ბაგინეთი და კარსანი, კიდევ ერთხელ


სილამაზე, სიმშვიდე, მცხეთისა და ჯვრის მონასტრის არაჩვეულებრივი ხედი, ანტიკური ხანის აბანოები და წარმართული ტაძრის ნანგრევები… საოცარი გარემო – ეს ყველაფერი ბაგინეთის კომპლექსში შეგიძლიათ ნახოთ. ალაგ-ალაგ საინფორმაციო დაფებია დაამგრებული, რომლებიც მისი შემადგენელი ნაწილების დანიშნულებას ხსნიან.

ბოლოს აქ სამიოდე წლის წინ ვიყავი. მაშინდელი ფოტოები და პოსტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. მას შემდეგ რამდენიმე ცვლილება შევამჩნიე: პირველ რიგში, შესასვლელთან ერთ-ერთი საინფორმაციო დაფა დაზიანებულია. ცარიელი ჩარჩოა შემორჩენილი.

Continue reading

რომელი საიტებიდან გამოვწეროთ სალაშქრო აღჭურვილობა


გარდა საყოველთაოდ ცნობილი ონლაინ მაღაზიებისა (ამაზონი და იბეი), სადაც ნებისმიერი ასაკისა და მოთხოვნილების ადამიანს შეუძლია სასურველი ნივთის შეძენა, არსებობს სპეციალური საიტები ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულებისათვის. ამ პოსტში გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს – ძირითადად ამერიკულ საიტებს, საიდანაც შეგიძლიათ ხარისხიანი ბრენდების გამოწერა.

 Sierra Trading Post – კარვები, ზურგჩანთები, საძილე ტომრები – ყველაფერი, რაც შეიძლება მოგზაურს გამოადგეს. დროდადრო რეგისტრირებული წევრები ფასდაკლების კოდებსად იღებენ და შეუძლიათ დამატებით თანხების დაზოგვა.

CampSaver – სალაშქრო და ტურისტული აღჭურვილობის ფართო არჩევანია. პერიოდული პრომო აქციებით შესაძლებელია მიიღოთ კონკრეტულ ნივთებზე ფასდაკლება.  Continue reading

ადგილები ერთდღიანი გასვლებისთვის


1 დღე ან რამდენიმე თავისუფალი საათი რომ გაქვს და სადმე ახლოს გინდა, გასვლა, ამ პოსტში ისეთი ადგილების შესახებ წაიკითხავთ. ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია. შეგიძლიათ თავად შეავსოთ და დაამატოთ. 🙂 თბილისთან ახლოს, მანქანით ან ფეხით სავალ მარშრუტებზე მოწყდებით ქალაქის ხმაურსა და ალიაქოთს, დაისვენებთ ბუზღუნა უფროსისგან, გამონაბოლქვისგან, სამსახურისგან ან უბრალოდ დროს გაატარებთ ოჯახთან/მეგობრებთან. აქ მიღწევაც იოლია – უმეტეს ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.

მცხეთა – პატარა, ლამაზი, კოხტა ქალაქი სვეტიცხოველით და არსენა ოძელაშვილის ომახიანი ძეგლით. ბებრის ციხის მონახულებაც არ დაგავიწყდეთ. სამთავროს დედათა მონასტერსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და, თუ ტრანსპორტი გაქვთ, შიო მღვიმესაც.

არმაზი – საფეხმავლო, საკმაოდ იოლი მარშრუტია. შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს წასვლა. მოსანახულებელი ადგილები: ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და არმაზის ციხე. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას.

ბირთვისი – არ ვიცი კიდევ სადმე თუ არსებობს ასეთი საოცარი ადგილი. ცამდე აზიდული უზარმზარი ლოდები ბუნებრივი სიმაგრეს ქმნიან, რომელსაც მტერი ვერაფერს აკლებდა. დედაციხიდან და შეუპოვარიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ბილიკები მარკირებული არ არის და გზის არმცოდნე შესაძლოა დაიკარგოს.  დედაციხიდან შესაძლებელია კოჯრის ციხის დანახვა. როგორც ამბობენ, ძველ დროში ეს ციხეები ერთმანეთს სანიშნე ცეცხლით ატყობინებდნენ მტრის შემოსევის შესახებ.  Continue reading

სად/როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად


 ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც საქართველოდან იაფად გაფრენა სურს 🙂

ავიაბილეთები შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავიასააგენტოებში, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ეს გაცილებით სწრაფად და იაფად თავად გააკეთოთ. ძალიან მარტივია:

  • შედიხართ ავიაბილეთების რომელიმე საძიებო საიტზე.
  • მიუთითებთ ფრენის დროსა და თარიღებს
  • სისტემა მოძებნის ერთ ან რამდენიმე რეისს
  • შეარჩევთ სასურველს
  • შეავსებთ პირად ინფორმაციას
  • გადაიხდით თანხას და ბილეთიც თქვენია!

