ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის


1 დღე ან რამდენიმე თავისუფალი საათი რომ გაქვს და სადმე ახლოს გინდა, გასვლა, ამ პოსტში ისეთი ადგილების შესახებ წაიკითხავთ. ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია. შეგიძლიათ თავად შეავსოთ და დაამატოთ.🙂 თბილისთან ახლოს, მანქანით ან ფეხით სავალ მარშრუტებზე მოწყდებით ქალაქის ხმაურსა და ალიაქოთს, დაისვენებთ ბუზღუნა უფროსისგან, გამონაბოლქვისგან, სამსახურისგან ან უბრალოდ დროს გაატარებთ ოჯახთან/მეგობრებთან. აქ მიღწევაც იოლია – უმეტეს ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.

მცხეთა – პატარა, ლამაზი, კოხტა ქალაქი სვეტიცხოველით და არსენა ოძელაშვილის ომახიანი ძეგლით. ბებრის ციხის მონახულებაც არ დაგავიწყდეთ. სამთავროს დედათა მონასტერსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და, თუ ტრანსპორტი გაქვთ, შიო მღვიმესაც.

არმაზი – საფეხმავლო, საკმაოდ იოლი მარშრუტია. შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს წასვლა. მოსანახულებელი ადგილები: ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და არმაზის ციხე. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას.

ბირთვისი – არ ვიცი კიდევ სადმე თუ არსებობს ასეთი საოცარი ადგილი. ცამდე აზიდული უზარმზარი ლოდები ბუნებრივი სიმაგრეს ქმნიან, რომელსაც მტერი ვერაფერს აკლებდა. დედაციხიდან და შეუპოვარიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ბილიკები მარკირებული არ არის და გზის არმცოდნე შესაძლოა დაიკარგოს.  დედაციხიდან შესაძლებელია კოჯრის ციხის დანახვა. როგორც ამბობენ, ძველ დროში ეს ციხეები ერთმანეთს სანიშნე ცეცხლით ატყობინებდნენ მტრის შემოსევის შესახებ. 

კარსანი – მცხეთასთან ახლოს პაწაწინა სოფელია. იქ მდებარეობს ისტორიული შენობა – 1905 წელს აშენებული გეოფიზიკური ობსერვატორია, რომელმაც თავისი საუკუნოვანი არსებობისას რამდენჯერმე შეიცვალა დანიშნულება. როგორც ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს იქ საიდუმლო ლაბორატორია იყო მოთავსებული. ხეობა ჩაკეტილი იყო. მოგვიანებით კი ტუბდისპანსერი გაიხსნა და 1990იანების დასაწყისამდე ფუნქციონირებდა. ამჟამად შენობა ავარიულია, ჩამოქცეულია ჭერი და კედლები. შიგნით ბოდიალი საშიშია, შეიძლება ჩამოიშალოს. თუმცა მის გარშემო არსებული ნაძვნარი და ახლომდებარე ეკლესია ღირს მოსანახულებლად.

წარმართული ტაძრის ნანგრევები. ბაგინეთი. 2014

წარმართული ტაძრის ნანგრევები. ბაგინეთი. 2014

 ბაგინეთის ანტიკური ნაქალაქარი – სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. მოვლილი, ლამაზი და საინტერესო ადგილი, საიდანაც მცხეთის არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

კოჯრის ციხე – თბილისთან ახლოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ხელმისაწვდომია.

ხადას ხეობა – თბილისიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე. ულამაზესი, უნიკალური ადგილია, შუა საუკუნეების კოშკებით და ცანჩქერებით. ერთხელ რომ ნახავ ვერასოდეს დაივიწყებ.

ანანურის კომპლექსი –  საექსკურსიო ადგილია. გადაჰყურებს ჟინვალის წყალსაცავს. გზის პირასაა და შესაძლოა სხვა ექსკურსიის დროს მონახულებაც. მის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ავენისის ეკლესიაც.

ასურეთი – არაჩვეულებრივი, უნიკალური სოფელი. მე-19 საუკუნის დასაწყისში აქ გერმანელებმა საკუთარი სოფელი გააშენეს. ჩადგეს მუხის სახლები, ეკლესია, მუდმივად ზრუნავდნენ მის განვითარებაზე. მაგრამ საბჭოთა რეპრესიების შედეგად ჯერ 1937-ში გადაასახლეს/დახვრიტეს ზოგიერთი მათგანი, შემდეგ 1942-ში მასობრივად დაცალეს მთელი სოფელი. სამაგიეროდ კი ეკომიგრანტები ჩამოასახლეს. 200-წლიანი სახლები თითქმის უცვლელადაა შემორჩენილი, არის ძალიან ლამაზი და საინტერესო სასაფლაოც და მარანი, სადაც ოდესღაც ადგილობრივი ჯიშის ყურძენი იწურებოდა. ისინი ჩუქურთმებითაა გაფორმებული. სოფლის ცენტრში მდებარე ეკლესია კი თითქმის დანგრეული და განადგურებულია: საბჭოთა პერიოდში აქ კლუბი ყოფილა. ასურეთში ტრანსპორტით მისვლა და მოძრაობა სჯობია.

კახეთი – ძირითადად სამანქანო მარშრუტია. თუმცა სოფლებში შეიძლება იყოს საფეხმავლო ადგილებიც. სიღნაღი, თელავი, გრემი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდის ტაძარი, ვეჯინის ლავრა და გორგალ0ციხე სადაც ერეკლეს ვაჟი – ლევან ბატონიშვილი მოწამლეს, სანაგირეს ეკლესია ვაზისუბანში – არასარული ჩამონათვალია იმ ადგილების, რომელთა ნახვაც შეიძლება კახეთში.

ბეთანია – თამარ მეფის შემორჩენილი 4 ფრესკიდან ერთ-ერთი აქაა გამოსახული.  ამჟამად მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ყაზბეგი – გერგეტის სამება. გზაზე შესაძლებელია ანანურთან გაჩერება, ყაზბეგამდე კი – სნოს ხეობაში სნოს ციხის მონახულებაც.

სამშვილდის ნაქალაქარი – ერთ-ერთი ყველაზე დიდმასშტაბიანი შემორჩენილი ნაქალაქარი ქვის ყორეებით, ნანგრევებით, რამდენიმე ეკლესიით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას, სამნავიანი ბაზილიკას, ფეოდალთა სასახლეებს, საცხოვრებელ სახლებს, წყალსაცავ აუზებს და სხვა ნაგებობებს. ნაქალაქარიდან რამდენიმე კილომეტრშია პირღებულის მონასტერიც. მარშრუტზე წყალი არაა და სჯობია ლაშქრობის დასაწყისში მოიმარაგოთ.

აბუდელაურის ტბები – საკუთარი ტრანსპორტი თუ არ გყავთ, შეგიძლიათ კომპანიების მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებს გაყვეთ, რომლებიც საკმაოდ ხშირადაა.

სოფელ ძეგვთან მდებარეობს ციხედიდის ისტორიული ციხესიმაგრე და ნამოსახლარები. არც ისე პოპულარული, თუმცა საინტერესო ადგილია.

თბილისის ახლომახლო ასევე შესაძლებელია გასვლა დავითგარეჯში, მარტყოფში, სიონში, უჯარმაში, ილიას ტბაზე (ეს ალბათ კახეთში უნდა დამეწერა🙂 ) ალგეთის ნაკრძალში.

ლაშქრობის მოყვარულების ელოდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიები, ლაგოდეხში – გურგენიანის ჩანჩქერი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s