ავტობუსის ჯარიმები. The End


ეს პოსტი დიდი ხნის წინ უნდა დამედო. დავწერე, შესწორების მიზნით დრაფთებში შევინახე და დამავიწყდა…

ერთ-ერთი წინა პოსტის გაგრძელებაა, სადაც დავწერე, თუ როგორ დამაჯარიმა დაუსწრებლად ყვითელი ავტობუსის კონტროლიორმა და ეს შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში.

ეს უკვე ჩემი “დაჯარიმების” მეორე შემთხვევა იყო და მის გადახდას არ ვაპირებდი, ამიტომ მოვინდომე გამერკვია რისი გაკეთება შემეძლო. მივედი ცაბაძის ქუჩაზე, ჯარიმების განყოფილებაში. იქიდან გადამამისამართეს  ვაგზლის ქუჩაზე, სადაც კომპანიის იურიდიული სამსახურში. მივედი, დავრეკე შიდა ტელეფონზე. როდის-როდის მიპასუხეს და თანაც ისეთი ტონით, აშკარა იყო ერთი სული ჰქონდათ ტელეფონი გაეთიშათ. წესიერად არც იკითხეს შემთხვევის დეტალები. ლამის ძალით ვაიძულე მოესმინათ და ვკითხე ვისთვის უნდა მიმემართა რომ ეს ჯარიმა მომხსნოდა. იურისტმა (იმედია იურისტი იყო ხაზის  ბოლოს) მიპასუხა, რომ ადგილობრივ პროკურატურაში უნდა მივსულიყავი და იქ გაარკვევდნენ.

ცაბაძის ქუჩაზე დავბრუნდი, რომ ჩემს სახელზე გამოწერილი  ყველა ჯარიმის ასლი ამეღო. გაირკვა, რომ

1. ყველა ჩემი ჯარიმა ერთი და იმავე პირის მიერ იყო გამოწერილი.

2. ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან.

3. შემეძლო ჯარიმის გასაუქმებლად სასამართლოსთვის მიმემართა. მაგრამ ასევე შემომთავაზეს, რომ სასამართლომდე საქმე არ მისულიყო, სამაგიეროდ კი აწ უკვე ყოფილი კონტროლიორი გადაიხდიდა ჩემზე გამოწერილ ჯარიმას.

ამ პირობას დავთანხმდი. დაველოდე მოვლენების განვითარებას იმ მოტივით, რომ დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში აუცილებლად მივმართავდი სასამართლოს. ჯარიმის 1 თვიანი ვადა 6 იანვარს იწურებოდა, ონლაინ სისტემამ გადახდა 4 იანვარს მიჩვენა.

“ჭირი იქა, ლხინი აქა”-ს დაწერამდე სატრანსპორტო კომპანიის შესახებ  ჩემი რამდენიმე შენიშვნა: 

1. რაღაც რიგზე ვერ არის. კონკრეტული დამნაშავე დაისაჯა, ანუ სამსახური დაკარგა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ სხვებიც იგივეს არ აკეთებენ. პირად საუბრებში რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ მსგავსი შემთხვევის მოწმეები თავადაც გამხდარან, ანუ როდესაც ჯარიმას იღებს პირი, რომელიც იმ დროს სულ სხვა ადგილას იმყოფებოდა. ერთი ადამიანის დათხოვნა ზოგად სიტუაციას არ შეცვლის და პრობლემას საბოლოო ჯამში ვერ მოაგვარებს. სანამ სისტემაში არსებული ხარვეზები არ გასწორდება, მოქალაქეთა “დაჯარიმების” პრაქტიკა იარსებებს.

2. იურიდიული სამსახურის მუშაობით ძალიან უკმაყოფილო ვარ. პირი, რომელსაც შიდა ტელეფონით დავეკონტაქტე, აგდებულად და საკმაოდ უხეშად მელაპარაკა. კარგი იქნებოდა კლიენტებთან ურთიერთობა ესწავლებინათ სამსახურში მიღებამდე.

3. ჯარიმების განყოფილებაში არაჩვეულებრივი ხალხია. მე ვისაც დავეკონტაქტე შეეცადნენ ყველანაირად დამხმარებოდნენ და ამომწურავი პასუხები გაეცათ.

