წყალი ჩვენი არსობისა


ეს იმ პერიოდის ზღაპარია, როდესაც წყალი დეფიციტური იყო და მას გველეშაპები და დევები ჰყავდნენ დაპატრონებული. ისინი დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ (ხშირად ახალგაზრდა ლამაზი გოგო-ბიჭები) აძლევდნენ სოფლებს წყალს (ეს იყო წყლის გრაფიკი თორემ ახლა რომ ხანდახან წყდება რა მოსატანია 🙂 ). მოსახლეობა დიდხანს იტანჯებოდა უწყლობით, შემდეგ გამოჩნდებოდა ვინმე ცისკარა, მოკლავდა უწმინდურ ძალას და ხალხი იღებდა სანატრელ სასმელს.

დმანისის გვირაბი. ფოტო: კარავი.გე

წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობა კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჩვენს წინაპრებს, რომლებიც ციხე-სიმაგრეებსა და ეკლესია-მონასტრებს მის მახლობლად აშენებდნენ. კოშკები საიდუმლო გვირაბებით უკავშირდებოდა მოშორებულ მდინარეებს. ხანგრძლივი ალყის დროს, როდესაც მტერი მოსახლეობას სასმელი წყლის მარაგის შევსების საშუალებას არ აძლევდა, ეს გვირაბები მისი მოპოვების თითქმის ერთადერთი წყარო იყო. ღამე გამბედავი ვაჟკაცები მდინარესთან ჩუმად მიიპარებოდნენ რომ გარშემორტყმული მოსახლეობისთვის წყალი მიეწოდებინათ. დმანისსა და უფლისციხეში შემორჩენილია ასეთი გვირაბის ნანგრევები, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ ვარძიის სამხედრო ციხე-ქალაქში კარგად განვითარებული წყლის მიწოდების სისტემის არსებობას. უფრო ძველი, ანტიკური ხანის თიხის მილები შემორჩენილია არმაზსა და ბაგინეთში. ციხე-სიმაგრეებში ასევე არსებობდა რეზერვუარები, სადაც წყალი “შავი დღისთვის” გროვდებოდა.

ძეგლები.გე-ზე გამოქვეყნებული სტატია “ნარიყალა ციხესიმაგრის სასმელი წყლით მომარაგების საიდუმლოება” ნარიყალასთან არსებული წყალგაყვანილობის სისტემის შესახებ გვიამბობს, რომელიც 1955 წელს აღმოაჩინეს. ოქროყანის მიდამოებიდან 5 კილომეტრის სიგრძეზე თიხის მილებით მოედინებოდა წყაროს წყალი თბილისამდე. როგორც ჩანს, წყლის მიწოდების სისტემა საკმაოდ ადრეულ პერიოდში გაუყვანიათ, გვიან შუა საუკუნეებში კი შეუკეთებიათ. იგი კარგად იყო შენიღბული, მტერს რომ არ შეემჩნია და ნარიყალაში გამაგრებული ჯარისთვის თუ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება არ შეეწყვიტა.

თბილისელი მეთულუხჩე

თბილისელი მეთულუხჩე

XIX საუკუნის მიწურულს თბილისში წყალს მეთულუხჩეები არიგებდნენ. ტყავის რუმბებით დაჰქონდათ ქუჩა-ქუჩა, ცხენით ან ზურგზე მოკიდებული. 1 ვედრო წყალი 1-3 კაპიკი ღირდა, ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა მანძილიდან მოჰქონდათ. “წყლის გადასახადს” მეთულუხჩეები კვირის ბოლოს ანგარიშობდნენ, გაყიდული რაოდენობის მიხედვით. მაშინ იღებდნენ ანაზღაურებასაც. 1883 წელს ავჭალის წყალსადენის მშენებლობა დაიწყეს. თანამედროვე წყალსადენის სისტემას კი 1920-იანი წლების მიწურულს ჩაეყარა საფუძველი. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, საგურამოს წყალსადენში თითქმის ასწლოვანი მოქმედი მილია შემონახული. იგი დამზადებულია 1920 წელს, თუმცა ფუნქციონირება რამდენიმე წლით გვიან დაიწყო. ეს ძველი, ხარისხიანი და საიმედო ნაკეთობა ერთგულად ემსახურება სისტემასა და წყლის მომხმარებლებს.

