გასაუბრება სტიპენდიისთვის/უნივერსიტეტში ჩასარიცხად


applicaiton-interviewგასაუბრება სასტიპენდიო პროგრამებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ხშირად ეს არის გადამწყვეტი ეტაპი – ხდება კანდიდატების შერჩევა და გაცხრილვა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მისთვის კარგად მოემზადოთ.

თქვენი მიზანი გასაუბრებისას არის საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება არის დიალოგი (და არა მშრალი კითხვა-პასუხის სესია) და აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული რას ეტყვით და რით დაამახსოვრებთ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ თავს, იცის მისი მისწრაფებები, მიზნები და ეს უნდა გასაგებად აუხსნას დიალოგის მეორე მონაწილეს. მხოლოდ თქვენ წყვეტავთ, საკუთარი პირადი თუ პროფესიული ცხოვრების რა დეტალები და რა ფორმით მოყვეთ, როგორი ემოციები და ასოციაციები გამოიწვიოთ მსმენელში.

ზოგიერთი რჩევა:

  • ისაუბრეთ თავდაჯერებულად. თავდაჯერება საქმის ნახევარს აკეთებს 🙂 ასევე გამსაუბრებელს მიანიშნებს იმაზე, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ არჩევანში, კარგად იცნობთ სფეროს და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები გამოძრავებთ.
  • საუბრის მანერა – ეცადეთ ისაუბროთ მშვიდად, ზომიერი ტემბრით. ეცადეთ დაფაროთ საკუთარი მღელვარება. კონცენტრაცია მოახდინეთ საუბრის შინაარსზე, ეფექტურ პრეზენტაციაზე და არა საკუთარ ემოციებზე – ეს ის შემთხვევაა, როცა ეგოიზმი უნდა დაივიწყოთ. 🙂 მოერიდეთ დიდ პაუზებს. თუ კითხვა ვერ გაიგეთ, აუცილებლად ჰკითხეთ, დააზუსტებინეთ.
  • წინასწარ მოემზადეთ გასაუბრებისათვის. ეს ნიშნავს, რომ დეტალურად შეისწავლოთ პროგრამა, უნივერსიტეტი, სასწავლო გარემო და საგნები, შეძლებისდაგვარად გაეცნოთ გამსაუბრებლის შესახებ ინფორმაციას (აბა რისთვის არსებობს საძიებო სისტემები და სოციალური ქსელები 😉 ); ასევე გააანალიზოთ საკუთარი მისწრაფებები, მიზნები, გეგმები. დაალაგოთ სათქმელი და მოემზადოთ მხოლოდ სიმართლის სასაუბროდ. გასაუბრებაზე ტყუილის თქმა არ ღირს. გაწაფული დეიდები და ბიძიები მაინც გამოგიჭერენ და ასეთ შემთხვევაში სამუდამოდ დაემშვიდობებით იმ პროგრამაში/უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობას. სხვა საქმეა ფაქტების ეფექტურად შეფუთვა და წარმოჩენა 🙂
  • ლექსიკა – დაბალანსებული, მოერიდეთ ძალიან პროფესიული ტერმინების, აბრევიატურების გამოყენებას. შეიძლება გასაუბრებას ატარებდეს ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სფეროსთან შეხება არ აქვს და მხოლოდ კანდიდატის მზაობას ამოწმებს კონკრეტული პროგრამისთვის/უნივერსიტეტისთვის.
  • კითხვები – ინერვიუმდე მოამზადეთ კითხვები. ამით მათ დაანახებთ, რომ დაინტერესებული ხართ კონკრეტული პროგრამით. რა შეიძლება ჰკითხოთ? მაგალითად: თუ აქვს პროგრამას ალუმნების ქსელი? გაუგებარი დეტალები, პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია, საცხოვრებელი პირობები, თქვენი ვალებულებები და ა.შ. ნებისმიერი რამ, რაც მასთან დაკავშირებულია და მოცემული არ არის პროგრამის/უნივერსიტეტის ვებსაიტზე, ბუკლეტში.

business-attireქვემოთ მოცემულია შესაძლო კითხვები აკადემიური გასაუბრებისათვის. “შესაძლო” ნიშნავს, რომ ეს არის საორიენტაციო ჩამონათვალი. რეალურად გასაუბრებაზე პასუხისმგებელ პირზეა დამოკიდებული რას გკითხავთ, რას ჩაუღრმავდება, რა საკითხების ხაზგასმას მოინდომებს.

