ფოტო განწყობისათვის


ეს ხე კენტში ჩემი საცხოვრებლის წინ იდგა.

გადამიღია 2011 წლის 21 აპრილს. მწვანე ბალახი, ლურჯი ცა და… თვალი არ გატყუებთ, დაბლა თოვლის ნაგლეჯებს ხედავთ 🙂 მერე რა, რომ გაზაფხული იყო….. 🙂

გორაკს იქით გზა გადის, მეორე მხარეს კი შენობებია. იქ სტუდენტები ცხოვრობენ, ზოგი მარტო, ზოგი ოჯახთან ერთად. პერიოდულად ღონისძიებებიც იმართებოდა: პიკნიკები, ერთობლივი გასეირნება მეზობელ ქალაქში, ბოულინგ ცენტრში, ყინულის მოედანზე… უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველანაირად ხელს გვიწყობდა სოციალიზაციაში. ძველი მაცხოვრებლები გულთბილად ხვდებოდნენ ახლებს და ყველანაირად ეხმარებოდნენ დასახლებაში…. კენტიდან ძალიან თბილი მოგონებები მომყვება…. მეგობრული გარემო…. რამდენჯერ წავუყვანივართ სრულიად უცნობ ადამიანებს მოშორებით მდებარე დანიშნულების ადგილისაკენ… ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით, ნაკრძალში წაგვიყვანეს ამერიკელებმა. მთელი დღე ვიხალისეთ და საღამოს, თითქმის სახლამდე მისულმა ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა რომ ჩანთა სადღაც დარჩენოდა. მასთან ერთად გამქრალიყო საკრედიტო ბარათი, გასაღებები, ნაღდი ფული, მობილური, პირადობის დამადასტურებელი და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები. მიუხედავად დაღლილობისა, ჩვენმა მძღოლმა სიტყვის უთქმელად მოატრიალა მანქანა და დაგვაბრუნა იქ, სადაც უკანასკნელად ვიყავით. ეს იყო დაახლოებით 40-50 წუთის სავალზე. მისულებს მეორე სასწაული დაგვხვდა – ჩანთა ვიღაცას ეპოვა და გველოდებოდა….

ჰოდა ნურავინ იტყვის რომ ამერიკელები ცივი და უკონტაქტო ხალხია. ჩემი გამოცდილება ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

ეს ფოტო, რომელიც მოგონებებს აცოცხლებს… დაე, ბლოგზეც იდოს.

შეაფასეთ – როგორი სურათია? 🙂 ტყუილად ხომ არ გაისარჯა ჩემი კამერა? :))

დავალება 1. ვინ ხარ შენ?


ვინ ხარ შენ?

პოსტის ორიგინალი აქაა.

მოიშველიე წარმოსახვა და გადაიღე ფოტო, რომელიც რაიმეს მოგვიყვება შენს შესახებ. ამ დავალების იდეაა, გამოხატო საკუთარი თავი შენი კამერის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს შენი მთლიანობაში ან ნაწილობრივ ამსახველი ავტოპორტრეტი ანდა ისეთი რამეები შენს ცხოვრებაში, რაც შენს შესახებ ინფორმაციას იძლევა. ეს არის ძალიან ღია დავალება და შენზეა დამოკიდებული. წკაპ

ფოტოგრაფია


გადავწყვიტე ახალი კატეგორია დავამატო – ფოტოგრაფია. დავდებ სურათებს, რომელსაც გადავიღებ (ან უკვე გადავიღე) კამპუსში, მოგზაურობისას, სახლში, ავტობუსის სადგურზე, ტყე-ღრეში და ა.შ. აქვე იქნება ჩემი ფოტოგრაფიის ინსტრუქტორის ბლოგის თარგმანი – ფოტოგრაფიის ანბანი თავისი დავალებებით. წკაპ