Georgian Water and Power წყლით ამარაგებს თბილისსა და რუსთავს. კომპანია  დედაქალაქში 400 000-მდე აბონენტს ემსახურება. აქედან 2000-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა, 15 000–მდე კომერციული ობიექტი, დანარჩენი კი მოსახლეობა. მისი წყალგაყვანილობის სისტემა 3400-კილომეტრიან წყალსადენის ქსელს მოიცავს. ეს თბილისიდან პარიზამდე მანძილის ტოლია.  მილების დიდი ნაწილი მოძვეებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი შეცვლა ახლით. კომპანია პასუხისმგებელია წყლის უვნებლობაზე, გაწმენდასა და მომხმარებლისათვის მიწოდებაზე.

დამზადებულია 1920 წელს

დამზადებულია 1920 წელს

რას ნიშნავს წყლის ხარისხი? იმას, რომ იგი არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, მისი ქიმიური შემადგენლობა და სისუფთავე აკმაყოფილებდეს საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს.

წყალგაყვანილობის სისტემა კომპლექსურია და გარდა ონკანებისა ( 🙂 ), მოიცავს უზარმაზარ რეზერუარებს, გასაფილტრ სადგურებს, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სპეციალურ ლაბორატორიებს სადაც ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ყოველდღიურად მიეწოდებათ წყლის ნიმუშები, რათა მოხდეს მისი კვლევა, მიკრობული და ქიმიური საფრთხეების დროული იდენტიფიკაცია და წყლის გაწმენდა.

Georgian Water and Power-ის აბონენტებს წყალი თბილისის ზღვიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან და არაგვის ხეობიდან მიეწოდებათ. თუმცა ინდივიდუალურ მოხმარებამდე ხდება მისი გაფილტვრა და გასუფთავება.

ღრმაღელეს წყალსადენი Georgian Water and Power-ის ერთ-ერთი ობიექტია, სადაც სპეციალისტები უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ წყლის ხარისხის კონტროლს. აქ სხვადასხვა სირთულის უამრავი დანადგარია, რომლებსაც მომხმარებელი ვერასოდეს ხედავს. სამაგიეროდ ხელშესახებია მუშაობის შედეგი – სუფთა წყალი ონკანებში.

This slideshow requires JavaScript.

სოციალური იწილო-ბიწილო


23 მარტს ბათუმის საავადმყოფოში  გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. ბავშვი 1 წლის ასაკშიც დაახლოებით იმდენს იწონიდა, რასაც დაბადებისას. გავრცელებული ვერსიით, პატარას სიკვდილის მიზეზი შიმშილობა იყო. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ბავშვი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა თავად ჩაიყვანა ბათუმის საავადმყოფოში.

მთელ ქართულ ინტერნეტ-სივრცეს გადაუარა კომენტარების ნიავღვარმა, რომელიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

1. აღშფოთებული რევანშისტები, რომლებიც ბავშვის სიკვდილში დამნაშავეებს ეძებენ. ზოგი მთავრობას კიცხავს, ზოგი სოციალურ აგენტს, რომელმაც შემწეობაზე უარი უთხრა გაჭირვებულ ოჯახს; ზოგი – უგულისყურო მეზობელს, ექიმებს და ა.შ. რომ დროზე არ მიაქციეს ბავშვს ყურადღება და ასეთ საზარელ სიკვდილამდე მიიყვანეს. ერთი სული აქვთ ჩამოახრჩონ, გაძიძგნონ, დაამცირონ…

2. გაწიწმატებული მორალისტები, რომლებიც “თუ ბავშვის რჩენა არ შეგიძლია, რატომ აჩენ” ლოზუნგით გამოდიან. მათი ლოგიკით, ოჯახს თუ შემოსავალი არ აქვს, გამრავლებაზეც არ უნდა იფიქრონ. როგორც გააჩინე, ისე არჩინე – მარტივია ხომ? მერე რა, რომ ეკლესია აბორტებს კრძალავს, ან ადამიანებმა არაფერი იციან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ. მერე რა, რომ ფინანსები და დემოგრაფია ხშირად კავშირში არ არის… შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია.

3. ე.წ. ღვთისმოშიში ნეტარები, რომლებიც ღმერთს პატარა გოგიტას სულის ცხონებას და მისი ოჯახისთვის უფლის შეწევნას ითხოვენ.

