რა არის IELTS


IELTS (The International English Language Testing System) არის საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტის სისტემა, რომელიც ადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს. მის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. ტესტის შედეგებს აღიარებენ როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის, კანადის, ევროპის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები.

ვისთვის არის განკუთვნილი IELTS?

  • ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა, ან განათლება არ აქვს მიღებული ინგლისურენოვან სასწავლებელში
  • ვისაც სურს ინგლისურენოვან უნივერსიტეტეში, კოლეჯში, სკოლაში სწავლის გაგრძელება
  • ვისაც სურს მონაწილეობა ინგლისურენოვან გაცვლით ან პროფესიულ პროგრამაში
  • ვისაც სურს ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, კანადაში ან ავსტრალიაში მუშაობა.

Continue reading

ამერიკის შეერთებული შტატების მეათე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა


გსურთ ისწავლოთ ამერიკაში?

თუ გსურთ ამერიკაში სწავლის გაგრძელება, გეპატიჟებით ამერიკის შეერთებული შტატების მეათე ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე, რომელიც ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო განათლების ცენტრის და საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრ “კვალის” მიერ.

როდის: 30 ოქტომბერი, 2012, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.
სად: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლადო გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო განათლების ცენტრს და საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრ “კვალს”.

მისამართი: ჭოველიძის 10, თბილისი
ტელ./ფაქსი: (+995 32) 2 252615
ელფოსტა: tkarchava@osgf.ge
ვებ-გვერდი: http://www.cie.ge

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი
ტელ: (995 32) 2 912690
ელფოსტა: gkhvedeliani@kvali.com
ვებ-გვერდი: http://www.kvali.org

დარეგისტრირდით ონლაინ და ჩაერთეთ გათამაშებაში: http://www.educationusa.info/fairs/tbilisi2012/

Toefl iBT-ისთვის ონლაინ რეგისტრაცია


როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვწერდი, ტოეფელის გამოცდისათვის რეგისტრაცია რამდენიმე გზით ხდება: ფოსტის საშუალებით, ტელეფონით, ან ტოეფელის ცენტრში ან ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. ჩემთვის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა ეს უკანასკნელია.

რა გჭირდებათ ონლაინ რეგისტრაციისთვის:

  • ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
  • 160$ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე. შეიძლება ნებისმიერი ბარათის გამოყენება, რომელსაც მოქმედების ვადა ჯერ არ გასვლია. მათ შორის ვიზა კლასიკი ან ვიზა ელექტრონი.
  •  მცირე დრო: დაახლოებით 3-5 წუთი.

ტოეფელის გამოცდისათვის სააპლიკაციო ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე, ლათინური ასოებით.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ტოეფელის ოფიციალურ საიტზე და სხვაგან არსად. თუ ვინმე სხვაგან გადაგამისამართათ, არ დაუჯეროთ. ასევე არ ენდოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს ფასიანი სერვისია. ზოგჯერ ამ მარტივი პროცედურის გავლაში ანაზღაურებას ითხოვენ. არ ღირს სხვას გადაუხადოთ იმაში, რისი გაკეთებაც თავად შეგიძლიათ.

ტოეფელის საიტზე ანგარიშის გახსნა არის უფასო. თანხის გადახდა ხდება მხოლოდ გამოცდაზე რეგისტრაციისათვის. დღეისათვის ოფიციალური გადასახადი არის 160$. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ადმინისტრაციამ ფასი შეცვალოს. ამიტომ რეგისტრაციამდე საიტზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ხოლმე.

რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ საგამოცდო რეგისტრაციამდე?

 პირველ რიგში, შედით ტოეფელის ოფიციალურ საიტზე. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭერთ My Toefl iBT account.

შედეგად გამოჩნდება შემდეგი ფორმა:

 დააჭერთ New User?-ის ქვემოთ Sign Up-ს და დაიწყებთ ეკრანზე გამოსული ფორმის შევსებას. ეს არის მარტივი ანკეტა, სადაც პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა შეიყავანოთ. ფორმა უნდა შეავსოთ ლათინური ასოებით, სახელი დაწეროთ ზუსტად ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტებშია. მაგალითად, თუ პასპორტში გიწერიათ Giorgi, ანკეტაში არ დაწეროთ George. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის დღეს იდენტიფიკაციის პრობლემა შეიქმნება.

