გასაუბრება სტიპენდიისთვის/უნივერსიტეტში ჩასარიცხად


applicaiton-interviewგასაუბრება სასტიპენდიო პროგრამებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ხშირად ეს არის გადამწყვეტი ეტაპი – ხდება კანდიდატების შერჩევა და გაცხრილვა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მისთვის კარგად მოემზადოთ.

თქვენი მიზანი გასაუბრებისას არის საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება არის დიალოგი (და არა მშრალი კითხვა-პასუხის სესია) და აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული რას ეტყვით და რით დაამახსოვრებთ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ თავს, იცის მისი მისწრაფებები, მიზნები და ეს უნდა გასაგებად აუხსნას დიალოგის მეორე მონაწილეს. მხოლოდ თქვენ წყვეტავთ, საკუთარი პირადი თუ პროფესიული ცხოვრების რა დეტალები და რა ფორმით მოყვეთ, როგორი ემოციები და ასოციაციები გამოიწვიოთ მსმენელში.

ზოგიერთი რჩევა:

  • ისაუბრეთ თავდაჯერებულად. თავდაჯერება საქმის ნახევარს აკეთებს 🙂 ასევე გამსაუბრებელს მიანიშნებს იმაზე, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ არჩევანში, კარგად იცნობთ სფეროს და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები გამოძრავებთ.
  • საუბრის მანერა – ეცადეთ ისაუბროთ მშვიდად, ზომიერი ტემბრით. ეცადეთ დაფაროთ საკუთარი მღელვარება. კონცენტრაცია მოახდინეთ საუბრის შინაარსზე, ეფექტურ პრეზენტაციაზე და არა საკუთარ ემოციებზე – ეს ის შემთხვევაა, როცა ეგოიზმი უნდა დაივიწყოთ. 🙂 მოერიდეთ დიდ პაუზებს. თუ კითხვა ვერ გაიგეთ, აუცილებლად ჰკითხეთ, დააზუსტებინეთ.
  • წინასწარ მოემზადეთ გასაუბრებისათვის. ეს ნიშნავს, რომ დეტალურად შეისწავლოთ პროგრამა, უნივერსიტეტი, სასწავლო გარემო და საგნები, შეძლებისდაგვარად გაეცნოთ გამსაუბრებლის შესახებ ინფორმაციას (აბა რისთვის არსებობს საძიებო სისტემები და სოციალური ქსელები 😉 ); ასევე გააანალიზოთ საკუთარი მისწრაფებები, მიზნები, გეგმები. დაალაგოთ სათქმელი და მოემზადოთ მხოლოდ სიმართლის სასაუბროდ. გასაუბრებაზე ტყუილის თქმა არ ღირს. გაწაფული დეიდები და ბიძიები მაინც გამოგიჭერენ და ასეთ შემთხვევაში სამუდამოდ დაემშვიდობებით იმ პროგრამაში/უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობას. სხვა საქმეა ფაქტების ეფექტურად შეფუთვა და წარმოჩენა 🙂
  • ლექსიკა – დაბალანსებული, მოერიდეთ ძალიან პროფესიული ტერმინების, აბრევიატურების გამოყენებას. შეიძლება გასაუბრებას ატარებდეს ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სფეროსთან შეხება არ აქვს და მხოლოდ კანდიდატის მზაობას ამოწმებს კონკრეტული პროგრამისთვის/უნივერსიტეტისთვის.
  • კითხვები – ინერვიუმდე მოამზადეთ კითხვები. ამით მათ დაანახებთ, რომ დაინტერესებული ხართ კონკრეტული პროგრამით. რა შეიძლება ჰკითხოთ? მაგალითად: თუ აქვს პროგრამას ალუმნების ქსელი? გაუგებარი დეტალები, პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია, საცხოვრებელი პირობები, თქვენი ვალებულებები და ა.შ. ნებისმიერი რამ, რაც მასთან დაკავშირებულია და მოცემული არ არის პროგრამის/უნივერსიტეტის ვებსაიტზე, ბუკლეტში.

business-attireქვემოთ მოცემულია შესაძლო კითხვები აკადემიური გასაუბრებისათვის. “შესაძლო” ნიშნავს, რომ ეს არის საორიენტაციო ჩამონათვალი. რეალურად გასაუბრებაზე პასუხისმგებელ პირზეა დამოკიდებული რას გკითხავთ, რას ჩაუღრმავდება, რა საკითხების ხაზგასმას მოინდომებს.

