სიმართლე ღამურას შესახებ


იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენ მწყალოლბელი. იყო ერთი პატარა ღამურა, სახელად ღამუ. მას უზარმაზარი ბრდღვიალა თვალები და ისეთი თეთრი კბილები ჰქონდა, ქოლგეითის სარეკლამო მენეჯერებსაც რომ არ მოლანდებიათ. ღამუ ღამურების სოფელში ცხოვრობდა მშობლებთან და უფროს და-ძმებთან ერთად.

ღამურების ბედნიერი ოჯახი

ისინი ბევრნი იყვნენ – ღამუს ჩათვლით 9, ხოლო თუ მათ რიცხვს დედ-მამას, პაპა-ბებიას, უახლოეს ბიძებს, დეიდებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებსაც მივათვლით, 50-მდე გამოვიდოდნენ. ღამურების ეს დიდი და შეხმატკბილებული ოჯახი ერთი ნანგრევის ჭერქვეშ იყო შეყუჟული. ყოველთვის, როცა წვიმდა, თეთრბრჭყალიანი პაპა ღამუ I უფროსი შემოისხამდა უმცროს ნაშიერებს გარშემო და უყვებოდა ლეგენდას, რომელიც თავისი პაპისაგან გაეგო. ეს ლეგენდა თაობიდან თაობაში გადადიოდა და მათი სახეობის შექმნის ისტორიას გადმოსცემდა.

პაპა ღამუ I უფროსი მოთქმა-გოდებან შესავალს გააკეთებდა, თავში ფრთებს წაიშენდა, უახლოეს კედელს მოფხოჭნიდა, მეტი ეფექტურობისთვის ერთიორ კურცხალსაც გადმოაგდებდა და პათეტიკურად იწყებდა:

ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა:
იმ უსამართლო ბუნებამ თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა, მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!

მერე კიდევ უფრო მოიღუშებოდა, ამოოხვრას გულს ამოაყოლებდა და აგრძელებდა:

ვის ეკადრება თაგვებთან კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა, რომ მეწყო აღმა ფრენაო.

გრძნობათა ქარიშხალი განსაკუთრებით მძაფრდებოდა, როდესაც პაპა ღამუს მონათხრობი ამ ეპიზოდამდე მიდიოდა:

დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს, გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას, გამოუბნელეს თვალები!

ყველა მსმენელი მძაფრად განიცდიდა საგვარეულოს მამათავრისადმი მიყენებულ თითოეულ ჭრილობას, ისე, თითქოს საკუთარ თავზე ეწვნიოთ ჩიტების ბრჭყალები. ლეგენდის დასასრულს გრძნობათა გამოხატვა კულმინაციას აღწევდა:

მაშინ კი მიხვდა ღამურა, რომ ანგარიში წაუხდა
და თვისი ნატვრა უგნური საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა გაკიცხულ, თავლაფდასხმული
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა და მოიბრუნა იქ გული.

ყველა მსმენელი პირველი ღამურის საბედისწერო მარტოობით იყო გათანგული. ამ სიტყვების შემდეგ წამიერი მდუმარება ჩამოვარდებოდა ხოლმე. მსმენელები ადგილზე ქვადებოდნენ. მსუქანი ღმუმუც კი წყვეტდა საკვების ღმურძვლას. შემდეგ კი იწყებოდა ერთობლივი წყევლა-კრულვის რიტუალი, რომელიც თვისტომის დამწუნებელს ჯანდაბის იქით აგზავნიდა. მასში მთელი ოჯახი ერთნაირი ენთუზიაზმით იყო ჩართული და ექსტაზში ვარდებოდა, როდესაც ფინალს აღწევდა:

კრულია მისი ხსენება, ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..

ამის შემდეგ მათი უმეტესობა თითქმის უგრძნობლად ეგდო და საათნახევარი მაინც სჭირდებოდათ ხელახლა აზრზე მოსასვლელად. ეს იყო ერთდროულად დიდი ემოციური შოკიც და შინაგანი განცდებისაგან გათვისუფლებაც.

ლეგენდა ღამურების ოჯახის ყველა წევრმა თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა – სიტყვებიც, მუსიკაც, ტექსტს აყოლილი ბრჭყალების რიტმიც, მაგრამ მაინც ყოველი გამეორებისას გრძნობები უფროდაუფრო ეძალებოდათ, ექსტაზიც გაცილებით ხანგრძლივი და გონების დამბინდველი ხდებოდა. ამის პარალელურად, ოჯახში იკლებდა საკვების მარაგი, სამაგიეროდ იზარდებოდა წმინდა რიტუალების ჩატარების სიხშირე.

