ფიქრები ვეფხისტყაოსანზე


“ვეფხისტყაოსანზე” სერიალს გადავიღებდი – პოლიტიკურ დრამას, რაღაც “სკანდალის” მსგავსს, თავისი ჩახლართული ინტრიგებით, გულისამაჩუყებელი სასიყვარულო ისტორიებით (ცოტა რომანტიკა ყველა დრამას სჭირდება, მარილივით), სასტიკი და ცივგონებიანი პერსონაჟებით. აი ასეთებით:

ავთანდილი – ნიჭიერი, მიზანმიმართული, კარიერისტი ახალგაზრდა მკვეთრად გამოხატული ამბიციებით. ყველაფერში მაქსიმალისტია, არსებული მდგომარეობა არ აკმაყოფილებს, უმაღლეს წრეებს ეპოტინება. ამისათვის აუცილებლად მიაჩნია ზემაღალი წარმოშობის ქალიშვილზე ქორწინება. მისი გრძნობები თინათინის მიმართ უფრო წინსვლისკენ მისწრაფებით არის განპირობებული, ვიდრე გულწრფელობით. სექსისა და საყვარლების ნაკლებობას არ უჩივის, უყვარს ფარიკაობა, სიმღერა, მიზანში სროლა, სანაძლეოების დადება.

თინათინი – ძალად-ქალიშვილი, რომელსაც მამა და გარემოებები მამრებთან ურთიერთობის მაგივრად ხელში სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩრიან. თინათინს ძალიან უნდა გათხოვება, კარგად ესმის რომ სექსისთვის ქორწინების მოწმობა სჭირდება და ამისათვის პირველივე შესაძლებლობას იყენებს. მისი ფარული შეხვედრები და თათბირები ავთანდილთან სავსეა მაცდუნებელი ალერსით, თუმცა LogIn-ამდე საქმე არასოდეს მიდის – ჯერ ბეჭედი, შემდეგ “ის” – ასეთია თინათინის პოზიცია.

როსტევანი – მეფე შესაშურად დიდი სტაჟით. ბოლოსდაბოლოს მოსწყინდა ამდენი მართვა, ამდენი “მეფე ხარ და ხამს” და გადაწყვიტა პენსიაში გასვლა. როსტევანს ერთი სული აქვს როდის გადადგება ტახტიდან, მოაწყობს ორგიებს , ფეხშველი ირბენს ცვრიან ბალახზე ან პირდაპირ ქვაბიდან მოპარავს სასახლის მზარეულს საჭმელს. თავიდან ძალიან აღიზიანებს ავთანდილის თავხედობა, ალაგ-ალაგ მახეებსაც უგებს რომ ამბიციები გაუქროს, მაგრამ საპირისპირო შედეგს იღებს და ბოლოს ბედს ეგუება.

ნესტან-დარეჯანი – პუბერტატული ასაკის თინეიჯერი გოგო, რომელსაც სექსის გარდა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. იგი მზადაა დანებდეს პირველივე შემხვედრს, თუნდაც ყველაზე სულელს მაგრამ სილიკონით გაბერილი კუნთებით. უფრო მეტიც, ვნება ისეთი დაუფიქრებელი საქციელისკენ უბიძგებს, როგორიც საერთაშორისო კონფლიქტის გაღვივებაა.

ტარიელი – თავცარიელი, მაგრამ უზომოდ კუნთებდაბერილი არსება. ხასიათებით “კარგი ბიჭი”, აი ისეთი, დედიკოს რომ ყოველთვის უჯერებს და თავად არაფრის გადაწყვეტა შეუძლია. კაცი – ზლუქუნა, “მითხარი-და-შევასრულებ”, გოგოს-უნახავი, ფანატიკოსი და მშიშარა, რომელიც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას გაურბის. ეს არის სუსტი ბიჭი, კიდევ უფრო სუსტი მამაკაცი. მოკლედ – ნესტან-დარეჯანისნაირი კაპრიზიანი გოგოსთვის იდეალური საქმრო.