  • მოგვიყევით თქვენს შესახებ – ბევრი ორგანიზაცია/პროგრამა იწყებს გასაუბრებას ამ ბანალური კითხვით. აქ 1-2 წუთში უნდა მოახერხოთ საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა, ძირითადი მიღწევების ხაზგასმა განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებებით. თუ ეს სამაგისტრო პროგრამაა, არ ღირს სასკოლო გამოცდილების ხსენება (თუ ეს არ არის იმ პერიოდში დაწყებული გრძელვადიანი პროექტი, ან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პროგრამასთან). შეგიძლიათ ახსენოთ სამოხალისეო გამოცდილება, საკუთარი ინიციატივა, პირადი ისტორია – თუ კონკრეტულ სფეროსთან არის დაკავშირებული.
  • რატომ კონკრეტულად ეს პროგრამა და/ან ეს უნივერსიტეტი? რამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე? წარმოადგინეთ არგუმენტები და კონკრეტული მიზეზები.
  • კვლევითი პროგრამი შემთხვევაში: -რა კონკრეტულ პროექტზე გსურთ მუშაობა? რა საკითხს გამოიკვლევთ? რა კვლევით მეთოდებს გამოიყენებთ? ვისთან გსურთ მუშაობა? (აქ იგულისხმება კონკრეტული მკვლევარი/პროფესორი, რომელიც მუშაობს ამ უნივერსიტეტისთვის ან პროგრამისთვის).
  • ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ? მერე რა, რომ მსოფლიო კლასიკოსები შეიძლება გქონეთ წაკითხული. ამ შემთხვევაში უნდა დაასახელოთ აკადემიური გამოცემა თქვენს მიერ არჩეულ სფეროში.
  • ამ სფეროში რომელ ავტორებს იცნობთ? უნდა ახსენოთ ისევ პროფესიასთან დაკავშირებული პუბლიკაციები და ავტორები.
  • თქვენი განათლებისა და სამუშაო ისტორიიდან გამომდინარე კონკრეტული კითხვები: – ამჟამად სად მუშაობთ? რა შედის თქვენს მოვალეობებში? რა ინიციატივები გაქვთ განხორციელებული? რამდენი ხანია რაც მანდ მუშაობთ და რა მოგწონთ ან არ მოგწონთ თქვენს სამუშაოში? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? ბოლოს რა პროექტი განახორციელეთ? გყავთ თუ არა ადგილობრივი ან საერთაშორისო პარტნიორები? არასამთავრობო ორგანიზაციის შემთხვევაში – რომელი დონორებისგან გაქვთ დაფინანსება მიღებული? ასევე – დეტალები კონკრეტული პროექტის/ინიციატივის შესახებ: ვინ მონაწილეობდა? რამდენი ადამიანი? რა შედეგებს მიაღწიეთ? რა პრობლემებს ხედავ და შენი აზრით, როგორ შეიძლება მათი ეფექტურად მოგვარება?

საყურადღებო დეტალები (არსებობის შემთხვევაში):

  • ახსენეთ ლიდერობის გამოცდილება – მაგალთად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიება, იქნება ეს ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროგრამა. ან როგორ მიიღეთ მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროგრამის ჩამოყალიბებაში/განხორციელებაში.
  • ახსენეთ პარტიორობა და თანამშრომლობა სფეროს ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან.
  • დაანახეთ მომავლის კონკრეტული ხედვა და ცვლილებისათვის მზაობა – რა გურთ აკეთოთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

წარმატებას გისურვებთ.

Advertisements

გამგზავრებამდე საჭირო ინფორმაცია


Scholarship საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებამდე მთელი რიგი ინფორმაციის მოძიებაა აუცილებელი. ზარმაცი ადამიანის ლოგიკა – “ჩავალ და ადგილზე გავარკვევ” – ამ შემთხვევაში უნდა დაივიწყოთ: ჩასვლის შემდეგ ისედაც ბევრი მოსაგვარებელი დეტალი გამოხტება, ასევე შეიძლება იყოს კულტურული შოკი, ათასი ნამდვილი და მოგონილი მიზეზი, რომელიც საქმის კეთებაში ხელს შეგიშლით. როდესაც არსებობს ინტერნეტი, სავსებით შესაძლებელია მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება და გარკვევა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. კერძოდ:  Continue reading

