ბაგინეთი და კარსანი, კიდევ ერთხელ


სილამაზე, სიმშვიდე, მცხეთისა და ჯვრის მონასტრის არაჩვეულებრივი ხედი, ანტიკური ხანის აბანოები და წარმართული ტაძრის ნანგრევები… საოცარი გარემო – ეს ყველაფერი ბაგინეთის კომპლექსში შეგიძლიათ ნახოთ. ალაგ-ალაგ საინფორმაციო დაფებია დაამგრებული, რომლებიც მისი შემადგენელი ნაწილების დანიშნულებას ხსნიან.

ბოლოს აქ სამიოდე წლის წინ ვიყავი. მაშინდელი ფოტოები და პოსტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. მას შემდეგ რამდენიმე ცვლილება შევამჩნიე: პირველ რიგში, შესასვლელთან ერთ-ერთი საინფორმაციო დაფა დაზიანებულია. ცარიელი ჩარჩოა შემორჩენილი.

გარდა ამისა, წარმართული ტაძრის ცენტრში მდებარე სვეტის ნანგრევი უკვე შემინულია.

მარანში რამდენიმე ქვევრს თავი აქვს მომტვრეული (ესეც თანამედროვე ბარბაროსების “ნავაჟკაცარი”). 2014 წელს ისინი უკეთეს მდგომარეობაში იყო.

ამ 6-სვეტიანი დარბაზის დანიშნულებაზეც ისტორიკოსები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდებულან. ზოგს სასახლის ნანგრევი ჰგონია, ზოგს – საჭურვლის საწყობის.

ჯვრის მონასტერი გადმოჰყურებს მტკვრისა და არაგვის შესართავს. ლურჯად არაგვია, შედარებით სუფთა მდინარე; შავი, ჭუჭყიანი ნაწილი კი – მტკვარი. ნაწილობრივ ჩანს ბაგინეთიც. ფოტო გადაღებულია მაღლობიდან.

IMG_20170612_163803

 

ბაგინეთიდან მოკლე გზა გადადის კარსნისკენ – ძლივს შესამჩნევი ბილიკი მარანის ზედა ნაწილიდან. ამგვარად სავალს ანახევრებთ (არ გიწევთ ისევ უკან ჩამოსვლა და სამანქანე გზით სიარული), თუმცა თავისი სირთულეებიც გააჩნია: ბილიკი კარგად არ ჩანს, ალაგ-ალაგ იკარგება. გზის მცოდნის (ან რუკის გარეშე) გარეშე არ წახვიდეთ. შეიძლება მიმართულება შეგეშალოთ და თავი სხვაგან ამოყოთ. სიარული გიწევთ ასეთ ბალახებსა და ბუჩქებში:

IMG_20170610_131553

ბაგინეთი-კარსანის ბილიკით მაღლობზე ადიხართ, საიდანაც მცხეთა-ჯვრის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ეს პანორამა მობილურით გადავიღე. შემოდგომით უფრო მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი სილამაზის იქნება 🙂

PANO_20170612_164327

ბილიკის დასასრულისკენ შეხვდებით შემოღობილ ტერიტორიას. მას უნდა შემოუაროთ ზედა მხრიდან (შესვლა არ შეიძლება) და მალე სამანქანე გზაზეც გახვალთ.

გაფრთხილება: ბაგინეთში ბინადრობენ გველები. ისინი ასევე არიან ბაგინეთი-კარსანის ბილიკზე. გასულ კვირას ამ მარშრუტზე რამდენიმე მათგანმა საკმაოდ ახლოს ჩამიშლიგინა. ისინი არიან ღია ყავისფერი შეფერილობის და მუხლამდე ბალახებში რთულია დანახვა. იარეთ ძალიან ფრთხილად!!! აუცილებლად ჩაიცვით დახურული, სქელი სალაშქრო ფეხსაცმელი და გრძელი შარვალი!!! შორტებით და ღია ტანსაცმლით, ან სანდლებით მოძრაობას მოერიდეთ!!! თუ ახლოს შენიშნეთ ქვეწარმავალი, პანიკას ნუ ატეხავთ და თავს ნუ დაესხმებით. თავის გზაზე მშვიდობიანად წავა. მოკვლას თუ დაუპირებთ, თავადაც გამოავლენს საპასუხო აგრესიას.

მეორე გაფრთხილება: ე.წ. ტუბდისპანსერის საუკუნოვანი შენობა, რომელიც 1904 წელს არის აშენებული და ბევრ საიდუმლოს ინახავს, ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები ჩამოქცეულია, სართულებს შორის იატაკიც აღარ არსებობს. კიბეები ნაგვით და მიწითაა სავსე, არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს და როდის ჩამოიშლება. ხის კოჭები ჩამომპალია, მათი ნდობა არ შეიძლება. ამიტომ შენობაში ბოდიალი, მით უმეტეს ზედა სართულებზე ასვლა, სიცოცხლისთვის საშიშია!!! უკვე პირველი სართულის ოთახებშიც შეუძლებელია შესვლა. თუ კარსანში წასვლას მაინც გადაწყვეტავთ, შეგიძლიათ ტუბდისპანსერი გარედან დაათვალიეროთ და ასევე ნახოთ მეორე ახლომდებარე შენობა.

