გზაშიც, როდესაც ხალხი ავტობუსიდან გადმოილალა ამბის გასაგებად, მაინც მოვახერხე ორიოდე ფოტოს გადაღება. ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთოს გზიდან გადავარდნას გამოეწვია. მოვიდა პოლიცია, სასწრაფო,  საგზაო მუშები და დაახლოებით ერთ საათში გაწმინდეს გზა. სანამ სარკესავით არ მოაკრიალეს, არ გაგვიშვეს. თენდებოდა. მზის სხივები ნელ-ნელა აფერადებდა ზეცას… გვერდით ტბა იყო, ტბასთან – სახლი… ულამაზესი ბუნება… ხეების ჩურჩული, ჩიტების ჭიკჭიკი და მანქანების ღმუილი…. 🙂 ეს შემთხვევაც ჩემთვის კიდევ ერთი “კინაღამ”-ით დამთავრდა. სანამ სურათს გადავიღებდი (შემთხვევა კოლონის თავში იყო, ჩემი ავტობუსი – ბოლოში) გზა გაიწმინდა, ავტობუსი დაიძრა და კინაღამ შუა ტრასაზე დავრჩი :)))

მგზავრობის დასარული – მშვიდობიანი. ჩამოვედი, დავბინავდი, მაგრამ ჯერ ინტერნეტი არ მაქვს. ველოდები ორშაბათს, როცა კეთილს ინებებენ და ჩამირთავენ. მანამდე ალბათ ფოტოალბომებს მოვამზადებ ბლოგზე დასადებად.

დროებით.

გადავდივარ :(


ვიბარგები. ოთახში ყველაფერი ერთმანეთშია არეული: თავახდილი ჩემოდნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, რისკები, ფოტოაპარატი და მისი ლინზა, ლეპტოპები, ფურცლები, ფლეშკები, პრინტერი… კედლიდან ძველებურად შემომყურებს ჩემი “მეტამორფოზა”. ეს სურათი წლების წინ მეგობარმა დამიხატა და მას შემდეგ აღარ ვიშორებ. თბილისში ჩემს ოთახში ეკიდა, ამერიკაშიც თან წამოვიღე და ყოველ დილით, როდესაც მას ვუყურებ, ცვლილებებზე ვფიქრობ. სურათზე ორმაგი სახეა… და გზა, რომელსაც ტაძრისაკენ მიუყვებიან ადამიანები. ეს მუდმივი მოძრაობა და ამავე დროს სტატიკაა, რაღაცნაირი, არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ჩემი საყვარელი ფრაზის განხორციელებაა: ერთადერთი მუდმივობა ამქვეყნად – ეს ცვლილებებია.

ორი მშიერი ჩემოდანი მოუთმენლად მელოდება. ერთი სული აქვთ, როდის გადაყლაპავენ ჩემს პირად ნივთებს. მე კი პოსტს ვწერ და თან იმაზე ვფიქრობ რა წავიღო, რა დავტოვო, რა გავაჩუქო, რა გადავყარო… ერთ პატარა ოთახში იმდენი ნივთი აღმომაჩნდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. შემომეძინა ახალი დისკები – ზოგი ჩავწერე, ზოგი ტრენინგებზე მიწყალობეს. ახლა აქა-იქ გაბნეულებს თავს ვუყრი და ვცდილობ, კომპაქტურად ჩავალაგო.

 ეს ალბათ ჩემი წლის შემაჯამებელი პოსტია. ბლოგერების უმეტესობამ ეს საახალწლოდ გააკეთა, მე კი ეს თარიღი ავირჩიე…