მანუალი ბლოგერების საინფორმაციო ტურების ორგანიზატორებისათვის


ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ე.წ. საინფორმაციო ტურები ბლოგერებისათვის, სადაც ესა თუ ის ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობს გაცნობასა და პოპულარიზაციას ცდილობს. რამდენიმე ტურში ვიყავი, სხვების განცხადებებს გადავხედე და – სრული კატასტროფა! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბევრი PR სამსახური პიარშიც და ორგანიზაციულ საკითხებშიც ძალიან მოიკოჭლებს. ერთადერთი გამონაკლისი მსოფლიო ბანკია, რომელმაც გასულ შემოდგომას განახლებული კახეთი დაგვათვალიერებინა.

ეს პოსტი დაგეხმარებათ განახორციელოთ წარმატებული და ეფექტური საინფორმაციო ტური, თავიდან აიცილოთ თქვენი წინამორბედების მიერ დაშვებული შეცდომები. შედეგი – პოზიტიური გამოხმაურება და პიარი სოციალურ ქსელებში, რაც ასევე დადებითად აისახება თქვენს შემდგომ საქმიანობაზე და რეპუტაციაზე.

– პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ რომ ბლოგერი არ არის ჟურნალისტი. ბლოგერი არის ადამიანი, რომელიც ინტერნეტს იყენებს საკუთარი მიზნების, მისწრაფებების, ინტერესების პოპულარიზაციისათვის, საკუთარი ჭიის გასახარებლად. სამოქალაქო აქტივიზმი ბლოგინგის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) გამოყენებაა. ბლოგერი თავისუფალია აზრის გამოხატვის შინაარსში, ფორმებსა და მეთოდებში. შეიძლება დაწეროს ტექსტი, შექმნას ფოტო და ვიდეო პროდუქტი, ინფოგრაფიკები და ა.შ. – ნებისმიერი რამ, რასაც საკუთარი ფანტაზია უკარნახებს. ამიტომ მათგან ნუ მოელით კლასიკური სტატიის მომზადებას ან ჟურნალისტურ მიდგომას. ბლოგერობის მთელი მუღამი სათქმელის თავისუფლად გადმოცემაშია. ამიტომ ტურის შემდეგ შესაძლოა შეიქმნას ფოტო-ალბომი, ვიდეო-მიმოხილვა, ჰაიკუ, პოემა, ჩანახატი ან ნებისმიერი ხასიათის პროდუქტი, რაც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. თუ კონკურსის პირობებში წინასწარ არ განსაზღვრავთ სასურველ ფორმას, შემდეგ პრეტენზიები და “მოთხრობას ხომ არ დაწერთ” დამოკიდებულება არ უნდა დააფიქსიროთ. რატომაც არა, თუ მინდა მოთხრობასაც დავწერ და რომანსაც საკუთარ ბლოგზე, თქვენთან კი აღარ ვითანამშრომლებ იმიტომ რომ ჩემი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავთ, არ გინდათ ჩემი ძლიერი მხარეების შემჩნევა. ჟურნალისტური მიდგომა თუ გჭირდებათ, პრესკონფერენცია ჩაატარეთ. ელემენტარულია, უოტსონ.

– განაცხადი დაიწყეთ მოკლე ინფორმაციით ორგანიზაციის შესახებ: მისი სრული დასახელება,  საქმიანობის სფერო და გამოცდილება. სასიამოვნოა როდესაც განმცხადებელი ზოგავს მკითხველის დროსა და ენერგიას, არ აიძულებს სერჩოს მის შესახებ ელემეტარული მონაცემები.

– კონკურსის/ტურის გამოცხადებამდე კარგად ჩამოაყალიბეთ საორგანზიაციო დეტალები, რომ შემდეგ კითხვები აღარ გაჩნდეს. კერძოდ: განცხადებაში აუცილებლად მიუთითეთ ტურის დაწყებისა და დასრულების თარიღი (თვე და რიცხვი, მოერიდეთ “ტური ჩატარდება ოთხშაბათს” ტიპის განაცხადებს – რომელი ოთხშაბათი იქნება, ვიმკითხაო?); ასევე გასვლის დრო და ადგილი, ტურის ხანგრძლივობა, დანიშნულების ადგილები, როგორ მოხდება ან ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, გათვალისწინებულია თუ არა კვება, ანაზღაურება და ა.შ. შეინარჩუნეთ კავშირი ბლოგერთან ტურამდე და მის შემდეგაც არა მხოლოდ ფეისბუქზე. არსებობს ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა – ყველაზე პროფესიონალური მიდგომა. შეტყობინების ან მადლობის წერილის დაწერას ტურში მონაწილეობის შესახებ სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, პოზიტიურად მოქმედებს რეპუტაციაზეც. ტურის შესახებ ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება ეფექტურ კომუნიკაციაზე მეტყველებს.

