ოქრო თუ ადამიანი?


ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ გადავიღე ვაგზლის მოედანზე. ბედის ირონიაა – ოქროს სავაჭრო ცენტრთან უსახლკარო ადამიანი ცივ მიწაზე მიგდებულა. და ერთგვარი გამოწვევაც საზოგადოებისათვის: რა უფრო ღირებულია – ოქრო თუ ადამიანის სიცოცხლე?

უსახლკარო

უსახლკარო

დაზამთრდა, ამინდები აირია. ალბათ მალე მოთოვს კიდეც. ვიღაც გუდაურში წავა სასრიალოდ, დღისით თხილამურებზე გაერთობა, საღამოს თბილ სასტუმროში – მეგობრებთან. რა ელის ამ კაცს ყინვებისას?

ისევ უსახლკაროების შესახებ


რამდენიმე წლის წინ პოსტი დავწერე, სადაც უსახლკარო ადამიანების საკითხის მიმართ ყურადღების დეფიციტზე ვსაუბრობდი. წლები გავიდა, ქვეყანაში თითქოს ხელიუფლებაც შეიცვალა, თითქოს რაღაცეებიც მოგვარდა, ამ პრობლემას კი არაფერი ეშველა. გასულ ზამთარს ქუჩაში ადამიანების გაყინვის რამდენიმე შემთხვევა გავიგე და ისე ჩანს, წელსაც “გაგვანებივრებენ” მსგავსი ამბები. მანქანებიდან და ოფისებიდან არ ჩანან თორემ თბილისში უსახლკაროებზე მეტი რა არის. ლამის ყოველი ქუჩის კუთხეში ზის ჩამოძენძილი, სასოებადაკარგული ადამიანი.

რამდენიმე კვირის წინ ვარკეთილში, “თათრების ბაზართან” მიხდებოდა გვიან გავლა. ერთ კაცს ვამჩნევდი, დაკეტილი მაღაზიის კიბეზე საცოდავად მობუზულიყო. საიდანღაც მოპოვებული ყუთები ჰქონდა ცივ საფეხურზე გაფენილი, ძველისძველი, დაგლეჯილი ადიელა ჰქონდა შემოფარებული სიცივისაგან დასაცავად. ნაგლეჯებიდან მოუჩანდა გაბურძგნული წვერი და ნაღვლიანი თვალები. ცივი კიბე და ძველმანები იყო მისი სახლიც, კარიც და თავშესაფარიც. მაშინ ძალიან არ ციოდა. მაგრამ რა მოხდება ახლა, როცა ტემპერატურა დაიწევს და მოთოვს? სად შეაფარებს თავს?  მას ხომ წასასვლელი არსად აქვს. ძონძები მკაცრი სიცივისგან ვერ დაიცავს, დიდი ალბათობაა რომ ეს საწყალი ერთ ნაცრისფერ დილას საკუთარ “სახლზე” მიყინული იპოვონ!

ვინ იცის, რამდენია თბილისში ასეთი უწყინარი, უპერსპექტივო ადამიანი, რომლებზეც უფლებადამცველებიც კი ძალიან ცოტას საუბრობენ. ყოველდღიურად გვესმის რომ ირღვევა სტუდენტების უფლებები, ეთნიკური უმცირესობის უფლებები, რკინიგზელების შრომითი უფლებები, ცხოველთა უფლებები, ვიღაცის პოლიტიკური თუ გამოხატვის თავისუფლებები… და რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლის უფლებაზეც კი არ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ. არ არსებობს ხალხი, ვინც მათ ამბავს მოყვებოდა, მათ დასაცავად საზოგადოებრივ დისკუსიებს ან კონკრეტულ აქციებს განახორციელებდა.

როგორც იქნა, “იდენტობამ” წამოწია უსახლკაროების პრობლემა. როგორც იქნა, ყურადღება უნდა მიექციათ ძალიან მოწყვლადი და ძალიან დავიწყებული ადამიანების ჯგუფებისთვის. როგორც იქნა, უნდა გვენახა სამოქალაქო სოლიდარობა, ერთსულოვნება და, რაც მთავარია, ქრისტიანობის, როგორც ღირებულების გამოვლინება.

