სწავლა საზღვარგარეთ: ხშირად დასმული კითხვები


საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადებას ვინც იწყებს, პირველივე დღიდანვე უამრავი კითხვა ებადება. ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ საკითხებზე, რასაც ყველაზე ხშირად კითხულობენ: 

  • რა კრიტერიტუმებით ხდება საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა?

ზოგი უნივერსიტეტის ან პროგრამის ოფიციალურ საიტზე მოცემულია მინიმალური მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელსაც აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს შეიძლება იყოს:

  • აკადემიური მოსწრება და მიღწევები
  • ინტერესები კონკრეტული დარგის მიმართულებით
  • მოტივაცია და ხედვა
  • არააკადემიური აქტივოებები (როგორიცაა, მაგალითად, სხვადახვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სემინარები და კონფერენციები, ორგანიზაციების წევრობა, ჯილდოები, ლიდერობის მაგალითები და ა.შ.).
  • სამუშაო გამოცდილება
  • სტუდენტის პოტენციალი და ა.შ.

ჩარიცხვა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ფაქტორებზეც, როგორიცაა სხვა კანდიდატების მონაცემები და მიღწევები, აპლიკაციების საერთო რაოდენობა და ა.შ. ხშირად 15-20 ადგილზე მისაღებად 1000-ზე მეტი განაცხადი შედის, ამიტომ მისი ყველა კომპონენტისთვის დიდი ყურადღების დათმობაა საჭირო. 

  • რომელი ტესტები ჩავაბარო?

ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის აუცილებელია TOEFL ან IELTS (აკადემიური) ჩაბარება, თუ უნივერსიტეტის მიერ სხვა ტესტიც არ არის განსაზღვრული.

 

  • TOEFL ჩავაბარო თუ IELTS? რა განსხვავებაა მათ შორის?

დეტალური პასუხისთვის წაიკითხეთ ეს პოსტი და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

  • IELTS/TOEFL-ის ქულა მაქვს X და მიმიღებენ?

უნივერსიტეტში ჩასარიცხად მხოლოდ ტესტის ქულა არ არის საკმარისი. მიმღები კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ კომპლექსურად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. სტუდენტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ კონკრეტული უნივერსიტეტის/პროგრამის ენის ტესტის მინიმალურ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენციას ვერ გაუძლებს. თუმცა, ზოგჯერ არის გამონაკლისი შემთხვევები:

  • ზოგი უნივერსიტეტი კანდიდატებს სთავაზობს შიდა ენის ტესტის ჩაბარებას, რომლის შედეგების გამოყენება შეგეძლებათ მხოლოდ იმ კონკრეტული უნივერსიტეტისთვის.
  • ტესტის დაბალი ქულის შემთხვევაში, შესაძლოა უნივერსიტეტმა მოგცეთ გარკვეული ვადა მის გადასაბარებლად.
  • ასევე შესაძლებელია, რომ დაბალი ქულის შემთხვევაში უნივერსიტეტმა/პროგრამამ შემოგთავაზოთ რამდენიმეკვირიაი ინგლისურის კურსის გავლა საკუთარ ბაზაზე, სწავლის დაწყებამდე.

თითოეული ეს შესაძლებლობა გადაამოწმეთ ოფიციალურ ვებსაიტებზე და/ან უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელთან.

 

  • ჩემს TOEFL/IELTS ვადა გაუვიდა და თავიდან მომიწევს აღება?

დიახ, ტესტი თავიდან უნდა ჩააბაროთ. უნივერსიტეტები არ იღებენ ვადაგასულ შედეგებს.

  • შეიძლება თუ არა TOEFL/IELTS-ის ჩაბარების გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრა?

ეს შესაძლებელია რიგ შემთხვევებში:

– თუ დამთავრებული გაქვთ ინგლისურ ენაზე უნივერსიტეტი ან სკოლა და შეგიძლიათ ამის დოკუმენტურად დადასტურება;

– თუ ჩაბარებული გაქვთ უნივერსიტეტის მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო ტესტი, მაგალითად: PTE, FCE ან სხვა რამ. ეს დეტალი აუცილებლად მითითებული იქნება უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

– თუ ჩააბარებთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ენის ტესტს. მაგალითად, ტალინის უნივერსიტეტი საქართველოში ყოველწლიურად აწყობდა ინგლისური ენის ტესტს, რომლის ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტები თავისუფლდებოდნენ TOEFL/IELTS- ის გაგზავნის ვალდებულებისგან. ეს შესაძლებლობაც აუცილებლად მოცემული იქნება უნივერსიტეტის/პროგრამის ოფიციალურ ვებსაიტზე.