ნურადინ-ფრიდონი – ჟან კლოდ ვანდამის მოწაფე. მაგრამ როგორც ჩანს რამდენიმე მეცადინეობა გააცდინა, იმიტომ რომ მოქმედების განვითარებისას შეცდომებს უშვებს საბრძოლო ხელოვნებაში, სტრატეგიასა და ტაქტიკაში. ფრიდონის საქციელს ორი რამ წარმართავს – ვნება და ხმალი, მაგრამ როდესაც საქმე არჩევანზე მიდგება, აუცილებლად ამ მეორეს ირჩევს. ბოლოს მიხვდება რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება მამაკაცებია და ქალები არ აინტერესებს.

ფარსადანი – პოლიტიკაზე ფანატიკურად შეყვარებული მონარქი. პოლიტიკაა მისი მოწოდებაც, ხელობაც, ვნებაც და ყველაფერი. იგი მხოლოდ პოლიტიკით სულდგმულობს, მხოლოდ ახალი გეგმები ახარებს. იმდენად იშვიათად იცლიდა ცოლთან სექსისთვის რომ ბეეეეეეევრი წლები დასჭირდა ერთი გოგოს გასაკეთებლად. შვილს რომ საქმეებში ხელი არ შეეშალა, კოშკში გამოკეტა და მისი აღზრდა თავის ქვრივ დას მიანდო. ფარსადანი ქალთმოძულეა, ქალები მხოლოდ შვილების გასაჩენად ან პოლიტიკური გარიგებებისთვის სჭირდება. იგი აზარტული პოლიტ. მოთამაშეა, ხანდახან ფსონებსაც დებს ხოლმე კონკრეტულ შედეგზე თავისივე დაარსებულ “ფარსადან-ბეთ”-ში.

დავარი – ფარსადანის და. ოჯახური კონფლიქტისას შემოაკვდა თავისი ქაჯი ქმარი და სოციალურ-პოლიტიკური თავშესაფარი ძმამ მისცა. მერე აღსაზრდელად ერთადერთი ქალიშვილი მიაბარა. დავარის დევიზია “როგორც მე დავიტანჯე ისე სხვები უნდა დაიტანჯონ”. მოვლენების განვითარებისას უკვე კლიმაქსის პერიოდი აქვს და ქალთმოძულე ძმასთან გატარებული ბავშვობა, სადისტ ქმართან გატარებული ახალგაზრდობა, ჩაკეტილი ცხოვრების უარყოფითი მხარეები ერთდროულად იჩენს თავს.

ასმათი – ფარსადანის უკანონო შვილი რომელიღაც მოახლისგან, ნესტან-დარეჯანის თანაშემწე ახალგაზრდა ქალი, კაი გაქექილი ვინმეა. ჩამოყალიბებული აქვს მსტოვრების აპარატი, რომლებიც ცნობებს აწვდიან სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ფარსადანის სასახლიდან. ფულს შოულობს ენების მიტან-მოტანაში, ჩჲნოვნიკების მოქრთამვაში, (ფარული) გარიგებების დადებაში. იგი არის უზარმაზარი ამბიციებით, უზომოდ ჭკვიანი, შეუძლია ადამიანებით მანიპულირება. დიდი გავლენა აქვს ნესტან-დარეჯანზე, ფარულად ეწევა მის სექსუალურ განათლებას.

შერმადინი – ავთანდილის მოურავი, მლიქვნელობის დიდოსტატი. აწარმოებს შავ ბუღალტერიას და შეუმჩნევლად აკოტრებს პატრონს.

ფატმან-ხათუნი – ემანსიპირებული მშვენიერი ქალი, უზომოდ მდიდარი და გავლენიანი. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის გულანშაროს არაფორმალური ლიდერი. აკონტროლებს აბრეშუმის ბიზნესს, არის ალკოჰოლური სასმელების მონოპოლისტი და ასევე ფლობს იატაკქვეშა საროსკიპოებსა და სექს-შოპებს. ჰყავს ყოვლად უსარგებლო ქმარი და ცეცხლოვანი ახალგაზრდა საყვარელი, რომელიც ეხმარება ბიზნესების მართვაში.

