რომელი საიტებიდან გამოვწეროთ სალაშქრო აღჭურვილობა


გარდა საყოველთაოდ ცნობილი ონლაინ მაღაზიებისა (ამაზონი და იბეი), სადაც ნებისმიერი ასაკისა და მოთხოვნილების ადამიანს შეუძლია სასურველი ნივთის შეძენა, არსებობს სპეციალური საიტები ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულებისათვის. ამ პოსტში გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს – ძირითადად ამერიკულ საიტებს, საიდანაც შეგიძლიათ ხარისხიანი ბრენდების გამოწერა.

 Sierra Trading Post – კარვები, ზურგჩანთები, საძილე ტომრები – ყველაფერი, რაც შეიძლება მოგზაურს გამოადგეს. დროდადრო რეგისტრირებული წევრები ფასდაკლების კოდებსად იღებენ და შეუძლიათ დამატებით თანხების დაზოგვა.

CampSaver – სალაშქრო და ტურისტული აღჭურვილობის ფართო არჩევანია. პერიოდული პრომო აქციებით შესაძლებელია მიიღოთ კონკრეტულ ნივთებზე ფასდაკლება.  Continue reading

რა უნდა ვიცოდეთ power bank-ის შესახებ


Power Bank განკუთვნილია ტელეფონისთვის, პლანშეტური კომპიუტერისთვის და ნებისმიერი სხვა მოწყობილობისთვის, რომელიც USB დამტენით იტენება. ეს არის პატარა ნივთი, დამატებითი ენერგიის წყარო, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში გადაგარჩენთ. Power Bank-ის მფლობელი წამდაუწუმ არ ეძებს დენცქვიტას (შტეფცელს) და მინიმუმ მთელი დღის განმავლობაში მშვიდადაა – იცის, რომ მისი ტელეფონი უდროო დროს არ გაითიშება. Power Bank სასარგებლოა მათთვის

– ვინც ბევრს მოგზაურობს, განსაკუთრებით ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილებში.

– ვინც ხშირად გადაადგილდება და ტელეფონის შეერთების დრო და საშუალება ყოველთვის არ აქვს;

– ვისაც ხშირად ავიწყდება ტელეფონის დატენვა;

– ვინც ტელეფონზე ბევრს მუშაობს, თამაშობს და სწრაფად მოიხმარს ენერგიას. დამეთანხმებით, რომ საქმის კეთების პროცესში ტელეფონის/ პლანშეტის გათიშვა კატასტროფის ტოლფასია.

რაც არ უნდა ძლიერი ელემენტი ჰქონდეს თანამედროვე ტელეფონს, მაინც მაღალია მის მიერ ენერგიის მოხმარება. მუდმივად ინტერნეტში ძრომიალი, ფოტოების გადაღება, მესიჯების წერა, ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა – ეს ყველაფერი, ცალცალკე ან ერთად აღებული განაპირობებს ტელეფონის ბატარიის სწრაფად დაცლას.

Power Bank-ის საშუალებით ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

Power Bank-ის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

– 50.000-100.000 mAh power bank-ები არ არსებობს. ეს რიცხვები არის სარეკლამოდ. ძალიან ბევრი მიმოხილვა, რაც წავიკითხე, უკმაყოფილო მომხმარებლების მიერ იყო გაკეთებული. ისინი ჩიოდნენ რომ გამყიდველის მიერ ამ მონაცემებით დადებული პროდუქტი რეალურად მხოლოდ 2-3 დატენვას ჰყოფნის, მეტს არა. Power bank-ისთვის ყველაზე რეალური მოცულობა არის 10-12.000 mAh, რომელიც ტელეფონის 2-4 სრულ დატენვისთვის უნდა იყოს საკმარისი (დამოკიდებულია ტელეფონის მოდელსა და მისი ელემენტის მოცულობაზე). ისინი ენერგიას იღებენ დენიდან, აგროვებენ და შემდეგ ექსტრემალურ სიტუაციაში გეხმარებიან. 10-12 mAh-ის შევსებას დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება. კონრეტული დრო, როგორც წესი, მითითებულია კონკრეტული მოდელის აღწერაში.

– ზოგიერთ Power Bank-ს არ მოყვება USB კაბელი, რომლითაც იტენება თვითონვე და რომლის საშუალებითაც უნდა დატენოს სხვა მოწყობილობა (ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.). შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის მახასიათებლები და მისი მომყოლი აქსესუარები. ზოგს უწერია რომ უსბ კაბელი არ აქვს. თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ შეიძინეთ უსბ-ს გარეშე.

– LIfe Cycle ანუ რამდენჯერ შეიძლება მისი გამოყენება. კარგი power bank-ების მწარმოებლები და/ან გამყიდველები წერენ ხოლმე ამ ინფორმაციას. რაც უფრო მეტია ეს რიცხვი, მით უკეთესი. შეიძინეთ ის, რომელიც 500 ან მეტჯერ შეიძლება გამოიყენოთ.

