სამოტივაციო წერილების ნიმუშები


motivationეს-ეს არის გარკვეული ინფორმაციის ძებნისას სამოტივაციო წერილების ნიმუშების ბაზას წავაწყდი. წერილები ეკუთვნით ბრიტანული უნივერსიტეტების აპლიკანტებს, რეალურ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ პროგრამებზე აბარებდნენ გასულ წლებში. ზოგიერთი მათგანის ავტორი წარმატებით ჩაირიცხა სასურველ სასწავლებელში.

ამ ბმულზე ნახავთ სამოტივაციოების ნიმუშებს, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმით შეგიძლიათ მოძებნოთ (სპეციალობა/თემა, უნივერსიტეტი, საერთაშორისო სტუდენტების და ა.შ.).

გაფრთხილება: Continue reading

როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება Facebook-ში


gijmaj Screen Shot 2015-06-10 at 9.29.04 PM copyერთ-ერთ პოპულარულ ფეისბუქის გვერდზე საკუთარ ფოტოს წავაწყდი. Cover-ად ჰქონდათ დაყენებული. მივწერე  რომ ეს ჩემი ფოტო იყო და ავტორი მითითებინათ ან საერთოდ წაეშალათ. ამას არაფერი მოჰყვა. შემდეგ უკვე პირადად მივწერე იგივე თხოვნით. გვერდის ადმინმა პირდაპირ დამცინა, რა სისულელე მოთხოვნააო. ვნახოთ ამ “სისულელეზე” ფეისბუქს როგორი რეაქცია იქნება მეთქი გავიფიქრე და ფოტო დავარეპორტე. შედეგი: სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში ფეისბუქმა ფოტო წაშალა.

ნებისმიერი ფოტო, ვიდეო, აუდიო, ნახატი, ჩანაწერი (ე.წ. note), სტატუსიც კი, თქვენი გაკეთებული და ატვირთული ფაილი, სავაჭრო ნიშანი არის თქვენი ინტელექტურალური საკუთრება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედ © არ აწერია და თავისუფლად დევს ინტერნეტში, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გამოყენების შეზღუდვა, ავტორის მითითება ან სარგებლობისთვის/დარღვევისთვის ფულადი კომპენსაცია. ეს თქვენი კანონიერი უფლებაა. საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. მიუხედავად ამისა, ყველა ქეისის შესახებ მას ვერ დაუკავშირდებით (განსაკუთრებით თუ საქმე პოპულარულ ფოტოებს ეხება, თან დიდი რაოდენობით), და მცირე რამ თავადაც უნდა გააკეთოთ.  Continue reading

საავტორო უფლებათა ასოციაციის საერთო კრება


 gca-banner2015 წლის 9 მაისს ჩატარდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საერთო კრება. ეს ის ღირსშესანიშნავი დღეა, როდესაც ასოციაციის წევრები მოდიან და  ისმენენ წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე მონაწილეობენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორიცაა გამგეობის არჩევა. ასოციაციის გამგეობის არჩევა ხდება 4 წლის ვადით.

ასოციაციის გასული წლის მოანცემებსა და მიღწევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.GCA

ასოციაცია არის ავტორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, კომპოზიტორებისთვის და ა.შ. და იცავს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას. ბლოგერებო, უნამუსოდ რომ გპარავენ პოსტებს და ფოტოებს, მიაკითხეთ ასოციაციას და იქ აღმოგიჩენენ სამართლებრივ დახმარებას.

პლაგიატი როგორ.გე-ზე


ინტერნეტი საჯარო სივრცეა, მაგრამ აქაც მოქმედებს კანონები და ეთიკა. ეს ნიშნავს რომ სანამ ბლოგიდან, საიტიდან წაიღებ საავტორო მასალას, პირველ რიგში ავტორს უნდა ჰკითხო. და აუცილებლად უნდა მიუთითო მისი ვინაობა და წყარო. პლაგიატი ჟურნალისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი და სამარცხვინო დანაშაულია. ასევე ბლოგერისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პროფესიონალიზმზე პრეტენზია აქვს. დასავლეთში პლაგიატი, სულ მცირე, რეპუტაციის შელახვას ნიშნავს. ასევე მოჰყვება მატყუარას სამსახურიდან გათავისუფლება (ასეთი შემთხვევებიც ბევრი ყოფილა) და სხვა ზომები.

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ისევე იცავს ბლოგზე გამოქვეყნებული ორიგინალურ ფოტო, ვიდეო, ტექსტურ თუ სხვა სახის პროდუქციას, როგორც ბეჭდურ თუ ტელე/რადიო მედიაში. კანონის დარღვევა იწვევს საკმაოდ სოლიდურ ფულად ჯარიმას. 

მნიშვნელობა არ აქვს ბლოგიდან უნერბართვოდ და წყაროს მიუთითებლად მთლიან  პოსტს წაიღებ თუ მის ნაწილს, ფაქტი ერთია – ინტელექტუალური საკუთრების უფლება ირღვევა!

გაიცანით კიდევ ერთი პლაგიატი, rogor.ge-ს ავტორი ირაკლი კვერნაძე, რომელსაც თავხედობა ჰყოფნის სხვისი ნაშრომი მიითვისოს და საკუთარი სახელიც მიუთითოს!