დიდი პაპის პატარა სეხნია ღამუ შეფიქრიანდა. მისთვის ყოველდღიური მენიუ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გაურკვეველი წარმოშობის ოჯახური გადმოცემები. ბევრი იფიქრა, ბეწვის ხიდსაც გადააფრინდა და ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა: ენახა ამ ლეგენდის პირველწყარო და დარწმუნებულიყო მის სინამდვილეში.

გაფიქრება და მისი შესრულება ერთი იყო. იმ დროს, როდესაც შიმშილისაგან კუჭგამხმარი ოჯახის წევრები მორიგ რიტუალს ჩვეული გულმოდგინებით ასრულებდნენ, ღამუ გაურკვეველი მიმართულებით მიფრინავდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღამუ მშობლიურ ნანგრევებს გასცდა და არ იცოდა სად წასულიყო. იგი შეჩვეული იყო ნაცრისფერ კედლებს, რომლებსაც მორთულობის მაგივრობას მისი ახლობლების ბრჭყალების ნაკაწრები უწევდა. ახლა კი წინ ფერადი სამყარო გადაეშალა: მწვანე მიდამო, ფერადი ყვავილები, ჩიტები და ცხოველები, მწერები, მდინარეები და ადამიანებიც, მოკლედ, ყველაფერი ის, რის შესახებაც ინფორმაცია აღზრდის პროცესში არ მიეღო…

მოულოდნელობისაგან ღამუ გაშეშდა. სიბნელეს შეჩვეული თვალები დაუბნელდა და ვარდნა დაიწყო. ეს შესანიშნავი შეგრძნება იყო – სისწრაფე ათასგვარი სურველებით გაჟღენთილ გარემოში. ღამუმ ფრთები შემოიკეცა, თვალები დახუჭა და ბედს მიენდო.

– თავს იკლავ, შე დარდაკო?! სხვა ადგილი შეარჩიე!!! – შემოესმა წვრილი ნაზი ხმა და უცებ გამფხიზლდა. შეიფრთხიალა, მიმოიხედა და თავი ჭრელი არსების წინ აღმოაჩინა. იგი გაკაპასებული წრიპინებდა და გულმოდგინედ ცდილობდა, ღამუს ვარდნისთვის ხელის შეშლას.

თავისუფალი ღამუ

ცოტაც და ღამუ ქვაზე დაენარცხებოდა. ეს კი იცოდა რაც იყო – ფრენის სწავლის პროცესში იმდენჯერ დაცემულა, რომ გახსენებაზეც კი ასტკივდა სხეულის ნაწილები… მაღლა აიჭრა და სიხარულით შეჰყვირა: სიმაღლე ღვთაებრივად მოეჩვენა. ოთხმაგი სალტოს გაკეთება სცადა. გამოუვიდა. შემდეგ მარყუჟიანი ანკესი გამოსახა ჰაერში. კიდევ უფრო უკეთ იგრძნო თავი. შემდეგ ქანცგაწყვეტილ ძროხას მოჰკრა თვალი და მისი გამოსახულება მოხაზა. ფანტასტიკური იყო! თუ ცხოვრება ასეთი ფერადოვანი და მშვენიერია, რატომ უნდა გავატარო ნანგრევებში? – დანანებით გაიფიქრა ღამუმ. საკუთარი აღფრთოვანების გამოხატვა ისევ საჰაერო ილეთით მოიწადინა კვლავ თვალები დახუჭა… აფრინდა… აფრინდა… ღრუბლებს შეერია… ეს იყო უზენაესი ნეტარება, რომელიც არასოდეს გამოეცადა.

აღფრთოვანებული შეძახილები შემოესმა და იგრძნო, რომ ყველა მას შესცქეროდა. დარცხვენილი დაეშვა ძირს. შიშით გაიტრუნა. ფიქრობდა, რომ ფრინველები სათითაოდ დააცლიდნენ ბუმბულს და მერე სასტიკად დაკორტნიდნენ.

მაგრამ შეცდა.

პირველი ის ჭრელი არსება გადაეხვია.

– ყოჩაღ, ყოჩაღ!!! – ისეთი გულშიჩამწვდომი ხმით შესძახა, რომ ღამუს ძარღვებში სისხლი გაეყინა. ფრთხილად მიმოიხედა. მხოლოდ გაბადრული სახეები დაინახა, არც ერთ მათგანს იოტისოდენა სიძულვილი ან აგრესია არ ეცხო.

– გამარჯობა, ღამუ, – კეთილმოსურნედ გაუღიმა უზარმაზარმა სვავმა, – კეთილი იყოს შენი მობრძანება.