– წონა და ფორმა. ფორმა უფრო გემოვნების საკითხია – მრგვალი მოგწონთ, ოვალი თუ ოთხკუთხედი თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ წონას კი უნდა მიაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით მაშინ თუ ხშირად გიწევთ მოგზაურობა და ყველა გრამი მნიშვნელოვანია. რაც უფრო პატარაა, მით უკეთესი.

– მზის თუ დენის? მზის დამტებნი არ გამომიცდია, ამიტომ რამდენად ხარისხიანია ვერ ვიტყვი. მე მაქვს დენის დამტენი, რომელიც არის 12.000 mAh, დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება სრულად შესავსებად და ჩემს ტელეფონს 3-4 სრული დატენვისთვის ჰყოფნის.

– რომელს ვენდო? უსახელო power bank-ის ყიდვას არ გირჩევთ, სარისკოა – შეიძლება რამდენიმე გამოყენების შემდეგ გაფუჭდეს და უსარგებლო გახდეს. სჯობია შეიძინოთ ის, რომელსაც მომხმარებლის ბევრი დადებითი კომენტარი აქვს. შეიძლება 100%-იანი კმაყოფილება არ იყოს… ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგრამ 80-90%-იანი პოზიტიური  შეფასება უკვე კარგია. ასევე ყურადღება მიაქციეთ მომხმარებელების საერთო რაოდენობას – სასურველია რამდენიმე ათეული მაინც იყოს, მეტი თუ თუ არა.

– დამატებითი ფუნქციები, როგორიც არის მაგალითად განათება. ზოგიერთ power bank-ს აქვს პატარა ნათურა, რომელიც ფანარის ფუნქციას ასრულებს. ეს არ არის ძლიერი შუქი, მაგრამ საკმაოდ გარჩევადია. გაჭირვების დროს გამოიყენებს კაცი.

– ეკრანი %-ების ინდიკატორით, რომელიც აჩვენებს რამდენად სავსეა power bank. ასე დროულად შეძლებთ მის ხელახლა დატენვას და მომზადებას მორიგი მოგზაურობისათვის.

– დასატენი output შესაერთებლები – ზოგიერთ power bank-ს აქვს მხოლოდ 1, ზოგს 2, სადაც შეიძლება შესაბამისად, 1 ან 2 მოწყობილობის (ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.) შეერთება.

– დამატებითი დაცვა – როდესაც მოწყობილობა სრულად დაიტენება, რომ ავტომატურად შეწყდეს დატენვა და ტელეფონის ელემენტი არ დაზიანდეს. ასევე დაცვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან და ა.შ.

– დამატებითი აქსესუარები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის შესაერთებლიანი თავები, რომლებიც სხვადასხვა ტელეფონებს მოერგება (მაგალითად iPhone, Nokia, Samsung, HTC ტელეფონებისთვის), რომლებსაც სხვადასხვაგვარი შესაერთებლები აქვთ. ასევე ზოგიერთ დამტენს შეიძლება მოყვეს ჩასადები, სამაგრი ან ბრელოკზე ჩამოსაკიდი, რაც უფრო მოხერხებულს გახდის მის ტარებას.

და ბოლოს – თანხის დაზოგვა power bank-ზე არ ღირს. სჯობია ცოტა მეტი გადაიხადოთ და მიიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, ვიდრე იაფად შეიძინოთ და რამდენიმე გამოყენების შემდეგ გაფუჭდეს.

წარმატებას გისურვებთ.

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთა


 ზურგჩანთის შეძენა სალაშქრო სამზადისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მის გარეშე შეუძლებელია სამოგზაუროდ წასვლა. ზურგჩანთა ერთგვარი მოძრავი სახლია, სადაც ინახავთ ყველა აუცილებელ ნივთს. მაგრამ არ ჰგავს ჩვეულებრივ სახლს – სადაც შეიძლება ყველაფერი განურჩევლად ჩაყაროთ – დაწყებული დეკორატიული ნივთებიდან, დამთავრებული ტექნიკითა და ფუფუნების საგნებით. ზურგჩანთის ტარება საკუთარი ზურგით გიწევთ (არ გქონდეთ იმის იმედი რომ ვინმე გიტარებთ, განსაკუთრებით მრავალდღიან გასვლებში). ამიტომ მისი ზომა, წონა და ფორმა პირად შესაძლებლობებს უნდა შეუსაბამოთ. სალაშქრო ზურგჩანთა არ არის გასაპრანჭი ნივთი. იგი უნდა იყოს ტევადი, მორგებული და მოხერხებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია სიმსუბუქეც – ტარებისას ხომ ნივთების წონას მისი საკუთარიც დაემატება. ყველა დამატებითი საგანი მას ამძიმებს და ტარებას ართულებს. ზურგჩანთით სიარულმა შეიძლება მოგიწიოთ არა მხოლოდ ასფალტზე, არამედ სხვადასხვა სირთულის გზებზე, მთებში, მიუვალ ადგილებში. ასე რომ ყოველი გრამი მნიშნვნელოვანია და ზურგჩანთის სწორად შერჩევა და ჩალაგებაც დიიიიიიიიდი ხელოვნებაა.  🙂  Continue reading

ზამთრის ლაშქრობა კახისის ტბაზე


სიგიჟეა, მართლა დიდი სიგიჟეა შუა ზამთარში თოვლში უცნობ ადგილას გაბოდიალება. მით უმეტეს, თუ ეს ადგილი ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს (ბორჯომის მუნიციპალიტეტში).