  • მოგვიყევით თქვენს შესახებ – ბევრი ორგანიზაცია/პროგრამა იწყებს გასაუბრებას ამ ბანალური კითხვით. აქ 1-2 წუთში უნდა მოახერხოთ საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა, ძირითადი მიღწევების ხაზგასმა განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებებით. თუ ეს სამაგისტრო პროგრამაა, არ ღირს სასკოლო გამოცდილების ხსენება (თუ ეს არ არის იმ პერიოდში დაწყებული გრძელვადიანი პროექტი, ან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პროგრამასთან). შეგიძლიათ ახსენოთ სამოხალისეო გამოცდილება, საკუთარი ინიციატივა, პირადი ისტორია – თუ კონკრეტულ სფეროსთან არის დაკავშირებული.
  • რატომ კონკრეტულად ეს პროგრამა და/ან ეს უნივერსიტეტი? რამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე? წარმოადგინეთ არგუმენტები და კონკრეტული მიზეზები.
  • კვლევითი პროგრამი შემთხვევაში: -რა კონკრეტულ პროექტზე გსურთ მუშაობა? რა საკითხს გამოიკვლევთ? რა კვლევით მეთოდებს გამოიყენებთ? ვისთან გსურთ მუშაობა? (აქ იგულისხმება კონკრეტული მკვლევარი/პროფესორი, რომელიც მუშაობს ამ უნივერსიტეტისთვის ან პროგრამისთვის).
  • ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ? მერე რა, რომ მსოფლიო კლასიკოსები შეიძლება გქონეთ წაკითხული. ამ შემთხვევაში უნდა დაასახელოთ აკადემიური გამოცემა თქვენს მიერ არჩეულ სფეროში.
  • ამ სფეროში რომელ ავტორებს იცნობთ? უნდა ახსენოთ ისევ პროფესიასთან დაკავშირებული პუბლიკაციები და ავტორები.
  • თქვენი განათლებისა და სამუშაო ისტორიიდან გამომდინარე კონკრეტული კითხვები: – ამჟამად სად მუშაობთ? რა შედის თქვენს მოვალეობებში? რა ინიციატივები გაქვთ განხორციელებული? რამდენი ხანია რაც მანდ მუშაობთ და რა მოგწონთ ან არ მოგწონთ თქვენს სამუშაოში? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? ბოლოს რა პროექტი განახორციელეთ? გყავთ თუ არა ადგილობრივი ან საერთაშორისო პარტნიორები? არასამთავრობო ორგანიზაციის შემთხვევაში – რომელი დონორებისგან გაქვთ დაფინანსება მიღებული? ასევე – დეტალები კონკრეტული პროექტის/ინიციატივის შესახებ: ვინ მონაწილეობდა? რამდენი ადამიანი? რა შედეგებს მიაღწიეთ? რა პრობლემებს ხედავ და შენი აზრით, როგორ შეიძლება მათი ეფექტურად მოგვარება?

საყურადღებო დეტალები (არსებობის შემთხვევაში):

  • ახსენეთ ლიდერობის გამოცდილება – მაგალთად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიება, იქნება ეს ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროგრამა. ან როგორ მიიღეთ მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროგრამის ჩამოყალიბებაში/განხორციელებაში.
  • ახსენეთ პარტიორობა და თანამშრომლობა სფეროს ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან.
  • დაანახეთ მომავლის კონკრეტული ხედვა და ცვლილებისათვის მზაობა – რა გურთ აკეთოთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

წარმატებას გისურვებთ.

