სოფლის მაშენებლები


ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ: სოფელი ავაშენოთო!
ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?
მამალმა უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. დაიწყეს სოფლის შენება.

ბევრი იყივლეს, იყეფეს, ცოტა ხერხი და ცულიც მიაშველეს, მაგრამ რად გინდა! ხერხი ჟანგიანი იყო, აშენებული სახლი ფერდმოქცეული გამოვიდა, სულ არ უხდებოდა ტყეს. სახურავიდანაც წყალი ჩამოდიოდა, გვერდებიდან ქარი უბერავდა. დაღონდნენ ძაღლი და მამალი, აქ ვინ უნდა იცხოვროსო?!
სად იყო და სად არა, მოცუნცულდა მელია.
– რა გაგჭირვებიათო?
– სოფელს ვაშენებთო, – უპასუხა მამალმა, – მაგრამ აქ ყოფნა გაგვიჭირდება ისეთი სახლები გამოვიდა, მასალაც აღარ გვაქვს რომ შევაკეთოთო.
– ამის წამალი მე ვიციო, ანუგეშა მელამ, – მასალასაც მოგცემთ, ცულსაც ცუნცულას, ხელეჩოს და წალდუნასაც, ოღონდ სხვა ცხოველებსაც ვკითხოთ როგორი სახლები უნდათ, ექსპერტი ციყვებიც ჩავრთოთ მშენებლობის პროცესშიო. მთელ ტყეში დარბიან და იციან სად როგორ ხე დგას, რისი აშენება და შეკეთება სჯობიაო.
ძაღლი და მამალი დათანხმდნენ. ყეფას და ყივილს მოუკლეს, მუშაობას მოუმატეს. ძველი სახლების ფასადები შეცვალეს, ზოგს სახურავი გადახურეს, ზოგს ჭიშკარი ჩამოკიდეს, კედლები ამოუყვანეს, კომუნიკაციები გამართეს. ცოტა ხანში ტყის სოფელი გალამაზდა, მოიმატა სტუმრიანობამ და მხიარულებამ. ბუებმა ახალი ფუღუროთა კომპლექსი გახსნეს ჩამოსული ჩიტების მოსასვენებლად, მაჩვებმა ხილისა და კენკრის ბიზნესი გააფართოვეს……
—————————-
არაიგავურად რომ მოგახსენოთ, ეს ყველაფერი ეხება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტს, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია მთავრობა და ადგილობრივი ჯგუფები (მოსახლეობა, ექსპერტები, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, თემები და ა.შ.). პროექტი მიზნად ისახავს კახეთის ტურისტული პოტენციალის, ასევე ინფრასტრუქტურლ და ეკონომიკურ განვითარებას. ხდება გზების, ტურისტული დანიშნულების ადგილების რესტავრაცია/რეკოსნტრუქცია.

რატომ კახეთიო? იკითხავს დაინტერესებული მკითხველი.
– იმიტომ, რომ კახეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარობა იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში იზრდება აქ ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო რეიტინგების ათეულებში. აი მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული სამოგზაურო საიტზე – http://www.lonelyplanet.com/ გამოქვეყნებულია კახეთის შესახებ 95 სტატია,  რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ძეგლების, ჰოსტელების, მუზეუმების შესახებ.
კახეთი სულ უფრო ხშირად ჩნდება უცხოურ რეიტინგებში, ბლოგებში, ტურისტულ მიმოხილვებში, მათ შორის ისეთ ავტორიტეტულ წყაროებში, როგორიც არის CNN.  ტურისტების ინტერესის ზრდის პარალელურად, ბუნებრივია, რომ აუცილებელია ძეგლებთან მისასვლელი გზების, მონუმენტების, სასტუმროების, საინფორმაციო სერვისების დანერგვა/გაუმჯობესება.

– კიდევ იმიტომ, რომ კახეთს გააჩნია ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები, გახდეს პოპულარული ტურისტული ადგილი. თბილისთან ახლოს ყოფნა, ბუნება, უამრავი ისტორიული ძეგლი, ასევე “ღვინის სამშობლოდ” ყოფნა ის ღირსებებია”, რაც ვიზიტორებისთვის მიმზიდველად წარმოაჩენს. რომანტიკა, თავგადასავალი, ერთგვარი ეგზოტიკა უდავოდ კახეთის ღირსებებია. რაც აკლია, ეს არის გარკვეული სახის კომფორტი.

– ეკონომიკური და სოციალური ფონი, რომელსაც (პირდაპირი ან ირიბი გზით) გაუმჯობესება სჭირდება.
ამიტომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებულ კახეთის განვითარების პროექტში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიყო.
ამ საკითხებზე გვესაუბრნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ბლოგერებს 26 სექტემბრის შეხვედრაზე. გვითხრეს, რომ კახეთის რეაბილიტაციისას კახეთის რეაბილიტაციისას ცდილობდნენ ადგილობრივი იერსახის შენარჩუნებას. ძეგლებზე, შენობებზე, რაც შესაძლებელი იყო აღდგა, რაც არა – იმგვარად გა(და)კეთდა, რომ  შეენარჩუნებინა ძველებური იერი. ეს არის ის, რასაც უცხოელები აფასებენ და რის გამოც შეიძლება გამოიაროს ათასობით კილომეტრი დაინტერესებულმა ტურისტმა. ამგვარად შეიძლება ერთდროულად კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. 
კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ვირტუალური ტური ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. განსხვავება ყოფილ და ახლანდელ მდგომარეობას შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩაქცეული, დანგრევის პირას მყოფი შენობების მაგივრად ახლა ძველისა და ახლის სასიამოვნო სინთეზი დგას. დიზაინი მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალს/ადგილობრივ კულტურას. თელავის მაგალითზე, ფოტოებიდან და ქალაქის იერსახიდან ქრება უსახური, ცივი შენობები, ჩამონგრეული სახლები, კედლებჩამოშლილი საცხოვრებლები, მათ ადგილს იკავებს ლამაზი, დახვეწილი შენობები.