  • ცუდი ნიშნები მყავს და მიმიღებენ?

რთული სათქმელია.  ნიშნები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ზოგადად, უნივერსიტეტს და პროგრამას გააჩნია. ზოგიერთ მათგანს აქვს მინიმალური მოთხოვნები (მაგალითად, GPA 3.0 და ზემოთ). თუ ამას ვერ აკმაყოფილებთ და მაინც ძალიან გსურთ კონკურსში მონაწილეობა, ძალიან კარგად უნდა ახსნათ, თუ რატომ ღირს თქვენი მიღება და გამოკვეთოთ რა გაქვთ ცუდი ქულების საპირწონედ.

  • ყველა უნივერსიტეტი ერთ ქულას ითხოვს?

– უნივერსიტეტებს და პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ მინიმალური ქულის სხვადასხვა მოთხოვნა, ეს აუცილებლად იქნება მოცემული მათ ოფიციალურ ვებსაიტზე. რაც უფრო მაღალია თქვენი აკადემიური მიღწევები, მეტად კონკურენტუნარიანი იქნებით.

  • ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი?

რეკომენდაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

  • რა პროცედურების გავლაა საჭირო ევროპული უნივერსიტეტის ბაკალავრიატში ჩასარიცხად?

ზოგადი მოთხოვნების, საბუთების ჩამონათვალის შესახებ იხილეთ ეს პოსტი. (სწავლა საზღვარგარეთ – როგორ დავიწყოთ). შესაძლებელია კონკრეტულ ქვეყანას ან უნივერსიტეტს ჰქონდეს განსხვავებული მოთხოვნები (საბუთების აპოსტილით დამოწმება, სკოლის ნიშნების გაგზავნა, დამატებითი გამოცდის ჩაბარება და ა.შ.). საბუთების მომზადება დაიწყეთ ოფიციალურ ვებსაიტზე მოცემული სიის შესაბამისად.

  • შეიძლება თუ არა ქართული დიპლომით უცხოეთის უნივერსიტეტში ჩაბარება?

– რა თქმა უნდა შეიძლება. ზოგი ქვეყანა/უნივერსიტეტი მოითხოვს დიპლომის აღიარებას და თავისივე ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული ამისათვის საჭირო პროცედურები და ვადები.

  • შესაძლებელია თუ არა, რომ საზღვარგარეთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი სამუშაოდ დავრჩე?

 დიახ, შესაძლებელია. ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია და პროცედურები გააჩნია, ამიტომ გაეცანით იმ ქვეყნის კანონებს, სადაც სწავლობთ ან სწავლას აპირებთ.

  • ბაკალავრიატი დამთავრებული მაქვს X მიმართულებით, სურვილი მაქვს სწავლა გავაგრძელო Y სპეციალობაზე. როგორია ჩემი ჩაირცხვის შანსები?

 გააჩნია სპეციალობებს და უნივერსიტეტის პოლიტიკას. ზოგი უნივერსიტეტი, კარგი დასაბუთების და/ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების შემთხვევაში უფლებას მოგცემთ ჩააბაროთ სასურველ სპეციალობაზე. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ძალიან განსხვავებული პროფესიები. უმეტესობა მაინც უპირატესობას ანიჭებს ერთი და იმავე დარგში სწავლის გაგრძელებას, ითხოვს ამ მიმართულებით გავლილი საგნების გარკვეულ საათებს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით უნივერსიტეტს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე და ჰკითხეთ, რამდენად შესაძლებელია მათთან ამის გაკეთება. სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში ძალიან კარგი არგუმენტაციაა საჭირო.

  • როგორ ავირჩიო უნივერსიტეტი?

პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ რა გსურთ – რა კონკრეტული სპეციალობა, სად. როგორ გარემოში სწავლა, რომელ ქვეყანაში, როგორ უნივერსიტეტში. პრიორიტეტების განსაზღვრასთან ერთად გაეცანით ამ ინფორმაციასაც: როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი.

  •  ჯერ საქართველოში უნდა ჩავაბარო მაგისტრატურაში და შემდეგ უნდა მივიღო მონაწილეობა უცხოურ პროგრამებში?

– შეგიძლიათ ჯერ საქართველოში ჩააბაროთ მაგისტრატურაში და შემდეგ გაცვლითი სემესტრით გაემგზავროთ რომელიმე უნივერსიტეტში. ამ პროგრამებისა და პარტნიორების ჩამონათვალი მოცემული იქნება თქვენი უნივერსიტეტის ვებსაიტზე. შემდეგ დაბრუნდებით და სწავლას დაამთავრებთ საქართველოში.

