ცვლილებები ბლოგზე: კონსულტაციები და მომსახურება საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით


გამარჯობა, მკითხველო

ბლოგი გადადის ახალ ეტაპზე: გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის შესახებ კონსულტაციებსა და მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია (1) ჩემი ამერიკაში სწავლისა და მრავალრიცხოვან საერთაშორისო გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებაზე; (2) სხვა სტუდენტების მომსახურებაზე ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მოსახვედრად. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს სრულ პაკეტს ან მის ნაწილს. კერძოდ:

  • თქვენი მოთხოვნების შესაბამისად სასურველი პროგრამის/უნივერსიტეტის მოძიება
  • საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტთან კომუნიკაცია
  • საბუთების მომზადებაში დახმარება
  • სამოტივაციო წერილის შედგენა
  • სარეკომენდაციო წერილის შედგენა
  • ეფექტური CV შედგენა

გაითვალისწინეთ, რომ მომსახურება იქნება ფასიანი. თუმცა ბლოგზე არსებული პოსტები საზღვარგარეთ სწავლის შესახებ კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება და შეგეძლებათ ისარგებლოთ უფასო ქართულენოვანი რესურსებით. ასევე გავაგრძელებ განცხადებების გამოქვეყნებას სტიპენდიებისა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ  ფეისბუქის გვერდზე.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 11:00-დან 19:00-მდე ფეისბუქის,  ბლოგზე არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით, ან ტელეფონზე: 557 516388.

გადავდივარ :(


ვიბარგები. ოთახში ყველაფერი ერთმანეთშია არეული: თავახდილი ჩემოდნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, რისკები, ფოტოაპარატი და მისი ლინზა, ლეპტოპები, ფურცლები, ფლეშკები, პრინტერი… კედლიდან ძველებურად შემომყურებს ჩემი “მეტამორფოზა”. ეს სურათი წლების წინ მეგობარმა დამიხატა და მას შემდეგ აღარ ვიშორებ. თბილისში ჩემს ოთახში ეკიდა, ამერიკაშიც თან წამოვიღე და ყოველ დილით, როდესაც მას ვუყურებ, ცვლილებებზე ვფიქრობ. სურათზე ორმაგი სახეა… და გზა, რომელსაც ტაძრისაკენ მიუყვებიან ადამიანები. ეს მუდმივი მოძრაობა და ამავე დროს სტატიკაა, რაღაცნაირი, არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ჩემი საყვარელი ფრაზის განხორციელებაა: ერთადერთი მუდმივობა ამქვეყნად – ეს ცვლილებებია.

ორი მშიერი ჩემოდანი მოუთმენლად მელოდება. ერთი სული აქვთ, როდის გადაყლაპავენ ჩემს პირად ნივთებს. მე კი პოსტს ვწერ და თან იმაზე ვფიქრობ რა წავიღო, რა დავტოვო, რა გავაჩუქო, რა გადავყარო… ერთ პატარა ოთახში იმდენი ნივთი აღმომაჩნდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. შემომეძინა ახალი დისკები – ზოგი ჩავწერე, ზოგი ტრენინგებზე მიწყალობეს. ახლა აქა-იქ გაბნეულებს თავს ვუყრი და ვცდილობ, კომპაქტურად ჩავალაგო.

 ეს ალბათ ჩემი წლის შემაჯამებელი პოსტია. ბლოგერების უმეტესობამ ეს საახალწლოდ გააკეთა, მე კი ეს თარიღი ავირჩიე…

გასული წლის განმავლობაში გავხდი მასკის ფინალისტი, წამოვედი ამერიკაში, ვისწავლე ამერიკულ უნივერსიტეტში და გავიარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ტრენინგები (ავე, გიჟმაჟ!!! ოცნებები ხდება!) კიდევ – შევიძინე მეგობრები და უნარები; დავაგემოვნე აზერბაიჯანული დოვღა; მივიღე საქორწინო მიპატიჟება მოლდავეთში (ოქტომბრის ბოლოსთვის); მოვასწარი 4 შტატის მონახულება და რამდენიმე ადგილას (თითქმის) უგზოუკვლოდ დაკარგვა. აღმოვაჩინე, რომ იდეალები ხშირად საერთოდ არ ჰგვანან იდეალებს და ზოგჯერ უმჯობესია, იმ მშვენიერებით დატკბე, რასაც შორიდან დანახული აბობოქრებულ ზღვასთან მებრძოლი გემი განიჭებს. სხვა სიტყვებით რომ მოგახსენოთ, ვნახე ამერიკის რამდენიმე სახე, რომლებიც საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც შორიდან ამერიკაზე მეოცნებე ქართველებს ჰგონიათ.