რომელი საიტები: 

ავიაკომპანიების საიტები მხოლოდ საკუთარი რეისების შესახებ გაწვდიან ინფორმაციას, ამიტომ სჯობია აირჩიოთ ავიასააგენტოს ვებსაიტი, რომეზეც რამდენიმე შეთავაზებას შორის მაინც გააკეთებთ არჩევანს. ქართული საიტები, როგორიცაა fly.ge ან itageorgia.ge სწრაფად და ეფექტურად ეძებს შედეგებს. თუმცა პირადად მაინც უცხოურ საიტებს ვამჯობინებ, რამდენადაც იქ უფრო იაფად ვპოულობ ბილეთებს. ქართული საიტების უპირატესობა მათი ადვილი ხელმისაწვდომობაა: შეგიძლიათ დარეკოთ ან ოფისში მიხვიდეთ და ესაუბროთ/პირადად გაარკვიოთ სიტუაცია.

ქუთაისის აეროპორტის არჩევა თბილისის მაგიერ თანხას დაგიზოგავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სამოგზაურო ბიუჯეტი შეზღუდულია. ქუთაისი რეგიონში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი აეროპორტია, საიდანაც მინიმალური დანახარჯით შეიძლება მოხვდე შემდეგ დანიშნულების ადგილებზე:

იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მარტივად და კომფორტულად ქუთაისის აეროპორტში ჩასვლა, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წინა პოსტში.  Continue reading

ნორაშენი


ნორაშენის ეკლესია ძველ თბილისში, სიონის სიახლოვეს მდებარეობს. “სომხური ეკლესია” – ამ სახელით იცნობს ხალხი, მის გვერდით ბევრჯერ აუვლიათ და ჩაუვლიათ. თუმცა ცოტამ თუ იცის რა საოცარი მოხატულობა აქვს. ამ ძველი ეკლესიის მთელი კედლები და ჭერი დაფარულია ულამაზესი ფრესკებით, რომლებიც სახარების სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს. ფერად-ფერადი სცენები და ორნამენტები მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭრილებას ახდენს. რაც უფრო გასაკვირია, მხატვრობა თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი, განსხვავებით იმ ბევრი ეკლესიისგან, რომელთა მოხატულობა კომუნისტების პერიოდში შელესეს, ჩამოფიხიკეს ან გაანადგურეს. ალაგ-ალაგ კედლებში ჩატანებულია სათავსო-სამალავები. ეკლესია მაისში ვნახე, როდესაც მისი დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მიწასთან ერთად საინტერესო არქეოლოგიური მასალები ამოდიოდა, მათ შორის მშვენიერი ჩუქურთმები, ქოთნის ნატეხები, სხვა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნივთები.

კედლის მხატვრობა

IMG_0229 Continue reading

რა უნდა ვიცოდეთ power bank-ის შესახებ


Power Bank განკუთვნილია ტელეფონისთვის, პლანშეტური კომპიუტერისთვის და ნებისმიერი სხვა მოწყობილობისთვის, რომელიც USB დამტენით იტენება. ეს არის პატარა ნივთი, დამატებითი ენერგიის წყარო, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში გადაგარჩენთ. Power Bank-ის მფლობელი წამდაუწუმ არ ეძებს დენცქვიტას (შტეფცელს) და მინიმუმ მთელი დღის განმავლობაში მშვიდადაა – იცის, რომ მისი ტელეფონი უდროო დროს არ გაითიშება. Power Bank სასარგებლოა მათთვის

– ვინც ბევრს მოგზაურობს, განსაკუთრებით ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილებში.

– ვინც ხშირად გადაადგილდება და ტელეფონის შეერთების დრო და საშუალება ყოველთვის არ აქვს;

– ვისაც ხშირად ავიწყდება ტელეფონის დატენვა;

– ვინც ტელეფონზე ბევრს მუშაობს, თამაშობს და სწრაფად მოიხმარს ენერგიას. დამეთანხმებით, რომ საქმის კეთების პროცესში ტელეფონის/ პლანშეტის გათიშვა კატასტროფის ტოლფასია.

რაც არ უნდა ძლიერი ელემენტი ჰქონდეს თანამედროვე ტელეფონს, მაინც მაღალია მის მიერ ენერგიის მოხმარება. მუდმივად ინტერნეტში ძრომიალი, ფოტოების გადაღება, მესიჯების წერა, ფილმების ყურება, მუსიკების მოსმენა – ეს ყველაფერი, ცალცალკე ან ერთად აღებული განაპირობებს ტელეფონის ბატარიის სწრაფად დაცლას.

Power Bank-ის საშუალებით ამ პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

Power Bank-ის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

– 50.000-100.000 mAh power bank-ები არ არსებობს. ეს რიცხვები არის სარეკლამოდ. ძალიან ბევრი მიმოხილვა, რაც წავიკითხე, უკმაყოფილო მომხმარებლების მიერ იყო გაკეთებული. ისინი ჩიოდნენ რომ გამყიდველის მიერ ამ მონაცემებით დადებული პროდუქტი რეალურად მხოლოდ 2-3 დატენვას ჰყოფნის, მეტს არა. Power bank-ისთვის ყველაზე რეალური მოცულობა არის 10-12.000 mAh, რომელიც ტელეფონის 2-4 სრულ დატენვისთვის უნდა იყოს საკმარისი (დამოკიდებულია ტელეფონის მოდელსა და მისი ელემენტის მოცულობაზე). ისინი ენერგიას იღებენ დენიდან, აგროვებენ და შემდეგ ექსტრემალურ სიტუაციაში გეხმარებიან. 10-12 mAh-ის შევსებას დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება. კონრეტული დრო, როგორც წესი, მითითებულია კონკრეტული მოდელის აღწერაში.

