საახალწლო


გასული წელი საინტერესო იყო თავისი ყველა დანაკარგით და შენაძენით. ან ჯერ შენაძენით, შემდეგ – დანაკარგით. რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, არც ემოციებს, არც დაშვებულ შეცდომებს ან მოულოდნელ აღმოჩენებს…… არც რაღაცეების გადაფასებებს…… მთავარია რომ ყველაფერი (კარგიც და ცუდიც) გასულ წელში ჩარჩა და 2015 ახალ შესაძლებლობებს იძლევა. წლის დასასრული და ახლის დასაწყისი მხოლოდ მიზეზია იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებას გადახედო და მომავალი წლისთვის სამოქმედო გეგმა დაისახო. დიახ, გეგმა, და არა უბრალოდ სურვილები. საჭიროა ოცნებიდან დაიწყო და შემდეგ კონკრეტული ეტაპები ჩამოწერო – რა დრო და რესურსები გჭირდება მათ განსახორციელებლად. მომდევნო ნაბიჯი კი ქმედებაა: გეგმის მიხედვით! მხოლოდ ასე სრულდება სურვილები და ხდები რეალიზებული. მხოლოდ ასე ხვდები რა ადვილია მიზნების მიღწევა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა! წარსულის გახსენება კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ სამოტივაციო იმპულსები მიიღო!!!

წარმატებულ 2015-ს გისურვებთ! მინდა, რომ თქვენი 2015-ის სურვილები მხოლოდ თოვლის პაპისადმი მიწერილ წერილებში არ დარჩეს. მინდა, რომ წინასაახალწლო “ბუღალტერიამ” ამაოდ არ ჩაიაროს, ყველაფერი აგიხდეთ და ამაში წვლილი პირველ რიგში თქვენ თვითონვე შეიტანოთ. მინდა ყველას გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების…

ასევე მინდა განსაკუთრებული საჩუქარი მივუძღვნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელმაც 2014 წლის შემოდგმით 4 ბლოგერი საინფორმაციო ტურზე დაგვპატიჟა. მაშინ გვითხრეს, რომ კონკურსის გამარჯვებულისთვის ბუდაპეშტის ტური იყო გათვალისწინებული. მაგრამ შედეგები ხან “იმ კვირისთვის” გადაიდო,” ხან “ძალიან მალე”, ხან “2-3 დღეში” და ასე უსასრულოდ. მერე მათი ფბ-ის ფეიჯიდან ჩვენი დაშეარებული პოსტებიც გაქრა და საბოლოოდ დაგვიკიდეს. “არსაიდან ხმა, არსით ძახილი”… 🙂 თქვე კაი ხალხო, თუ კონკურსის ორგანიზების თავი არ გქონდათ ვინ გეხვეწებოდათ! თუ დაიწყეთ ბოლომდე მაინც მიგეყვანათ. თუ რაღაც არ გამოვიდა, ადამიანურად გეთქვათ. პრიზის მიღებაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და დამოკიდებულებებია. 2 წლის ბავშვები ხომ არ ხართ დამალობანა რომ გვეთამაშეთ! :)) ჭიტაააა! დაგასტუკეთ! და გადავწყვიტე საახალწლოდ (სიმბოლურად) პამპერსი გაჩუქოთ – იმის შესახსენებლად რომ ძალიან, ძალიან ჩაისვარეთ! 🙂 ჩემი საკონტაქტო მონაცემები კი გაქვთ და დამირეკეთ/მომწერეთ მისაღებად.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალ წელს. წარმატებული შე-მოქმედებისა და მო-ქმედების წელი ყოფილიყოს! 🙂

Advertisements

რა ვიცით თოვლის პაპის შესახებ


ახლახანს ლესლი ნილსენის ძველ ფილმს ვუყურე  – Santa Who? რომელიც მეხსიერებადაკარგული სანტას წინასაშობაო ამბავს გვიყვება. სანტას არ ახსოვს ვინ არის, გარშემომყოფებს მის სანტა-კლაუსობაში ეჭვი ეპარებათ, პატარა ბიჭი ზაქი (ზაქარიას შემოკლებული ვარიანტია, კამეჩის შვილი არ გეგონოთ) კი თავგამოდებით ცდილობს დაუმტკიცოს რომ ის ნამდვილი სანტაა. ეს ტიპიური ამერიკული საშობაო ფილმია, თავისი საზეიმო სამზადისით, ელფებით, ირმებით, მარხილით და, რაც  მთავარია, ჯადოსნური დასასრულით.

