გასაუბრება სტიპენდიისთვის/უნივერსიტეტში ჩასარიცხად


applicaiton-interviewგასაუბრება სასტიპენდიო პროგრამებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ხშირად ეს არის გადამწყვეტი ეტაპი – ხდება კანდიდატების შერჩევა და გაცხრილვა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მისთვის კარგად მოემზადოთ.

თქვენი მიზანი გასაუბრებისას არის საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება არის დიალოგი (და არა მშრალი კითხვა-პასუხის სესია) და აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული რას ეტყვით და რით დაამახსოვრებთ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ თავს, იცის მისი მისწრაფებები, მიზნები და ეს უნდა გასაგებად აუხსნას დიალოგის მეორე მონაწილეს. მხოლოდ თქვენ წყვეტავთ, საკუთარი პირადი თუ პროფესიული ცხოვრების რა დეტალები და რა ფორმით მოყვეთ, როგორი ემოციები და ასოციაციები გამოიწვიოთ მსმენელში.

ზოგიერთი რჩევა:

  • ისაუბრეთ თავდაჯერებულად. თავდაჯერება საქმის ნახევარს აკეთებს 🙂 ასევე გამსაუბრებელს მიანიშნებს იმაზე, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ არჩევანში, კარგად იცნობთ სფეროს და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები გამოძრავებთ.
  • საუბრის მანერა – ეცადეთ ისაუბროთ მშვიდად, ზომიერი ტემბრით. ეცადეთ დაფაროთ საკუთარი მღელვარება. კონცენტრაცია მოახდინეთ საუბრის შინაარსზე, ეფექტურ პრეზენტაციაზე და არა საკუთარ ემოციებზე – ეს ის შემთხვევაა, როცა ეგოიზმი უნდა დაივიწყოთ. 🙂 მოერიდეთ დიდ პაუზებს. თუ კითხვა ვერ გაიგეთ, აუცილებლად ჰკითხეთ, დააზუსტებინეთ.
  • წინასწარ მოემზადეთ გასაუბრებისათვის. ეს ნიშნავს, რომ დეტალურად შეისწავლოთ პროგრამა, უნივერსიტეტი, სასწავლო გარემო და საგნები, შეძლებისდაგვარად გაეცნოთ გამსაუბრებლის შესახებ ინფორმაციას (აბა რისთვის არსებობს საძიებო სისტემები და სოციალური ქსელები 😉 ); ასევე გააანალიზოთ საკუთარი მისწრაფებები, მიზნები, გეგმები. დაალაგოთ სათქმელი და მოემზადოთ მხოლოდ სიმართლის სასაუბროდ. გასაუბრებაზე ტყუილის თქმა არ ღირს. გაწაფული დეიდები და ბიძიები მაინც გამოგიჭერენ და ასეთ შემთხვევაში სამუდამოდ დაემშვიდობებით იმ პროგრამაში/უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობას. სხვა საქმეა ფაქტების ეფექტურად შეფუთვა და წარმოჩენა 🙂
  • ლექსიკა – დაბალანსებული, მოერიდეთ ძალიან პროფესიული ტერმინების, აბრევიატურების გამოყენებას. შეიძლება გასაუბრებას ატარებდეს ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სფეროსთან შეხება არ აქვს და მხოლოდ კანდიდატის მზაობას ამოწმებს კონკრეტული პროგრამისთვის/უნივერსიტეტისთვის.
  • კითხვები – ინერვიუმდე მოამზადეთ კითხვები. ამით მათ დაანახებთ, რომ დაინტერესებული ხართ კონკრეტული პროგრამით. რა შეიძლება ჰკითხოთ? მაგალითად: თუ აქვს პროგრამას ალუმნების ქსელი? გაუგებარი დეტალები, პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია, საცხოვრებელი პირობები, თქვენი ვალებულებები და ა.შ. ნებისმიერი რამ, რაც მასთან დაკავშირებულია და მოცემული არ არის პროგრამის/უნივერსიტეტის ვებსაიტზე, ბუკლეტში.

business-attireქვემოთ მოცემულია შესაძლო კითხვები აკადემიური გასაუბრებისათვის. “შესაძლო” ნიშნავს, რომ ეს არის საორიენტაციო ჩამონათვალი. რეალურად გასაუბრებაზე პასუხისმგებელ პირზეა დამოკიდებული რას გკითხავთ, რას ჩაუღრმავდება, რა საკითხების ხაზგასმას მოინდომებს.