– ასევე შეგიძლიათ პირდაპირ უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბაროთ სასურველ სპეციალობაზე, შერჩეულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მიიღებთ უცხოურ დიპლომს.

  • მინდა, მაგისტრატურა გავიარო უცხოეთში. შემიძლია თუ არა დაფინანსების მიღება რომელიმე ქვეყანაში სწავლისთვის?

 საერთაშორისო სტუდენტებისთვის არსებობს ბევრი სტიპენდია, რომელიც სწავლას და ცხოვრებას აფინანსებს ნაწილობრივ ან მთლიანად. ამისათვის უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს და გაიაროთ კონკურსის რამდენიმე ეტაპი.

 

  • X   წლის ვარ და მაგისტრატურაზე ჩაბარება დაგვიანებულია? (განსაკუთრებით 25+ ადამიანები კითხულობენ ამას).

გამონაკლისების გარდა, უნივერსიტეტებს არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა, ასე რომ შეგიძლიათ თამამად გაგზავნოთ განაცხადები. სწავლა არასოდესაა გვიან.

  • რას ნიშნავს უპირობო ჩარიცხვა?

 უპირობო ჩარიცხვა ნიშნავს, რომ თქვენ მთლიანად აკმაყოფილებთ უნივერსიტეტის მოთხოვნებს და მიგიღეს. თუ რომელიმე კომპონენტში სუსტია აპლიკაცია, მაგრამ უნივერსიტეტს მაინც აინტერესებს კანდიდატი, ამ შემთხვევაში ხდება “პირობითი ჩარიცხვის” (conditional offer) საბუთის გამოშვება. კანდიდატს მოეთხოვება ამ ხარვეზის აღმოფხვრა (მაგალითად, ენის ტესტის ჩაბარება უფრო მაღალ ქულაზე, სარეკომენდაციო წერილის გაგზავნა და ა.შ.).



Advertisements

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია საზღვარგარეთ სწავლისათვის


განათლების საერთაშორისო ცენტრი სამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც გასცემს საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საზღვარგარეთ სასწავლებლად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და რიგი სხვა სტიპენდიების ადმინისტრირებას.

მაგისტრატურის დაფინანსებისათვის საბუთების შეტანა შეუძლია 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. ცენტრის მთავარი მოთხოვნაა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი დაბრუნდეს საქართველოში და აქ იმუშაოს შესაბამის ორგანიზაციაში 3 წლის განმავლობაში. ასე რომ თუ ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავთ, სჯობია მას არ მიმართოთ.

სააპლიკაციო პროცესი მოიცავს 3 ეტაპს:

  • საბუთების ატვირთვა ონლაინ. ცენტრის წარმომადგენლები ამოწმებენ მათ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (მაგალითად, თუ რომელიმე დოკუმენტი აკლია), ცენტრის წარმომადგენელი გიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას ან გირეკავთ და გთხოვთ დადგენილ ვადაში მის გამოსწორებას.
  • მეორე ეტაპზე ხდება საბუთების შინაარსობრივი შეფასება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. დადგენილია გამსვლელი ქულა მიმართულებების მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს: განათლება, გამოცდილება, მოტივაცია, სამომავლო გეგმები და განაცხადის საერთო სიძლიერე.
  • მესამე ეტაპზე ხდება გასაუბრება სტიპენდიის კანდიდატებთან. ამ შემთხვევაში კანდიდატი გადის კომისიის წინაშე, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კითხვებს უსვამს და აფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: განათლება და გამოცდილება; მოტივაცია და არგუმენტაცია; პრეზენტაბელურობა; სამომავლო გეგმები; სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა.
Continue reading

რა უნდა ვიცოდეთ სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ


room-cool-student-residence-703a829fe869a06d919e3c944d32ef2dუნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ საერთაშორისო სტუდენტის წინაშე ახალი გამოწვევები დგება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კითხვა: სად უნდა ვიცხოვრო? როდის მოვძებნო? როგორ შევარჩიო?

რა არჩევანი აქვს უცხო ქვეყანაში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტს?