გასული წლის განმავლობაში გავხდი მასკის ფინალისტი, წამოვედი ამერიკაში, ვისწავლე ამერიკულ უნივერსიტეტში და გავიარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ტრენინგები (ავე, გიჟმაჟ!!! ოცნებები ხდება!) კიდევ – შევიძინე მეგობრები და უნარები; დავაგემოვნე აზერბაიჯანული დოვღა; მივიღე საქორწინო მიპატიჟება მოლდავეთში (ოქტომბრის ბოლოსთვის); მოვასწარი 4 შტატის მონახულება და რამდენიმე ადგილას (თითქმის) უგზოუკვლოდ დაკარგვა. აღმოვაჩინე, რომ იდეალები ხშირად საერთოდ არ ჰგვანან იდეალებს და ზოგჯერ უმჯობესია, იმ მშვენიერებით დატკბე, რასაც შორიდან დანახული აბობოქრებულ ზღვასთან მებრძოლი გემი განიჭებს. სხვა სიტყვებით რომ მოგახსენოთ, ვნახე ამერიკის რამდენიმე სახე, რომლებიც საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც შორიდან ამერიკაზე მეოცნებე ქართველებს ჰგონიათ.

ახლა, როდესაც დაცარიელებულ უჯრებს ვათვალიერებ, თვალში კედელზე ჯერ კიდევ შერჩენილი დეკორაციები მხვდება – რუკები, საქართველოს დროშა და კიდევ ერთხელ – ჩემი განუყრელი “მეტამორფოზა”. დროშა ქართველი ემიგრანტის აუცილებელი ატრიბუტია. ამით გამოხატავს მანიაკალურ მიდრეკილებას წარსულისაკენ, ხაზს უსვამს საკუთარ იდენტობასა და პატრიოტიზმს. მე მხოლოდ ოთახის გაქართულებას არ დავჯერდი, კარზეც მივაკარი პატარა სტიკერი, ასე რომ ყოველ შემომოსვლელს ყოველ ჯერზე ვახსენებ, ვისთან აქვს საქმე. ეს ორგზის მანიაკობაა, რომელსაც არაფერი ეშველება. ასე “მანუგეშებენ” მეგობრები და ასე მარაზმულად ვამახსოვრებ თავს სხვებსაც. სიტყვამ მოიტანა და, ერთი-ორჯერ უკიდურესი რადიკალ-პატრიოტიზმის დემონსტრაცია მოვახდინე. ერთხელ განცხადებების დაფაზე მივაკარი დროშა. მეორედ – მაღაზიაში შესულმა აღმოვაჩინე, რომ კედელზე მსოფლიოს რუკა იყო გაკრული რამდენიმე დროშასთან ერთად. აღშფოთებულმა გავაპროტესტე საქართველოს დროშის არარსებობა და სასწრაფოდ “გამოვასწორებინე” სიტუაცია – ჩემი პაწუკა სტიკერით დავამშვენებინე ის რუკა. მერე რა, რომ სხვებთან შედარებით ჭიანჭველასავით ჩანდა, სამაგიეროდ ახლა ვინც კი შევა, იმ მაღაზიაში საქართველოს დროშასაც შეამჩნევს. მესამედ – ჩიკაგოში, ჰოსტელში ჩემს ოთახში “მოვნიშნე” ეროვნული დროშა-სტიკერით საკუთარი “ტერირტორია”. საინტერესოა, აქამდე თუ შერჩა.

წარსულს ისევ ვიხსენებ და მენანება – შემიყვარდა ეს პატარა ქალაქი თავისი მწვანე ქუჩებით, ეზოში მობალახე ირმებით,ხანდახან მკვდრული სიჩუმით, ძალიან, ძალიან ლამაზი ცითა და არაჩვეულებრივი, თბილი ხალხით. ეს იყო საოცარი წელიწადი, როდესაც სწავლა მხოლოდ წიგნების კითხვას არ ნიშნავდა. ახლა ჩემოდანში პირად ნივთებთან ერთად მოგონებებსაც ვალაგებ და მორიგ შტატში გადაყვანას ვუპირებ. აქ ალბათ აღარასოდეს დავბრუნდები. სახსოვრად მიმყვება უამრავი ფოტო, დაარქივებული მეხსიერების ნაფლეთები და საგრძნობლად გაზრდილი კოლექცია: ჩემი ბრელოკები, რომლებიც კონკრეტული ადგილის ვიზიტისას შევიძინე ან მაჩუქეს. ესენია ქვეყნის დროშები, უნივერსიტეტების, მუზეუმების სიმბოლოები, ეროვნული ვალუტა და ა.შ. ეს ღირსშესანიშნაობა ცალკე პოსტს იმსახურებს.