  • მოგვიყევით თქვენს შესახებ – ბევრი ორგანიზაცია/პროგრამა იწყებს გასაუბრებას ამ ბანალური კითხვით. აქ 1-2 წუთში უნდა მოახერხოთ საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა, ძირითადი მიღწევების ხაზგასმა განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებებით. თუ ეს სამაგისტრო პროგრამაა, არ ღირს სასკოლო გამოცდილების ხსენება (თუ ეს არ არის იმ პერიოდში დაწყებული გრძელვადიანი პროექტი, ან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პროგრამასთან). შეგიძლიათ ახსენოთ სამოხალისეო გამოცდილება, საკუთარი ინიციატივა, პირადი ისტორია – თუ კონკრეტულ სფეროსთან არის დაკავშირებული.
  • რატომ კონკრეტულად ეს პროგრამა და/ან ეს უნივერსიტეტი? რამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე? წარმოადგინეთ არგუმენტები და კონკრეტული მიზეზები.
  • კვლევითი პროგრამი შემთხვევაში: -რა კონკრეტულ პროექტზე გსურთ მუშაობა? რა საკითხს გამოიკვლევთ? რა კვლევით მეთოდებს გამოიყენებთ? ვისთან გსურთ მუშაობა? (აქ იგულისხმება კონკრეტული მკვლევარი/პროფესორი, რომელიც მუშაობს ამ უნივერსიტეტისთვის ან პროგრამისთვის).
  • ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ? მერე რა, რომ მსოფლიო კლასიკოსები შეიძლება გქონეთ წაკითხული. ამ შემთხვევაში უნდა დაასახელოთ აკადემიური გამოცემა თქვენს მიერ არჩეულ სფეროში.
  • ამ სფეროში რომელ ავტორებს იცნობთ? უნდა ახსენოთ ისევ პროფესიასთან დაკავშირებული პუბლიკაციები და ავტორები.
  • თქვენი განათლებისა და სამუშაო ისტორიიდან გამომდინარე კონკრეტული კითხვები: – ამჟამად სად მუშაობთ? რა შედის თქვენს მოვალეობებში? რა ინიციატივები გაქვთ განხორციელებული? რამდენი ხანია რაც მანდ მუშაობთ და რა მოგწონთ ან არ მოგწონთ თქვენს სამუშაოში? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? ბოლოს რა პროექტი განახორციელეთ? გყავთ თუ არა ადგილობრივი ან საერთაშორისო პარტნიორები? არასამთავრობო ორგანიზაციის შემთხვევაში – რომელი დონორებისგან გაქვთ დაფინანსება მიღებული? ასევე – დეტალები კონკრეტული პროექტის/ინიციატივის შესახებ: ვინ მონაწილეობდა? რამდენი ადამიანი? რა შედეგებს მიაღწიეთ? რა პრობლემებს ხედავ და შენი აზრით, როგორ შეიძლება მათი ეფექტურად მოგვარება?

საყურადღებო დეტალები (არსებობის შემთხვევაში):

  • ახსენეთ ლიდერობის გამოცდილება – მაგალთად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიება, იქნება ეს ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროგრამა. ან როგორ მიიღეთ მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროგრამის ჩამოყალიბებაში/განხორციელებაში.
  • ახსენეთ პარტიორობა და თანამშრომლობა სფეროს ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან.
  • დაანახეთ მომავლის კონკრეტული ხედვა და ცვლილებისათვის მზაობა – რა გურთ აკეთოთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

წარმატებას გისურვებთ.

Advertisements

TOEFL iBT თუ EILTS?


TOEFL და IELTS ინგლისური ენის ორი საერთაშორისო აკადემიური ტესტია, რომელთა შედეგებსაც აღიარებენ უცხოეთის უნივერსიტეტები. ორივე ტესტს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და ხშირად საზღვარგარეთ სწავლის მსურველები კითხულობენ თუ რომელი სჯობია.