სამოტივაციო წერილის შესახებ 2010 წელს ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტიდან დაკოპირებული აქვს პირველი აბზაცი, ხოლო დანარჩენი სხვა ბლოგიდან აქვს გადმოტანილი. ეს სულ ადვილია, ორიოდე დაწკაპუნებით “აკეთებს” სტატიას, სამაგიეროდ ფეხებზე ჰკიდია ჩემი და სხვა ავტორების მიერ ინფორმაციის ძიებასა და დამუშავებაში გატარებული დღეები!

ფაქტი:

2010 წელს გამოქვეყნებული ჩემი პოსტი:

copyright gijmaj

როგორ.გე-ზე დადებული სტატიის სქრინშოტი:

plagiarism

როგორ.გე-ს “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილის” ტექსტის დანარჩენი ნაწილი აღებულია სტაფფგე-ს ბლოგზე 2011 წელს გამოქვეყნებული პოსტიდან.

ეს ოხერი, ბლოგზე რომ შემოდიხარ, ე.ი. კითხვა იცი ხომ? ბლოგის სათაურთან რომ გარკვევით აწერია “ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!” წესით უნდა ხედავდე და კითხულობდე. ასევე უნდა ხედავდე კონტაქტის ფორმას და დაკომენტარების ფუნქციას! ამის შემდეგ რაღა უნდა მოწერას და თხოვნას?

მოკლედ, თუ ვინმემ იცით ამ სამარცხვინო საიტის – როგორ.გე-ს ადმინისტრაციის კოორდინატები (იურიდიული მისამართი), გამაგებინეთ. საიტზეც რომ მიუწერიათ “ყველა უფლება დაცულია” და სხვის უფლებებს არღვევენ, მაინტერესებს როგორ დაიცავენ საკუთარს.

“კვირის პალიტრამ” ჩემი საავტორო უფლებები დაარღვია


ძალიან ძნელია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევის ზუსტი სტატისტიკის დადგენა იმიტომ, რომ ამ მხრივ ქართულ მედიაში უკიდურესად დაბალი კულტურაა. საქმე ეხება როგორც ტექსტური მასალების, ასევე ფოტოების პლაგიატს. რა ადვილია: მოიფიქრებ თემას, დაგუგლავ, ერთი, ორი, სამი და დავალებაც შესრულებულია! მერე რა, რომ ძირითადი სამუშაო ვიღაც სხვამ გასწია, მერე რა რომ სტატიაზე თანდართული სურათი ავტორის ნამუშევარი არ არის. სამაგიეროდ სწრაფად და “ხარისხიანად” ხომ კეთდება საქმე!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ფოტოს, რომელიც 2012 წლის ივნისში გურგენიანის ჩანჩქერთან გადავიღე. ნაკრძალის შესასვლელთან ნიუ ჯერსის ნომრებიანი ვირის ურემის დანახვამ საკმაოდ გამამხიარულა. გადავიღე და თბილისის ფორუმზე ასვლის თემაში დავდე. ამ წლის განმავლობაში ფოტო ისეთი სერჩუალური გამხდარა, რომ “ურემის” ძებნის შემთხვევაში გუგლის პირველივე გვერდზე ხვდება. “პალიტრის” ავტორსაც უნახავს, აუღია და საიტზე აუტვირთავს – ავტორის, წყაროს მითითების გარეშე. რა ჰქვია ამას, თუ არა პლაგიატი?!

Screen shot 2014-01-03 at 5.13.05 PM

პატივცემულო პალიტრა, როდესაც ერთ კანონს აკრიტიკებ, მეორეს თავად არ უნდა არღვევდე! თავისუფალი პრესის პრინციპები პირველ რიგში, პასუხისმგებლობას გულისხმობს. მედია-ჰოლდინგი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით უნდა ხელმძღვანელობდეს, სხვისი მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს რომ ნებისმიერ გამოყენებულ მასალაზე შესაბამისი ნაკადული მიუთითოს. მით უმეტეს რომ ფოტომასალა სოციალურ ქსელშია განთავსებული და ავტორთან დაკავშირება საკმაოდ მარტივად შეიძლება!

– კოლეგებო (ბლოგერებს ვგულისხმობ), თუ გქონიათ მსგავს შემთხვევასთან საქმე? ან თუ იცით ვინმემ ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა შეიძლება დავაკისრო არაკეთილსინდისიერ “კვირის პალიტრას?” როგორ შეიძლება ვასწავლოთ სხვისი საავტორო უფლებების პატივისცემა “მაღალკვალიფიციურ” ჟურნალისტებს და გამომცემლობებს?

პ.ს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საავტორო უფლებების დარღვევაზე ვწერ. ადრე ჩემი ბლოგიდან სტატია წაიღეს უნებართვოდ და წყაროს მიუთითებლად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ბლოგერი გამხდარა პლაგიატის მსხვერპლი.  და არა მხოლოდ ბლოგერი. ნებისმიერ ადამიანი შეიძლება “გაძარცვონ”, რომელიც საკუთარ გადაღებულ ფოტოს ან ნებისმიერ სხვა სახის პროდუქტს აქვეყნებს ინტერნეტ-სივრცეში.  ხომ უნდა იყოს რამე მექანიზმი, ინსტანცია, დაწესებულება, აგენტი, იურისტი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება დაზარალებულებს… გამიზიარეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხს ეხება. იქნებ რაიმე შევცვალოთ.