უსენი – ფატმანის მარიონეტი ქმარი. იგი ძალიან ბრიყვი და მსუქანია, აკმაყოფილებს ცოლის მიერ გადაგდებული გროშები, მეფის აღლუმებსა და მიღებებზე საჩვენებელი მონაწილეობა და არაფრისმომცემი საუბრები. სინამდვილეში მისი გავლენა ვაჭართა ქალაქში ნულის ტოლია. თუ მას ანგარიშს უწევენ, მხოლოდ ფატმანის ხათრით.

მელიქ-სურხავი – გულანშაროს ავზნიანი მეფე. ოდესღაც ფატმანს საყვარლობა შესთავაზა და მისგან უარი რომ მიიღო, დაიბოღმა, გადაემტერა, ცდილობს ბიზნესები წაართვას, ათასგვარ ინტრიგას უწყობს, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის. ფატმანი მასზე გაცილებით ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია.

რამაზი – ხატაეთის მეფე, ყველაზე ვერაგი და დახვეწილი ინტრიგანი, ძალიან სიმპატიური, ძალიან ჭკვიანი, ძალიან პოპულარული ქალებში და ასევე ძალიან სამართლიანი საკუთარი ხალხის მიმართ, ე.ი. მათთვის საყვარელი მონარქი. კაცი, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის. პატრიოტი, კარგი სტრატეგი და მეომარი.

სერიალში აუცილებლად წარმოჩინდებოდა ის მომენტი, როცა ტარიელი ხვდება რომ კაპარჩხანა თინეიჯერ გოგოზე მეტად საინტერესო გამოცდილი ქალია და ასმათთან გააჩაღებდა თავბრუდამხვევ რომანს. მათი ერთად ცხოვრება გამოქვაბულში ტარიელის ყველაზე ბედნიერი დღეები იქნებოდა. და ასმათისთვის შემდგომში ერთი სამეფოს გამოყოფა – ერთგვარი ალიმენტი მათი საერთო ბავშვისთვის.

ასევე გამოიკვეთებოდა მიყურადებისა და თვალთვალის სისტემები, სადაც ყველა ერთმანეთს უსმენს – როსტევანს – ავთანდილი, ავთანდილს- შერმადინი, შერმადინს – ვინმე უნიფხვო მსახური. იქნებოდა დასმენები, დანაშაული და სასჯელები, თავის მოკატუნება ვითომ სადღაც სიყვარულია, უცხო ქალის შეგზავნა თავაშვებულ ავთანდილთან მისი მოკვლის მიზნით (იმიტომ რომ შურიანი და ვერაგი ვეზირები ეყოლებოდა როსტევანს), ხატაეთისა და ინდოეთის რთული ურთიერთობები, ხვარაზმის ჩმორი სამეფო მონური ფსიქოლოგიის მმართველებით, ქაჯეთის ციხე – ერთგვარი სპარტა იარაღსა და ძალადობაზე გადარეული მამაკაცებით; ადამიანების სულიერი ტრანსფორმაციისა და ტანჯვის საათები, როცა აცნობიერებენ, რომ რეალობა და სურვილები ხშირად არ ემთხვევიან ერთმანეთს…

მოინტელექტუალურო მკითხველებს შევახსენებ, რომ ამგვარი ტიპის სერიალში აფორიზმების ადგილიც რჩება, რელიგიისაც (ოღონდ არა მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ოლოლო თქვენ!🙂 ), ფილოსოფიისაც, ფსიქოლოგიისაც, მედიცინისაც, ასტროლოგიისაც და კიდევ ათასი ხარახურისაც, რასაც რეჟისორის ფანტაზია გასწვდება.

საინტერესო იქნებოდა, რას იტყვით?😉

2 thoughts on “ფიქრები ვეფხისტყაოსანზე

  1. გეთანხმები! ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე :))) ოღონდ ვინმე თუ გააკეთებს ლინჩის წესით გაასამართლებენ )))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s