ბილიკები იწყება სოფლიდან.

გზის დასაწყისი

მიდის, სიმაღლეებს ეფინება და საბაგიროს გაუქმებულ გზას მისდევს. ალაგ-ალაგ გამოკიდებულია საბაგიროს სკამები, რომლებსაც ალბათ ტურისტები დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდა.

საბაგირო

საბაგიროები ცისკენ მიემართებიან

მოკლე გზით, ბილიკებით სავალი დაახლოებით 4,5-5 კილომეტრია. ნელ-ნელა მაღლა მიიწევ და თვალწინ ულამაზესი ხედი იშლება.

დეკემბერში რა ლაშქრობა აგიტყდაო, მკითხა ერთიორმა, მაგრამ გული თუ გულობს, კახისის ტბაზე ბობღვითაც ახვალ :)) არად ჩააგდებ გზის სირთულეს, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, თოვლს, რომელზეც ფეხი სრიალებს და ზამთრის სუსხს…

მიდიხარ დათოვლილ გზაზე, თბილღუმელიანი სოფელი უკან რჩება, სავალი რთულდება, მაღლა-მაღლა ადიხარ და ხვდები, რომ თითოეული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გიჭირდა, ყველა დაბრკოლების გადალახვა ღირდა!!! Continue reading

ქოზიფას მონასტრის ნახვა მინდა


ვიცი რომ ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით შემოდგომით. მაგრამ შემოდგომას ვერ დაველოდები, უახლოეს კვირებში მინდა ვნახო.

ინტერნეტში რამდენიმე ღირებული რესურსი ვიპოვე მონასტრის შესახებ:

ძეგლები.გე-ს სტატია, რომელიც ისტორიულ-არქიტექტურულ მონაცემებს შეიცავს;

ასევე, კარავი.გე-ს თემა, სადაც ძალიან ლამაზ ფოტოკოლჟს და აღწერას წააწყდებით. ფაქტიურად ამ უკანასკნელმა გადამაწყვეტინა ქოზიფაში სტუმრობა.

გზის ამბები მაქვს გასარკვევი – როგორი გზაა, რა მიდის, რამდენი ხანი დასჭირდება. რამდენად ახლოს მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი?… ფეხით სავალი რამდენი იქნება?

ასევე – ახლომახლო რისი ნახვა შეიძლება 1 დღიანი ან 2 დღიანი გასვლისთვის.

სად სჯობია დაბანაკება?

ვინმე თუ ხართ ნამყოფი იქნებ მისასვლელი რუკა დაგეხატათ. 🙂

ეს ჯერჯერობით კარავი.გე-დან “ნათხოვარი” ფოტოები, ახლებს ჩასვლის შემდეგ დავდებ:

ფოტო განწყობისათვის


უუუგემრიელესი ფოტოა. შარშან შემოდგომას გადავიღე ჭერემში.

ჭერემი ისეთი ადგილია, რომელსაც ერთი პოსტი არ ეყოფა. ვახტან გორგასლის რეზიდენცია, უძველესი ეკლესიები, ისტორიული ადგილები და, ამავე დროს, მოსახლეობა დენისა და კომუნიკაციების გარეშე (იმედია მალე ეშველებათ). ყველა მობილური ოპერატორი ყველა ადგილას ვერ იჭერს. უნდა მიაგნო იმ კუთხეს, საიდანაც დარეკვა ან დამესიჯება, ან ორივეს ერთად გაკეთება შეიძლება.

ჭერემი ცენტრალური გზიდან 18 კილომეტრით დაშორებული სოფელია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ 18-დან 12 მაინც ფეხით გავიარეთ იმ დღეს, დანარჩენი ნაწილი – მანქანით. უფრო სწორად ჯერ მანქანით და მერე ფეხით. მერე სოფელში შევედით, შემდეგ სოფელსაც გავცდით, ტყეში ვიარეთ რომ ვახტანგის ნამოსახლარისთვის მიგვეგნო… ეს ცალკე თავგადასავალია… 🙂 და შუაღამისას, დაქანცულებმა, თითქოს სპეციალურად ჩვენთვის გამზადებული შეშა და საბანაკე ადგილი რომ ვიპოვეთ, მსოფლიოში ყველაზე გემრიელად შემწვარი კარტოფილი გეახელით. 🙂

ღამეა, ცეცხლი ქრება, ჩვენ კი კარვამდე მისვლის თავი აღარ გვაქვს… 🙂

cheremi