მოკლედ, ბარგს ვალაგებ და სხვა ქალაქში გადავდივარ – 3 თვიანი სტაჟირება იქ უნდა გავიარო. რა იქნება შემდეგ? ძნელი სათქმელია… ალილო და ხვალაო, ვნახოთ. მანამდე კი ჩემთან ერთად თქვენც გაიმეორეთ:

ავე, გიჟმაჟ!!! ოცნებები ხდება!!!

პ.ს. როგორია თქვენი ახდენილი ოცნება? როგორი გემო აქვს? რა გრძნობაა?

დამოუკიდებლობის დღე


ამერიკაში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე განსაკუთრებული მოუთმენლობით ველოდებოდი 26 მაისს. ჯერ თითებზე ვითვლიდი თვეებს, მერე კვირებს, მერე დღეებს… ვარჩევდი სიტყვებს, რომლითაც ჩემი აქაური მეგობრებისთვის უნდა გამეცნო მისი მნიშვნელობა, ვფიქრობდი ისტორიაზე, რომელსაც მოვუყვებოდი სხვებს.

26 მაისი ჩემთვის უნდა ყოფილიყო დღე, როდესაც გამოვიდოდი და ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ამაყი ვიქნებოდი ჩემი ეროვნული იდენტობით, ისტორიით, სახელმწიფოებრიობით, კულტურითა და ტრადიციებით. უფრო ეგოისტურად ვისაუბრებდი ძველ ტაძრებზე, არქიტექტურაზე, ბუნებაზე, ამ დღის მნიშვნელობაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ღირებულებეზე… მოკლედ, მთელ რომანტიკულ-პატრიოტულ მარაზმზე…

მაგრამ იმან, რაც მაისის ბოლო დღეებში თბილისში დატრიალდა, სალაპარაკოზე მეტი მომცა. მთელი დღეები ვფიქრობ და ვერ მიპოვია პასუხები რიგ კითხვებზე:

1. რატომ მიმდინარეობს ერისათვის მნიშვნელოვანი, თითქმის საკრალური დღეების მნიშვნელობის დისკრედიტაცია? უკანასკნელი წლების განმავლობაში ანვითარებული მოვლენები პროვოკაციულობითაც გამოირჩევა და მაინცდამაინც იმ თარიღების გაგების ტრანსფორმაციას ახდენს, რომლებიც წმინდაა ერისთვის! 9 აპრილი – რუსეთის აგრესიის დღე, ქართველი მოწამეების დღე, თავისუფლებისათვის ბრძოლის დღე ახლა ხელისუფლების აგრესიასთან, ძალადობასთან, მსხვერპლთან, შიდა შუღლთან ასოცირდება. 26 მაისი – ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი – ასევე სისხლისღვრასთან და დაპირისპირებასთან გაიგივდა. ამ მოვლენების მსხვერპლი – 2 ადამიანი: პოლიციელი და მომიტინგე, უამრავი დაპატიმრებული, დაკარგული, ნაცემი ადამიანი შეშფოთების კიდევ უფრო მეტ საფუძველს იძლევა. მხოლოდ ხელისუფლებას ნუ იგულისხმებთ ჩემი კრიტიკის ობიექტად, ეგრეთწოდებულ ოპოებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. ორივენი ყოჩაღად ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ღირსებაზე. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები თათხავენ მეორე მხარეს. თუმცა არც ერთს არ აქვს პასუხი კითხვაზე: თარიღები, რომლებიც საგარეო საფრთხესთან, მტერთან ბრძოლასთან ასოცირდებოდა, რომელიც სიამაყეს გვრიდა თითოეულ ქართველს რატომ ხდება სამარცხვინო? ეგებ თქვენ მიპასუხოთ ვის ინტერესში შედის ეს?