Advertisements

სახელობითი სტიპენდიის კონკურსი სტუდენტებისთვის


საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუდიტორული კომპანია – “კაპტო ჯგუფი” აცხადებს სახელობითი სტიპენდიის კონკურსს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მესამე კურსის ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდული მიმართულებების სტუდენტებისთვის.

კონკურსის მონაწილე საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება სხავადასხვა ოდენობის ერთწლიანი სტიპენდიით. ხოლო საუკეთესო ხუთეულს ექნება “კაპტო ჯგუფში” სტაჟირების შესაძლებლობა, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი კაპტო სტიპენდიანტი ან/და კაპტო თანამშრომელი.

დაგვიკავშირდი, რომ თავად დარწმუნდე – ეს არის კავშირი წარმატებითვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების ბიზნესის, ეკონომიკისა და იურიდიული მიმართულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წლისათვის იმყოფებიან მესამე კურსზე.

კონკურსის ფორმატი:

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი:

თუ გსურს კონკურსში მონაწილეობა, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და კითხვარი. შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გადმოგზავნეთ ელ. მისამართზე: competition@rsmcapto.ge არაუგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ შენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ მარტივ დავალებას და მისი შესრულების ვადებს. ამ დავალების შესრულების ხარისხი განაპირობებს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლას.

პირველ ეტაპში მონაწილეობას იღებს ყველა, ვინც შევსებულ სარეგისტრაციო ფორმასა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლს გადმოგვიგზავნის.

მეორე ეტაპი:

კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებმა უნდა დაწერონ და წარმოადგინონ ბიზნეს იდეა და გეგმა. ბიზნეს გეგმის კრიტერიუმებსა და მისი შესრულების ვადებს შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ბიზნეს იდეებსა და ბიზნესის გეგმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის მიმართულების ლექტორებითა და წარმატებული ბიზნესმენებისაგან. წარმატებული მონაწილეები გადავლენ კონკურსის მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპი:

კონკურსის მესამე ეტაპის მონაწილეებმა კომპანიის მიერ მოწვეული ექსპერტების, ჟიურისა და სტუდენტების წინაშე უნდა ჩაატარონ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია.

დაჯილდოება:

გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის მესამე ეტაპის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით. დასახელდება კონკურსის მონაწილე საუკეთესო ხუთეული.

პირველი ადგილი – 200 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
მეორე ადგილი – 150 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე
მესამე ადგილი – 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია 1 წლის მანძილზე.

საუკეთესო ხუთეულს ექნება “კაპტო ჯგუფში” დასაქმების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები მუდმივად განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ამიტომ დაგვიმეგობრდი: http://www.facebook.com/RSMCapto

შევსებული რეგისტრაციის ფორმა და სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთის ასლი გადმოგზავნეთ ელ. მისამართზე: competition@rsmcapto.ge არაუგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრისა.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე: (995 32) 2 558899, 558 904199.

capto-scholar-reg-form

კონკურსი პროექტის მონაწილეთა შესარჩევად


იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს პროექტის “7 საფეხური” მონაწილეთა შესარჩევად.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს ტრენინგების ციკლს, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები გამოიმუშავებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ დაეხმარებათ მიზნების მიღწევაში, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ განვითარებაში.

ტრენინგების ციკლი მოიცავს 7 საფეხურს (ხანგრლივობა 5 დღე):

** მიზნების დასახვა და მომავლის პროფესიები
** როგორ მოვიძიოთ სამსახური?
** რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
** გასაუბრების უნარ-ჩვევები
** თვითპრეზენტაცია
** კრეატიული აზროვნება

საუკეთესო 25 კანდიდატი, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ 6 საფეხურს, გადავლენ საბოლოო მეშვიდე საფეხურზე “წარმატების ფორმულა,” რომელიც განხორციელდება 2 დღიანი სამუშაო შეხვედრის სახით.

პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და თელავში.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის (ზოგადი უნარების ტესტირების) საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის (მესამე კურსის ზემოთ) და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო ქულაა 70-ზე ზემოთ და რომლებიც სწავლობენ შემდეგი მიმართულებებით:

** იურიდიული ფაკულტეტი;
** ეკონომიური ფაკულტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება);
** სოციალური-პოლიტიკური მეცნიერებები (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია);
** ტურიზმის მენეჯმენტი;
** ზოგადი პოლიტიკის ადმინისტრირება;
** ჟურნალისტიკა,
** უცხო ენები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge 2012 წლის 8 სექტემბრამდე, 18:00 საათი.

რამდენიმე “კინაღამ”


მთელი ჩემი ვაშინგტონის მოგზაურობა კურიოზებითა და “კინაღამ”-ებით სავსე იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ კენტიდან წამოსულს კინაღამ ავტობუსმა გამასწრო. კლივლენდის სადგურში კაფეში შევედი და რაღაცეების წერა-კითხვაში ისე გავერთე, დრო შეუმჩნევლად გამპარა. ავტობუსის გასვლას 10 წუთი რომ დააკლდა, წამოვიზლაზნე, მაგრამ ვაი! ჩემს გასასვლელში კაციშვილი არ იდგა! ვიფიქრე, ეტყობა ადრეა მეთქი და გავიარ-გამოვიარე. დავბრუნდი, მაგრამ არაფერი შეცვლილიყო. რა მოხდა? რეისი გაუქმდა? სად არიან მგზავრები? თავში ათასმა ფიქრმა გამიარა. დაავიწყდათ? რეისი გადადეს? სადგური შემეშალა? ეს უკანასკნელი ვარიანტი სასწრაფოდ გამოვრიცხე. მერე სადგურის მორიგე მოვძებნე და ვაშინგტონისაკენ მიმავალი ავტობუსის ამბავი ვკითხე. ნუთუ წავიდა? აღმოჩნდა რომ ნაადრევად დაბარგებულიყვნენ მგზავრები, მძღოლი კი ყავის ასაღებად შეყოვნებულიყო. ამჯერად გამიმართლა. მართალია უკანასკნელი ავედი ტრანსპორტში, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მივაღწიე.

მეორე “კინაღამ” ტარას შევჩენკოს ძეგლთან შემემთხვა. მე და სხვა ქართველმა სტუდენტები საღამოთი ერთ-ერთ ქუჩას ვლაშქრავდით. სწორედ ისე ვიქცეოდით, ბევრ ემიგრანტს რომ უტყდება ხოლმე :)) ხმამაღლა ვსაუბრობდით და ვიცინოდით, ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ისინი სწრაფად მიდიოდნენ, მე სურათებს ვიღებდი. გამისწრეს და ქუჩა გადაკვეთეს. გავიქეცი, მეგონა დავეწეოდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ? ქვაფენილი არ მომერიდა და კინაღამ სასიკვდილო ტრიუკი შევასრულე :)) კისერის მოტეხვა ვერ მოვახერხე, სხვა ძვლებიც უვნებელი დამრჩა, სამაგიეროდ ტრამვირებული მარცხენა ხელით გავაგრძელე დანარჩენი მოგზაურობა. მოქანდა სასწაფო “მ” და მაშინვე დამსკოჩა. ეს ჩვეულებრივი მომსახურება არ გეგონოთ, VIP სერვისია, მხოლოდ განსაკუთრებულად დამსახურებული დაზარალებულისათვის :)))

მესამე “კინაღამ” ნიუ იორკში მოგზაურობას დაუკავშირდა. ნიუ იორკი ჩემი ოცნების ქალაქია. ამერიკაში მისი სიყვარულით წამოვედი. მაგრამ ბედის ირონია არ გინდათ? ვერ ჩავაღწიე იქამდე. ზოგჯერ დრო არ მქონდა, ზოგჯერ სხვაგა წავედი… ცოდვა გამხელილი სჯობია და ერთი-ორჯერ დამეზარა კიდეც 😀 ახლა, როდესაც ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, კიდევ ჭრელი პეპელა გამოტყვრა საიდანღაც და გამგზავრება გადამადებინა. ნიუ იორკო, გული არ დაგწყდეს, მაინც გესტუმრები!