TOEFL ამერიკული ტესტია, IELTS – ბრიტანული. ისინი სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავსია (მოიცავს მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის კომპონენტებს), თუმცა შიდა აგებულება და სპეციფიკა განსხვავებული აქვთ,.

უფრო დაწვრილებით ტოეფელის სტრუქტურის შესახებ: TOEFL iBT  სტრუქტურა

IELTS-ის სტრუქტურის შესახებ: IELTS სტრუქტურა

დანარჩენ განსხვავებებს რაც შეეხება:  Continue reading

ინგლისურის ტესტები, რომელთა შედეგებს ბრიტანეთი აღიარებს


ამ ლინკზე მოცემულ ჩამონათვალში ნახავთ ყველა იმ ტესტსა და მინიმალურ მოთხოვნას, რომელსაც ბრიტანეთის Home Office აღიარებს და იღებს. ტესტები მოცემულია 2016 წლის 18 მაისის მდგომარეობით და შეიცავს სხვადასხვა სახის სერთიფიკატებისა და დონეების ჩამონათვალს, როგორიცაა IELTS, Cambridge English: Key (also known as Key English Test), ESOL, TOEIC, Pearson Test of English Academic (PTE Academic) და ა.შ.

2014 წლის აპრილიდან ბრიტანეთი აღარ აღიარებს TOEFL-ს. 

 

Toefl iBt-ის სტრუქტურა


 Toefl iBT შედგება 4 სექციისგან:

1. მოსმენა

  • ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
  • 3-5- წუთიანი 4-6 ლექცია, თითოეული მათგანი 5 კითხვით
  • 3 წუთიანი 2-3 დიალოგი, თითოეული მათგანი 5 კითხვით
  • რჩევა: შესავალს აკეთებს ერთზე მეტი ინგლისურ აქცენტზე
  • შეფასება: 0-30 ქულა

2. საუბარი

  • ხანგრძლივობა: 20 წუთი
  • 2 დამოუკიდებელი ამოცანა: ისაუბრეთ ნაცნობი თემის შესახებ
  • 4 ინტეგრირებული ამოანა: ისაუბრეთ იმის შესახებ, რასაც წაიკითხავთ და მოუსმენთ
  • რჩევა: მოსამზადებლად გაქვთ 30 წამი, პასუხისთვის – 1 წუთი
  • შეფასება: 0-4 ქულა, როელიც კონვერტირდება 0-30 ქულიან სკალაზე

3. კითხვა

  • ხანგრძლივობა: 60-100 წუთი
  • 3-5 პასაჟი აკადემიური ტექსტიდან, თითოეული დახლოებით 700 სიტყვა
  • 12-14 სიტყვა პასაჟში
  • რჩევა: შეიცავს ლექსიკონს საკვანძო სიტყვების განსამარტავად

 4. წერა

  • ხანგრძლივობა: 50 წუთი
  • 1 ინტეგრირებული ამოცანა: დაწერეთ რასაც წაიკითხავთ და მოუსმენთ
  • 1 დამოუკიდებელი ამოცანა: არგუმენტირებული ესე
  • რჩევა: მოითხოვს ბეჭდვას
  • შეფასება: 0-5 ქულა, რომლეიც კონვერტირდება 0-30 ქულიან სკალაზე

თითოეული მათგანი ფასდება 0-დან 30 ქულამდე (საერთო ჯამური ქულა 120). შეფასება ხელმისაწვდომი ხდება გამოცდიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში ონლაინ. ამავე პერიოდში მიიღებენ მას თქვენს მიერ არჩეული სასწავლო დაწესებულებები. ტესტის შედეგების გამოყენების ვადა არის ჩაბარებიდან 2 წელი.

Toefl iBT-ისთვის ონლაინ რეგისტრაცია


როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვწერდი, ტოეფელის გამოცდისათვის რეგისტრაცია რამდენიმე გზით ხდება: ფოსტის საშუალებით, ტელეფონით, ან ტოეფელის ცენტრში ან ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. ჩემთვის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა ეს უკანასკნელია.