წითლად მონიშნული გრაფები სავალდებულო შესავსებია, თუ მონაცემს არ შეიყვანთ, შემდეგ გვერდზე არ გადავა და საბოლოო ჯამში რეგისტრაციას ვერ მოახერხებთ.

გრაფაში Country/Location of Residency – მიუთითეთ ფაქტიური საცხოვრებელი ქვეყანა. ეს არ არის ჩაწერის ადგილი, არამედ მისამართი, სადაც რეალურად იმყოფებით და სადაც  შემდეგში მოხდება ქულების გამოგზავნა, ამიტომ შეავსეთ სწორად. First/Given name – სახელი, Last/Family name – გვარი. Address line 1-ში, ბინისა და ქუჩის ნომერი (ჯერ ბინა, შემდეგ ქუჩა). თუ მისამართი მეტისმეტად გრძელია, მეორე და მესამე გრაფებში გააგრძელებთ.  10 Javakhishvili street.

ცალკე გრაფა აქვს ქალაქს, ამიტომ ქუჩასთან ერთად ქალაქის სახელი არ ჩაწეროთ.

სავალდებულო შესავსებში არ არის საფოსტო კოდი, თუმცა სასურველია რომ მიუთითოთ. თუ არ იცით თქვენი ქუჩის კოდი, მოძებნეთ საქართველოს ფოსტის საიტზე.

 დაბადების თარიღი: თვე, რიცხვი, წელი ოთხნიშნა რიცხვით.

ამის შემდეგ აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის შევსება. სავალდებულოა ტელეფონის ნომრის ჩაწერა (ტელეფონის ნომერი უნდა შეიცავდეს ქვეყნისა და ქალაქის კოდებს: + 995 (ქალაქის ან მობილური ოპერატორის კოდი) 123456).

იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტით გირჩევიათ კონტაქტი, ჩაწერეთ მოქმედი მისამართი და მონიშნეთ E-mail. თუ გსურთ რომ პერიოდულად მიიღოთ ცნობები სიახლეებისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებულ სამეფოში ან ავსტრალიაში აპირებთ სწავლას, მუშაობას ან დასახლებას, ანკეტაში უნდა შეიტანოთ საკუთარი საპასპორტო ან ID მონაცემები.

გარდა ამისა, უნდა ამონიშნოთ ქვეყანა, სადაც დაიბადეთ, მშობლიურ ენა, მოქალაქეობა და ქვეყანა, სადაც ცხოვრებას, დასახლებას ან მუშაობას აპირებთ. დანარჩენი გრაფების შევსება არ არის სავალდებულო.

შემდეგ უნდა მონიშმოთ Yes I agree terms and conditions და დააჭიროთ Continues-ს.

ბოლო ეტაპი არის სამომხმარებლო სახელისა და პაროლის შექმნა. სახელი უნდა იყოს 6-16 სიმბოლო, არ არ უნდა შეიცავდეს სპეციალურ სიმბოლოებს (როგორიცაა @$^*&#_-$)

პაროლი უნდა იყოს 8-16 სიმბოლო და შეიცავდეს დიდ და პატარა ლათინურ ასოებსა და რიცხვებს. უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლება სამომხმარებლო სახელის, გვარის ან სახელის გამოყენება პაროლად.

შემდეგ საიდუმლო კითხვის შექმნის დროა. სისტემა თავადვე გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, ამოირჩიეთ და შეავსეთ ერთ-ერთი. პაროლის დავიწყების შემთხვევაში ეს დაგეხმარებათ.

შემდეგ დააჭირეთ continue-ს. შედეგად ეკრანზე გამოვა თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები. თუ რამე შეგეშალათ შეგიძლიათ შეასწოროთ, შემდეგ კი დააჭირეთ confirm-ს.

ახლა როდესაც ექაუნთი შექმნილია, შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ: დარეგისტრირდეთ ტოეფელის გამოცდისთვის.