რაც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ფაქტია, რომ საზოგადოებას ძალიან უჭირს:

1. იმის გამო, რომ ადვილია მისი “აგდება” და აყოლიება. “შიმშილით გარდაცვლის” ვერსია ისე მოეწონათ მავანებს, რომ წესიერად არც კი წაიკითხეს კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული სტატია. აქ ბავშვის მამა ლევან აბაშიძე მის ხანგრძლივ ავადმყოფობაზე და იმ მიზეზებზე საუბრობდა, თუ რატომ არ ჰქონდა მის ოჯახს სოციალური დახმარება. ამ ინტერვიუდან ძალიან მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბავშვის სიკვდილის მიზეზი მშობლების უპასუხისმგებლო ქმედება იყო. ოჯახი, სადაც (თუნდაც) 200-300 ლარი შემოსავალი, ფქვილი და კარაქია,  მოშიმშილედ არ შეიძლება ჩაითვალოს. ის, რომ 2009 წლიდან დღემდე “უსახსრობის გამო” მშობლები ბავშვების პირად ნომრებს არ იღებენ, სოციალურ აგენტს, უბნის ექიმს, მარშუტკის მძღოლ ნუგზარას და მონა ქალ იზაურას ნამდვილად არ უნდა დავაბრალოთ.

2. იმის გამო, რომ ეკლესია, სამწუხაროდ, მხოლოდ კედლებია და თავის დანიშნულებას არ ასრულებს. ქვრივ-ობლების და ღარიბების დახმარება რომ ხდებოდეს, ამდენი ღატაკი ადამიანი არ იარსებებდა ჩვენს გარშემო. “ქრისტიანობა” სტატუსი უფროა ვიდრე ღირებულება. ანაფორიანი და წვერებიანი მამაოები მორალის კითხვაში არიან მაგრები… ეკლესიის მიერ ორგანიზებული სოციალური პროგრამები ბევრი გახსენდებათ?  მე არა. და ძალაუნებურად ვადარებ ამერიკულ ეკლესიებს. 2011-ში, ამერიკაში ყოფინას მათი სოციალური როლის შესახებ დავწერე კიდეც ჩემს ბლოგზე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველ რიგში ეკლესიის სირცხვილია.

3. იმის გამო, რომ უბანძესი სოციალური დაცვის სისტემა გვაქვს. ქულების მინიჭება, მიზერული დახმარება და ა.შ. მოდი გვერდზე გადავდოთ. რამდენად სრულყოფილი პროცესია, ეს ცალკე საკამათო თემაა. ისევ ამერიკას შევადარებ: სოციალური დაცვა იქ მხოლოდ ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. მილვაუკიში (ვისკონსინის შტატი) ყოფნისას გავეცანი ერთი ოჯახის ისტორიას. ახალგაზრდა მშობლებს 5 წლის ბავშვი ჩამოართვეს იმიტომ, რომ მისი გაზრდისათვის შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ. ცხოვრობდნენ ვაგონში, არ ჰქონდათ შემოსავალი, საკმარისი საკვები, საუბარი აღარაა უკვე სამედიცინო დაზღვევაზე და ა.შ. ბიჭი წაიყვანეს, ოჯახს კი 1 წლიანი ვადა მისცეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილბდნენ, ბავშვს დააბრუნებდნენ. თავის დროზე ეს მეტისმეტ სისასტიკედ მომეჩვენა. ვფიქრობდი, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს მოშორებული თავისი ოჯახისგან. ახლა კი, გოგიტა აბაშიძის შემთხვევის გაგების შემდეგ მივხვდი: ეს სისასტიკე არ არის. ბავშვი უნდა მოშორდეს იმ ოჯახს, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. დარწმუნებული ვარ, დროული მკურნალობის შემთხვევაში გოგიტა აბაშიძე დღეს ცოცხალი იქნებოდა.

არ არის საჭირო წამდაუწუმ მიტინგობანას თამაში, სტატისტიკით მანიპულირება, პროტესტი რაღაცის გამო. ეს საზოგადოების უპასუხისმგებლობის მაჩვენებელია. ბავშვის გარდაცვალება ტრაგედიაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოდი თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. მოდი ვისწავლოთ სამოქალაქო სოლიდარობა, გამოხატული არა სადღერძელოებში, არამედ მუდმივ ქმედებაში. მოდი გავეცნოთ სხვების მაგალითებს, წარმატებული მაგალითებს და შევცალოთ ჩვენი ცხოვრება, სხვების ცხოვრებაც. თუ როგორ კეთდება ეს –  უყურეთ ფილმს: გადაუხადე სხვას. ეს დახმარების, თანაგრძნობის ერთი მოდელია. ასე შეიძლება ერთი ბავშვი  გადარჩეს შიმშილით სიკვდილს. 