2. რატომ მანიპულირებენ ქართველი ერის სახელით პოლიტიკური ნაძირალები, ბომჟები, და ყველანაირი უსაქმურები, ვისაც ერთი დიდი საზოგადოებრივი ბირჟის წევრობა არ ეზარებათ? ნებისმიერი მხარე, რომელიც მიტინგზე რამდენიმე ათეული კაცის შეკრებას ახერხებს, მთელი ხალხის სახელით ლაპარაკობს! 1980-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული, ხალხის სახელით ტარდებოდა მრავალათასიანი ან რამდენიმეკაციანი მიტინგები, განსხვავებული პოლიტიკური მოთხოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები შეიცვალნენ, დამსწრეთა რაოდენობაც არ იყო მუდმივი და მოთხოვნებიც დროთა განმავლობაში გადასხვაფერდა, “ჩვენ, ქართველი ერი” მაინც აქტუალურ შეძახილად დარჩა. სინამდვილეში ეს არის უმცირესობის მცდელობა – გადაფაროს უმრავლესობის ნება და თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები. ისინი არანაირად არ წარმოადგენენ ჩემი და სხვა ადამიანების კონკრეტულ მოთხოვნებს პოლიტიკურ, გნებავთ ეკონომიკურ, კულტურულ ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადი სახის ლოზუნგები – მიშა წადი, გრიშა მოდი!!! ან – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ან  – თავისუფლება პოლიტპატიმრებს!!! ან – ყველანი ადამიანის უფლებების დასაცავად – არ ხატავს კონკრეტულ სტრატეგიას, რითიც სასურველი მდგომარეობის მიღწევა შეიძლება. ამიტომ შეუძლებელია გარჩიო რატომაა პეტრეს პოზიცია პავლეზე მომხიბლავი და რატომ უნდა გაყვეს მაინცდამაინც მას მთელი ერი, რა აძლევს ხალხის სახელით საუბრის უფლებას? რატომ უნდა ჩაითვალოს ერთი მუჭა მომიტინგეები მთელი ერის წარმომადგენლად?

3. ოდესმე თუ დამკვიდრდება და შეიძენს რეალურ მნიშვნელობას ტერმინი “პოლიტიკური პასუხისმგებლობა?!” უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო პოლიტიკური ავანტიურების ავანსცენა გახდა, ვისაც არ ეზარება სხვადასხვა ექპერიმენტებს ატარებს, რომლის უმეტესობა მარცხით მთავრდება. თუ პოლიტიკანები საკუთარ თავს ხალხის სახელით საუბრის უფლებას აძლევენ, მაშინ რატომ არ აგებენ პასუხს მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო? ვგულისხმობ როგორც შეუსრულებელ დაპირებებს, ასევე იმ ტყუილებს, მოქრთამვას, მუქარებს და ა.შ. რისი საშუალებითაც გამოჰყავთ ადამიანები ქუჩაში (ან აკავებენ სახლში), შემდეგ კი ნაცემებს, დაპატიმრებულებს ღვთის ანაბარა ტოვებენ. გარდა ამისა, რატომ არ არსებობს (ან არ მუშაობს) იმ ჩინოვნიკების დასჯის მექანიზმები, რომლებიც კანონებსა და კონსტიტუციას უხეშად არღვევენ?!…

4. რატომ იგივდება მიტინგები მასობრივ ძალადობასთან? 1980-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული, ნელა-ნელა იმატებს ძალადობის დოზები და მეთოდები; შეიძლება ისეც მოხდეს ხოლმე, რომ მომიტინგეებზე მეტი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ადგილზე. მიტინგი პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაა. ესეც კიდევ ერთი დისკრედიტირებული იდეა. მავანთა პოლიტიკური ამბიციები, პიროვნული შუღლი ან სიმხდალე არ უნდა მქმედებდეს ზოგადად პროცესების განვითარებაზე. ბურჯანაძესა და მის ბანდას თუ ქათმის გული აქვს, ანდა მთელი ძალაუფლება სახელმწიფოს ხელშია, ეს არ უნდა ხდებოდეს დარბევევის, სისხლისღვრის საფუძველი.