სისტემაში შესვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის ასეთი ფორმა:

უნდა დააჭიროთ Test Registration and Orders-ის ქვემოთ Register/Order-ს. გამოჩნდება  შემდეგი ფორმა:

ამოარჩიეთ Teofl Test. შემდეგ I So Sign and Agree.

ქვეყნის არჩევის შემდეგ გამოდის ქალაქები, სადაც ტოეფელის ოფიციალური ცენტრებია. საქართველოს შემთხვევაში ეს არის აღ. საქართველო (თბილისი) და ბათუმი.

ქვემოთ უნდა მონიშნოთ სასურველი თარიღები 60 დღის შუალედით. მაგალითად 22 სექტემბრიდან 24 ნოემბრამდე. უფრო დიდ შუალედს სისტემა უბრალოდ არ გაჩვენებთ.

Search-ზე დაჭერის შემდეგ გამოდის ყველა იმ საგამოცდო ცენტრის ჩამონათვალი, რომელიც თავისუფალია მოცემული პერიოდის განმავლობაში. ორგანიზაციების დასახელება, მისამართი, ხელმისაწვდომი დღები და საათები.

სასურველი დროისა და ადგილის არჩევის შემდეგ გამოდის სრული ინფორმაცია.

შემდეგ უნდა აირჩიოთ როგორ გირჩევიათ ქულების მიღება: მხოლოდ ონლაინ თუ საფოსტო გზავნილის სახითაც.

შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ მონიშნოთ 4 უნივერსიტეტი, სადაც ETS უფასოდ გაგზავნის ქულებს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი გაკეთებული არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს გრაფები ღიად დატოვოთ. თუმცა ტესტის ჩაბარების შემდეგ ქულების გაგზავნა უკვე ფასიანი იქნება – თითოეული მისამართისთვის 17$.

სასურველი უნივერსიტეტის მოძებნა მარტივად შეიძლება: ინდივიდუალური კოდით, სახელით, ან ქვეყნის მიხედვით.

უნივერსიტეტის არჩევის შემდეგ უნდა განსაზღვროთ რომელი დონის/სკოლის სტუდენტობა გსურთ. Undergraduate – ბაკალავრიატი, graduate – მაგისტრატურა, შეიძლება ასევე გამოჩნდეს კონკრეტული სკოლების დასახელებები.

ამის შემდეგ ჩამოშალეთ დეპარტამენტთა ჯგუფების ჩამონათვალი

შემდეგ – კონკრეტული დეპარტამენტები:

ბოლო ეტაპია სტატისტიკური კითხვების შევსება, როგორიც არის რისთვის გსურთ ტოეფელის ჩაბარება და ა.შ. თუმცა ეს არ არის სავალდებულო, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოტოვით.

შემდეგ დათანხმება სარგებლობის პირობებზე:

Value Pack – ფასიანი მომსახურებებია, რომელიც ნებაყოფილობითია. თუ ზედმეტი $-ების დახარჯვა არ გსურთ, No, thanks მონიშნეთ და გააგრძელეთ.

ბოლო ეტაპი არის საგამოცდო თანხის გადახდა ელექტრონული სახით ან ვაუჩერით. ელექტრონული გადახდისათვის აუცილებელია საკრედიტო ბარათი ანგარიშზე სათანადო თანხით. დღეისათვის ეს არის 160$. მონიშნეთ Electronic Payment და გააგრძელეთ ფორმის შევსება.

მონიშნეთ ვიზა და გადადით შემდეგ ეტაპზე.

 შეიყვანეთ მისი მონაცემები: ბარათის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა Card Verification Code, რომელსაც მის უკანა მხარეს იპოვით. Billing Information-ში მონიშნეთ Use Ship to name too Bill to name და Use ship to Address to Bill to address და ავტომატურად ჩასვამს პირად მონაცემებსა და მისამართს. შემდეგ დაამთავრეთ რეგისტრაცია.

ბოლო ეტაპზე შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა. აქ უნდა იყოს confirmation email, სადაც დაწვრილებით ეწერება გამოცდის დრო, ადგილი, წარსადგენი დოკუმენტები.