წვრილმანი “კინაღამ”-ები რომ გამოვტოვოთ, გამგზავრების დროც მოვიდა. უფრო სწორად – გაიპარა. კურსი ადრე დამიმთავრდა, ქალაქში ხეტიალს შევყევი. ერთი ციყვი მომეწონა, ყველა მხრიდან ვუარე და ყველა პოზაში გადავუღე სურათები. მერე ამერიკის ისტორიის მუზეუმში შევედი. იქაც ვიბოდიალე, ვაჩხაკუნე კამერა. მერე გამოვედი და მეორეგან შევედი. იქ გუშინ ვიყავი, მაგრამ ფოტოაპარატის გარეშე. ვაშინგტონიდან კი ისე წამოსვლა არ მინდოდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტი არ გადამეღო. მაგრამ იქ კიდევ იმდენი საინტერესო გამოფენაა, რომ დრო შეუმჩნევლად იპრება. ჩემი ჭკუით, დროზე გამოვედი და გაჩერებამდე ფეხით წავედი. თან ბანკომატს, ვეძებდი, თან…. ამასობაში კი გაიდა ძვირფასი წუთები. შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!-მაც კი ვერ გააჩერა ულმობელი საათი! მოკლედ, გზა სახლამდე და შემდეგ – ავტობუსების სადგურამდე ელვისებურად გაილია :)))  ერთმანეთის მიყოლებით გამოვიცვალე ტრანსპორტები: ავტობუსი, მეტრო, ფეხაძინი. მივდიოდით, მივღოღავდით, მივრბოდით, მაგრამ მაინც დავაგვიანეთ! ამას ჰქვია “კინაღამ დროზე წავედი!” ახლა, როცა ფეისბუქზე ჩემს სტატუსს კითხულობენ  – “ფაქტიურად კურიოზი ვარ!!!” ალბათ აღარავის უკვირს მისი დაწერის მიზეზი. ვზივარ, სადგურში ველოდები მორიგ რეისს და ხალხს ვუყურებ. ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი ყვირის, სადგურის პერსონალი ქორებულად იყურება. რაღაას ბურდღუნებს ხმადაწეული ტელევიზორი, თუმცა მას არავინ უსმენს. კიდევ 2 საათზე მეტი უნდა ველოდო. იმედია ამჯერად მორიგი “კინაღამ” ამცდება. ანდა როგორ უნდა გამასწროს? პირდაპირ გასასვლელს ვუყურებ და ჩასხდომა რომ დაიწყება ჩემზე წინ აღარავის გავიშვებ )) სახლში მეჩქარება! გამატარეთ! თორემ მერე თქვენზე გადმოვა რამდენიმე “კინაღამ”! :)))

განიხიბლეთ!


ოროდე დღის წინ უსიამოვნო საუბარი მქონდა. ჩემთვის იყო უსიამოვნო, თორემ მეორე მხარისთვის… არ ვიცი… მოკლედ, ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ჩემი საბანკო ანგარიშით სარგებლობა უნდოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მყოფებისგან “ზე-დამოკიდებულებას ვგრძნობ”. მაგრამ მათი მოლოდინები ვითარების არაადეკვატურია. დიალოგი დიდი მოთმინების ფასად მივიყვანე მშვიდად ბოლომდე, მაგრამ ჩეთაობისასაც და იმის შემდეგაც ძალიან გავბრაზდი: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამერიკაში უდარდელი ცხოვრებაა და დოლარები ხეებზე იზრდება. არ დაიჯეროთ!