შენობები თელავში რესტავრაციამდე და მის შემდეგ

შენობები თელავში რესტავრაციამდე და მის შემდეგ

შეხვედრაზე ასევე გვითხრეს, რომ ტურიზმი – ეს არ არის ერთდღიანი გასეირნება ქალაქგარეთ. ეს არის უფრო ხანგრძლივი პროცესი, როდესაც ადამიანი/ჯგუფი სულ მცირე ერთ ღამეს რჩება დანიშნულების ადგილზე. ამისათვის კი აუცილებელია კარგი სერვისი, სასტუმროები, ჰოსტელები, სადაც სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე ტურისტებს ღამის გათევა შეეძლებათ. ალავერდი, დართლო, სიღნაღი, ყვარლის ტბა, შუამთა, წინანდალი, დავით გარეჯა – არასრული ჩამონათვალია იმ ობიექტების, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და ხელშეწყობით გაკეთდა. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მთავრობისა და ხალხის ჩართულობით.
ამას ემატება გაუმჯობესებული გზები, და შესაძლებლობა ადგილობრივებისათვის – დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. მსოფლიო ბანკი სესხს გამოუყოფს მათ, ვინც მოინდომებს ჰოსტელების/სასტუმროების მოწყობას, ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და პოპულარიზაციას… ვებსაიტის საშუალებით mdf-kakheti.biz, – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით გამოუყოფს ინვესტიციებს კერძო მეწარმეებს ტურიზმსა და აგრობიზნესში იდეების განსახორციელებლად. მსურველს შეუძლია საიტზე შეავსოს მარტივი სააპლიკაციო ფორმა, შემდეგ კი დაელოდოს გამოხმაურებას.

ასევე გვითხრეს, რომ იაპონიის მთავრობას გამოყოფილი აქვს $2,5 მილიონი ადგილობრივი ქალებისათვის, ვისაც სურს მცირე ბიზნესის წამოწყება.
დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია.
და ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ თითოეულ აღდგენილ ძეგლთან მოწყობილ კაფეს, საინფორმაციო ცენტრს და უკაბელო ინტერნეტს (სამომავლოდ), ალბათ ახლადჩამოსულ ტურისტებს საწუწუნო მიზეზები აღარ ექნებათ 🙂
კიდევ რა გაკეთდა?

– კახეთის ტურისტული გვერდი, სადაც სამ ენაზე (ქართულად, რუსულად და ინგლისურად) ამომწურავი ინფორმაციაა განთავსებული ძეგლების, მუზეუმების, ღვინის ტურიზმის და ნებისმიერი იმ საკითხის შესახებ, რაც შეიძლება სტუმარს აინტერესებდეს. ადრე ინტერნეტში მიხდებოდა ძებნა საექსკურსიო/საფეხსკურსიო ადგილების. ახლა კი ვიცი სად შეიძლება ვნახო მარშრუტები, მომსახურების ობიექტები, სიახლეები…

– ასევე შეიქმნა სლოგანი, რომელიც მეტად დამაინტრიგებლად ჟღერს – აღმოაჩინე შენი კახეთი

ფეისბუქის გვერდი, სადაც პერიოდულად იდება ინფორმაცია კახეთში მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ. დალაიქების შემთქვებაში თვალს მიადევნებთ რა ხდება კახეთში, რა ღონისძიებები/ფესტივალები მიმდინარეობს.
kakheti brand– შეიქმნა კახეთის, როგორც ტურისტული ბრენდის, ლოგო, რომელიც ტურიზმის სამ ძირითად მიმართულებას ასახავს: კულტურული ტურიზმი, სათავგადასავალო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ეკლესია განასახიერებს მონუმენტებს, ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს; მთები – ადგილებს სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება შეიძლება; ქვევრს კი ალბათ განმარტება არ სჭირდება. ვის არ მოხიბლავს რთველი, მარნები, ადგილობრივი მუზეუმები.

ლოგოს პოპულარიზაცია უკვე მიმდინარეობს, მალე კიდევ უფრო ინტენსიურად გამოჩნდება სხვადასხვა ადგილებში,მათ შორის ინტერნეტშიც.

რა იგეგმება უახლოეს მომავალში?
– კახეთის მობილური აპლიკაციის გამოშვება, რომელიც ვიზიტორს გაუადვილებს მოძრაობას, მარშრუტების დაგეგმვას, ასევე საკუთარი თავგადასავლის გაზიარებას სხვებისათვის
– სპეციალური მარშრუტების შემუშავება სკოლის მოსწავლეებისათვის, სუვენირების დამზადება, რომლებიც უფასოდ დაურიგდებათ – ხომ უნდა იამაყონ საკუთარი სამშობლოთი!
19-20 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო ტურის ფარგლებში რამდენიმე ბლოგერი თელავსა და ყვარელს უნდა ვესტუმროთ. დაგეგმილია ადგილობრივი ფესტივალები (ღვინის, კერამიკის, დოკუმენტური ფილმების, ხელნაკეთი ნაწარმის და ა.შ.), ასევე დავათვალიერებთ იმ ადგილებს, რომელთა რეაბილიტაცია/რესტავრაცია მოხდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.  ვნახავთ, რამდენად ლამაზი “სოფელი” ააშენეს. შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ. მანამდე კი ისიამოვნეთ ვირტუალური ტურით კახეთში:

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.