რა გჭირდებათ ონლაინ რეგისტრაციისთვის:

  • ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
  • 160$ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე. შეიძლება ნებისმიერი ბარათის გამოყენება, რომელსაც მოქმედების ვადა ჯერ არ გასვლია. მათ შორის ვიზა კლასიკი ან ვიზა ელექტრონი.
  •  მცირე დრო: დაახლოებით 3-5 წუთი.

ტოეფელის გამოცდისათვის სააპლიკაციო ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე, ლათინური ასოებით.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ტოეფელის ოფიციალურ საიტზე და სხვაგან არსად. თუ ვინმე სხვაგან გადაგამისამართათ, არ დაუჯეროთ. ასევე არ ენდოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს ფასიანი სერვისია. ზოგჯერ ამ მარტივი პროცედურის გავლაში ანაზღაურებას ითხოვენ. არ ღირს სხვას გადაუხადოთ იმაში, რისი გაკეთებაც თავად შეგიძლიათ.

ტოეფელის საიტზე ანგარიშის გახსნა არის უფასო. თანხის გადახდა ხდება მხოლოდ გამოცდაზე რეგისტრაციისათვის. დღეისათვის ოფიციალური გადასახადი არის 160$. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ადმინისტრაციამ ფასი შეცვალოს. ამიტომ რეგისტრაციამდე საიტზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ხოლმე.

რა ნაბიჯები უნდა გაიაროთ საგამოცდო რეგისტრაციამდე?

 პირველ რიგში, შედით ტოეფელის ოფიციალურ საიტზე. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭერთ My Toefl iBT account.

შედეგად გამოჩნდება შემდეგი ფორმა:

 დააჭერთ New User?-ის ქვემოთ Sign Up-ს და დაიწყებთ ეკრანზე გამოსული ფორმის შევსებას. ეს არის მარტივი ანკეტა, სადაც პირადი და საკონტაქტო მონაცემები უნდა შეიყავანოთ. ფორმა უნდა შეავსოთ ლათინური ასოებით, სახელი დაწეროთ ზუსტად ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტებშია. მაგალითად, თუ პასპორტში გიწერიათ Giorgi, ანკეტაში არ დაწეროთ George. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდის დღეს იდენტიფიკაციის პრობლემა შეიქმნება.

წითლად მონიშნული გრაფები სავალდებულო შესავსებია, თუ მონაცემს არ შეიყვანთ, შემდეგ გვერდზე არ გადავა და საბოლოო ჯამში რეგისტრაციას ვერ მოახერხებთ.

გრაფაში Country/Location of Residency – მიუთითეთ ფაქტიური საცხოვრებელი ქვეყანა. ეს არ არის ჩაწერის ადგილი, არამედ მისამართი, სადაც რეალურად იმყოფებით და სადაც  შემდეგში მოხდება ქულების გამოგზავნა, ამიტომ შეავსეთ სწორად. First/Given name – სახელი, Last/Family name – გვარი. Address line 1-ში, ბინისა და ქუჩის ნომერი (ჯერ ბინა, შემდეგ ქუჩა). თუ მისამართი მეტისმეტად გრძელია, მეორე და მესამე გრაფებში გააგრძელებთ.  10 Javakhishvili street.

ცალკე გრაფა აქვს ქალაქს, ამიტომ ქუჩასთან ერთად ქალაქის სახელი არ ჩაწეროთ.

სავალდებულო შესავსებში არ არის საფოსტო კოდი, თუმცა სასურველია რომ მიუთითოთ. თუ არ იცით თქვენი ქუჩის კოდი, მოძებნეთ საქართველოს ფოსტის საიტზე.

 დაბადების თარიღი: თვე, რიცხვი, წელი ოთხნიშნა რიცხვით.

ამის შემდეგ აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის შევსება. სავალდებულოა ტელეფონის ნომრის ჩაწერა (ტელეფონის ნომერი უნდა შეიცავდეს ქვეყნისა და ქალაქის კოდებს: + 995 (ქალაქის ან მობილური ოპერატორის კოდი) 123456).

იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ფოსტით გირჩევიათ კონტაქტი, ჩაწერეთ მოქმედი მისამართი და მონიშნეთ E-mail. თუ გსურთ რომ პერიოდულად მიიღოთ ცნობები სიახლეებისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებულ სამეფოში ან ავსტრალიაში აპირებთ სწავლას, მუშაობას ან დასახლებას, ანკეტაში უნდა შეიტანოთ საკუთარი საპასპორტო ან ID მონაცემები.

გარდა ამისა, უნდა ამონიშნოთ ქვეყანა, სადაც დაიბადეთ, მშობლიურ ენა, მოქალაქეობა და ქვეყანა, სადაც ცხოვრებას, დასახლებას ან მუშაობას აპირებთ. დანარჩენი გრაფების შევსება არ არის სავალდებულო.

შემდეგ უნდა მონიშმოთ Yes I agree terms and conditions და დააჭიროთ Continues-ს.

ბოლო ეტაპი არის სამომხმარებლო სახელისა და პაროლის შექმნა. სახელი უნდა იყოს 6-16 სიმბოლო, არ არ უნდა შეიცავდეს სპეციალურ სიმბოლოებს (როგორიცაა @$^*&#_-$)

პაროლი უნდა იყოს 8-16 სიმბოლო და შეიცავდეს დიდ და პატარა ლათინურ ასოებსა და რიცხვებს. უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლება სამომხმარებლო სახელის, გვარის ან სახელის გამოყენება პაროლად.

შემდეგ საიდუმლო კითხვის შექმნის დროა. სისტემა თავადვე გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, ამოირჩიეთ და შეავსეთ ერთ-ერთი. პაროლის დავიწყების შემთხვევაში ეს დაგეხმარებათ.

შემდეგ დააჭირეთ continue-ს. შედეგად ეკრანზე გამოვა თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები. თუ რამე შეგეშალათ შეგიძლიათ შეასწოროთ, შემდეგ კი დააჭირეთ confirm-ს.

ახლა როდესაც ექაუნთი შექმნილია, შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ: დარეგისტრირდეთ ტოეფელის გამოცდისთვის.

სისტემაში შესვლის შემდეგ ეკრანზე გამოდის ასეთი ფორმა:

უნდა დააჭიროთ Test Registration and Orders-ის ქვემოთ Register/Order-ს. გამოჩნდება  შემდეგი ფორმა:

ამოარჩიეთ Teofl Test. შემდეგ I So Sign and Agree.

ქვეყნის არჩევის შემდეგ გამოდის ქალაქები, სადაც ტოეფელის ოფიციალური ცენტრებია. საქართველოს შემთხვევაში ეს არის აღ. საქართველო (თბილისი) და ბათუმი.

ქვემოთ უნდა მონიშნოთ სასურველი თარიღები 60 დღის შუალედით. მაგალითად 22 სექტემბრიდან 24 ნოემბრამდე. უფრო დიდ შუალედს სისტემა უბრალოდ არ გაჩვენებთ.

Search-ზე დაჭერის შემდეგ გამოდის ყველა იმ საგამოცდო ცენტრის ჩამონათვალი, რომელიც თავისუფალია მოცემული პერიოდის განმავლობაში. ორგანიზაციების დასახელება, მისამართი, ხელმისაწვდომი დღები და საათები.

სასურველი დროისა და ადგილის არჩევის შემდეგ გამოდის სრული ინფორმაცია.

შემდეგ უნდა აირჩიოთ როგორ გირჩევიათ ქულების მიღება: მხოლოდ ონლაინ თუ საფოსტო გზავნილის სახითაც.

შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ მონიშნოთ 4 უნივერსიტეტი, სადაც ETS უფასოდ გაგზავნის ქულებს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი გაკეთებული არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს გრაფები ღიად დატოვოთ. თუმცა ტესტის ჩაბარების შემდეგ ქულების გაგზავნა უკვე ფასიანი იქნება – თითოეული მისამართისთვის 17$.

სასურველი უნივერსიტეტის მოძებნა მარტივად შეიძლება: ინდივიდუალური კოდით, სახელით, ან ქვეყნის მიხედვით.