ამერიკა მდიდრებისთვისაა სამოთხე, თორემ ღარიბებისა და ემიგრანტებისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭეა. კულტურულ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, ბევრი უცნაური კანონი აქვთ. უმუშევრობა ძალიან მაღალია და ბევრს აკარგვინებს სახლს, ოჯახს, ყველაფერს… ვაშინგტონის თითქმის ყველა ქუჩაში შეხვდები უსახლკაროებს, მეტროს წინ, ხალხმრავალ ადგილებზე რომ მიყუჟულან და მუყაოს ნაგლეჯზე აწერიათ: I am Homeless. Please help with MONEY. God Bless You. (უსახლკარო ვარ. ფულით დამეხმარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ). მაგრამ ქალაქის საქმიანი ნაწილი ნაღდი ფულის ტარებას ჩეკებსა და საკრედიტო ბარათებს არჩევს. საეჭვოა აქვთ თუ არა ერთი დღის საკვებისთვის საკმარისი შემოსავალი უპოვრებს.

რაც შეგვეხება სტუდენტებს: ნუ ელით რომ აქ რომელიმე ჩვენგანი მდიდარია და დოლარებში ბანაობს. სტიპენდიით ვიხდით ბინის ქირას, ტელეფონს, შტატისა და სახელმწიფო გადასახადებს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს გარკვეული თანხა ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. არ დაგავიწყდეთ რომ სახელმძღვანელოებიცაა საყიდელი, წიგნები  კი აქ ფუფუნებაა – ძალიან ძვირი ღირს, ერთ საგანში თუ 50-70$ დახარჯე, უნდა ჩათვალო რომ გაგიმართლა. ზოგიერთი წიგნი 150-200$ ღირს და ასეთი რამდენიმეა შესაძენი. საკვები ძალინ ძვირია, განსაკუთრებით კი ჯანსაღი, რომელსაც აქ ორგანულს ეძახიან და ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი. მგზავრობის საფასურიც ქალაქების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიაქვს. ზოგჯერ ავტობუსისა და მეტროსთვის სხვადასხვა სახის სამგზავრო ბარათებია ასაღები, ასე რომ…ამ პირობებში დანაზოგის გაკეთებაზე საუბარი ხშირად ზედმეტია. თუ ჯერ კიდევ გგონიათ რომ ფულის ზღვაში ვცურავთ, დროა შეხედულებები შეიცვალოთ.

განიხიბლეთ!

ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად 100-ჯერ უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე საქართველოში. თითოეულ დოლარს სისხლის ფასი ადევს. აქ ფულის შესახებ საუბარი მიღებული არ არის და ფულის თხოვნაც შეიძლება ბევრმა შეურაცხყოფად მიიღოს. პირადი ფინანსები ერთ-ერთი სფეროა, რასაც არ განიხილავენ.

გასულ შემოდგომას მე და ჩემი მეგობარი ერთ ამერიკელს ველაპარაკებოდით. სიტყვა სახლებზე და მის ღირებულებაზე ჩამოვარდა. ამერიკელმა თქვა, ჯერ კიდევ ვიხდი გირაოს თანხასო. დაახლოებით 10 წლის კრედიტი ჰქონდა ჯერ კიდევ გასასტუმრებელი. ჩემმა მეგობარმა რაოდენობა ჰკითხა, ის კი გაწითლდა, დაიბნა და არც თუ ისე ტაქტიანი ჩაციების შემდეგ ძლივს ამოღერღა კონკრეტული თანხა. აქ მიღებული არ არის საკუთარი შემოსავლის ყველას დასანახად გამოფენა და უბრალო კითხვებიც კი (თუ საგადასახადო ინსპექტორისგან არ მოდის) დიდ უხერხულობას იწვევს. ეს პოზიცია ჩემთვის გასაგები და მისაღებია.