 

განიხიბლეთ!


ოროდე დღის წინ უსიამოვნო საუბარი მქონდა. ჩემთვის იყო უსიამოვნო, თორემ მეორე მხარისთვის… არ ვიცი… მოკლედ, ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ჩემი საბანკო ანგარიშით სარგებლობა უნდოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მყოფებისგან “ზე-დამოკიდებულებას ვგრძნობ”. მაგრამ მათი მოლოდინები ვითარების არაადეკვატურია. დიალოგი დიდი მოთმინების ფასად მივიყვანე მშვიდად ბოლომდე, მაგრამ ჩეთაობისასაც და იმის შემდეგაც ძალიან გავბრაზდი: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამერიკაში უდარდელი ცხოვრებაა და დოლარები ხეებზე იზრდება. არ დაიჯეროთ!

ამერიკა მდიდრებისთვისაა სამოთხე, თორემ ღარიბებისა და ემიგრანტებისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭეა. კულტურულ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, ბევრი უცნაური კანონი აქვთ. უმუშევრობა ძალიან მაღალია და ბევრს აკარგვინებს სახლს, ოჯახს, ყველაფერს… ვაშინგტონის თითქმის ყველა ქუჩაში შეხვდები უსახლკაროებს, მეტროს წინ, ხალხმრავალ ადგილებზე რომ მიყუჟულან და მუყაოს ნაგლეჯზე აწერიათ: I am Homeless. Please help with MONEY. God Bless You. (უსახლკარო ვარ. ფულით დამეხმარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ). მაგრამ ქალაქის საქმიანი ნაწილი ნაღდი ფულის ტარებას ჩეკებსა და საკრედიტო ბარათებს არჩევს. საეჭვოა აქვთ თუ არა ერთი დღის საკვებისთვის საკმარისი შემოსავალი უპოვრებს.

რაც შეგვეხება სტუდენტებს: ნუ ელით რომ აქ რომელიმე ჩვენგანი მდიდარია და დოლარებში ბანაობს. სტიპენდიით ვიხდით ბინის ქირას, ტელეფონს, შტატისა და სახელმწიფო გადასახადებს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს გარკვეული თანხა ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. არ დაგავიწყდეთ რომ სახელმძღვანელოებიცაა საყიდელი, წიგნები  კი აქ ფუფუნებაა – ძალიან ძვირი ღირს, ერთ საგანში თუ 50-70$ დახარჯე, უნდა ჩათვალო რომ გაგიმართლა. ზოგიერთი წიგნი 150-200$ ღირს და ასეთი რამდენიმეა შესაძენი. საკვები ძალინ ძვირია, განსაკუთრებით კი ჯანსაღი, რომელსაც აქ ორგანულს ეძახიან და ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი. მგზავრობის საფასურიც ქალაქების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიაქვს. ზოგჯერ ავტობუსისა და მეტროსთვის სხვადასხვა სახის სამგზავრო ბარათებია ასაღები, ასე რომ…ამ პირობებში დანაზოგის გაკეთებაზე საუბარი ხშირად ზედმეტია. თუ ჯერ კიდევ გგონიათ რომ ფულის ზღვაში ვცურავთ, დროა შეხედულებები შეიცვალოთ.

განიხიბლეთ!

ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად 100-ჯერ უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე საქართველოში. თითოეულ დოლარს სისხლის ფასი ადევს. აქ ფულის შესახებ საუბარი მიღებული არ არის და ფულის თხოვნაც შეიძლება ბევრმა შეურაცხყოფად მიიღოს. პირადი ფინანსები ერთ-ერთი სფეროა, რასაც არ განიხილავენ.