არ ვიცი რამდენი ათასი ფილმია ჰოლივუდში გადაღებული საშობაო სასწაულებზე, სანტა კლაუსზე, ბავშვების ასრულებულ ოცნებებზე… ამერიკულ ოჯახში, ხელოვნებაში, ცხოვრებაში სანტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მის შესახებ ბავშვებს უყვებიან, სიმღერებს ასმენინებენ, უკითხავენ… შედეგად მან იცის, რომ სანტა კლაუსი

  •  ცხოვრობს ლაპლანდიაში
  •  დადის ირმებშებმული მარხილით. უფრო სწორად დაფრინავს
  •  ხმამაღლა ამბობს: ჰო-ჰო-ჰო!!!
  •  მოაქვს საჩუქრები. ნებისმიერ რამ, რასაც ბავშვი ისურვებს.
  •  სახლში შედის საკვამურიდან
  •  ჰყავს უამრავი დამხმარე ელფი
  • აქვს უზარმაზარი ღიპი
  •  აცვია თეთრ-წითელი სამოსი
  •  აქვს თეთრი წვერ-ულვაში
  •  აუცილებლად საშობაოდ მოდის 

კიდევ ათასი დეტალი, ალბათ მისი ყოველდღიური მენიუც.

დღეს ფილმის ყურებისას ძალაუნებურად პარალელი გავავლე ჩვენებურ თოვლის პაპასთან და შევეცადე გამეხსენებინა მასთან დაკავშირებული ფაქტები 

  • აქვს  თეთრი წვერ-უკლვაშით
  • აცვია ნაბადი. თავზე როგორ ქუდი ახურავს არ მახსოვს
  • ახალი წლის ღამეს ჩუმად მოიპარება.
  • დააქვს ჩირი-ვაშლი-ჩურჩხელით სავსე ხურჯინი. 
  • პატარა რომ ვიყავი, კანფეტებს ბალიშის ქვეშ მიტოვებდა ხოლმე. ოღონდ არასოდეს მინახავს, ისე მოდიოდა და მიდიოდა ვერც კი ვიგებდი 😀 

მეტი ღირსშესანიშნაობა არაფერი გამახსენდა, სამაგიეროდ  გამიჩნდა რიგი პასუხგაუცემელი კითხვები:

  • რით გადაადგილდება თოვლის პაპა? ეტლით? მარხილით? ხარებშებმული ურმით? ცხენით? ფრთიანი ვირებით? ფეხით?… ბავშვობაში არავის აუხსნია ჩემთვის, თუ რა ტრანსპორტს იყენებდა წვერფუმფულა პაპა. 
  • საიდან შემოდის სახლში? კარიდან? ფანჯრიდან? ბუხრიდან? თუ კედელში გადის?…
  • რატომ არ ჰყავს ელფებისმგავსი არსებები? მეცოდება საწყალი, სულ მარტო დადის, სიცივესა და ქარბუქში. ტვირთაკიდებული..
  • სად ცხოვრობს? ამ კითხვაზე რამდენიმე ადამიანისგან განსხვავებული პასუხები მივიღე. ერთმა მითხრა რომ სვანეთის მთებში ბინადრობს, მეორემ – აჭარა, მესამემ სულ სხვა მხარეს მიმითითა… ამის შემდეგ კიდევ ერთი კითხვა დამებადა:
  • ამ ჩვენს პატარა ქვეყანას რამდენიმე თოვლის პაპა რომ არ ჰყოფნის, როგორ ახერხებს ერთადერთი სანტა კლაუსი მთელ ევროპისა და ამერიკაში საჩუქრების დისტრიბუციას? გასგებია რომ სუპერსიჩქარიანი მარხილით დაფრინავს, ელფების არმიაც ემსახურება მაგრამ მაინც წარმოუდგენელია ერთ ღამეში ასეთი სამუშაოს შესრულება. და პირიქით – თუ ერთი სანტა ამდენი ხალხის მომსახურებას ახერხებს, ჩვენისთანა პატარა ერს რად უნდა ასე ბევრი, სხვადასხვა კუთხიდან წამოსული თოვლის პაპები?

