ორი ყვითელი ამბავი


რამდენიმე ხნის წინ ავტობუსში ვიღაც ძალიან მორწმუნე გოგომ რელიგიური წიგნი ამოიღო და გატაცებით შეუდგა კითხვას. ეს დიდაქტიკურ-დამრიგებლური სახის ლიტერატურა უნდა ყოფილიყო, რადგან სათაურზე ამგვარ სიტყვებს მოვკარი თვალი – “სიყვარული… დამსახურებული… გაცემა…” გამოდის, რომ სიყვარული ზომიერად უნდა გასცე? აკონტროლო ვის და რამდენს აძლევ? გრძნობის გაცემის ეს იდეა უცნაურად მომეჩვენა, შემაფიქრიანა… მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ სიყვარული აბსტრაქტული სახელი კი არა, ზმნაა, ქმედებაა, მოძრაობაა. ამ კონტექსტში უკვე შეიძლება მის გაზომვაზე საუბარი… ზოგს მეტად ესაჭიროება ხელის შეშველება, ზოგსაც – შედარებით ნაკლებად. მთავარია დაინახო ეს, თანაც საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდე. ქრისტიანული მსოფლმხედველობა სიკეთეზე სამაგიეროს მიზღვევას გამორიცხავს. “მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება”. ან – უფრო მარტივად – “მიეცი და მოგეცემას” (და არა “მიეცი და გამოართვი”) პრინციპზეა აწყობილი. ყველა რომ ერთგულად ასრულებდეს ამას, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ნაკლები გაჭირვებითა და სულიერი კრიზისით. მაგრამ რადგან ცოდვილ დედამიწაზე ვცხოვრობთ და რეალობა იდეალისგან შორსაა, საჭიროა გრძელი და მრავალფეროვანი ტრაქტატები სიყვარულის არსისა და გამოხატვის ფორმების შესახებ. ბევრ ადამიანს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი მოისმინოს აღიარებული ავტორიტეტებისგან, რადგან თავად არ ჰყოფნის სიმამაცე – იყოს სულგრძელი, მიჰყვეს გულის ძახილს….

თავისუფლების მოედანთან ვიღაც კაცი აყვირდა, ლენინის ძეგლი ჩამოგადეს და წმინდა გიორგისი დადგესო. არადა, წმინდა გიორგიც არანაკლები ყაჩაღი იყო, ვიდრე ლენინი, ბევრმა კი ეს არ იცისო. წმინადანად გაიხადეს ყაჩაღიო. ხალხი დუმდა, კაცი კი უფრო ხმამაღლა აგრძელებდა: თქვენ ეკლესიაში შედიხართ, პირჯვარს იწერთ და იქიდან გამოსულები ივიწყებთ იმას, რისი გულისთვისაც შესულები იყავით, ცუდ საქმეებს აკეთებთო. წმინდა გიორგის ყაჩაღობის ამბავს დაჟინებით იმეორებდა. ალბათ ხალხის გამოწვევა უნდოდა, მაგრამ არავინ აყვა და მალევე გაჩუმდა.

ამ დროს გავიფიქრე, რომ არაა გამორიცხული, წმინდანებიც სხვა მოკვდავებთან ერთად ჯოჯოხეთის ცეცხლში იტანჯებოდნენ; რომ წმინდანობა შეიძლება არ ნიშნავდეს გარანტირებულ სამოთხეს. წმინდანის სტატუსი ხომ ადამიანებმა მოიგონეს და საკუთარი ნებით მიანიჭეს ზუსტად თავისნაირებს, ხოლო ღვთის სამსჯავრო რა იქნება, მხოლოდ თავად უფალმა უწყის…

ეს ამბავი ერეკლე დეისაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟამდე მოხდა. ალბათ ამიტომ არ მოჰყვა “რელიგიას გვართმევს”, ‘ეკლესიას გვიგინებს”, “სოროსის მონაა” და მსგავსი შეძახილები. ან – ყველა მგზავრი ძალიან ტოლერანტული, ინდიფერენტული, საკუთარ პრობლემებში გახლართული აღმოჩნდა…

რა სჭირდება ადამიანს, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს, ან სხვისი გააპროტესტოს? ავტორიტეტის მითითება? მაშინ სადაა ნების თავისუფლება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s