ამით Toefl iBT-ის გამოცდისათვის რეგისტრაცია დასრულებულია. ისღა დაგრჩენიათ მოემზადოთ და დანიშნულ დროს საგამოცდო ცენტრში მიხვიდეთ.

წარმატებას გისურვებთ! 🙂

სწავლა ამერიკის ბაკალავრიატში


თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის, დაფინანსების მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში – დამიკავშირდით: 557-516-388; ასევე მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით. მომსახურება იქნება ფასიანი. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები.

———————————

საბაკალავრო განათლებას აშშ-ში undergraduate education ან college education ეწოდება.

რამდენიმე განმარტება:

University, college, institute, academy, union, conservatory, school — ამ სახელწოდებებითაა ცნობილი აშშ-ს თითოეული საბაკალავრო დაწესებულება. ხშირად დეზიგნაცია ფორმალურია, მაგრამ დაახლოებით შემდეგ ლოგიკას მიჰყვება:

  1. University — უმაღლესი განათლების დაწესებულება, რომელიც მოიცავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო/სადოქტორო დაწესებულებებს. მაგალითად Yale University მოიცავს შემდეგ დაწესებულებებს: Yale College (ბაკალავრიატი), Yale School of Management (მაგისტრატურა/დოქტორანტურა) და სხვ. შესაბამისად, Yale-ში ბაკალვრიატზე მოსწავლე დიპლომს Yale College-ისგან მიიღებს და არა აბსტრაქტული Yale University-სგან. გამონაკლისის მაგალითია Colgate University, რომელიც მხოლოდ საბაკალავრო დაწესებულებაა;
  2. College — უმაღლესი განათლების დაწესებულება, რომელიც გასცემს მხოლოდ ბაკალავრის ხარისხს. გამონაკლისის მაგალითია Dartmouth College, რომელიც მოიცავს არამარტო საბაკალავრო, არამედ სამაგისტრო და სხვა სკოლებს;
  3. Institute — დაახლოებით University-ს ექვივალენტი, ხშირად ტექნიკური ფოკუსით. მაგალითად, California Institute of Technology;
  4. Academy — დაახლოებით College-ის ექვივალენტი, ხშირად სპეციალიზებული (მაგ., სამხედრო) ფოკუსით. მაგალითად, United States Military Academy West Point;
  5. Union — დაახლოებით College-ის ექვივალენტი. მაგალითად, Cooper Union;
  6. Conservatory — კონსერვატორია, დაახლ. College-ის ექვივლანეტი. მაგალითად, New England Conservatory of Music;
  7. School — ბაკალავრის დონეზე, დაახლ. College-ის ექვივლანეტი, ხშირად სპეციალიზებული (მაგ., ხელოვნების) ფოკუსით. მაგალითად, The Juilliard School.ბაკალავრის დონეზე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დაწესებულებას აშშ-ში აერთიანებს ერთი სიტყვა — College. მაგ., I went to college in CalTech ნიშნავს რომ ვიღაცამ California Institute of Technology-ს ბაკალავრიატი დაამთავრა.

Major: ძალიან დაახლოებით შეესაბამება ქართულ „ფაკულტეტს“;
Liberal arts college: საბაკალავრო დაწესებულება, რომლის კურიკულუმი მოიცავს ფართე, არაპროფესიულ მეიჯორებს. ცნობილი მაგალითებია Harvard, Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტები, Williams და სხვ. ისინი უმეტესწილად გასცემენ BA ან BS ხარისხს;
Community college: ორწლიანი უმაღლესი განათლების დაწესებულებები, რომლებიც არ გასცემენ ბაკალავრის ხარისხს;
Admission’s Office: მიღებების ოფისი — ყველა აპლიკანტის „საყვარელი“ ოფისი;
Need-based financial aid: მოთხოვნილებაზე დამოკიდებული ფინანსური დახმარება: გაჭირვებული იღებს ფულს უნივერსიტეტისგან;
Need-blind admission: ფინანსური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად სტუდენტთა მიღება: უნივერსიტეტი იღებს სტუდენტებს მათი ფინანსური მდგომარეობის სრული იგნორირებით;
Merit-based financial aid: მიღწევებზე დაფუძნებული ფინანსური დახმარება: კარგი სტუდენტი იღებს ფულს უნივერსიტეტისგან.