საცხოვრებლის ძირითადი ტიპები:

  • სტუდენტური საცხოვრებელი – თითქმის ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ბინის დაქირავება სასწავლო წლის განმავლობაში. ეს არის ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილი, რომელიც ბევრ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.
  • კერძო საცხოვრებელი კომპლექსები – კერძო პირს/ორგანიზაციას (და არა უნივერსიტეტს) ეკუთვნის და სტუდენტებისთვის არის გამოყოფილი. შეიძლება ეს უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე საუნივერსიტეტო დასახლება, თუმცა ამავე დროს უფრო ძვირიც.
  • ოთახი კერძო სახლში – ზოგჯერ კერძო მესაკუთრეები ერთ (ან რამდენიმე ოთახს) აქირავებენ სტუდენტებზე. ამ შემთხვევაში სტუდენტს გააჩნია პირადი სივრცე, საკუთარი ოთახი, თუმცა შეიძლება აბაზანა, სამზარეულო და სამრეცხაო საერთო ჰქონდეს სახლის სხვა ბინადრებთან.
  • საზიარო სახლი – კერძო სახლის დაქირავება რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად. ეს ნიშნავს გაზიარებულ საცხოვრებელ სივრცეს (პირადი ოთახის გარდა), ასევე საზიარო პასუხისმგებლობებს, დასუფთავების დღეებს, ქირას და კომუნალურ გადასახადებს.
  • ბინა –  ყველაფრით დამოუკიდებელი საცხოვრებელი, სადაც საძინებელი, აბაზანა, სამზარეულო, სამრეცხაო და ნებისმიერი მისი სათავსო პირადად სტუდენტს ეკუთვნის. მეორე მხრივ, მარტო ცხოვრება უფრო ძვირი ფუფუნებაა და მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული.

Continue reading

სწავლა საზღვარგარეთ – გამგზავრებისწინა სამზადისი


Scholarshipძალიან მალე კიდევ მივდივარ სტიპენდიით საზღვარგარეთ სასწავლებლად და გამგზავრებისწინა სამზადისს რამდენიმე პოსტს მივუძღვნი. დავწერ, რისი გათვალისწინებაა რეკომენდირებული, როგორ მოემზადოთ, რა წაიღოთ და ა.შ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ეფექტურად მოემზადოთ ახალ ქვეყანაში გადასაბარგებლად.

სტიპენდიები მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • საცხოვრებელი
  • სწავლის გადასახადი
  • სტუდენტის დაზღვევა
  • ორმხრივი  ბილეთი
  • სასწავლო ვიზა

რა ხდება, როდესაც ყველა ეტაპს გაივლით და დაფინანსებას დაგიმტკიცებენ? Continue reading

IELTS გამოცდა


IELTS გამოცდის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. გამოცდისთვის რეგისტრაცია ხდება მათი ვებსაიტიდან. გამოცდის თარიღები განსაზღვრულია მთელი წლისთვის და მხოლოდ იმ კონრეტულ დღეებში შეიძლება გასვლა. რეკომენდირებულია გამოცდაზე რეგისტრაცია სასურველ თარიღამდე 5 კვირით ადრე. რაც უფრო უახლოვდება გამოცდის თარიღს, უფრო მცირდება ადგილების რაოდენობა.

IELTS გამოცდა ტარდება მხოლოდ თბილისში. თუ რეგიონში ცხოვრობთ, მოგიწევთ ჩამოსვლა. მგზავრობის ხარჯები იქნება თქვენი გადასახდელი. ერთადერთი შეღავათი, რასაც ბრიტანეთის საბჭო აკეთებს რეგიონში მცხოვრებლებისთვის, არის საუბრის სექციის იმავე დღეს დანიშვნა.  Continue reading

GRE საგამოცდო ცენტრები საქართველოში


არსებობს Paper-based და Computer-based GRE.

Paper-based GRE ტესტის ჩაბარება შეიძლება ყოველთვის, როცა ამისი შეთავაზება არსებობს. თბილისში paper-based GRE-ის საგამოცდო ცენტრია Tbilisi, Accels-Georgia, 10466.

Computer-based test-ის ჩაბარება მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ტესტის შედეგები ცნობილი ხდება ტესტირებიდან დაახლოებით 10-15 დღეში ჩაბარებიდან. ტესტის ჩაბარება შესაძლებელია 21 დღეში ერთხელ, 12-თვიან პერიოდში (365 დღე) მხოლოდ 5-ჯერ. ეს იმ შემთხვევაშიც ვრცელდება, თუ განმცხადებელი გააუქმებს მიღებული ტესტის შედეგებს.

Computer-based test-ის ცენტრს თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

TBILISI, GEORGIA–APCU-8958
American Councils for International Education
35a Chavchavadze Avenue
TBILISI Georgia

8958: TBILISI, GEORGIA
American Councils for International Education
35a Chavchavadze Avenue
TBILISI, GEO 0179
Phone 99532292106
მონაცემები აღებულია GRE-ის ოფიციალური ვებსაიტიდან.