დებო ძმებო, დეიდებო, მამიდებო, მეზობლებო და განსაკუთრებით – გულშემატკივარო მეგობრის მეგობრებო, რომლებსაც არ გეზარებათ თავხედური თხოვნებით მომართვა!

ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ რომ ამერიკა არ არის ისეთი ბრდღვიალა, როგორსაც ფილმებიდან ხედავთ! ამერიკა მუდმივი ბრძოლის ველია! შეინახეთ თქვენი მოურიდებელი პრეტენზიები და ნუ ითხოვთ მხარდაჭერას იმათგან, ვინც მარტო იბრძვის თავის დასამკვიდრებლად!

ამერიკა-საქართველო: ეკლესიები


ამწუთას დავაფიქსირე რისგან ვისვენებ ამერიკაში:

შავებში ჩაცმული ქალობაგახუნებული ახალგაზრდებისგან

გოგოები, რომლებიც კოჭებამდე თალხ კაბებში არიან გამოწყობილი და მოგონილი (ან შეთვისებული) მწუხარე სახით საუბრობენ ცხოვრების ამაოებასა და საუკუნო ცხოვრებაზე

საქართველო – ქვეყანა, სადაც მარად მგლოვიარე მორწმუნეები ცხოვრობენ.

სადაც რწმენა ტანჯვასა და თვითგვემასთანაა გაიგივებული

სადაც რელიგია კასტებად დაყოფისა, ფუნდამენტალიზმისა და თვითიზოლაციის საფუძველი ხდება

სადაც გადასახადის გადამხდელებზე მეტი აქტიური პირჯვრისმწერელები გვყავს

სადაც მორალზე საზოგადოების ყველაზე ამორალური ნაწილი საუბრობს ხმამაღლა

სადაც ახალ-ახალი ეკლესიები შენდება, მრევლი კი შიმშილობის ზღვარზეა. ღმერთის სახელით მოთმინებას ითხოვენ მდიდრულ მობილურ-მანქანა-დაპატრონებული სასულიერო პირები

საქართველო – თალხი ქვეყანა მარადიული საწუხარით…

აქ “უმცირესობა” – “საძაგელისა” და “უუფლებოს” სინონიმია, გარეგნობას კი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჭეშმარიტ ღირებულებებს

თუ გგონიათ რომ ამერიკელები ქართველებზე ნაკლებად მოწრმუნენი არიან, ან მათზე ცოტა ეკლესიები აქვთ, ძალიან ცდებით. ცემი უნივერსიტეტის გარშემო ერთ პატარა მონაკვეთში 6 თუ 7 ეკლესიაა. სხვა ადგილებში – კიდევ უფრო მეტი. მეზობელ ქალაქში რომ ვიყავი, პატარა მონაკვეთი იმდენი ტაძარი დავინახე, თითები შემომელია მათ თვლაში :))

ზოგი მათგანი ძველია. ზოგი – შედარებით ახალი დაარსებული. მაგრამ ყველას ერთგული მიმდევრები ჰყავს

ზოგი მეტად ტრადიციული, სხვები – თანამედროვე ელემენტებით

ყველა იქ მიდის, სადაც გრძნობს, რომ მისი ადგილია. და ამის გამო ოჯახი, ნაცნობები, მეგობრები არასოდეს გაკიცხავენ

აქ ვხედავ ჯინსებში გამოწყობილ გოგოებს, რომლებიც თავდაუზოგავად სწავლობენ, ყოველ კვირა კი მსახურებებს ესწრებიან. ისინი არავის ახვევენ თავს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს და არც თავს აბეზრებენ მეორედ მოსვლის საშინელი სურათებით

ამერიკაში ეკლესია ძლიერი სოციალური ორგანიზაციაა. აქ შეიძლება ვერ ნახოთ ხატები და ძვირფასი მორთულობები. ამერიკული ეკლესია, იქნება ეს ლუთერანული, მეთოდისტური, პრესბიტერიანული თუ სხვა რამ, რელიგიურ მსახურებასთან ერთად რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს. მღვდელი (minister) შეიძლება ქალიც გახდეს, მიუხედავად კანის ფერისა ან გარეგნობისა.