Liberal Arts Education
აშშ-ში თუ ისწავლით, დიდი შასია, სწორედ ასეთი განათლება მიიღოთ. ე.წ. „ლიბერალური განათლება“ ეწინააღმდეგება პროფესიულ განათლებას და აშშ-ს უნივერსიტეტების „სიამაყეა“. ეს ფილოსოფია კარგადაა აღწერილი Harvard College-ის ამ საიტზე:
The Value of a Liberal Arts Education

მზად ხარ თუ არა აშშ-ს კოლეჯისთვის
თუ გინდა კარგ უნივერსიტეტში მოხვედრა, ბევრ რამეს უნდა მიაქციო ყურადღება.

  • კოლეჯების ჭკვიანური შერჩევა — რამდენად მაღალი ქულები გაქვს? რამდენი ფული გაქვს? სად გინდა იცხოვრო და სად — არა? აპლიკანტთა 15%-ს იღებს კოლეჯი, თუ 40%-ს?
  • მისაღები გამოცდებისთვის მომზადება — SAT, SAT Subject Tests, TOEFL…;
  • სასკოლო მომზადება — სკოლის ნიშნებს ყველა უნივერსიტეტი ითვალისწინებს, ხშირად მეცხრე კლასიდან მოყოლებული;
  • ინგლისურის უნაკლო ცოდნა (რაც TOEFL-შიც უნდა გამოჩნდეს) და წერის ბრწყინვალე უნარი — მაგ., ხშირად თუ 10 უნივერსიტეტში აგზავნი აპლიკაციას, მოგიწევს სულ მცირე 11 თემა, ყველა განსხვავებული;
  • სკოლისგარეშე აქტივობა — სამუშაო და მოხალისის გამოცდილება, დამატებითი უნარები, სპორტი და სხვ.
  • სკოლაში მასწავლებელთან კარგი ურთიერთობა — თუ გინდა, რომ მასწავლებელმა კარგი დახასიათება დაგიწეროს;
  • მილიონ ფორმაში გარკვევა — აშშ-ში ბაკალვარიატზე აპლიკაცია მოიცავს უთვალავ ფორმებს, რასაც ინდივიდუალური უნივერსიტეტის საიტიდან ნახავთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ფინანსური აპლიკაცია, რომელიც საქართველოში რატომღაც არ არსებობს, მაგრამ აშშ-ს კოლეჯების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფინანსური აპლიკაციის გარეშე ვერ მიიღებ გრანტს, რაც არ უნდა გიჭირდეს;
  • დამარცხებასთან შეგუება biggrin.gif როცა კოლეჯი აპლიკანტთა 10%-ს იღებს, მიღების დიდი იმედი არ უნდა გქონდეს. სამაგიეროდ აპლიკაცია მომავალ წელსაც შეგიძლია გააგზავნო smile.gif

მიღების მოთხოვნები
აშშ-ს უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი მიღებისთვის მოითხოვს სხვადასხვა გამოცდებს. მათ შორის ყველაზე პოპულარული მისაღები გამოცდებია:SATSAT Subject Test და ACT. ყველაზე პოპულარული ენის გამოცდებია: TOEFL და IELTS. ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს — მაგ., ზოგს უნდა SAT, ერთი SAT Subject Test და TOEFL.

გამოცდების გარდა უნივერსიტეტები უმეტესწილად ითხოვენ ორ ან მეტ თემას. უნივერსიტეტისთვის აპლიკაციის, მათ შორის თემის, გაგზავნა ხდება უმეტესწილად The Common Application-ის მეშვეობით.

უფრო წვრილი მოთხოვნებია: მასწავლებლის დახასიათებები, ნიშნის ფურცლები და სხვ.

ჯამში ხშირად საკმაოდ ბევრი მოთხოვნა გროვდება და მომზადება ადრე უნდა დაიწყოთ.

ფინანსები
აშშ-ში სწავლა ძვირია. ცალსახად ძვირი და უფრო ძვირი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

განათლების სრული საფასური უბრალო მოკვდავებს არ გვეხება, რადგან ყველას გრანტის იმედი გვაქვს.