——-

ახლა კივზივარ და ვფიქრობ – რატომ ვიცით უფრო მეტი სანტაზე, ვიდრე  ეროვნული წარმოების თოვლის პაპის შესახებ? ნუთუ ნაბდიანი ხალხი მოდიდან გადავიდა? ნუთუ ჭყეტელა სამოსი, ეჟვნები და სხვა ჟღრიალა ატრიბუტიკა ასე ძალიან იტაცებს ყურადღებას?… არის თუ არა ეს ღირებულებების ცვლის პროცესი? ანუ ტრადიციულიდან გლობალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

მეორე მხრივ, განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ მოგიტანს საახალწლო ქრთამს კარგი ქცვისათვის? მთავარი ხომ მაინც ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაა. ანუ ბავშვისთვის იმის სწავლება თუ რა არის კარგი და ცუდი, პასუხისმგებლობის გაღვივება, ფანტაზიისა და ასრულებული ოცნებების კარის გახსნა…

პ.ს. და მაინც მრჩება ბევრი, ბევრი პასუხგაცემელი კითხვა თოვლის პაპის შესახებ. დამეხმარეთ, ერთად გავიხსენოთ ვინ არის, საიდან მოდის და რა უნდა. ბოლოსდაბოლოს ბავშვების გულუბრყვილო კითხვებზე პასუხი ხომ უნდა შეგვეძლოს 🙂

ჟურნალისტური აბლაბუდა


"ვეძებ სამუშაოს"

ბევრი ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა, “დროებით უმუშევარია”. დღეში რამდენჯერმე შედის სამუშაოს საძიებელ საიტებზე, ათვალიერებს ასობით ვაკანსიას და დაუსრულებლად აგზავნის CV-ის სხვადასხვა ელექტრონულ მისამართებზე. მერე იწყება უიმედო ლოდინის დღეები, როცა გგონია რომ აი, სადაცაა შენს მობილურზე უცნობი ნომერი შემოვა, ქალის სასიამოვნო ხმა მოგესალმება და გასაუბრებაზე დაგიბარებს… მიხვალ, მოუყვები შენი დამსახურებების შესახებ, ისინიც აგარჩევენ მრავალთაგან ერთადერთ ღირსეულს და საოცნებო პოზიციაც შენია….

ეს უიმედო იმედიანობა ხშირად ტრაგიკულად დიდხანს გრძელდება, CV-ის გაგზავნა ავტომატურ ჩვევაში გადადის… უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რა ვაკანსიაა – ჟურნალისტის, გაყიდვების აგენტის, ოფის მენეჯერის, მეხანძრის თუ პილოტის – პირადი მონაცემები უნდა მიუვიდეთ. ეგებ ვინმეს თვალში მოუვიდეს, თავში რაღაც გადაუტრიალდეს და გასაუბრებაზე დაგიბაროს…..

ამბავი რომელიც უნდა მოგიყვეთ, ჩემს მეგობარს ეხება. იგი საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა აგერ უკვე 2 წელია უშედეგოდ ცდილობს სამსახურის დაწყებას. მახსოვს, ჩემი ამერიკაში წასვლამდეც იბარებდნენ გასაუბრებებზე. ერთგან მიიღეს კიდეც მაგრამ რამდენიმე კვირაში წამოსვლა მოუწია. საოცარი გრძნობაა, როცა ბოლოსდაბოლოს გგონია რომ შენმა ძიებამ ნაყოფი გამოიღო, მიხვედი სადღაც, დაფუძნდები… აწყობ კარიერულ და პირად გეგმებს, ერთ დღეს კი…  უფროსი კაბნეტში გიბარებს და გეუბნება: იცი, შენ ძალიან კარგი გოგო/ბიჭი ხარ მაგრამ… ამ მაგრამ-ის შემდეგ რას იტყვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ხვდები რომ ეს შენი ბოლო სამუშაო დღეა და ოცნების კოშკები კიდევ ერთხელ ჩამოგენგრა თავზე. კაბინეტის კარებამდე გულში იგინები, ქუჩაში გამოსული კი გამვლელებსაც აღარ ერიდები, ხმამაღლა მობურდღუნებ ყოფილი კოლეგებისა და მთელი ქვეყნის “ქება-დიდებას”.

რამდენადაც ეს სტანდარტული პროცედურა ხშირად მეორდება ახალგაზრდების ცხოვრებაში, უკვე აღარავის უკვირს რომ მორიგი ახლად-უნივერსიტეტ-დამთავრებული ინდივიდი უცებ შემოსავლის გარეშე რჩება.

 ————————-

რაც ჩემს მეგობარს შეემთხვა, ერთი შეხედვით უჩვეულოდ მომეჩვენა. შეიძლება იმიტომაც, რომ უკვე მთელი წელი არ მქონდა შეხება ქართული შრომის ბაზართან და შესაბამისად, წარმოდგენაც აქაური ორგანიზაციების შესახებ.

ეს ამბავი გასულ შემოდგომას დაიწყო.

ოქტომბრის ბოლოს –  წკრრრრრრრ – მობილური რეკავს. ვუპასუხე.

