სამოტივაციო წერილი სამსახურისთვის


ეს ბლოგი ძირითადად სამსახურისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილს ეხება. იგულისხმება, რომ მას ამზადებთ კარგი ორგანიზაციისთვის და არა ფეხებზემკიდია დამსაქმებლისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქართული შრომის ბაზარზე. სამოტივაციო წერილით დამსაქმებელს უნდა დაუმტკიცოთ, რომ ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეგიძილიათ. ამისათვის ინტერნეტიდან შაბლონის დაკოპირებაზე მეტი უნდა გააკეთოთ.

სამსახურისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილში უნდა მოახდინოთ ვაკანსიისთვის საჭირო რამდენიმე ძირითადი უნარ-ჩვევის გამოკვეთა. ამისათვის მათი უბრალოდ ჩამოთვლა არ კმარა, საჭიროა კონკრეტული მაგალითის მოყვანა. მაგალითად, იმის მაგივრად რომ დაწეროთ “მაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი”, უმჯობესია აღწეროთ კონკრეტული შემთხვევა თუ როგორ დაგეხმარათ ეს უნარი თქვენი მიზნების მისაღწევად: ეფექტურად გაკეთებული პრეზენტაციის საშუალებით მოიპოვეთ X შეკვეთა; ან დაამყარეთ კავშირი X პარტნიორთან; ან მოიზიდეთ X დონორი/დაფინანსება. ან ნებისმიერი სხვა რელევანტური და, რაც მთავარია, რეალური მაგალითი.

ეს იმ შემთხვევაშცაა საჭირო, როდესაც ახალ სფეროში აპირებთ მუშაობის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ პროფესიას შეიძლება ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქოდეს ძველთან, მაინც შესაძლებელია ასეთი ქეისების პოვნა და წარმოჩენა: ნებისმიერ სფეროშია გუნდური მუშაობა, სხვების ტრენინგი ან შესაძლებლობების განვითარება; მენეჯმენტის ელემენტები და ა.შ. მაგალითად, თუ ხართ მზარეული და გსურთ საკონსულტაციო საქმიანობის დაწყება, პოტენციურ დამსაქმებლისთვის შეიძლება აღწეროთ თუ როგორ უზრუნველყოფდით გუნდის წარმატებულად მუშაობას, ან როგორ ურთიერთობდით კლიენტებთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს უნივერსალური უნარებია, რომლებმაც შეიძლება ახალი ინდუსტრიის კარი გაგიღონ.

რაც შეეხება სტრუქტურას – სამოტივაციო წერილის შესახებ წინა ბლოგებშიც არაერთხელ დავწერე ამის შესახებ. ეს უნდა იყოს კონკრეტული, მოკლე, ადვილად აღსაქმელი ნაწერი. პუნქტობრივი წერილი (ე.წ. bullet point) სხვა სამოტივაციოებისგან გამოარჩევს. იგი ვიზუალურადაც უკეთესად აღიქმება და უფრო მოკლედ (ანუ სწრაფად წასაკითხად) გამოჩნდება.

ამ პუნქტებმა უნდა გამოკვეთონ მნიშვნელოვანი საკითხები – კონკრეტული ორგანიზაციის ღირებულებები, მამოძრავებელი პრინციპები. სამოტივაციო წერილი უნდა “ლაპარაკობდეს” ამ ორგანიზაციის “ენაზე”: ამგვარად ისინი დაინახავენ რამდენად ძლიერ ხარ დაინტერესებული მათთან თანამშრომლობით და ამას დააფასებენ. ტექნიკური ენით დაწერილ სამოტივაციო წერილს ვერავინ გაიგებს და ეს ძალიან ცუდი იქნება.

როგორ გავიგოთ ორგანიზაციის “ენა”? – უნდა დაგუგლოთ ორგანიზაცია და მის ვებგვერდზე იპოვოთ “ღირებულებები”. წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რა ღირებულებების მატარებელი არიან. კონკრეტულად რას გულისხმობენ ამ ღირებულებებში, როგორ ესმით ესენი ამ ორგანიზაციაში. იმიტომ რომ ყველა ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ერთი და იმავე ცნების თავისებური გაგება. წერილობით გაცხადებული ღირებულებების გარდა, კარგი ორგანიზაცია მათ წარმოჩენას ახერხებს მრავალფეროვანი საშუალებებით: სამუშაო კულტურით დაწყებული, პოსტერებით, ჭიქებით, ოფისის სხვადასხვა აქსესუარებით დამთავრებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების იდენტიფიცირება და სამოტივაციო წერილში წარმოჩენა. ეს დიდებული შესაძლებლობაა იმისთვის რომ კომპანიას დაუმტკიცოთ რამდენად გულწრფელად ხართ მათით დაინტერესებული.

კი, ამ ყველაფრის მოძიება, გააზრება, ინდივიდუალური ვაკანსიის და ორგანიზაციის თავისებურებების გათვალისწინება ყოველი სამოტივაციო წერილის წერისას შრომატევადია. მაგრამ ღირს. ზოგადი სამოტივაციო წერილი (აი ისეთი, ყველგან რომ აგზავნიან რედაქტირების გარეშე) ჯერ ერთი, დიდი უპატივცემულობაა და მერე – არაპროდუქტიულია. შესაბამისად, უშედეგო იქნება. ორგანიზაციას კონკრეტული მაგალითებით უნდა დაანახოთ, როგორ შეესაბამებით მათ ღირებულებებს. დიახ, ამ დახარჯული ძალისხმევის შედეგად სასურველ პოზიციაზე უფრო სწრაფად მოხვდებით ვიდრე ტრაფარეტული ფრაზებით შედგენილი წერილით. წარმატებას გისურვებთ 🙂

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.