მოკლედ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ. იმიტომ კი არა, რომ ამერიკელების მიერ დასმულ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მიხდება; არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება ჩვენი, როგორც ერის არსებობის საკითხი. სიმბოლოები, დღესასწაულები – ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია საერთიანი მეხსიერების, აღქმის, ღირებულებების, იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. ის, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მივიღეთ – გარკვეული სიამაყე, თავისუფლება, იმედი  – ახლა შებრუნებულად ვითარდება. სირცხვილი, ტკივილი, დათრგუნულობა, ძალადობა, შეზღუდვა – არასრული ჩამონათვალია იმ ასოციაციებისა, რომელებიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხსენებისას ხდება. პოზიციათა პოლარიზაცია, პოლიტიკური ფანატიკოსობა კიდევ უფრო შესამჩნევია

საით მივექანებით? რა მოხდება მომავალი დამუკიდებლობის დღეს? თუ ვინმეს კომპასი გიჭირავთ დან მიმართულების განსაზღვრა შეგიძლიათ, შემოგვაპარეთ სიმართლე. “ჩვენ, ქართველ ერს”გვეყოფა ვაჟკაცობა, თვალი გავუსწოროთ მას.

ბრილიანტები ამერიკის მუზეუმში


ვაშინგტონის მუზეუმები ერთი დიდი თემაა. გამოფენილია უამრავი საინტერესო ექსპონატი. ბევრი მათგანი არც ისეთი ძველია, როგორსაც საქართველოში შეხვდებით, მაგრამ უვლიან და უფრთხილდებიან. ბევრი მუზეუმის სტუმრობა უფასოა. სამუშაო და უქმე დღეების განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და დაათვალიეროს. ეს უზარმაზარი მუზეუმებია, სადაც მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ბოდიალი. მრავალსართულიან შენობებში გამოფენები, კაფეები, სუვენირების მაღაზია და ა.შ. მოკლედ, მთელი სამყაროა. დროთა განმავლობაში დავდებ პოსტებს ამ მუზეუმებისა და მათი ექსპონატების შესახებ, ახლა მინდა ერთ-ერთი საინტერესო გამოფენის შესახებ დავწერო. Museum of natural Hიstory ვაშინგტონის ცენტრშია და საკმაოდ ბევრი მნახველებითაც გამოირჩევა. მრავალფეროვანი გამოფენები დიდსა და პატარას ერთნაირად იზიდავენ.

ერთი სართულის დიდი ნაწილი ძვირფასი ქვების გამოფენას უკავია. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს ბრილიანტებს. ამ პატარა ვიდეოზე რამდენიმე ექსპონატია აღბეჭდილი: ნაპოლეონის საჩუქარი მეუღლისადმი, გვირგვინი და საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები – იმედია თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. უკანასკნელი ყელსაბამს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი, 46-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს. როგორია?

რამდენიმე “კინაღამ”