გასულ შემოდგომას მე და ჩემი მეგობარი ერთ ამერიკელს ველაპარაკებოდით. სიტყვა სახლებზე და მის ღირებულებაზე ჩამოვარდა. ამერიკელმა თქვა, ჯერ კიდევ ვიხდი გირაოს თანხასო. დაახლოებით 10 წლის კრედიტი ჰქონდა ჯერ კიდევ გასასტუმრებელი. ჩემმა მეგობარმა რაოდენობა ჰკითხა, ის კი გაწითლდა, დაიბნა და არც თუ ისე ტაქტიანი ჩაციების შემდეგ ძლივს ამოღერღა კონკრეტული თანხა. აქ მიღებული არ არის საკუთარი შემოსავლის ყველას დასანახად გამოფენა და უბრალო კითხვებიც კი (თუ საგადასახადო ინსპექტორისგან არ მოდის) დიდ უხერხულობას იწვევს. ეს პოზიცია ჩემთვის გასაგები და მისაღებია.

დებო ძმებო, დეიდებო, მამიდებო, მეზობლებო და განსაკუთრებით – გულშემატკივარო მეგობრის მეგობრებო, რომლებსაც არ გეზარებათ თავხედური თხოვნებით მომართვა!

ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ რომ ამერიკა არ არის ისეთი ბრდღვიალა, როგორსაც ფილმებიდან ხედავთ! ამერიკა მუდმივი ბრძოლის ველია! შეინახეთ თქვენი მოურიდებელი პრეტენზიები და ნუ ითხოვთ მხარდაჭერას იმათგან, ვინც მარტო იბრძვის თავის დასამკვიდრებლად!

ამერიკა-საქართველო: ეკლესიები


ამწუთას დავაფიქსირე რისგან ვისვენებ ამერიკაში:

შავებში ჩაცმული ქალობაგახუნებული ახალგაზრდებისგან

გოგოები, რომლებიც კოჭებამდე თალხ კაბებში არიან გამოწყობილი და მოგონილი (ან შეთვისებული) მწუხარე სახით საუბრობენ ცხოვრების ამაოებასა და საუკუნო ცხოვრებაზე

საქართველო – ქვეყანა, სადაც მარად მგლოვიარე მორწმუნეები ცხოვრობენ.

სადაც რწმენა ტანჯვასა და თვითგვემასთანაა გაიგივებული

სადაც რელიგია კასტებად დაყოფისა, ფუნდამენტალიზმისა და თვითიზოლაციის საფუძველი ხდება

სადაც გადასახადის გადამხდელებზე მეტი აქტიური პირჯვრისმწერელები გვყავს

სადაც მორალზე საზოგადოების ყველაზე ამორალური ნაწილი საუბრობს ხმამაღლა

სადაც ახალ-ახალი ეკლესიები შენდება, მრევლი კი შიმშილობის ზღვარზეა. ღმერთის სახელით მოთმინებას ითხოვენ მდიდრულ მობილურ-მანქანა-დაპატრონებული სასულიერო პირები

საქართველო – თალხი ქვეყანა მარადიული საწუხარით…

აქ “უმცირესობა” – “საძაგელისა” და “უუფლებოს” სინონიმია, გარეგნობას კი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჭეშმარიტ ღირებულებებს

თუ გგონიათ რომ ამერიკელები ქართველებზე ნაკლებად მოწრმუნენი არიან, ან მათზე ცოტა ეკლესიები აქვთ, ძალიან ცდებით. ცემი უნივერსიტეტის გარშემო ერთ პატარა მონაკვეთში 6 თუ 7 ეკლესიაა. სხვა ადგილებში – კიდევ უფრო მეტი. მეზობელ ქალაქში რომ ვიყავი, პატარა მონაკვეთი იმდენი ტაძარი დავინახე, თითები შემომელია მათ თვლაში :))

ზოგი მათგანი ძველია. ზოგი – შედარებით ახალი დაარსებული. მაგრამ ყველას ერთგული მიმდევრები ჰყავს

ზოგი მეტად ტრადიციული, სხვები – თანამედროვე ელემენტებით

ყველა იქ მიდის, სადაც გრძნობს, რომ მისი ადგილია. და ამის გამო ოჯახი, ნაცნობები, მეგობრები არასოდეს გაკიცხავენ

აქ ვხედავ ჯინსებში გამოწყობილ გოგოებს, რომლებიც თავდაუზოგავად სწავლობენ, ყოველ კვირა კი მსახურებებს ესწრებიან. ისინი არავის ახვევენ თავს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს და არც თავს აბეზრებენ მეორედ მოსვლის საშინელი სურათებით

ამერიკაში ეკლესია ძლიერი სოციალური ორგანიზაციაა. აქ შეიძლება ვერ ნახოთ ხატები და ძვირფასი მორთულობები. ამერიკული ეკლესია, იქნება ეს ლუთერანული, მეთოდისტური, პრესბიტერიანული თუ სხვა რამ, რელიგიურ მსახურებასთან ერთად რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს. მღვდელი (minister) შეიძლება ქალიც გახდეს, მიუხედავად კანის ფერისა ან გარეგნობისა.