უნივერსიტეტის არჩევის შემდეგ უნდა განსაზღვროთ რომელი დონის/სკოლის სტუდენტობა გსურთ. Undergraduate – ბაკალავრიატი, graduate – მაგისტრატურა, შეიძლება ასევე გამოჩნდეს კონკრეტული სკოლების დასახელებები.

ამის შემდეგ ჩამოშალეთ დეპარტამენტთა ჯგუფების ჩამონათვალი

შემდეგ – კონკრეტული დეპარტამენტები:

ბოლო ეტაპია სტატისტიკური კითხვების შევსება, როგორიც არის რისთვის გსურთ ტოეფელის ჩაბარება და ა.შ. თუმცა ეს არ არის სავალდებულო, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოტოვით.

შემდეგ დათანხმება სარგებლობის პირობებზე:

Value Pack – ფასიანი მომსახურებებია, რომელიც ნებაყოფილობითია. თუ ზედმეტი $-ების დახარჯვა არ გსურთ, No, thanks მონიშნეთ და გააგრძელეთ.

ბოლო ეტაპი არის საგამოცდო თანხის გადახდა ელექტრონული სახით ან ვაუჩერით. ელექტრონული გადახდისათვის აუცილებელია საკრედიტო ბარათი ანგარიშზე სათანადო თანხით. დღეისათვის ეს არის 160$. მონიშნეთ Electronic Payment და გააგრძელეთ ფორმის შევსება.

მონიშნეთ ვიზა და გადადით შემდეგ ეტაპზე.

 შეიყვანეთ მისი მონაცემები: ბარათის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა Card Verification Code, რომელსაც მის უკანა მხარეს იპოვით. Billing Information-ში მონიშნეთ Use Ship to name too Bill to name და Use ship to Address to Bill to address და ავტომატურად ჩასვამს პირად მონაცემებსა და მისამართს. შემდეგ დაამთავრეთ რეგისტრაცია.

ბოლო ეტაპზე შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა. აქ უნდა იყოს confirmation email, სადაც დაწვრილებით ეწერება გამოცდის დრო, ადგილი, წარსადგენი დოკუმენტები.

ამით Toefl iBT-ის გამოცდისათვის რეგისტრაცია დასრულებულია. ისღა დაგრჩენიათ მოემზადოთ და დანიშნულ დროს საგამოცდო ცენტრში მიხვიდეთ.

წარმატებას გისურვებთ! 🙂

ინგლისურის უფასო ტესტები


თუ გჭირდებათ დახმარება სამოტივაციო წერილის შედგენაში, უნივერსიტეტის, პროგრამის, დაფინანსების მოძიებაში, სააპლიკაციო პროცესში – დამიკავშირდით: 557-516-388; ასევე მომწერეთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის ან ფეისბუქის საშუალებით. მომსახურება იქნება ფასიანი. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები.

—————-

ეს არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური ენის ტესტების უფასო ნიმუშები, მათ შორის ტოეფელის. ტესტები არის სხვადასხვა სირთულის, გამოგადგებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა ან ინგლისურის შესწავლა უნდა.

წარმატებას გისურვებთ 🙂

Toefl PBT ჩაბარება თბილისში


Paper-based ტოეფელი თბილისში ბარდება! და გაცილებით მარტივად, ვიდრე iBT. რა არის საჭირო ამისათვის?

– სულ მცირე 10 დღით ადრე დარეგისტრირდე გამოცდისთვის საერთაშორისო განათლების ცენტრში.

– გამოცდის ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კაცი აბარებს ერთდროულად: თუ აბარებს მარტო ერთი ღირს – 250 ლ. 2-3 თუ აბარებს – 180. 4 დან 6 მდე 160. 7 დან 9 მდე 150 და ა. შ. ფასი მცირდება ჩამბარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ფასი შეიცავს ტესტის საფასურს და ასევე გაგზავნა-გამოგზავნის ღირებულებას.

რაში გჭირდებათ ტოეფელის სერთიფიკატი?

1. თქვენი უნივერსიტეტის ენის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

2. საზღვარგარეთ სწავლისათვის

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ცენტრი

(სოროსის ფონდის შენობა)

ჭოველიძის ქუჩა # 10

ტელ: (99532) 25 26 15 (ნათია ან ხათუნა)