მთელი ჩემი ვაშინგტონის მოგზაურობა კურიოზებითა და “კინაღამ”-ებით სავსე იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ კენტიდან წამოსულს კინაღამ ავტობუსმა გამასწრო. კლივლენდის სადგურში კაფეში შევედი და რაღაცეების წერა-კითხვაში ისე გავერთე, დრო შეუმჩნევლად გამპარა. ავტობუსის გასვლას 10 წუთი რომ დააკლდა, წამოვიზლაზნე, მაგრამ ვაი! ჩემს გასასვლელში კაციშვილი არ იდგა! ვიფიქრე, ეტყობა ადრეა მეთქი და გავიარ-გამოვიარე. დავბრუნდი, მაგრამ არაფერი შეცვლილიყო. რა მოხდა? რეისი გაუქმდა? სად არიან მგზავრები? თავში ათასმა ფიქრმა გამიარა. დაავიწყდათ? რეისი გადადეს? სადგური შემეშალა? ეს უკანასკნელი ვარიანტი სასწრაფოდ გამოვრიცხე. მერე სადგურის მორიგე მოვძებნე და ვაშინგტონისაკენ მიმავალი ავტობუსის ამბავი ვკითხე. ნუთუ წავიდა? აღმოჩნდა რომ ნაადრევად დაბარგებულიყვნენ მგზავრები, მძღოლი კი ყავის ასაღებად შეყოვნებულიყო. ამჯერად გამიმართლა. მართალია უკანასკნელი ავედი ტრანსპორტში, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მივაღწიე.

მეორე “კინაღამ” ტარას შევჩენკოს ძეგლთან შემემთხვა. მე და სხვა ქართველმა სტუდენტები საღამოთი ერთ-ერთ ქუჩას ვლაშქრავდით. სწორედ ისე ვიქცეოდით, ბევრ ემიგრანტს რომ უტყდება ხოლმე :)) ხმამაღლა ვსაუბრობდით და ვიცინოდით, ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ისინი სწრაფად მიდიოდნენ, მე სურათებს ვიღებდი. გამისწრეს და ქუჩა გადაკვეთეს. გავიქეცი, მეგონა დავეწეოდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ? ქვაფენილი არ მომერიდა და კინაღამ სასიკვდილო ტრიუკი შევასრულე :)) კისერის მოტეხვა ვერ მოვახერხე, სხვა ძვლებიც უვნებელი დამრჩა, სამაგიეროდ ტრამვირებული მარცხენა ხელით გავაგრძელე დანარჩენი მოგზაურობა. მოქანდა სასწაფო “მ” და მაშინვე დამსკოჩა. ეს ჩვეულებრივი მომსახურება არ გეგონოთ, VIP სერვისია, მხოლოდ განსაკუთრებულად დამსახურებული დაზარალებულისათვის :)))

მესამე “კინაღამ” ნიუ იორკში მოგზაურობას დაუკავშირდა. ნიუ იორკი ჩემი ოცნების ქალაქია. ამერიკაში მისი სიყვარულით წამოვედი. მაგრამ ბედის ირონია არ გინდათ? ვერ ჩავაღწიე იქამდე. ზოგჯერ დრო არ მქონდა, ზოგჯერ სხვაგა წავედი… ცოდვა გამხელილი სჯობია და ერთი-ორჯერ დამეზარა კიდეც 😀 ახლა, როდესაც ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, კიდევ ჭრელი პეპელა გამოტყვრა საიდანღაც და გამგზავრება გადამადებინა. ნიუ იორკო, გული არ დაგწყდეს, მაინც გესტუმრები!