ნებისმიერ ვარიანტში, უხეშად რომ ვთქვათ, აშშ-ს კარგ კერძო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლის საფასური დაახლოებით $60,000-ია, რაც მოიცავს სწავლის, ქირის, საჭმლის და ღონისძიებების (და უცხოეთში სწავლის?) გადასახადებს. გრანტმა შესაძლოა დაფაროს ამ საფასურის ნებისმიერი ნაწილი — 0%-იდან 100%-ამდე smile.gif

საკუთარი ფინანსური სახსრების გათვალისწინებით, შეხედეთ უნივერსიტეტებს, რომლებიც არამოქალაქეებზე გასცემენ. მდიდარი უნივერსიტეტები, ბუნებრივია, ცოტა სტუდენტს იღებენ. დღევანდელი მონაცემებით, უცხოელებისთვის need-blind უნივერსიტეტები შემდეგია:

  • Harvard University — მიღება 6%
  • Dartmouth College — მიღება 12%
  • Massachusetts Institute of Technology — მიღება 10%
  • Princeton University — მიღება 8%
  • Amherst College — მიღება 13%
  • Yale University — მიღება 8%

ცხადია, ამ მიზეზით აპლიკაცია მხოლოდ ამ ელიტარული ჯგუფის უნივერსიტეტებში არ უნდა გაგზავნო. მათ გარდა ათობით (თუ არა ასობით) უნივერსიტეტი გასცემს უხვ ფინანსურ დახმარებას უცხოელებზე.

ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, აშშ-ს ყველა უნივერსიტეტი მოითხოვს ინდივიდუალიზებული ფინანსური აპლიკაციის შევსებას. დეტალები მათვე საიტზე ნახეთ.

უცხოელებზე კერძო გრანტებს, ცხადია, კერძო უნივერსიტეტები გასცემენ — ფედერალური გრანტი მხოლოდ მოქალაქეებს ეხებათ. შესაბამისად, თუ ფული პრობლემაა, აქცენტი კერძო უნივერსიტეტებზე გააკეთეთ. თუმცა კერძო უნივერსიტეტებში მოხვედრა უფრო ძნელია, ვიდრე სახელმწიფოში.

პირადი ინტერესები
მნიშვნელოვანია, პირადად რა გაინტერესებთ უნივერსიტეტის შერჩევისას. გინდათ, რომ უნივერსიტეტი დიდ ქალაქში იყოს, თუ ქალაქგარეთ? 10,000-კაციანი უნივერსიტეტი გირჩევნიათ თუ 2,000-იანი? ჩრდილოაღმოსავლეთში გინდათ სწავლა თუ დასავლეთში? ტექნიკური მეიჯორები გაინტერესებთ თუ ჰუმანიტარული? და სხვ. ეს ყველაფერი დაწვრილებით უნივერსიტეტების საიტებზე წერია.

მიღების შანსი
საკუთარი გონებრივი სახსრების გათვალისწინებით, შეხედეთ უნივერსიტეტებს, რომლებიც ძალიან, საშუალოდ, ან ნაკლებად-სელექტიურები არიან. უბრალოდ უნივერსიტეტის საიტიდანვე გაიგეთ, აპლიკანტის რა ნაწილს იღებს უნივერსიტეტი.

გაითვალისწინეთ, რომ ბევრი საუკეთესო უნივერსიტეტი დიდი ტვინის გარდა დიდ კუნთებსაც ეძებს.

2011-ის მონაცემებით, ყველა სელექტიურნი არიან შემდეგი უნივერსიტეტები.

მიღების ციკლი
აშშ-ს უნივერსიტეტების უმრავლესობას მიღების შემდეგი ციკლი აქვს: Early Decision და Regular Decision. Early Decision-ზე აპლიკაცია მაქსიმუმ ერთკოლეჯში უნდა გაიგზავნოს.

Early Decision-ზე აპლიკაციის გაგზავნა უნდა მოხდეს დაახლ. ნოემბრამდე. პასუხს გაიგებთ დაახლ. დეკემბერში.
Regular Decision-ზე აპლიკაციის გაგზავნა უნდა მოხდეს დაახლ. იანვრამდე. პასუხს გაიგებთ დაახლ. აპრილში.