– გამოკვეთეთ კონკურსში/ტურში მონაწილეობის პირობები: ასაკი, ბლოგერობის გამოცდილება (მაგ, 1-3 წელი), ვიზიტორების რაოდენობა, კონკრეტული თემატიკით დაინტერესება, პოსტების რაოდენობა, მოტივაცია და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სამიზნე აუდიტორიაზე: ვინ გჭირდებათ – სამეცნიერო სტატიების მკითხველები თუ სერიალების მაყურებელი ახალგაზრდები? ცხოველთა დამცველები თუ თანამედროვე ლიტერატურით გატაცებულები?…

– მიუთითეთ პოსტის სასურველი ფორმა: ტურის შემდეგ რა სახის პროდუქტი გსურთ რომ შეიქმნას: ტექსტური, ფოტო, ვიდეო, მიმოხილვა, ინსტალაცია… თუ კონკურსის პირობებში არ მიუთითებთ,  მერე აღარ გქონდეთ ბლოგერთან პრეტენზიები. ასევე განსაზღვრეთ მინიმალური მოთხოვნები: ტექსტისთვის – სიტყვების/ფოტოების რაოდენობა, ვიდეოსთვის – ქრონომეტრაჟი.

– თუ კონკურსი/ტური ითვალისწინებს გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას, აუცილებლად გარკვევით ჩამოაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები (მაგ, პოსტის მინიმალური მოცულობა, ფორმა, კრეატულობა, საკითხის სრულად გაშუქება, ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია). თუ გინდათ რომ პროფესიონალური მიდგომის შთაბეჭდილება დატოვოთ, არსად ახსენოთ ლაიქების რაოდენობა – არასერიოზულია! ასევე მიუთითებს რომ ორგანიზაცია პოსტის შინაარსით და ხარისხით საერთოდ არაა დაინტერესებული. მე პირადად თავს არ შევიწუხებ ამგვარ დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ლაიქების, ისევე როგორც კომენტარების გაყალბება თავისუფლად შეიძლება და თუ ეს არ ესმის განცხადებელს, ამ ფორმატის ურთიერთობა საერთოდ არ მიღირს.

– მიუთითეთ კონკრეტული და არა ბუნდოვანი პრიზები. ეს პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, ბლოგერის მოტივაციას ამაღლებს. მან უნდა იცოდეს რას უნდა ელოდეს კარგი მუშაობისთვის – ფოტოაპარატს, ტურისტულ საგზურს, ფულად თანხას, გაზქურას, ეპილატორს თუ სპილოს.  როცა სთავაზობ გაურკვეველ რაღაცას, ინტერესი ქრება. მაგალითად, “საუკეთესო პოსტის ავტორს გადაეცემა ფასიანი პრიზი”-ს დაწერას სჯობია პრიზი საერთოდ არ ახსენოთ: ფასიანი პრიზი ათასგვარი შეიძლება იყოს, დაწყებული მზესუმზირიდან დამთავრებული კოსმოსური რაკეტით. რომელს აჩუქებთ ბლოგერს?  ვიღაცას შეიძლება აიპადისთვის უღირდეს კონკურსში ჩართვა, ვიღაცას – ახალი წიგნისთვის, ვიღაცას – ველოსიპედისთვის. მარტივია: ჯერ ჩამოყალიბდით ჯილდოზე, შემდეგ გამოაცხადეთ.

– დედლაინი რაციონალურად შეარჩიეთ, ტურიდან 2-3 დღეში პოსტის გამოქვეყნების მოთხოვნა არარეალურია!!! სტერეოტიპი, რომ ბლოგერს წერის მეტი საქმე არ აქვს, მცდარია! ბლოგერს აქვს ოჯახი, საკუთარი პროფესია, ჰობი, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება. ბლოგინგი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ბლოგერი შეიძლება აკეთებდეს: თამაშობდეს ფეხბურთს, ჭადრაკს, ქსოვდეს, სიმღერებს ქმნიდეს,  ქეიფობდეს, პახოდებში დადიოდეს, ატარებდეს კვლევებს, გეგმავდეს ივენთებს, ჰქონდეს კიდევ ათასი პრიორიტეტული და გადაუდებელი საქმე. ამიტომ მოკლე დროში პოსტის გამოქვეყნების მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, უნამუსობაა! პატივი ეცით ბლოგერის დროსა და პრიორიტეტებს! მიეცით რეალური დრო (სულ მცირე 10-12 დღე) ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად! 