მაგრამ საპატრიარქოს ოფიციალურმა პოზიციამ საზოგადოებრივი აგრესია გამოიწვია და ჩანასახშივე მოკლა ეს მადლიანი ინიციატივა. სამწუხაროა, რომ ეკლესია ჩამოყალიბდა როგორც არაფორმალური ინსტიტუტი, რომელსაც მასებზე უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეკლესიას გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს ამომრჩევლებზე, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტებს ან პოლიტიკურ პარტიებს. არასამთავრობო სექტორს, თუნდაც სახალხო დამცველს არასოდეს ეღირსება ის ღრმა თაყვანისცემა და ბრმა ნდობა, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის მიმართ განიცდის. და სწორედ ეს გავლენაა, რომელიც ხალხის ენერგიას განუსჯელად მიმართავს იქით, საითაც ეკლესია მიუთითებს.

ძალიან მინდა ეკლესიამ დამანახოს ქრისტიანობის, როგორც ქმედების რეალური მნიშვნელობა. ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ერთმა მღვდელმა – ქუჩაში უცნობ მუხუცს მიეხმარა მძიმე ტვირთის წაღებაში. მინდა, რომ ამ უცნობი მღვდელის ქმედება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლური სახე გახდეს. მინდა, რომ ეკლესიამ შექმნას სამოქალაქო სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მისაბაძი მაგალითები, როცა მოყვასზე ზრუნვა ქადაგების თემა კი არა, გადამდები ქმედება იქნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში “იდენტობა” კი არა, ის ათობით და ასობით ადამიანი ზარალდება, ვისაც ღამის გათევა ქუჩაში უწევს.

პატივცემულო ღვთითკურთხეულო ეკლესიის მესვეურებო, როდესაც თქვენ შეყუჟული ბრძანდებით მრევლის შესაწირით გამთბარ სახლებში, გარეთ ვიღაც იყინება! მას ძალიან უმართლებს თუ ქარიანი და წვიმიანი ამინდი არ გამოვიდა. მიიკუნჭება კუთხეში, შემოიფარებს სადღაც ნაპოვნ ნაგლეჯს და ცდილობს მეორე დღემდე მიიტანოს სული! თუ თავად არ შეგიძლიათ სიკეთის კეთება, დააცადეთ ადამიანებს ადამიანებზე ზრუნვა!

როგორ გადავჭრათ კადრების დეფიციტი


ბევრ კომპანიას კადრების დეფიციტი აქვს: დასაქმების საიტზე გაუთავებლად ეძებენ გაყიდვების აგენტებს. გააჩნიათ ჩამოწიკწიკებული მოთხოვნათა ნუსხა:

1. უნდა იყოს ახალგაზრდა

2. იცოდეს სულ მცირე 2 უცხო ენა

3. იყოს მიზანდასახული

4. იყოს კომუნიკაბელური

5. კარგი გარეგნობა (და ალბათ ცუდი ხასიათი 😀 იმიტომ რომ ულამაზო ქალზე ყოველთვის ამბობენ – სამაგიეროდ კარგი ხასიათი აქვსო 🙂 )

6. უმაღლესი განათლება

7. სამუშაო გამოცდილება

არის კიდევ რაღც წვრილმანები, რაზეც ყურადღების მიქცევა ამ შემთხვევაში არ ღირს.

მიმდინარეობს რთული სააპლიკაციო პროცესი, “ღირსებული კანდიდატების” შერჩევა და გადარჩევა, უანრების ტესტები, ინტერვიუები (ზოგჯერ ორმაგიც) და ა.შ. შედეგად კი რამდენიმე კვირაში იგივე კომპანიის იგივე პოზიციაზე ზუსტად იგივე განცხადება ქვეყნდება!