– ავე, – საზეიმო ხმით მომახარა მეგობარმა, – მუშაობა დავიწყე.

– გილოცავ, სად მიგიღეს? – გულწრფელად გამიხარდა. კარგად მახსოვდა ბოლო წლებში სამუშაოს დასაწყების მისი განწირული მცდელობები.

– ახალგაზრდული ჟურნალია, ჟურნალისტი სჭირდებათ.

უნდა გითხრათ რომ მას სხვადასხვა გამოცემებსა და რადიოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია. შემოქმედებითი ნიჭიც აქვს….

პირველ რიგში სამუშაო პირობები ვკითხე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორი კოლეგები მეყოლება, როგორი იქნება ორგანიზაციული გარემო, ანაზღაურება, ხელფასისა და კარიერული ზრდის პერსპექტივა და ა.შ.

ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ახლადშექმნილი ჟურნალი თანამშრომლებისთვის გადახდას მხოლოდ მეორე ნომრის გამოშვების შემდეგ აპირებდა. ისიც რას? – სტატიაში მხოლოდ 20 ლარს!

მარტივი გამოთვლებითაც იოლი მისახვედრია, რომ ერთ ადამიანსაც კი ვერ ეყოფა თუნდაც რამდენიმე სტატიის დაწერით მიღებული ყოველთვიური ანაზღაურება. თუმცა, ბევრია თუ ცოტაა, ფული არასოდეს არის ზედმეტი. ქართული რეალობიდან გამომდინარე, “სულ არაფერს მაინც სჯობია” ლოგიკით, ჩემი მეგობარი სიხარულით დათანხმდა შემდეგ პირობებს:

1. რედაქციაში ყოველდღიური სიარული საჭირო არ არის. მიდიხარ მაშინ, როდესაც რედაქტორისგან იღებ დავალებას ან კონკრეტული საკითხი/სტატიაა განსახილველი

2. კომუნიკაციის ძირითადი საშუალება არის ინტერნეტი და ტელეფონი

3. პირველი ნომრის მოსამზადებლად უფასოდ დაწერს რამდენიმე სტატიას, მეორე ნომრის გამოცემის შემდეგ კი ანაზღაურება იქნება თითოეული სტატიისთვის 20 ლარი.

შეთანხმება, რა თქმა უნდა, იყო მხოლოდ სიტყვიერი. კონტრაქტები ქართული შრომის ბაზარზე არც ისე გავრცელებულია, ხოლო რა ძალა აქვე დამსაქმებლის მიერ მოცემულ სიტყვას, სულ მალე დაინახავთ.

ახლადდასაქმებული მუშაკი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მოვალეობების შესრულებას. მოიფიქრა რამდენიმე ორიგინალური რუბრიკა, რომელიც ჟურნალის პოტენციურ მკითხველებს დააინტერესებდათ. შეარჩია თემები, მოიძია მასალები, ჩაატარა ინტერვიუები და დაწერა რამდენიმე სტატია. ისიც გახსოვდეთ, რომ როგორც ჭეშმარიტმა ჟურნალისტმა, შეიძინა ახალთახალი დიქტოფონიც. მოკლედ, დაიწყო გძელვადიან გეგმებზე ფიქრი.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სიამაყით მაჩვენა ჟურნალის პირველი ნომერი. ეს იყო მაღალხარისხიანი გამოცემა ფერადი, პრიალა ფურცლებით და ლამაზად გაფორმებული ყდით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამიხარდა. და, რა თქმა უნდა, მან გაორმაგებული ენთუზიაზმით დაიწყო მეორე ნომრის სტატიებზე მუშაობა. ხუმრობა ხომ არაა, უკვე ანაზღაურება უნდა მიეღო.

რედაქტორმა მოუწონა ერთი სტატია… მეორეც… მესამეც… მოუყვა სპონსორებთან მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ…

 ამასობაში ახალი წლებიც მოახლოვდა და, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ, თავს დასვენების უფლებაც მისცეს.

მოვიდა 2012, გავიდა მასობრივი სმა-ჭამის დღეები და ერთხელაც – წკრრრრრრრრრრ – ისევ რეკავს ტელეფონი. ისევ ვუპასუხე.

– ავე, – ამჯერად ზეიმის ნატამალიც არ იყო ჩემი მეგობრის ხმაში, – იცი რედაქტორი დამეკარგა…

გავოცდი! ნუთუ შესაძლებელია 21-ს საუკუნეში, სოციალური ქსელებისა და მასობრივი კომუნიკაციების ეპოქაში მოულოდნელად გაქრეს ცივილიზებული ადამიანი?!