ახლა, როდესაც დაცარიელებულ უჯრებს ვათვალიერებ, თვალში კედელზე ჯერ კიდევ შერჩენილი დეკორაციები მხვდება – რუკები, საქართველოს დროშა და კიდევ ერთხელ – ჩემი განუყრელი “მეტამორფოზა”. დროშა ქართველი ემიგრანტის აუცილებელი ატრიბუტია. ამით გამოხატავს მანიაკალურ მიდრეკილებას წარსულისაკენ, ხაზს უსვამს საკუთარ იდენტობასა და პატრიოტიზმს. მე მხოლოდ ოთახის გაქართულებას არ დავჯერდი, კარზეც მივაკარი პატარა სტიკერი, ასე რომ ყოველ შემომოსვლელს ყოველ ჯერზე ვახსენებ, ვისთან აქვს საქმე. ეს ორგზის მანიაკობაა, რომელსაც არაფერი ეშველება. ასე “მანუგეშებენ” მეგობრები და ასე მარაზმულად ვამახსოვრებ თავს სხვებსაც. სიტყვამ მოიტანა და, ერთი-ორჯერ უკიდურესი რადიკალ-პატრიოტიზმის დემონსტრაცია მოვახდინე. ერთხელ განცხადებების დაფაზე მივაკარი დროშა. მეორედ – მაღაზიაში შესულმა აღმოვაჩინე, რომ კედელზე მსოფლიოს რუკა იყო გაკრული რამდენიმე დროშასთან ერთად. აღშფოთებულმა გავაპროტესტე საქართველოს დროშის არარსებობა და სასწრაფოდ “გამოვასწორებინე” სიტუაცია – ჩემი პაწუკა სტიკერით დავამშვენებინე ის რუკა. მერე რა, რომ სხვებთან შედარებით ჭიანჭველასავით ჩანდა, სამაგიეროდ ახლა ვინც კი შევა, იმ მაღაზიაში საქართველოს დროშასაც შეამჩნევს. მესამედ – ჩიკაგოში, ჰოსტელში ჩემს ოთახში “მოვნიშნე” ეროვნული დროშა-სტიკერით საკუთარი “ტერირტორია”. საინტერესოა, აქამდე თუ შერჩა.

წარსულს ისევ ვიხსენებ და მენანება – შემიყვარდა ეს პატარა ქალაქი თავისი მწვანე ქუჩებით, ეზოში მობალახე ირმებით,ხანდახან მკვდრული სიჩუმით, ძალიან, ძალიან ლამაზი ცითა და არაჩვეულებრივი, თბილი ხალხით. ეს იყო საოცარი წელიწადი, როდესაც სწავლა მხოლოდ წიგნების კითხვას არ ნიშნავდა. ახლა ჩემოდანში პირად ნივთებთან ერთად მოგონებებსაც ვალაგებ და მორიგ შტატში გადაყვანას ვუპირებ. აქ ალბათ აღარასოდეს დავბრუნდები. სახსოვრად მიმყვება უამრავი ფოტო, დაარქივებული მეხსიერების ნაფლეთები და საგრძნობლად გაზრდილი კოლექცია: ჩემი ბრელოკები, რომლებიც კონკრეტული ადგილის ვიზიტისას შევიძინე ან მაჩუქეს. ესენია ქვეყნის დროშები, უნივერსიტეტების, მუზეუმების სიმბოლოები, ეროვნული ვალუტა და ა.შ. ეს ღირსშესანიშნაობა ცალკე პოსტს იმსახურებს.

მოკლედ, ბარგს ვალაგებ და სხვა ქალაქში გადავდივარ – 3 თვიანი სტაჟირება იქ უნდა გავიარო. რა იქნება შემდეგ? ძნელი სათქმელია… ალილო და ხვალაო, ვნახოთ. მანამდე კი ჩემთან ერთად თქვენც გაიმეორეთ:

ავე, გიჟმაჟ!!! ოცნებები ხდება!!!

პ.ს. როგორია თქვენი ახდენილი ოცნება? როგორი გემო აქვს? რა გრძნობაა?