რა არის ამის მიზეზი? ის, ხომ არა რომ “ვეფხისტყაოსანის” მენტალიტეტს შეჩვეულ ქართველობას ვაჭრობა ეთაკილება? ანდა ახალგაზრდების სამართლიანი აღშფოთება – რომ ახლად უნივერსიტეტდამთავრებულს შეუძლებელია ასეთი მაღალი მოთხოვნები წაუყენო? აქ იგულისხმება, რომ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, ვერ ექნება 3-4 წლიანი გამოცდილება რაღაც კონკრეტულ სფეროში, მით უმეტეს საშუალო დონის თანამდებობაზე მუშაობისა. ან იქნებ წარუმატებელი საკადრო პოლიტიკა, ადამიანური რესურსების სპეციალისტების არაკვალიფიციურობა გამოვიყვანოთ განტევების ვაცად?

კიდევ ერთხელ გადავხედოთ მოთხოვნებს:

– საუნივერსიტეტო განათლება გაყიდვებში აუცილებელი არ არის. აქ მთავარია კომუნიკაბელურობა, დამაჯერებლობა, პრეზენტაციის უნარი. რომ კლიენტი დაარწმუნო პროდუქტის/მომსახურების ხარისხში და აიძულო მისი ყიდვა. უმაღლესდამთავრებული გოგო-ბიჭები ხშირად შემინიშნავს მეტროებში მობილური ოპერატორების საცალო გაყიდვების ობიექტებზე. დგანან გაუნძრევლად, პირზე ზეთი ჩამოსდით… რომც გინდოდეს კითხვის დასმა, შეიძლება მათი შეხედვისას გადაიფიქრო… ეს მოღუშული სახეები მყიდველს აფრთხობს! დაუმატე ამას არაკომპეტენტურობა, დაზუთხული და მოკლე პასუხები, ჩაკეტილი და მოუქნელი აზროვნება…. ნომრების გამყიდველები ერთი მაგალითია, მათ გარდა კიდევ ბევრია ისეთი, რომლებსაც აგენტისათვის აუცილებელი თვისებები აკლიათ: სიცოცხლე, თავდაჯერება, კომუნიკაბელურობა, რაც მთავარია – მიზანმიმართულება.

მე რომ მჭირდებოდეს კადრი გაყიდვებში, მსგავსი მონაცემების ადამიანს არამცდაარამც არ ავიყვანდი!

აბა სად შეიძლება მოვძებნოთ ეფექტური გაყიდვების აგენტი?

– ქუჩაში!

გაგიკვირდათ? არადა ქუჩიდან რამდენი სარგებლის მიღება შეიძლება… რუსთაველზე გავლისას რას ხედავთ? უამრავი მანქანის, შავებში ჩაცმული ახალგაზრდების გარდა ვინ დადიან? აჰ, მზესუმზირის გამყიდველი ბებოებიც შეამჩნიე? … ძალიან კარგი, მაგრამ კიდევ უფრო ყურადღებით უნდა მიმოიხედო რომ სასურველი კადრი შენიშნო. ისევ თუ ვერ მიხვდი, საიდუმლოდ გაგიმხელ:

– მათხოვარ გოგო-ბიჭებს ვგულისხმობ!

ეს ხუმრობა არ არის. დაბანე, ნორმალური ტანსაცმლით შემოსე და საკმაოდ სიმპათიურ ახალგაზრდებს (ან ბავშვებს) მიიღებ.

კომუნიკაცია რომ ეხერხებათ, ამაში ალბათ დარწმუნებული ბრძანდები, ჩემო მკითხველო. უშუალო და თავისუფლები არიან, საჭიროების შემთხვევაში ლაპარაკსაც გაგიბამენ…. მათი უხეში მიმართვები გახსოვს? ეს გამოცდილებიდან გამომდინარეა: როგორც ექცევი იმასვე გიბრუნებენ.