თურმე პერსპექტიული ჟურნალის ყოჩაღი რედაქტორი აღარც მაილზე წერს, არც ტელეფონის ზარებს პასუხობს…. ფეისბუქზეც ყურადღებას არ აქცევს მოკითხვის მესიჯებს….

პირველს რას იფიქრებ? – გადამაგდეს! და მართალიც იქნები.

სხვა ალტერნატივის დაშვებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ამბის გარკვევის რამე შესაძლებლობა მაინცაა. ამ შემთხვევაში კი კომუნიკაციის ყველანაირმა მცდელობამ კრახი განიცადა. არ უპასუხეს არც ნაცნობი, არც უცხო ნომრის ზარებს, ბოლოს კი საერთოდ გაითიშა რედაქტორის ტელეფონი.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა…

ასე დამთავრდა ერთი დასაქმების ისტორია.

დასკვნა: აფერისტები ყველგან შეიძლება იყვნენ, მათ შორის ჩვენს “საამაყო” მედიაშიც.

შეიძლება გავიგო რომ ვიღაცას არ იღებენ სამსახურში, ან ძალიან მალე ათავისუფლებენ, ან … ნებისმიერი სხვა რამ გარდა მსგავსი უნამუსო შემთხვევისა. ერთი ტექსტური ან ელექტრონული მესიჯის დაწერას, ან ერთ დარეკვას რა უშლის ხელს? ელემენტარული ადამიანური მომენტია რომ შენს მუშაკს, კოლეგას გააგებინო მისი ბედის შესახებ. როცა ეუბნები “სამსახურში მიღებული ხარ”, ასეთივე წარმატებით უნდა შეგეძლოს “საქმე ჩაიშალა და ვეღარ გიხდი”-ს ინფორმირება.

მოკლედ, ქართული შრომის ბაზარზე რომ მეგონა იმაზე წყალწაღებული სიტუაციაა. რა უნდა გააკეთო ამ დროს? როდესაც რედაქტორის გაქრობით გაოგნებულმა მეგობარმა დამირეკა, ვურჩიე პოლიციაში მისულიყო და გაეცხადებინა ადამიანის დაკარგვის შესახებ. მაგრამ არ დამიჯერა. როგორ ფიქრობთ, ამით რამე შეიცვლებოდა?

სადღაც დადის და დაგულაობს არშემდგარი ჟურნალის აქუსლებული რედაქტორი და ალბათ მორიგ საკბილოს ეძებს. გამოცვლიდა მობილურ ოპერატორს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, შეცვლიდა ჟურნალის სახელს და იგივე შემართებით გააგრძელებდა მორიგი მსხვერპლის ძიებას.

ბლოგერებო, ჟურნალისტებო, სტუდენტებო – ვისაც გინდათ რომ მთელი საქართველოსთვის წეროთ!

არ ენდოთ ახლადგამოჩეკილი მედიის წარმომადგენლებს, მოგატყუებენ!!! იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოგემა გაგრძელდა, ხელში შეგრჩებათ “ჭ” კლასის ჟურნალში რამდენიმეთვიანი უფასო მუშაობა, მზარი ხარჯები (ტრანსპორტის, კომუნიკაციის, დიქტოფონის და ა.შ.) და გაცრუებული იმედები.

სჯობია ასე თუ ისე დამკვიდრებულ მედია საშუალებას მიაკითხოთ და იქ სტაჟირებით დაიწყოთ კარიერა ვიდრე მსგავსი აფიორის მსხვერპლი გახდეთ!

გამიზიარეთ ისტორიები – თუ ვინმეს მსგავსი რამ გადაგხდენიათ. რამდენად ხშირია ახალბედა ჟურნალისტების გადაგდება? როგორ აფასებენ მათ შრომას? და სად არის გამოსავალი? ვის მიმართოს დაზარალებულმა, იმედგაცრუებულმა, მომავალზე ხელჩაქნეულმა, შრომის უფლებადარღვეულმა ადამიანმა?

საქართველოო ლამაზო


ახლა ზურგჩანთა უკნდა მეკიდოს და სადმე მთის ბილიკებს მივუყვებოდე, ვტკბებოდე მშვენიერი ხედებით და თანამგზავრს ვებლუყურებოდე სრულიად უაზრო თემებზე. ეს არის ჩემთვის ყველაზე სასურველი და სანეტარო დასვენება. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ის შემიძლია, კომპიუტერთან მოხერხებულად მოვკალათდე და გასული წლების ფეხსკურსიების ფოტოები დავათვალიერო. წკაპ