4. საქმიანი კორესპონდენციის წერაში ძალიან მოიკოჭლებენ. ძალიან გამიჭირდება ჩემი 6 დეკემბრის წერილის პასუხს “დამაკმაყოფილებელი” და “ამომწურავი” ვუწოდო. ველოდი უფრო სრულ განმარტებას, მათ კი აი ასე მომწერეს:

satrasporto kompaniis cerili

იანვრის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ გადავამოწმე სატრანსპორტო კომპანიის საიტი და, საბედნიეროდ, მეტი “ჯარიმა” აღარ მინახავს. იმედია აღარასოდეს მომიწევს დავუბრუნდე ამ თემას.

ისევ “დამაჯარიმეს”!


წინა პოსტში დავწერე, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტზე ჩემს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ოქმი აღმოვაჩინე. ოქმი შედგენილია იმ დღეს, როდესაც თბილისში საერთოდ არ ვიყავი, თან გამოწერილია იმ ადგილას, რომელიც ჩემი მოძრაობის მარშრუტში არ შედის. შეშფოთება, პირველ რიგში, ბლოგზე გამოვთქვი, დანარჩენის გარკვევა თბილისში ჩამოსვლამდე გადავდე.

გასულ კვირას, დრო როგორც მომეცა, სატრანსპორტი კომპანიის ჯარიმების განყოფილებას მივაკითხე. ეს არის ვაგზლის (აწ უკვე სადგურის) მოედანზე, აწ დანგრეული ძველი კიდობანის პირდაპირ. გაივლით შლაგბაუმს, უკანა მხრიდან შებრძანდებით იქვე წამოჭიმულ მრავალსართულიან შენობაში და დაცვას მოახსენებთ თქვენი ვიზიტის მიზანს. დარეკავთ შიდა ნომერზე და აუხსნით სიტუაციას.

ამ პროცედურების შემდეგ მიიღებთ ოქმის ასლს და შეგიძლიათ

1. მიმართოთ პოლიციას, რომელიც გამოიძიებს ოქმის გაყალბების ფაქტს

2. დაწეროთ განცხადება სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის სახელზე, რომელიც ასევე ჩაატარებს გამოძიებას.

2012 წლის 6 დეკემბერს მეგობართან ვიყავი დიღომში, დაახლოებით 9:15-ზე გამოვედით სახლიდან და 10-ზე უკვე ვაგზალზე, სატრანსპორტო კომპანიის ოფისს მივაკითხე. დაცვამ მითხრა, 10-ის შემდეგ მოდიან ეგენიო, გავედი და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დავბრუნდი. დავრეკე შიდა ნომერზე, მიპასუხეს. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე მოეცათ ჩემს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ოქმის ასლი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა

1. გამოყენებულია ჩემი გვარი, სახელი და პირადი ნომერი

2. დაბადების თარიღი წერია არასწორად

3. საცხოვრებელი მისამართიც არასწორადაა მითითებული. იმ მისამართით ვსარგებლობდი 2012 წლის 7 ივლისამდე, შემდეგ სხვაგან გადავედი.

4. რაც მთავარია, ოქმზე მოთავსებული ხელმოწერა არ მეკუთვნის მე!

წამოვიღე ოქმი, დავტოვე განაცხადება კომპანიის დირექტორის სახელზე და ჩავთვალე, რომ საკითხი გაირკვეოდა.

დღეს კი ახალი ოქმი აღმოვაჩინე! ერთ ჩემს ნაცნობს ვუყვებოდი ამ შემთხვევის შესახებ, საჩვენებლად შევიყვანე სატრანსპორტო კომპანიის საიტზე და კიდევ ერთხელ ჩავწერე ჩემი პირადი ნომერი.

ჰოი, საოცრებავ!

ჩემს სახელზე გამოწერილი კიდევ ერთი ჯარიმა ვიპოვე!!! ამჯერად – გადასახდელი!!!

ჯარიმა გამოწერილია 2012 წლის 6 დეკემბერს, 8:20-ზე ქეთევან წამებულის გამზირზე!

ჩემს სახელზე დადებული საჯარიმო ოქმი

ძალიან მაინტერესებს როგორ გავჩნდი 08:20-ზე ქეთევან წამებულის გამზირზე მაშინ, როდესაც ამ დროს დიღომში ვიმყოფებოდი!

დავპოსტე სატრანსპორტო კომპანიის ფბ-ის გვერდზე და ეს პასუხი მივიღე:

Screen shot 2012-12-12 at 12.11.09 PM

წერილი ჯერ არ ჩამბარებია, როდესაც მივიღებ აუცილებლად გაგიზიარებთ. და ამ მომენტისათვის სატრანპორტო კომპანიისგან დამატებითი ინფორმაცია/განმარტება არ მიმიღია.