ნებისმიერ დროს, პასუხი სამნაირია: მიღება (Acceptance), დალოდება (Waitlist — მოგვიანებით გაირკვევა, მიგიღეს თუ არა) და უარი (Rejection).

რეიტინგი
აშშ-ში უნივერსიტეტების რეიტინგი დიდი ამბავია. რეიტინგების შემდგენი მთავარი გამოცემებია: Forbes, U.S. News & World Report და The Princeton Review.

რეიტინგებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ იმიტომ, რომ ბევრ ფაქტორს ეფუძნება. მაგ., თუ ტექნიკური საგნები გაინტერესებთ, Harvey Mudd Collegeამმხრივ ძალიან პრესტიჟულია, მაგრამ რატომღაც არაა უფრო მაღლა. ასევე ცნობილი მაგრამ ფორბსის მიერ დაჩაგრულია Cornell University და სხვ.

ყველაზე ყოვლისმომცველი Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგია, რომელიც 2011 წლის შედეგებით ასეთია:

  1. Williams College
  2. Princeton University
  3. United States Military Academy
  4. Amherst College
  5. Stanford University
  6. Harvard University
  7. Haverford College
  8. University of Chicago
  9. Massachusetts Institute of Technology
  10. United States Air Force Academy
  11. Northwestern University
  12. Claremont McKenna College
  13. California Institute of Technology
  14. Yale University
  15. Carleton College
  16. Swathmore College
  17. United States Naval Academy
  18. University of Notre Dame
  19. Wellesley College
  20. Colby College

U.S. News & World Report ადგენს ყოველწლიურ, უფრო დეტალურ რეიტინგს. მის რეიტინგში ცალკეა გამოყოფილი საბაკალავრო (College) და საბაკალავრო+სამაგისტრო და სხვ. (University) დაწესებულებები.

Princeton Review ადგენს კიდევ უფრო დეტალურ რეიტინგს.

ზოგადი პროცესი
აპლიკაცია არასასიამოვნო პროცესია და გაცილებით მეტ მოთხოვნებს მოიცავს, ვიდრე ევროპული ან ქართული ბაკალავრიატი. ამ პროცესში სხვადასხვა საიტების გამოყენება მოგიწევთ, მათ შორის იქნება:

The Common Application — ყველა აპლიკანტის ბიბლია. აპლიკაციის უდიდეს ნაწილს, თითქმის ყველა უნივერსიტეტისთვის, ეს საიტი მოიცავს;
College Board (SAT, SAT Subject Test და მათი ქულების გაგზავნა);
SparkNotes — SAT-ის და SAT Subject Test-ებისთვის მოსამზადებელი საიტი;
CSS/Financial Aid PROFILE (ფინანსური აპლიკაცია უნივერსიტეტთა დიდი ნაწილისთვის);
TOEFL — უმეტესობას TOEFL-ის ჩაბარება მოგიწევთ, IELTS რა ცხოველია, არ ვიცი.
Amazon.com — თუ პირადად აპირებთ მომზადებას, წიგნების გარეშე ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. Amazon-ზე იხილავთ College Board-ის ბიბლიას, The Official SAT Study Guide და სხვა დამხმარე წიგნებს.

**მნიშვნელოვანი: თითოეული კოლეჯის აპლიკაციის პროცესი სრული სიზუსტითაა მოცემული მისსავე საიტზე. პროცესის დეტალური მიყოლა უმნიშვნელოვანესია.**

წყარო: თბილისის ფორუმი

კონკურსი სტუდენტებისთვის


ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები ფონდში უნდა წარადგინონ (ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com) არაუგვიანეს 2012 წლის 25 ნოემბრისა. ნაშრომს უნდა დაერთოს სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება.

სავალდებულოა, რომ დოკუმენტი მომზადდეს ქართულ ენაზე, შედგებოდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისაგან, შენიშვნებისა და კომენტარების (footnotes) ჩათვლით. ნაშრომს უნდა დაერთოს ბიბლიოგრაფია. ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: რეზიუმე, შესავალი, პრობლემის დასმა (აღწერა), პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები), რეკომენდაციები, დასკვნა, დანართი (ბიბლიოგრაფია).