– გაასაჯაროვეთ ჟიურის შემადგენლობა და ისეთი წევრებიც შეიყვანეთ, ცოტა მაინც რომ ერკვევიან პიარსა და სოციალურ მედიაში. ელემენტარულად პოსტის/პროდუქტის ხარისხის შეფასებაში დაგეხმარებიან. გარდა ამისა, გამჭვირვალე პროცესი ნდობას ამაღლებს.

– კარგად გაწერეთ განრიგი. ტურამდე 3 დღით ადრე რომ აცხადებთ რეგისტრაციას, წინა დღეს არჩევთ ბლოგერებს და 10-12 საათით ადრე ატყობინებთ გასვლის შესახებ, არაპროფესიონალურია! ბლოგერს აქვს საკუთარი გეგმები და ასე მოკლე ვადებში თუ ვერ წამოვიდა, მიუხედავად დიდი სურვილისა, არ უნდა განაწყენდეთ. თანაც მსგავსი მიდგომა ნაჩქარევ და მიფუჩეჩებული დაგეგმვის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუდექით საქმეს სერიოზულად, გამოაცხადეთ ინფორმაცია სულ მცირე 2 კვირით ადრე, შეტყობინებები მონაწილეობის შესახებ დაგზავნეთ არანაკლებ 1 კვირით ადრე, რომ ბლოგერებს ჰქონდეთ დრო დაგეგმონ საკუთარი გრაფიკი. ტური არა მხოლოდ თქვენი, არამედ მათი დროის ხარჯვაცაა. და ვინ იტყვის რომ მათი დრო ნაკლებ ღირებულია ვიდრე თქვენი?!

 – გააკეთეთ ძირითადი და სარეზერვო სიები. ბლოგერებიც ადამიანები ვართ, გეგმები ჩვენც შეიძლება შეგვეცვალოს. სარეზერვო სია დაგეხმარებათ ჩაანაცვლოთ ტურის მონაწილე, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო წამოსვლა გადაიფიქრა.

– იყავით ინტერაქტიული! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინ პიარი მხოლოდ ფეისბუქის ჯგუფებსა და ფეიჯებზე განცხადებების დადებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს კითხვები თუ გაუჩნდებათ, ოპერატიულად და ამომწურავად უნდა უპასუხოთ და არა 2-3 დღიანი შუალედებით; რაც მთავარია – ზრდილობიანად. ინტერაქტიულობა ასევე ნიშნავს ტურზე/კონკურსზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო დეტალების ხელმისაწვდომობას, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაკავშირება.

– მიიღეთ კრიტიკა.  თქვენს მიერ ადმინისტრირებული ფეისბუქის გვერდიდან ინფორმაციის გაქრობა ცენზურის სინონიმია. გაბრაზებულმა ბლოგერმა კი, რომელსაც აზრის გამოხატვა შეუზღუდეს, შეიძლება საკუთარ საიტზე მწვავე სტატია გამოგიქვეყნოთ. ამას უფრო ხანგრძლივი და უარყოფითი ეფექტი ექნება. დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხარვეზების გასასწორებლად. იფიქრეთ ამაზე.

– ტურის დროს მიაწოდეთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია, მიჰყევით განრიგს. ეს საჭიროა სასიამოვნო ატმოსფერის შესაქმნელად, თქვენც ხომ ეს გსურთ? ასევე აუცილებელი არაა კუდში დევნა, მუდმივი თვალყურის დევნება. დაუსვას კითხვები ადამიანებს, აძვრეს ღობეზე, გადაიღოს საინტერესო კადრი, გააკეთოს აღმოჩენა – ეს ყველაფერი პოსტშიც აისახება.