ამ “ჯარიმის” გადახდას არ ვაპირებ!!! ეს არის სატრნსპორტო კომპანიის დიდი ხარვეზი, კეთილი ინებონ და თავად გამოასწორონ!!! მათი თანამშრომლების არაკეთილსინდისიერების გამო პატიოსანი მოქალაქე არ უნდა ზარალდებოდეს!!!! არ უნდა მჭირდებოდეს პერიოდულად იმის გადამოწმება, ვინმე “შემოქმედებითად მოაზროვნე” კონტროლიორმა ჩემი პირადი მონაცემები ბოროტად ხომ არ გამოიყენა!!! 

თქვენ კი კიდევ ერთხელ მოძებნებთ პირადი ნომრით საიტზე საკუთარი თავი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაქვთ ჯარიმა მიღებული! ფაქტია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ იცავს მოქალაქეთა პირად მონაცემებს! ფაქტია, რომ ამან შეიძლება მძიმე ფინანსური შედეგები გამოიწვიოს!

მე მინდა, რომ ჩემი იდენტობის ქურდობა არ ხდებოდეს! რომ ჩემი პირადი ნომერი და სხვა ინფორმაცია  საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყოს! როგორ გირჩევიათ თქვენ?

სატრანსპორტო კომპანიის შეცდომა?


თბილისის ფორუმზე, სამართლის განყოფილებაში ახლახანს ერთ თემას წავაწყდი. მომხმარებელი კითხულობდა:

ყოველი შემთხვევისთვის შემოწმება გადავწყვიტე. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტზე, ჯარიმების განყოფილებაში შევედი, საკუთარი პირადი ნომერი ავკრიფე და… გავოგნდი!

ჩემს სახელზე, ჩემი პირადობის ნომრით გამოწერილი იყო ჯარიმა! და რაც უფრო საოცარია, ეს ჯარიმა ვიღაცას გადაეხადა!!!

საქმე ის არის, რომ 2012 წლის 25 აგვისტოს, რითიც ჯარიმა თარიღდება, თბილისში არ ვყოფილვარ! ყელანაირად გადავამოწმე, რომ არ შევმცდარიყავი, შედეგი – იგივე! ეს დღე თბილისს გარეთ გავატარე! საინტერესოა ვინ, როგორ და რანაირად გამოწერა ჯარიმა, ვინ მოუწერა ხელი და კიდევ უფრო საინტერესო – ვინ გადაიხადა!

გვარის და სახელის დამთხვევა მესმის, პირადად ვიცნობ ზუსტად ჩემს გვარ-სახელიან 2 ადამიანს, მაგრამ პირადობის ნომერი???

ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა წინა ჯარიმის დუბლირებული ვერსია ყოფილიყო, რომელიც შემთხვევით შეცდომით შეიტანა ოპერატორმა. მაგრამ დაჯარიმების ადგილებიც განსხვავებული აღმოჩნდა.

საიტზე მოცემული კონტაქტის ფორმის საშუალებით წერილი გავუგზავნე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და ვთხოვე, მომაწოდონ ოქმის ასლი, ასევე განმიმარტონ თუ რატომ გამოიყენა კომპანიამ ჩემი პირადი მონაცემები. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ველოდები რომ რამეს მომწერენ. მაგრამ ვნახოთ… დაველოდოთ… იქნებ რამე გაირკვეს. მანამდე კი თავადაც გადაამოწმეთ საკუთარი თავი, რომ შემდეგ სიურპრიზები არ დახვდეთ!