სტუდენტის მიერ გამოგზავნილ ელ – ფოსტაში უნდა იყოს ერთი PDF დოკუმენტი, სადაც იქნება პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება და საკონკურსო ნაშრომი.

ნაშრომის შეფასება:

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

** საკითხის აქტუალობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების დამტკიცების უნარი;
** სტრუქტურის სწორად განსაზღვრა;
** გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი და მრავალფეროვნება;
** აკადემიურად წერის კულტურა;
** ნაშრომის გაფორმება;
** პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში სტუდენტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ფონდის მიერ ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებში. ნაშრომებს განიხილავს ლევან მიქელაძის ფონდთან არსებული საკონკურსო კომისია.

დაჯილდოება:

საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი. კონკურსში ორ სხვა გამარჯვებულს (მეორე და მესამე ადგილი) – სიგელები და თითოეულს 250 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ვერ დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს, ფონდი იტოვებს უფლებას, არ გასცეს სიგელი და ჯილდო.

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებმა სლაიდების (პროგრამა – power point) მეშვეობით, ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტებისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და დაჯილდოების ცერემონიალი.

აღნიშნული ღონისძიება გაშუქდება მედიის საშუალებით. გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 298 4161
ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com

ინგლისურის უფასო ტესტები


თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის, დაფინანსების მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში – დამიკავშირდით: 557-516-388; ასევე მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით. მომსახურება იქნება ფასიანი. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები.

—————-

ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური ენის ტესტების უფასო ნიმუშები, მათ შორის ტოეფელის. ტესტები არის სხვადასხვა სირთულის, გამოგადგებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა ან ინგლისურის შესწავლა უნდა.

წარმატებას გისურვებთ 🙂

მასკის პროგრამა იხურება


გამარჯობა ჩემი ბლოგის მკითხველო

ცოტა ხნის წინ მასკის პროგრამის შესახებ ახალი ამბავი შევიტყვე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს ედმუნდ მასკის სამაგსიტრო პროგრამას დაფინანსება შეუწყვიტოს. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს ეს პროგრამა აღარ გამოცხადდება.

კონგრესში 2013 წლის ბიუჯეტი განიხილება, სადაც მასკის პროგრამისათვის დაფინანსება გათვალისწინებული აღარ არის. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ მთელი დოკუმენტი, რომლის საერთო მოცულობა 853 გვერდია.

საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამებისთვის 2013 წელს მოითხოვენ 422 მილიონ დოლარს (გვ.10).

529-ე გვერდიდან იწყება საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების დეტალური განხილვა.

535-ე გვერდზე არის პროგრამების ჩამონათვალი თავისი მოთხოვნილი თანხებით, მასკი მოხსენიებული უნდა იყოს რეგიონულ პროგრამებში, მაგრამ, წინა წლის ბიუჯეტებისგან განსხვავებით, აღარაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ სტუდენტებს აღარ ექნებათ ასეთი კარგი პროგრამით სარგებლობის საშუალება.

რა შემიძლია გირჩიოთ? დამოუკიდებლად ჩააბარეთ ტესტები, პირადად მიმართეთ უნივერსიტეტებს. ისინი თავადაც გთავაზობენ გარკვეული სახის სტიპენდიებს, graduate assistantship-ებს (რაც ნიშნავს რომ არასრული სამუშაო დროით იმუშავებთ უნივერსიტეტში, სამაგიეროდ მოხსნილი გექნებათ სწავლის გადასახადი და გადაგიხდიან ცხოვრებისათვის საჭირო თანხას). ასევე თვალი ადევნეთ ამ ბლოგს და ფეისბუქის გვერდს – პერიოდულად ვავრცელებ ინფორმაციას სხვადასხვა კონკურსების, სტიპენდიების, პროგრამების შესახებ. იქნებ თქვენთვის სასურველი რამე იპოვოთ.

წარმატებას გისურვებთ 🙂