ამერიკაში ეკლესიები ეხმარებიან:

– სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს

– უსახლკაროებს

– წყვილებს განქორწინების პროცესში. ზოგჯერ აქაური პროცესები ძალიან მწვავე ემოციური და იურიდიული დავების ფონზე მიმდინარეობს. ეკლესიის მრევლის მოხალისე-მედიატორები კი ცდილობენ სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მანამ მოახერხონ მხარეების მორიგება.

– სტუდენტებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილი ჩამოსვლის შემდეგ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. ეკლესიები სთავაზობენ ჯგუფური თერაპიის უფასო სეანსებს, ასევე შეხვედრებს ამერიკელებთან ენის დახვეწისა და ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით. ხშირად აწყობენ ასევე გასართობ ღონისძიებებს – გასულ სემესტრში ადგილობრივ ნაკრძალში სწორედ ერთ-ერთი ეკლესიის ორგანიზებით წავედით ფეხსკურსიაზე.

– სკოლებს, სასწავლო დაწესებულებებს სათამაშო მოედნების მოწესრიგებაში, შენობების კეთილმოწყობაში

ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარი ისაა, რომ ამერიკაში ეკლესიის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი შეიძლება არ ატარებდნენ ანაფორას, არ იზრდიდნენ წვერებს, მაგრამ მზად არიან ნებისმიერ დროს დაეხმარონ ადამიანებს. დადიან ჩვეულებრივი სამოსით, ვერც ვერც კი გამოარჩევ სხვებისგან. ზოგჯერ სამსახურებიც აქვთ, ეკლესია კი ალტრუისტული მისწრაფებების რეალიზაციის გზაა. ეს ხალხი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.

იპოვეთ 10 განსხვავება? მე – კიდევ უფრო მეტი. საეკლესიო მოდელებით კარგად ჩანს ღია და ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემები.
პრობლემას და საწუხარი ის კი არ მგონია, ვის უფრო მეტი ლოთები, პროსტიტუტკები, ხელიდან წასული ქურდები, აღვირახსნილი სადისტები ან შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანები ჰყავს;
არამედ ის, თუ როგორ ცდილობენ მათ მოგვარებას: ჩქმალავენ თუ ღიად საუბრობენ და გადაჭრის გზებს ეძებენ.
ეკლესია დიდი სოციალური კაპიტალია. ამერიკაში ვნახე მისი ეფექტური ფუნქციონირება და მინდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფსევდოღირებულებების ძალადობრივი გავრცელების სანაცვლოდ იგივეს აკეთებდეს.
რას იტყვით? რა გირჩევიათ, დღეში 100 დანთებული სანთელი თუ დაღუპვას გადარჩენილი 1 ადამიანი?

როგორ მოვიპოვოთ “პრეზიდენტის სტიპენდია”


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.
————————————
სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა 2005 წელს, ახლა კი საზღვარგარეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტში სწავლას საქართველოს მოაქალაქეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფინანსებს. ესაა ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდია. წკაპ

KSU. სტუდენტური ცენტრი


სტუდენტური ცენტრი შთამბეჭდავი შენობაა, გარედან დიდი არაფერი, თუმცა შიგნით თითქმის ყველაფერია, რაც სტუდენტს შეიძლება დასჭირდეს – კაფეები, სტუდენტური კლუბები, ბანკი, წიგნების მაღაზია. აქ წიგნების გარდა უნივერსიტეტის სიმბოლოიანი ტანსაცმლის, ჭიქების, სხვადასხვა აქსესუარების შეძენაც შეიძლება. ცენტრალურ შესასვლელში ყველა იმ ქვეყნის დროშაა გამოკიდებული, საიდანაც ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ. წკაპ

რითი ვჯობივართ ქართველები ამერიკელებს


ანბანი:
ამერიკა: ანბანი მხოლოდ 26 ასო-ნიშანით
საქართველო: 33 ასო-ბგერა, 5-ით გადავასწარით ამერიკელებს, თითქმის 20%-ით. 🙂 წკაპ