– მიეცით ბლოგერს სოციალურ ქსელებში პოსტის გაზიარების სრული თავისუფლება. გამარჯობა, ფეისბუქი ერთადერთი ქსელი არ არის და კიდევ ბევრგან შეიძლება ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ როცა ეუბნებით რომ “ყოველ დღე დადეთ თქვენს თაიმლაინზე”, რბილად რომ ვთქვათ საკუთარ უვიცობას ამჟღავნებთ ონლაინ პიარში. ბლოგერს საკუთარი აუდიტორია და მიმდევრები ჰყავს, რომლებიც არა მხოლოდ ფეისბუქზე არიან. Twitter, LinkedIn, Tumblr, Pinterest, Vimeo, YouTube, თუნდაც Odnoklassniki, VK და სხვა ქსელებს, თავიანთი მილიონობით მომხმარებლით, ისევე უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია როგორც ფეისბუქის იუზერებს. თანაც პოსტს უმეტესად მკითხველები აზიარებენ და არა მისი ავტორები. ასე რომ თუ თავის შერცხვენა არ გინდათ, თავი შეიკავეთ მსგავსი ტიპის “რჩევებისაგან”, გაიფართოვეთ თვალსაწიერი.

და ბოლოს, ნუ ელით რომ საინფორმაციო ტურის შემდეგ აუცილებლად აღფრთოვანებულ შეფასებას მიიღებთ. ბლოგერი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სუბიექტური მიდგომებით. ბლოგზე არ არსებობს “ყველას ქების” პოლიტიკა, ბლოგი მიკერძოებული შეხედულებების საიტია. ბლოგერს რამე თუ მოეწონება – დაწერს, არ მოეწონება – ამასაც აუცილებლად აღნიშნავს. ასე რომ თუ ამისთვის მზად არ ხართ, სჯობია ტურის იდეა თავიდან ამოიგდოთ.

ენივეი, წარმატებებს გისურვებთ. 🙂

რჩევები ეფექტური სწავლისა და დროის მენეჯმენტისთვის


პოსტი თარგმნილია. პირველწყარო იხ. ამ ვებ-გვერდზე 
—————–

  1. შეადგინეთ ყოველდღიური განრიგი. მასში შეიტანეთ დრო კლასებისთვის, სწავლისთვის და თავისუფალი დრო. იყავით რეალისტი. რაც შეიძლება ზუსტად დაიცავით თქვენი განრიგი.
  2. დაესწარით ყველა კლასს. ადამიანი რომელიც კურსზე ასწავლის, როგორც წესი, იგივე ადამიანია, რომელიც გამოცდებს იბარებს და შეფასებებს აკეთებს. გარდა ამისა, კლასში დასწრებით გაიგებ იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმძღვანელოებში მოცემული არაა.
  3. კლასში დაჯექი წინა რიგებში. ამგვარად იქ იქნება ინფორმაციის უფრო ნაკლები დამახინჯება და მეტია შესაძლებლობა, რომ უკეთ გაიგონებ და დაინახავ.
  4. ყოველ საღამოს შეადგინე შემდეგი დღის “გასაკეთებელი საქმეების” სია. ნაჩვენებია, რომ ყოველდღიურად სიის ჩამოწერის უბრალო ჩვევა პროდუქტიულობას ზრდის
  5. მოახდინე პრიორტეტების გამოყოფა. პირველ რიგში გააკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ გადადი ნაკლებ მნიშვნელოვანზე და ა. შ.
  6. შეინარჩუნე სასწავლო სივრცე მოწესრიგებულად. უწესრიგობა ყურადღებას ფანტავს.
  7. იპოვე შესაფერისი სასწავლო გარემო. იდეალურად, გარემო უნდა იყოს თავისუფალი ყურადღების გადამტანებისგან, უნდა იყოს წყნარი და ისეთი ადგილი, სადაც გაშლი ქაღალდებსა და წიგნებს. ყველაზე კარგია, თუ არ ისწავლი საწოლში, რადგან შეიძლება უფრო დაიღალო და ძილი მოგინდეს.
  8. მიეცი საკუთარ თავს სწავლისგან შესვენებები, განსაკუთრებით მაშინ თუ სწავლა ხანგრძლივად გიწევს. კარგია, თუ საკუთარ თავს დაახლოებით ყოველ საათში 5-10 წუთით შეასვენებ.
  9. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. დაღლილობა, შიმშილი ან ავადმყოფობა აძნელებს ეფექტურ სწავლას. გამოიძინე ადეკვატურად და ივარჯიშე ყოველ დღე.
  10.  დააჯილდოვე საკუთარი თავი კარგი მუშაობისთვის. მცირე ჯილდოც კი კარგი მოტივატორია.
  11.  კლასის დაწყებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს. როგორც წესი ამას ძალიან მცირე დრო სჭირდება და გეხმარებათ კლასისთვის მომზადებაში.
  12. თითოეული საგნისათვის ძირითადი იდეები ბარათებზე გადაიტანეთ და გადახედეთ მათ. ბარათების (ან ფლეშქარდების) გამოყენება შესანიშნავი გზაა ინფორმაციის გადახედვისა და ცოდნის შემოწმებისათვის.
  13. თუ  კარგად ითვისებ ჯგუფურად, კურსელებთან ერთად ჩამოაყალიბე სასწავლო ჯგუფი.
  14.  არ შეგეშინდეს კითხვების დასმის. ნახავ, რომ თუ რამეს ვერ გაიგებთ, ინსტრუქტორების უმრავლესობა სიხარულით აგიხსნის უფრო სრულყოფილად. შეიძლება, რომ  შენს კლასელებსაც იგივე კითხვები  გაუჩნდეთ.
  15. როდესაც გამოცდისთვის სწავლობ, წარმოიდგინე იმ ტიპის კითხვები, რაც შეიძლება გამოცდაზე მოვიდეს და შემდეგ – თუ როგორ უპასუხებ მათ. თუ ეს არ შეგიძლია, ალბათ უფრო მეტი მეცადინეობაა საჭირო.
  16. დარწმუნებული იყავი, რომ ახერხებ სტრესის დონის მენეჯმენტს. გაარკვიე რა გეხმარება “სტრესის მოხსნაში”, იქნება ეს ვარჯიში, რელაქსაციის მეთოდები, წყნარი მუსიკა თუ სხვა რამ.
  17. თუ სტრესის, მრისხანების ან პირადი საზრუნავის  მენეჯმენტს ვერ ახერხებ, ეწვიე კონსულტანტს. იგი დაგეხმარება აღმოაჩინო რა არის შენთვის საუკეთესო საშუალება სტრესის მენეჯმენტისათვის. კარგი იქნება, თუ ეწვევი უნივერსიტეტის კონსულტაციებისა და ფსიქოლოგიური სერვისების განყოფილებას.
  18.  ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ რომ ამოისუნთქოთ! კოლეჯი შეიძლება იყოს გასართობა და დასაფასებელი გამოცდილება!