ამერიკაში ეკლესიები ეხმარებიან:

– სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს

– უსახლკაროებს

– წყვილებს განქორწინების პროცესში. ზოგჯერ აქაური პროცესები ძალიან მწვავე ემოციური და იურიდიული დავების ფონზე მიმდინარეობს. ეკლესიის მრევლის მოხალისე-მედიატორები კი ცდილობენ სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მანამ მოახერხონ მხარეების მორიგება.

– სტუდენტებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილი ჩამოსვლის შემდეგ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. ეკლესიები სთავაზობენ ჯგუფური თერაპიის უფასო სეანსებს, ასევე შეხვედრებს ამერიკელებთან ენის დახვეწისა და ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით. ხშირად აწყობენ ასევე გასართობ ღონისძიებებს – გასულ სემესტრში ადგილობრივ ნაკრძალში სწორედ ერთ-ერთი ეკლესიის ორგანიზებით წავედით ფეხსკურსიაზე.

– სკოლებს, სასწავლო დაწესებულებებს სათამაშო მოედნების მოწესრიგებაში, შენობების კეთილმოწყობაში

ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარი ისაა, რომ ამერიკაში ეკლესიის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი შეიძლება არ ატარებდნენ ანაფორას, არ იზრდიდნენ წვერებს, მაგრამ მზად არიან ნებისმიერ დროს დაეხმარონ ადამიანებს. დადიან ჩვეულებრივი სამოსით, ვერც ვერც კი გამოარჩევ სხვებისგან. ზოგჯერ სამსახურებიც აქვთ, ეკლესია კი ალტრუისტული მისწრაფებების რეალიზაციის გზაა. ეს ხალხი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.

იპოვეთ 10 განსხვავება? მე – კიდევ უფრო მეტი. საეკლესიო მოდელებით კარგად ჩანს ღია და ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემები.
პრობლემას და საწუხარი ის კი არ მგონია, ვის უფრო მეტი ლოთები, პროსტიტუტკები, ხელიდან წასული ქურდები, აღვირახსნილი სადისტები ან შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანები ჰყავს;
არამედ ის, თუ როგორ ცდილობენ მათ მოგვარებას: ჩქმალავენ თუ ღიად საუბრობენ და გადაჭრის გზებს ეძებენ.
ეკლესია დიდი სოციალური კაპიტალია. ამერიკაში ვნახე მისი ეფექტური ფუნქციონირება და მინდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფსევდოღირებულებების ძალადობრივი გავრცელების სანაცვლოდ იგივეს აკეთებდეს.
რას იტყვით? რა გირჩევიათ, დღეში 100 დანთებული სანთელი თუ დაღუპვას გადარჩენილი 1 ადამიანი?

მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. V – ვირჯინია. უილიამსბურგი.


განსაკუთრებულს არაფერს ველოდი. ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქი, ზუსტად ისეთივე შენობებით, როგორიც ჩემთანაა. რომ ერთიორი დღე დავრჩებოდი, მივიხედ-მოვიხედავდო და დავბრუნდებოდი განსაკუთრებული შთაბეჭდლებების  გარეშე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მიმტკიცდებოდა ეს წარმოდგენა. გზაზე გაჩერებები, შენობები და ავტობუსების მოსაცდელი სადგურები ერთმანეთს ჰგავდნენ. ხალხი ამოდიოდა და ჩადიოდა. ზოგი იყო მდუმარე, ზოგი მეგობარს ესლუკუნებოდა, ზოგი ტელეფონზე საუბრობდა… მთელი გზა იყო ჩვეულებრივი ცხოვრების ჩვეულებრიი ანარეკლი. წკაპ