– სად ისწავლე ასე ფრენა? – სუნთქვაშეკრულმა ჰკითხა ცისფერთვალება გვრიტმა.. მერე დაიწყო უამრავი შეკითხვები, გადმოიფრქვა ემოციის ზღვა და ღამუმ არ იცოდა, ეს სიზმარი იყო თუ რეალობა. ყველა ძალიან მეგობრული აღმოჩნდა. ბოლოს კი:

– ღამუ, არ გინდა საჰაერო შოუ გააკეთო? – ეს ის ჭრელფრთიანი ჩიტი იყო, პირველად რომ შემოეფეთა. საჰაერო შოუ კი – ღამუს სანუკვარი ოცნება.

—————————————-

რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ღამუ და მისი პიარ მენეჯერი, ცალთვალა ყორანი ბარში ვისკის წრუპავდნენ, ღამუმ ვითომ სხვათა შორის იკითხა:
– ლეგენდა ჩვენს შესახებ მართალია?

ყორანმა ულვაშებში ჩაიცინა და დასაქმების ეროვნულ სააგენტოში წაიყვანა.

– ეს ჩვენი არქივია, – უთხრა მან, – ეს კი პირველი ღამურის სამუშაო ისტორია. იგი ჩვენთან სამსახურის საძებნელად მოვიდა და ატრაქციონების ზედამხედველობა შევთავაზეთ. მაგრამ ლოთობდა, მოვალეობას უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა და ბოლოს ავარიით დაამთავრა ბედკრული კარიერა. სამი თუთიყუშისა და ორი გნოლის ბარტყი დაიღუპა, არწივის მართვე კი სამუდამოდ დაინვალიდდა, ახლა მხოლოდ ცალი ფრთის გამოყენება შეუძლია სრულფასოვნად. ამის შემდეგ ღამურა გავათავისუფლეთ. ის კი დაიბოღმა და ცილი დაგვწამა, თითქოს გვეწამებინოს. აკაკი წერეთელის ამბავი ხომ იცი, გაუმაძღარი ცოლ-შვილის გამო მუდამ ვალებში იყო, ღამურამაც გარკვეული თანხა გადაუხადა და ეს ლეგენდა შეუკვეთა.

ყორანმა 1880 წელს გაკეთებული სამედიცინო ექსპერტიზის ფოტოსურათებიანი დასკვნაც აჩვენა, სადაც ღამურა აბსოლუტურად ჯანმრთელად და უვნებლად გამოიყურებოდა…

– აჰ, – გაიფიქრა პატარა ღამუმ – ნეტავ რაში დასჭირდათ ჩემს ოჯახსა და წინაპრებს ტყუილი ლეგენდის გამოგონება?…

პ.ს. მინდოდა ეს ამბავი მორალის გარეშე დამეტოვებინა, მაგრამ საზოგადოებას მორალი პურსა და სანახაობაზე მეტად სჭირდება, ასე რომ:

1. ლეგენდები და მითები ხშირად სინამდვილეს არ შეესაბამება, ისევე როგორც აკაკი წერეთლისეული ღამურების წარმოშობის ისტორია. ევოლუციური თეორიის მიხედვით, ღამურები რომელიღაც ცათმფრენების შთამომავლები არიან, რელიგიები კი აცხადებენ, რომ ღამურები სხვა ცხოველ-ფრინველებთან ერთად ღმერთმა შექმნა.

2. ადამიანები ხშირად სხვას აბრალებენ საკუთარ უნიათობას. ე.წ. ღამურობა, ანუ როდესაც ვერც მშობლიურ საზოგადოებაში და ვერც ახალში ვერაფერს აღწევ, გარემოს კი არა, პირველ რიგში შენი ბრალია. ათასობით წარმატებული ადამიანის მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგალითად – არნოლდ შვარცნეგერის, ამერიკის ნატურეალიზებული მოქალაქის, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორი გახდა; ასევეფ ნიკოლა სარკოზის, რომელიც საფრანგეთის ნატურალიზებული მოქალაქე და პრეზიდენტია.

3. გჯეროდეს მხოლოდ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების; სხვების კი იმდენად, რამდენადაც წინსვლაში დაგეხმარებიან. შენი  მომავალი შენს ხელშია და ისეთი იქნება, როგორსაც თავად მოისურვებ.

პ.პ.ს. პატარა ღამუ ბედნიერად დაქორწინდა პირველად შემოფეთებულ ჭრელთვალება თუთიყუშ მინადორაზე და ცხოვრებდნენ ტკბილად და ბედნიერად; მათი ოჯახის შემოსავლის დაუშრეტელი წყარო კი გახდა მზარდი საჰაერო შოუების ბიზნესი.

One thought on “სიმართლე ღამურას შესახებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s