“წიგნის” სათქმელი


ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არ უნდა ჰკითხო, უყვარს კითხვა. გადმოიღებს წიგნს, გადაფურცლავს, გადმოფურცლავს, თითს გააყოლებს სტრიქონებს. შეიძლება გახაზოს კიდეც, ან გვერდი გადაკეცოს; რომ მობეზრდება – მიაგდოს, თაროზე შემოდოს და შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდეს მას.

ყველას უყვარს კითხვა – ტრადიციული, ნაბეჭდი წიგნებით. მოსწონს ქაღალდის შრიალი, ახალი ფურცლების ან სიძველის სუნი, ჩრჩილის მიერ დატოვებული ნაკვალევი, მოგლეჯილი გვერდები თუ მოფამფალებული ყდები… თუმცა უფრო თანამედროვე – ელექტრონულ წიგნებს გაცილებით მცირე აუდიტორია სწყალობს – სწორედ იმიტომ, რომ ისინი ნაკლებად “ხელშესახები” არიან. კიდევ უფრო ცოტა მკითხველი ჰყავს “ცოცხალ წიგნებს” – შეზღუდული გამოცემის, უნიკალურ “ქმნილებებს”: როგორც წესი, მათი ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს, თუმცა ყველაზე სახალისო, ინტერაქტიული და მრავალფეროვანნი არიან. მათი სიცოცხლის ციკლი პეპელაზე ხანმოკლეა: რამდენიმე საათი; თუ არ მიუსწარი, შეიძლება წაკითხვა ვეღარასოდეს მოახერხო!… 

“ცოცხალ წიგნს” კონკრეტული სათაური აქვს და შესაბამის ამბავს ყვება. იგი საუბრობს, თუ როგორია “X”-ად ყოფნა. “X” კი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: კონკრეტული ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა ჯგუფის წევრობა, ან გარკვეული გამოცდილების გავლა, ან რეალური წიგნის წარმოდგენა… – ნებისმიერი ნამდვილი ან მოგონილი როლი, რისი წარმოჩენაც მის “ავტორს” სურს.

“ცოცხალი წიგნს” ნაბეჭდ და ელექტრონულ წიგნებთან შედარებით უუუუუზარმაზარი უპირატესობები აქვს: იგი დადის, ლაპარაკობს, საკუთარი აზრები და გადამდები ემოციები გააჩნია. შეგიძლიათ შეეკითხოთ და გიპასუხებთ. დიახ, “ცოცხალი წიგნი” ჩვეულებრივი ადამიანია არაჩვეულებრივი ისტორიებით და მასთან ურთიერთობა ნამდვილად ღირს! არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ჯგუფები თუ ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ამ კრეატიულ მეთოდს აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის.

“ცოცხალი ბიბლიოთეკა”. ფოტო: გლდანი-მოლის ფბ

ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ: “ცოცხალი წიგნები” ძალიან მგრძნობიარენი არიან. ისინი ფაქიზ მოპყრობას საჭიროებენ. გლდანი-მოლის “წიგნის ფესტივალზე”, 22-24 აპრილს, ერთ-ერთი ცოცხალი წიგნი თავად გახლდით და საკუთარ ტყავზე გამოვცადე წიგნად ყოფნის სიავკარგე. ვიყავით “წიგნები” სამეცნიერო ფანტასტიკიდან, კლასიკიდან, თანამედროვე და ანტიკური ლიტერატურის შედევრებიდან. როგორი იყო? გამომწვევი, ინტერაქტიული, ემოციური, მრავალფეროვანი, ხალხმრავალი!… გავაგრძელო? :))

ქალი საქმიანად მოიჩქაროდა.

– გამარჯობა. მოლაპარაკე წიგნებს ეძებთ?

– არა, საბავშვო წიგნები მინდა. – სწრაფად გამეცალა. ან ვერ მიხვდა, ან დაეზარა გაჩერება. გული დამწყდა.

არადა ერთი შეხედვით საინტერესო მოსაუბრე ჩანდა.

– ცოცხალი წიგნთან საუბარი არ გინდა? – ვკითხე მეორეს.

– რა წიგნი ხარ?

– სიყვარულის 40 წესი.

სახე შეეცვალა, შუბლზე “ეს-როგორ-მაკადრე” გამოესახა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

– პორნოსთან არაფერ შუაშია, – სიცილით მივაყოლე :)) მაგრამ უშედეგოდ – ან არ გაიგო, ან ვერ გაიგო, ან რაღაც მარტივი მელოდრამა ეგონა და გაჩერება არ ისურვა. ცნობისათვის: “სიყვარულის 40 წესი” თემებისა და პერსონაჟების კომპლექსურობით გამოირჩევა და, ჩემი აზრით, ყველა ასაკის, სქესის, შეხედულების მკითხველს გაუჩენს საფიქრალს. რელიგია, ფილოსოფია, კულტურა და გენდერი – იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რასაც ელიფ შაფაქი წიგნში ეხება. ამაზე ვრცლად ცალკე პოსტში ვისაუბრებ, ახლა კი იმ აღმოჩენებს გაგიზიარებთ, რაც წიგნად ყოფინისას გავაკეთე:

– წიგნებს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მკითხველი ჰყავს, უამრავ ბავშვს აინტერესებს ლიტერატურა – ყველანაირი ჟანრის, დროის, მოცულობის ნაწარმოებები. მოდოდნენ კონკრეტული ავტორების შესაძენად ან ახლების საპოვნელად. ბევრი ჩერდებოდა ჩვენს “წასაკითხად”. უნდა გენახათ მათი ანთებული თვალები და შემდეგ ენა აღარ მოგიბრუნდებოდათ “რა თაობა მოდის”-ის სათქმელად.😛 მოსწავლეებს მრავალფეროვანი ინტერესთა სფეროები აქვთ და ბევრსაც კითხულობენ – ყველა სახეობის წიგნს. ოლოლო თქვენ.🙂

– მოზრდილთა უმრავლესობა შერჩევით მკითხველია: წიგნის ფესტივალზე ისინი კონკრეტულ ავტორებს ან გამოცემებს ეძებდნენ. ბევრი მათგანი სამსახურიდან მოიჩქაროდა, სასურველ სტენდს მიაშურებდა, სწრაფად შეიძენდა და შემდეგ ისევ ქრებოდა. გაჩერების და გასაუბრების მცდელობა ხშირად კრახით მთავრდებოდა. დადიოდნენ ყურთსასმენებით სმენადახშული ადამიანები, გულგრილად გვივლიდნენ გვერდს, ჩვენს არსებობას არც კი იმჩნევდნენ. ეს “ცოცხალი წიგნისათვის” გულსატკენი იყო: თავს მიტოვებულად ვგრძნობდით😦

– მკითხველთა უმეტესობას ჩაკეტილი ინტერესთა სფერო აქვს: ისინი არც კი უყურებდნენ ახალ “წიგნებს”, სულერთია სახით გაგვირბოდნენ. ამ დროს სრულიად მესმოდა თაროებზე დამტვერილი წიგნების სევდა.

– იყო კიდევ “სულერთია” ან “გაუგებარი” ადამიანების კატეგორიაც: მოდიოდნენ “წასაკითხად”, თითქოს მისმენდნენ, მაგრამ… ელაპარაკები, ელაპარაკები…. ტყვიამფრქვევივით აყრი სიტყვებს, ემოციებს, მრავალფეროვან საკითხებს და საფიქრალს… და ერთი ჟესტით ან ფრაზით ხვდები რომ არ გისმენს… ან არ ესმის… ზრდილობის გულისთვის დგას და შემოგყურებს… ეჰ… – თანავუგრძნობდი მოდის გამო ნაყიდ წიგნებს, უგულისყუროდ რომ ათვალიერებდნენ პაკაზუხა პატრონები.

მაგრამ მოდიოდა მეორე, რომელიც ყველა ფრაზას ხარბად ყლაპავდა, ყველა სათქმელს ეწაფებოდა. მისი გაბრწყინებული თვალები და დაცქვეტილი ყურები სრულ კონცენტრაციაზე მეტყველებდენ. “ამისთვის ღირდა წიგნის დაწერა” – ვფიქრობდი და ბედნიერი ვიყავი!!!🙂

ჩემი “წიგნიერი” გამოცდილებით:

– კითხვა ცალმხრივი ურთიერთობა არაა, სადაც მხოლოდ მკითხველია. კითხვა არის წიგნსა და მკითხველს შორის ვერბალური და არავერბალური კავშირი, აზრების გაცვლა, ფიქრი და განსჯა. ძალიან, ძალიან გთხოვთ, უდიერად ნუ მოექცევით წიგნებს. წიგნსაც გააჩნია ემოციები და გრძნობები🙂 თუ არ გსურთ წაკითხვა, ამის საშუალება მიეცით სხვას – ვინც კონკრეტულ ჟანრს ან ავტორს მეტად აფასებს. გაუფრთხილდით კარგ წიგნებს და ესაუბრეთ კარგ მკითხველებს.

– იკითხეთ ბევრი და ილაპარაკეთ კიდევ უფრო მეტი: გაუზიარეთ თქვენი აზრები და ემოციები სხვებსაც. ნახავთ რამდენ სიახლეს აღმოაჩენთ წაკითხულ წიგნებშიც, საკუთარ თავშიც, მეზობლებშიც, მეგობრებშიც, შემთხვევით გამვლელებშიც… ყოველი ახალი წიგნით სამყაროს მრავალფეროვნების კიდევ ერთ კარს შეაღებთ. ცოტა რამ თუ შეედრება ასეთ სიამოვნებას!..

– თუ ოდესმე “ცოცხალ წიგნს” გადაეყარეთ, აუცილებლად გაესაუბრეთ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი გემოვნებისგან განსხვავებულად გეჩვენებათ. “წიგნში” ახალ ადამიანებს, ღირებულებებს, მიდგომებს იპოვით. ეს არის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის – “წიგნისთვის” და მკითხველისთვის – გახდნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე არიან… შეცვალონ საკუთარი თავი, სხვა ადამიანები, სამყარო ერთმანეთის ირგვლივ…

მაისის ბოლოს კიდევ ერთი სუპერ-მეგა-წიგნის-ფესტივალი მოდის და აბა თქვენ იცით…❤ გაგვიზიარეთ წიგნების და მკითხველების შთაბეჭდილებები!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s