ბიომრავალფეროვნების ანბანი


გაკაფული ტყე. ფოტო: PIA

 ამ ფოტოზე 2 ბოროტებაა გამოსახული: გაკაფული ხეები და პოლიეთილენის ბოთლი. ეს უკანასკნელი ძალიან კომპლექსური თემაა და ასეთივე ნეგატიურ ეფექტს ახდენს გარემოზე: პოლიეთილენს დედაბუნება ვერ “ინელებს”, იგი სამუდამოდ ბინძურდება, წამლავს ნიადაგს, წყალს, ცხოველებისა და ფრინველების საკვებ თუ საცხოვრებელ ადგილებს. თუ ცოცხალ არსებას გადაეყლაპა – სასიკვდილოდაა განწირული. პოლიეთილენის ნაწილები ხვდება ოკეანეში, თევზების საშუალებით კი შესაძლოა ჩვენც შემოგვეჭამოს (რამდენადაც ჩვენ მოვიხმართ თევზებს, რომლებიც შეიძლება უკვე “გამოკვებილი” იყვნენ ამ მავნე ნივთიერებით). პოლიეთილენს ჩვენი დაუდევრობით და უპასუხისმგებლობით ყველგან ვტოვებთ: ქუჩებში, ქალაქებში, სოფლის ორღობეებში, მთებში და ველებში, სარწყავ არხებში, მდინარეებში. სალაშქრო ბილიკებზე უამრავი გადაყრილი პოლიეთილენის ბოთლი და პარკი მინახავს. მეგობრებთან ერთად ბევრი მათგანი აგვიღია და ნაგვის ურნამდე მიგვიტანია, მაგრამ ჩვენი მცდელობა ზღვაში წვეთია დაბინძურების მასშტაბებთან შედარებით… და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოში ნარჩენების გადამუშავება არ წარმოადგენს გავრცელებულ პრაქტიკას.

ამ საგანმანათლებლო ვიდეოში ნაჩვენებია, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს პოლიეთილენით ბუნების დანაგვიანებას გარემოსათვის და ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობსათვის.

რაც შეეხება გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ მეორე ბოროტებას – ტყეების გაჩეხვას – საქართველოში ახალი ამბავი არ არის. საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ხეს იყენებდა თავშესაფრის ასაშენებლად, სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად და გასათბობად. მაგრამ ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხდება, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცდება. ტყის მასების განადგურება კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს და ასეთივე შედეგებიც მოჰყვება.

ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს ხეებით დატვირთული ტრაილერები (მათში ხშირად იშვიათი ჯიშებიც ურევია) მაშინ, როდესაც გარშემო ამდენი ხე ჩანს და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი გაიზრდება. მაგრამ ხის მოჭრას თუ რამდენიმე წუთი ჰყოფნის, მის გაზრდას ათეული წლები სჭირდება. დიდმასშტაბიანი ნაკაფებიც სამუდამოდ ცვლის ლანდშაფტს, კლიმატს და საცხოვრებელ პირობებს.

გიფიქრიათ, რა გავლენას ახდენს ტყეების მასობრივი გაკაფვა? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ხეები ჩიტების, მწერების, პატარა და დიდი ცოცხალი არსებების სახლებია? რომ ხეების მოჭრით ისინი კარგავენ საბინადრო ადგილებს და სასიკვდილოდ არიან განწირული? ეკოლოგიები ტყის საფარის შემცირების მთელ რიგ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ:

  • წყლის შემცირება – არავინ დავობს იმაზე, რომ ხეები აუცილებელია წყლის წარმოსაქმენლად და შესანარჩუნებლად. მათი გაჩეხვით კი მდინარეები შრება, მცირდება სარწყავი და სასმელი წყლის რესურსი. მინერალური წყლებიც აღარ იქნება თუ ეკოსისტემა განადგურდება! არადა როგორ გვიყვარს ბორჯომი და ბაკურიანი…
  • ნიადაგის ეროზია – ხეები ამაგრებენ და ანაყოფიერებენ ნიადაგს, ინარჩუნებენ მის ტენიანობას, ქმნიან საარსებო გარემოს ხავსების, ჭიაყელების, ბალახების, სხვადასხვა მცენარეებისა და იმ ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რომლის სახელებიც ხშირად არც კი გაგვიგია🙂 გამოფიტული ნიადაგი არამდგრადია, შეიძლება ადვილად მიტაცოს წყალმა, ან ჩამოიშალოს. შემდეგ კი სად ვიცხოვროთ ჩვენ ან სად იცხოვრონ დიდმა და პატარა ცხოველებმა, მხიარულმა ჩიტებმა, ქვეწარმავლებმა ან რეპტილიებმა?…
  • სახეობების გადაშენება – ლანდშაფტების შეცვლას შეუქცევადი შედეგები მოჰყვება, ფლორისა და ფაუნის განადგურების ჩათვლით. საცხოვრებელს კარგავენ ბურდღუნა დათვები, მხიარული ციყვები, ხეებში მცხოვრები მატლები, ვეფხვები და ფოცხვერები… ამ მიზეზით უკვე საფრთხის წინაშე დგას აზიური სპილოები, კატასტროფულადაა შემცირებული გიგანტური პანდის რაოდენობა. იცოდით ხის კენგურუს არსებობა? მალე ისინიც მხოლოდ სურათებიან წიგნებში შემორჩებიან.
  • კლიმატური ცვლილება: ყბადაღებული გლობალური დათბობა რეალობაა. ტყის მასივები უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის არსებობას, მათი შემცირებით კი ჰაერში მავნე გამონაბოლქვების წილი იზრდება, ისევე როგორც ჰაერის ტემეპრატურა და ამას ისევ შეუქცევად ნეგატიურ პროცესებთან მივყავართ.

“ბიომრავალფეროვნების ანბანში” თავი მოვუყარე სიტყვებს ანიდან ჰოემდე (რომლებიც აღებულია გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის მიერ შედგენილი ლექსიკონიდან). ისინი გვახსენებენ სამყაროს მრავალფეროვნებას, მის დიდ და მცირე შემადგენელ ნაწილებს. ყველა ჩვენგანი უხილავ კავშირშია ერთმანეთთან და სხვებისთვის ზიანის მიყენებით საკუთარ თავსაც ვაზიანებთ.

ნახეთ და იფიქრეთ: რა იქნება სამყარო მათ გარეშე? როგორ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს? როგორ დავიცათ გარემო და მისი ბინადრები დაბინძურების მავნე შედეგებისგან? იცით ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები? რას აკეთებთ თქვენ და თქვენი გარშემომყოფები ამისათვის?…

!!! ფოტოებისთვის მადლობას ვუხდი გუგლს და მისი საშუალებით მიგნებულ საიტებს (სადაც ასევე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია ვნახე ამ თემის შესახებ).

 

This slideshow requires JavaScript.

One thought on “ბიომრავალფეროვნების ანბანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s