მიზანმიმართულება – ჰეჰეეეე, როგორი გადაკიდება იციან. თუ 10 თეთრის გამოსაცინცლად 1-3 წუთს ხარჯავენ (და სანამ თავისას არ გაიტანენ არ გეშვებიან) წარმოიდგინე ნორმალური შემოსავლის შეთავაზების შემთხვევაში როგორ მოინდომებენ.

უცხო ენები – ქუჩის ბავშვები მეტყველებენ ქართულად, რუსულად, კიდევ თავის ენაზე (ალბათ ბოშური)… ყოველ შემთხვევაში სიტყვების იმდენი მარაგი აქვთ, რამდენიც საქმეს სჭირდება. შეუქმენით მოტივაცია და აითვისებენ სხვასაც.

უმაღლესი განათლება – სრულიად უსარგებლო რამ გაყიდვების აგენტებისთვის. ბევრი დიპლომიანი ხდება “ბუზო უკან ნუ მომდევ” ტიპი და როგორ იკადრებს ზედმეტად გარჯას ასეთი “ელემენტარული” სამუშაოსთვის! ქუჩის ბავშვები გაუნათლებლები არიან არა იმის გამო, რომ ეზარებათ ან არ უნდათ; არამედ  ამის შესაძლებელობა არასოდეს ჰქონიათ. ერთ-ერთ პოსტშიც შევეხე მათ პრობლემებს: უმეტესობას დოკუმენტები არ გააჩნია, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. როცა ადამიანს ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უხდება ბრძოლა, ის მაღალ მატერიებზე ვერ იფიქრებს. მიეცით ამ ბავშვებს განათლება და მიიღებთ წარმატებულ ბიზნესმენებს!

მოდი ნუ ვიკამათებთ იმაზე, თუ ვინ არის ქუჩის ბავშვების უმუშევრობა-უპატრონობაში დამნაშავე: სახელმწიფო თუ საზოგადოება. უბრალოდ მივიღოთ ფაქტები: არის მოთხოვნა, არის მისი დაკმაყოფილებისთვის საჭირო რესურსები. რატომ არ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება?… რა გვიშლის ხელს – სურვილის არქონა თუ…. სტერეოტიპები?

ანო


– ანოოოო, წყალი მოიტაა! – ისმის განკივანი ხმა. ქალობაგახუნებული ანოც საცოდავად მიფრატუნობს კანისტრით ხელში ახალი წყლის მოსატანად.
– ანოოოო, გადი მაროანთა, ორი პური გამოართვი! – ისევ ისმის ყვირილი. ძველ ხალათმოსხმული ანოც მდუმარედ მიბრაცუნობს მეზობელთან მორიგი დავალების შესასრულებლად.
სოფელმა იცის ყველა ბობოლას სახელი; მსოფლიოს გამოჩენილი ფეხბურთელების ვინაობა; ახსოვთ 1920იანების ყაჩაღი პატარა ნიკაც, რომელიც მოღალატურად ჩაცხრილეს ვიღაცის ზვარში და სოფლის სასაფლაოზე განისვენებს; ასევე ცნობილი მსახიობები, მომღერლები, რომლებიც არასოდეს უნახავთ, თუმცა ცოტა მათგანი თუ იცნობს ანოს. წკაპ

მიწისქვეშა თბილისი


ასფალტზე ფერად-ფერადი მანქანები დადიან. მათ ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები მართავენ. ისინი ყოველ დღე საწვავით ავსებენ ბაკს და ფარავენ მანძილს წკაპ

დაკარგული ადამიანები – უსახლკარონი


ასეთი ფოტო იშვიათად მინახავს. მასზე გამოსახულია ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც შუაში უყენიათ ასაკოვანი მამაკაცი. ამ კაცს ჭუჭყიანი პალტო და ტალახიანი ჩექმა აცვია, ჯიბიდან პური მოუჩანს. კამერას დაძაბული უყურებს. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ უცხო გარემოშია. წკაპ