————————————

პ.ს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მოიკოჭლებს. ჯარიმების საძიებლად ოქმის ველში შემთხვევითი 6 ციფრის შეყვანისას შესაბამისი ნომრის მქონე ოქმს აჩვენებს, სადაც პიროვნების გვარ-სახელთან ერთად მოცემულია მისი პირადობის ნომერიც. ძალიან არ მომწონს, განსაკუთრებით კი ამერიკის შემდეგ. იქ რომ მივდიოდი, ყველა – პროგრამის კოორდინატორი, უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ბანკის თანამშრომელი ცალ-ცალკე მაფრთხილებდა, რომ არავისთვის გამეზიარებინა პირადი მონაცემები ( პასპორტის ან ID ნომერი, სოციალური უსაფრთხოების (SSN) ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი და ა.შ.). ანუ ყველაფერი ის, რაც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რიგ საიტებზე ხშირად მხვდებოდა სპეციალური განცხადებები იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია იცავს მომხმარებლების პირად მონაცემებს. ამ გამოცდილების შემდეგ შევეჩვიე, რომ ჩემი პირადი ნომერი პირადი საკუთრებაა. და რომ მისი გამოჩენა ჩემი სურვილის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში საპირისპირო ხდება – პიროვნულობის უსაფრთხოება დარღვეულია. მეტიც – კერძო კომპანიები საერთოდ არ ზრუნავენ მოქალაქეთა მონაცემების უსაფრთხო შენახვაზე. არ მითხოვ სპეციალური სამსახურების შექმნას, მაგრამ ის მიანც უნდა იყოს, რომ ნებისმიერს არ შეეძლოს ჩემი პირადი ნომრის ან ჯარიმის მოძებნა. უნდა იყოს პრივატული სივრცე, სადაც ადამიანებს ინდივიდუალურად, პაროლის გამოყენებით ეეძლებათ ნახონ საკუთარი (და არა სხვისი) მონაცემები.

გარდა ამისა, არ უნდა ხდებოდეს ასეთი უაზრო ფაქტები – ჯარიმები არსაიდან! საქმე ის კი არ არის, შეიტან თუ არა ბიუჯეტში “დამსახურებულ” 5 ლარს, არამედ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლების საფუძვლად უნდა ედოს ნორმალურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს მოქალაქის უსაფრთხოება და სამართლიანობა. ამ შემთხვევაში მე ვერც ერთს ვხედავ, ვერც მეორეს. თქვენ?

ყვითელი ქალბატონის ამბავი


ავტობუსში ჩემი ყურადღება ერთმა ქალმა მიიპყრო. უზარმაზარ მუცელზე ასევე უზარმაზარი მკერდი დასთიმთიმებდა. უფრო ზემოთ რომ ავაყოლე თვალი, ორი ოქრის ჯაჭვი ზედ ჩამოკონწიალებული კულონითა და ჯვრით დავინახე. მერე კიდევ მეტი ყურადღებით შევათვალიერე. წკაპ

ორი ყვითელი ამბავი


რამდენიმე ხნის წინ ავტობუსში ვიღაც ძალიან მორწმუნე გოგომ რელიგიური წიგნი ამოიღო და გატაცებით შეუდგა კითხვას. ეს დიდაქტიკურ-დამრიგებლური სახის ლიტერატურა უნდა ყოფილიყო, რადგან სათაურზე ამგვარ სიტყვებს მოვკარი თვალი – “სიყვარული… დამსახურებული… გაცემა…” წკაპ

ძუძუმწოვრები და ტრაკის მლოკავები


წარმოიდგინე: გაგიმართლა და მარშუტკაში ადგილი მოიპოვე. ზიხარ წყნარად, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, და საერთოდ არ აქცევ ყურადღებას მგზავრებს, რომლებიც გაუთავებლად ადიან და ჩადიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, მგზავრობის საფასურს აწვდიან მძღოლს, ისიც მექანიკური მოძრაობით უბრუნებს ხურდას; წკაპ

სახტად დავრჩი…


მეტროს ვაგონში მათხოვრები ამოვიდნენ _ ჭუჭყიანიები, დაგლეჯილი ტანსაცმლით. საწყალობელი ხმით ითხოვდნენ 5 თეთრს ავადმყოფი ძმისათვის წამლის საყიდლად. მათ მაყურებელს თვალზე ცრემლი მოადგებოდა. წკაპ

გაჩერებაზე


გაჩერებაზე ვდგევარ და ავტობუსს ველოდები. გვიანია. ქუჩაში კანტიკუნტად დადის ხალხი. ტრანსპორტიც იშვიათად, დიდი შუალედით მოძრაობს. დაგვიანებული ადამიანები აჩქარებით მიეშურებიან დანიშნულების ადგილამდე, მიახლოებისას ერთმანეთს ეჭვით ათვალიერებენ და როგორც კი გასცდებიან, მაშინვე უკან იხედებიან – ეშინიათ ზურგიდან მოპარებული სიმუხთლის. აქ დააწრუწუნე

ქალი და ძაღლი


ვიღაც კაცმა ავტობუსში ძაღლი ამოიყვანა. კარებთანვე მოკალათდნენ. ქალმა წივილ-კივილი ატეხა, მოაშორე ეგ კაციჭამია აქაურობას, არავინ დაგლიჯოსო. აქ დააწრუწუნე