დიეგო და ფრიდა


როცა გამოფენაზე მივდიოდი, რატომღაც მეგონა, ეს იქნებოდა ძალიან ფერადი და დინამიური გამოფენა, სადაც ვნახავდი ამ საოცარი ქალის ბობოქარი ცხოვრების ამსახველ კადრებს; რომ ფოტოებიდან წამოვიდოდა ცოცხალი ემოცია, ფრიდას ენერგია, ბრძოლისუნარიანობა და მგზნებარება. ფეისბუქზე დადებულ განცხადებაშიც ხომ გვამცნობდნენ, რომ ეს იქნებოდა დიეგოსა და ფრიდას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა.

იმედი მწარედ გამიცრუვდა: დამხვდა 4 კედელს შორის გამოკეტილი შავთეთრი ფოტოები – დიეგო და ფრიდა. ფრიდა და დიეგო. მათი ცხოვრება – დაბადებიდან სიკვდილამდე. ფრიდა დიეგოსთან ერთად და დიეგო – ფირდასთან ერთად. ფრიდა ჭრელ კაბებში, ფრიდა სკამზე, ფრიდა მუშაობის დროს… ფოტოებზე ეს ორი ერთად იყო და ამავე დროს ძალიან მარტოსული ჩანდა – მეგობრების, თანამოაზრეების გარეშე. ყოველ შემდეგ ფოტოზე დიეგო თანდათან ბერდებოდა და კიდევ უფრო სუქდებოდა; ფრიდას სულერთია გამომეტყველებაც იშვიათად იცვლებოდა. შემთხვევით ვიზიტორს შეიძლება იგი ძალიან სწორხაზოვან, გულგრილ და სტატიკურ ადამიანად ჩაეთვალა. გამოფენაზე საერთოდ არ იგრძნობოდა შემოქმედება და გამოწვევები, რომლებსაც ეს წყვილი უგზვნიდა ხელოვნების სამყაროს, ერთმანეთს, და თუნდაც ჩვენს თანამედროვეებს. არ ჩანდა მათი ხასიათი, იდეები. პაწაწინა ფოტოებს მოკლე, მშრალი საინფორმაციო წარწერები ჰქონდა – რისი წაკითხვაც ინტერნეტშიც შეიძლებოდა.

ერთადერთ ფერად, “ფრიდას სტილის” კუთხეში  გამოყენებულ ხალიჩას რატომღაც ქართული წარწერები ამშვენებდა. 🙂 ეს კი ამ ერთადერთი ჭრელი ადგილის “მექსიკურობის” შეგრძნებასაც აქარწყლებდა. თუმცა საწოლზე დადებული სარკე სელფების მოყვარულებისთვის ნამდვილი განძი გამოდგა – ვისაც არ ეზარებოდა მის წინ მობილურს ყველა აჩხაკუნებდა.

მოკლედ, ძალიან უფერული გამოფენა აღმოჩნდა. ძალიან სასაცილოა, რომ “საზოგადოების დიდი ინტერესის გამო” იგი დაგეგმილზე დიდხანს, 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

This slideshow requires JavaScript.