“მაგარია!”


 ახლა ვუყურე იმედის საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტს ენრიკე იგლესიასის შესახებ. ყველა ბლოგერი მეტ-ნაკლები აღტაცებით დაწერს ალბათ MTV Live-ის სხვადასხვა დეტალების შესახებ, მე კი მინდა ერთ, არცთუ შესამჩნევ რამეზე გავამახვილო ყურადღება: ეს არის კონცერტზე მისული ახალგაზრდების კომენტარები. დგანან მიკროფონთან გარუჯული, ყურებამდე გაღიმებული გოგოშკები (რატომ ბიჭები არა?) და ყველა ერთნაირად იმეორებს: აუ ძაააან მაგარია! მაგარია!! ძააან ძააან მაგარია!!! რამდენიმე სხვადასხვა რესპოდენტი ერთნაირი ლექსიკით, ერთი და იგივე გამომეტყველებით, ერთი და იგივე პოზით ( 😀 ) – ნუთუ ეს არის თანამედროვე ჟურნალისტური ხელოვნების შედევრი?!

თუმცა ამჯერად იმდენად ჟურნალისტებთან არ მაქვს პრეტენზია, რამდენადაც ენრიკიეს ჩამოსვლით “გაბედნიერებულ” ახალგაზრდებთან. მინდა ვკითხო:

– ადამიანებო, ქართული არ გისწავლიათ? აზრის ჩამოყალიბება არ იცით? <<მაგარია>> ეს არ არის აზრი და შთაბეჭდილება. არ შეიძლება ყველა ერთ თარგზე აზროვნებდეს და ერთნაირად აღიქვამდეს მუსიკას – ღვთაებრივ საჩუქარს. გამოხატეთ მისი მოსმენისას შინაგანი მდგომარეობა, განცდები, იგრძენით მისი თითოეული ნოტი და გაუზიარეთ სხვებსაც. ტელევიზორში გამოჩენა კი არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ ღირსეულად, შთამბეჭდავად გამოსვლა. <<მაგარია>> მასობრივი ცნებაა, რომელიც ანადგურებს ინდივიდუალობას. ხომ გინდათ რომ სამყარომ აღგიქვას როგორც განსაკუთრებული ადამიანი? მაშინ ჩამოაყალიბე საკუთარი აზრი, დააფიქსირე დამოკიდებულებები, იყავი გამბედავი და არ მოგერიდოს თუმდაც ყველაზე პოპულარული ადამიანის ობიექტური კრიტიკა. <<მაგარია>>-თი ვერ შექმნი ეპოქას, ვერ დაიმკვიდრებ თავს და ვერ საკუთარ კვალს დატოვებ კაცობრიობის ისტორიაში. ამბიციური თუ ხარ, გასცდი ჩაკეტილ წრეს! ეს ძალიან ადვილია. მთავარია მონდომება. ქართული ენა მდიდარია სინონიმებით, ანტონიმებით, ომონიმებით, ზმნებით და საშუალებას იძლევა ზუსტად გამოხატო ყველაზე სათუთი განცდებიც კი.

წარმატებას გისურვებ.

პ.ს. როგორ გგონიათ რატომ არსებობს “მაგარია” და მსგავსი შაბლონბური ლექსიკა?