სოციალური მედიის დღე 2010. თბილისი. სახელდახელო შენიშვნები


ეს დღე რომ საქართველოშიც აღინიშნა, თავისთავად სასიამოვნო ფაქტია. სოციალური მედიის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი – შეძლებისდაგვარად ბევრი ბლოგერის ერთად შეკრება და საინტერესო საკითხებზე საუბარი. ბევრი დაწერს, როგორ მოეწონა პრეზენტაციები, რა მაგარი პიცა იყო, თუმცა კრიტიკა ნაკლებად დაიდება. შევეცდები, ეს ნაკლი შევავსო 🙂 წკაპ

წარმატების VII საიდუმლო. მთელი ცხოვრება გააგრძელეთ სწავლა


უწყვეტი სწავლა – ეს არის მინიმალურ მოთხოვნა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად

დენის უეიტლი

თქვენ გაგაჩნიათ არჩეულ სფეროში სწავლისა და სრულყოფის პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობა. საერთოდ, უფრო მეტი ტვინი, უნარი და ინტელექტი გაქვთ, ვიდრე გამოყენება შეგძლიათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მთელ დარჩენილ ცხოვრებას თვითგანვითარებას დაუთმობთ. წკაპ

წარმატების VI საიდუმლო. იმუშავეთ უფრო დიდხანს და შეუპოვრად


რაც უფრო შეუპოვრად ვმუშაობ, მით უფრო ბედნიერი ვხდები
ჯეიმს ტერბერი

ყველა მილიონერი, რომელმაც თავად გამოიმუშავა საკუთარი გული, შრომობს შეუპოვრად, ძალიან შეუპოვრად და კიდევ უფრო მეტად შეუპოვრად. ეს სპეციალისტები მიდიან ოფისში ადრე, მუშაობენ სხვებზე მუყაითად და სამსახურში გვიანობამდე რჩებიან. მათ აქვთ თავის სფეროში ყველაზე შრომისმოყვარე ხალხის რეპუტაცია. და ეს ყველამ იცის. წკაპ