ტუბდისპანსერი გარეგნულად ისევ ლამაზად გამოიყურება. მაგრამ მალე აგურის კედლებიც ჩამოიშლებიან, საბოლოოდ განადგურდება კიდევ ერთი საუკუნოვანი, საინტერესო ისტორიის მქონე მონუმენტი. კარსანში მისვლა მომაკვდავის მონახულებას ჰგავს – როცა იცი, რომ ამქვეყნის აღარ არის და მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ნაღვლიანად ადევნებ თვალს. ხედავ, როგორც ინავლება თვალსა და ხელს შუა….

“გაიქეცი” – შესასვლელშივე გაფრთხილებთ კედელზე გაკეთებული წარწერა 🙂

კიბე, რომელსაც ზედა საერთულებზე აჰყავდით, ახლა ავარიულ მდგომარეობაშია, მტვრითა და მიწით გავსებული. ზედ აწვიმს და ათოვს, მოაჯირიც მორყეული და არასტაბილურია. მის ქვეშ იატაკში ნაპრალი გაღრმავებულია (წინა მისვლისას ასე არ იყო). ცვლილებები თვალშისაცემია. 

ეს მეორე სართულის ჭერია, რომელიც “დაიღალა” და ჩამოპირველსართულდა. მის ქვეშ გავლაც კი არ ღირს.

ეს დერეფანი სხვა ოთახებში შედიოდა. მათი შეთვალიერება ახლა მხოლოდ შორიდან შეიძლება:

ერთ-ერთი ოთახი (სადაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა შეხედვა). კედელი, ჭერი და იატაკი ერთმანეთშია აზელილი.

ტუბდისპანსერის მეორე მხარესაც არაა უკეთესი მდგომარეობა. შესასვლელიდანვე გადაღებული ფოტოა (რადგან ჩანგრეული იატაკის გამო უფრო შორს შესვლა შეუძლებელი იყო).

 

ესეც მეორე შენობა, როგორც ჩანს სამედიცინო დანიშნულების. დამეთანხმებით, რომ პირველს ბევრად ჩამოუვარდება. იგი ტუბდისპანსერთან მისასვლელი გზის პირასაა (ასე რომ გვერდს ვერ აუვლით), ჯერჯერობით კარგადაა შემონახული. მეორე სართულზე ასვლაც შეიძლება. კიბე საიმედოა. 

IMG_20170610_164411

პირდაპირ იატაკზე ყრია ავადმყოფობის ისტორიები, ყოველდღიური ანალიზის პასუხები, სამედიცინო ჟურნალები, “კომუნისტის” სხვადასხვა წლის გამოცემები. უკვე ნაგვად ქცეული ქაღალდები ადამიანების პირად ცხოვრებას, მათი სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორიას ინახავს.

ეს გაზეთ “კომუნისტის” 1977 წლის 13 ოქტომბრის ნომერია, უკვე ისტორიად ქცეული. “კომუნისტის” საშუალებით საბჭოთა მოქალაქეები ეცნობოდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ახალ-ახალ მიღწევებს.
IMG_20170610_165201
დერეფნები და ოთახები, სადაც 25-იოდე წლის წინ ადამიანებით სავსე იყო, ახლა ცარიელია. მხოლოდ ქარი დაძრწის და აშრიალებს გაყვითლებულ ფურცლებს. იატაკი აყრილია, ელექტრო და წყალგაყვანილობა – ამოჩიჩქნილ-ამონგრეული. უყურებ და შეიძლება ვერც კი დაიჯერო, რომ აქ ოდესღაც თეთრხალათიანი ექიმები და მათი პაციენტები ცხოვრობდნენ. შენობის უკანა მხარე ჟამთა სვლისა და მოუვლელობისგან ჩამოგრეულია, ხის კოჭები, რომლებიც ერთ დროს სართულებს იჭერდნენ, მიწაზე ყრია. ავეჯისგან გაძარცვული კედლები საცოდავად გამოიყურებიან. ათიოდე წლის შემდეგ ესეც გაქრება, უკარფანჯრო ნანგრევებს ხავსი და ჭია შეჭამს……

 

Advertisements

2 thoughts on “ბაგინეთი და კარსანი, კიდევ ერთხელ

  1. ერთი ამოსუნთვით ჩავიკითხე, თითქოს მეც მანდ ვიყავი… ძალიან მაგარი ზარ მაი ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s