წვრილმანი “კინაღამ”-ები რომ გამოვტოვოთ, გამგზავრების დროც მოვიდა. უფრო სწორად – გაიპარა. კურსი ადრე დამიმთავრდა, ქალაქში ხეტიალს შევყევი. ერთი ციყვი მომეწონა, ყველა მხრიდან ვუარე და ყველა პოზაში გადავუღე სურათები. მერე ამერიკის ისტორიის მუზეუმში შევედი. იქაც ვიბოდიალე, ვაჩხაკუნე კამერა. მერე გამოვედი და მეორეგან შევედი. იქ გუშინ ვიყავი, მაგრამ ფოტოაპარატის გარეშე. ვაშინგტონიდან კი ისე წამოსვლა არ მინდოდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტი არ გადამეღო. მაგრამ იქ კიდევ იმდენი საინტერესო გამოფენაა, რომ დრო შეუმჩნევლად იპრება. ჩემი ჭკუით, დროზე გამოვედი და გაჩერებამდე ფეხით წავედი. თან ბანკომატს, ვეძებდი, თან…. ამასობაში კი გაიდა ძვირფასი წუთები. შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!-მაც კი ვერ გააჩერა ულმობელი საათი! მოკლედ, გზა სახლამდე და შემდეგ – ავტობუსების სადგურამდე ელვისებურად გაილია :)))  ერთმანეთის მიყოლებით გამოვიცვალე ტრანსპორტები: ავტობუსი, მეტრო, ფეხაძინი. მივდიოდით, მივღოღავდით, მივრბოდით, მაგრამ მაინც დავაგვიანეთ! ამას ჰქვია “კინაღამ დროზე წავედი!” ახლა, როცა ფეისბუქზე ჩემს სტატუსს კითხულობენ  – “ფაქტიურად კურიოზი ვარ!!!” ალბათ აღარავის უკვირს მისი დაწერის მიზეზი. ვზივარ, სადგურში ველოდები მორიგ რეისს და ხალხს ვუყურებ. ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი ყვირის, სადგურის პერსონალი ქორებულად იყურება. რაღაას ბურდღუნებს ხმადაწეული ტელევიზორი, თუმცა მას არავინ უსმენს. კიდევ 2 საათზე მეტი უნდა ველოდო. იმედია ამჯერად მორიგი “კინაღამ” ამცდება. ანდა როგორ უნდა გამასწროს? პირდაპირ გასასვლელს ვუყურებ და ჩასხდომა რომ დაიწყება ჩემზე წინ აღარავის გავიშვებ )) სახლში მეჩქარება! გამატარეთ! თორემ მერე თქვენზე გადმოვა რამდენიმე “კინაღამ”! :)))

განიხიბლეთ!


ოროდე დღის წინ უსიამოვნო საუბარი მქონდა. ჩემთვის იყო უსიამოვნო, თორემ მეორე მხარისთვის… არ ვიცი… მოკლედ, ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ჩემი საბანკო ანგარიშით სარგებლობა უნდოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მყოფებისგან “ზე-დამოკიდებულებას ვგრძნობ”. მაგრამ მათი მოლოდინები ვითარების არაადეკვატურია. დიალოგი დიდი მოთმინების ფასად მივიყვანე მშვიდად ბოლომდე, მაგრამ ჩეთაობისასაც და იმის შემდეგაც ძალიან გავბრაზდი: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამერიკაში უდარდელი ცხოვრებაა და დოლარები ხეებზე იზრდება. არ დაიჯეროთ!

ამერიკა მდიდრებისთვისაა სამოთხე, თორემ ღარიბებისა და ემიგრანტებისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭეა. კულტურულ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, ბევრი უცნაური კანონი აქვთ. უმუშევრობა ძალიან მაღალია და ბევრს აკარგვინებს სახლს, ოჯახს, ყველაფერს… ვაშინგტონის თითქმის ყველა ქუჩაში შეხვდები უსახლკაროებს, მეტროს წინ, ხალხმრავალ ადგილებზე რომ მიყუჟულან და მუყაოს ნაგლეჯზე აწერიათ: I am Homeless. Please help with MONEY. God Bless You. (უსახლკარო ვარ. ფულით დამეხმარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ). მაგრამ ქალაქის საქმიანი ნაწილი ნაღდი ფულის ტარებას ჩეკებსა და საკრედიტო ბარათებს არჩევს. საეჭვოა აქვთ თუ არა ერთი დღის საკვებისთვის საკმარისი შემოსავალი უპოვრებს.

რაც შეგვეხება სტუდენტებს: ნუ ელით რომ აქ რომელიმე ჩვენგანი მდიდარია და დოლარებში ბანაობს. სტიპენდიით ვიხდით ბინის ქირას, ტელეფონს, შტატისა და სახელმწიფო გადასახადებს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს გარკვეული თანხა ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. არ დაგავიწყდეთ რომ სახელმძღვანელოებიცაა საყიდელი, წიგნები  კი აქ ფუფუნებაა – ძალიან ძვირი ღირს, ერთ საგანში თუ 50-70$ დახარჯე, უნდა ჩათვალო რომ გაგიმართლა. ზოგიერთი წიგნი 150-200$ ღირს და ასეთი რამდენიმეა შესაძენი. საკვები ძალინ ძვირია, განსაკუთრებით კი ჯანსაღი, რომელსაც აქ ორგანულს ეძახიან და ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი. მგზავრობის საფასურიც ქალაქების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიაქვს. ზოგჯერ ავტობუსისა და მეტროსთვის სხვადასხვა სახის სამგზავრო ბარათებია ასაღები, ასე რომ…ამ პირობებში დანაზოგის გაკეთებაზე საუბარი ხშირად ზედმეტია. თუ ჯერ კიდევ გგონიათ რომ ფულის ზღვაში ვცურავთ, დროა შეხედულებები შეიცვალოთ.

განიხიბლეთ!

ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად 100-ჯერ უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე საქართველოში. თითოეულ დოლარს სისხლის ფასი ადევს. აქ ფულის შესახებ საუბარი მიღებული არ არის და ფულის თხოვნაც შეიძლება ბევრმა შეურაცხყოფად მიიღოს. პირადი ფინანსები ერთ-ერთი სფეროა, რასაც არ განიხილავენ.

გასულ შემოდგომას მე და ჩემი მეგობარი ერთ ამერიკელს ველაპარაკებოდით. სიტყვა სახლებზე და მის ღირებულებაზე ჩამოვარდა. ამერიკელმა თქვა, ჯერ კიდევ ვიხდი გირაოს თანხასო. დაახლოებით 10 წლის კრედიტი ჰქონდა ჯერ კიდევ გასასტუმრებელი. ჩემმა მეგობარმა რაოდენობა ჰკითხა, ის კი გაწითლდა, დაიბნა და არც თუ ისე ტაქტიანი ჩაციების შემდეგ ძლივს ამოღერღა კონკრეტული თანხა. აქ მიღებული არ არის საკუთარი შემოსავლის ყველას დასანახად გამოფენა და უბრალო კითხვებიც კი (თუ საგადასახადო ინსპექტორისგან არ მოდის) დიდ უხერხულობას იწვევს. ეს პოზიცია ჩემთვის გასაგები და მისაღებია.

დებო ძმებო, დეიდებო, მამიდებო, მეზობლებო და განსაკუთრებით – გულშემატკივარო მეგობრის მეგობრებო, რომლებსაც არ გეზარებათ თავხედური თხოვნებით მომართვა!

ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ რომ ამერიკა არ არის ისეთი ბრდღვიალა, როგორსაც ფილმებიდან ხედავთ! ამერიკა მუდმივი ბრძოლის ველია! შეინახეთ თქვენი მოურიდებელი პრეტენზიები და ნუ ითხოვთ მხარდაჭერას იმათგან, ვინც მარტო იბრძვის თავის დასამკვიდრებლად!

ჩიკაგო Willis Towers-იდან


Willis Tower ეს მსოფლიოში შენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იყო 25 წლის განმავლობაში. ეს ტურისტებს შორის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. შესასვლელთან დღის ნებისმიერ მონაკვეთში გრძელი რიგებია გაწელილი. ზედა სართულამდე ასასვლელად 3 ლიფტის გამოცვლაა საჭირო. იქ კი – ხალხი დადის, საუბრობს და გარემოს გადაშტერებია 😀

მთელი ქალაქი ხელისგულივითაა გადაშლილი. გგონია, რომ google earth-ია ჩართული, ერთი განსხვავება ისაა, რომ შენობებს ვერ მიუახლოვდები. მანქანები ასანთის კოლოფებივით ჩანან, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს კი საერთოდ ვერ შეამჩნევ. ეს კადრები 123-ე სართულიდან გადავიღე. ნახეთ და შეაფასეთ – როგორია? ჩიკაგოში რომ მოხვდე, ამ ცათამბჯენის უნახავად დაბრუნდები? 😉