– ზოგიერთ Power Bank-ს არ მოყვება USB კაბელი, რომლითაც იტენება თვითონვე და რომლის საშუალებითაც უნდა დატენოს სხვა მოწყობილობა (ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.). შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის მახასიათებლები და მისი მომყოლი აქსესუარები. ზოგს უწერია რომ უსბ კაბელი არ აქვს. თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაშინ შეიძინეთ უსბ-ს გარეშე.

– LIfe Cycle ანუ რამდენჯერ შეიძლება მისი გამოყენება. კარგი power bank-ების მწარმოებლები და/ან გამყიდველები წერენ ხოლმე ამ ინფორმაციას. რაც უფრო მეტია ეს რიცხვი, მით უკეთესი. შეიძინეთ ის, რომელიც 500 ან მეტჯერ შეიძლება გამოიყენოთ.

– წონა და ფორმა. ფორმა უფრო გემოვნების საკითხია – მრგვალი მოგწონთ, ოვალი თუ ოთხკუთხედი თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ წონას კი უნდა მიაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით მაშინ თუ ხშირად გიწევთ მოგზაურობა და ყველა გრამი მნიშვნელოვანია. რაც უფრო პატარაა, მით უკეთესი.

– მზის თუ დენის? მზის დამტებნი არ გამომიცდია, ამიტომ რამდენად ხარისხიანია ვერ ვიტყვი. მე მაქვს დენის დამტენი, რომელიც არის 12.000 mAh, დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება სრულად შესავსებად და ჩემს ტელეფონს 3-4 სრული დატენვისთვის ჰყოფნის.

– რომელს ვენდო? უსახელო power bank-ის ყიდვას არ გირჩევთ, სარისკოა – შეიძლება რამდენიმე გამოყენების შემდეგ გაფუჭდეს და უსარგებლო გახდეს. სჯობია შეიძინოთ ის, რომელსაც მომხმარებლის ბევრი დადებითი კომენტარი აქვს. შეიძლება 100%-იანი კმაყოფილება არ იყოს… ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგრამ 80-90%-იანი პოზიტიური  შეფასება უკვე კარგია. ასევე ყურადღება მიაქციეთ მომხმარებელების საერთო რაოდენობას – სასურველია რამდენიმე ათეული მაინც იყოს, მეტი თუ თუ არა.

– დამატებითი ფუნქციები, როგორიც არის მაგალითად განათება. ზოგიერთ power bank-ს აქვს პატარა ნათურა, რომელიც ფანარის ფუნქციას ასრულებს. ეს არ არის ძლიერი შუქი, მაგრამ საკმაოდ გარჩევადია. გაჭირვების დროს გამოიყენებს კაცი.

– ეკრანი %-ების ინდიკატორით, რომელიც აჩვენებს რამდენად სავსეა power bank. ასე დროულად შეძლებთ მის ხელახლა დატენვას და მომზადებას მორიგი მოგზაურობისათვის.

– დასატენი output შესაერთებლები – ზოგიერთ power bank-ს აქვს მხოლოდ 1, ზოგს 2, სადაც შეიძლება შესაბამისად, 1 ან 2 მოწყობილობის (ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.) შეერთება.

– დამატებითი დაცვა – როდესაც მოწყობილობა სრულად დაიტენება, რომ ავტომატურად შეწყდეს დატენვა და ტელეფონის ელემენტი არ დაზიანდეს. ასევე დაცვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან და ა.შ.

– დამატებითი აქსესუარები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის შესაერთებლიანი თავები, რომლებიც სხვადასხვა ტელეფონებს მოერგება (მაგალითად iPhone, Nokia, Samsung, HTC ტელეფონებისთვის), რომლებსაც სხვადასხვაგვარი შესაერთებლები აქვთ. ასევე ზოგიერთ დამტენს შეიძლება მოყვეს ჩასადები, სამაგრი ან ბრელოკზე ჩამოსაკიდი, რაც უფრო მოხერხებულს გახდის მის ტარებას.

და ბოლოს – თანხის დაზოგვა power bank-ზე არ ღირს. სჯობია ცოტა მეტი გადაიხადოთ და მიიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, ვიდრე იაფად შეიძინოთ და რამდენიმე გამოყენების შემდეგ გაფუჭდეს.

წარმატებას გისურვებთ.

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთა


 ზურგჩანთის შეძენა სალაშქრო სამზადისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მის გარეშე შეუძლებელია სამოგზაუროდ წასვლა. ზურგჩანთა ერთგვარი მოძრავი სახლია, სადაც ინახავთ ყველა აუცილებელ ნივთს. მაგრამ არ ჰგავს ჩვეულებრივ სახლს – სადაც შეიძლება ყველაფერი განურჩევლად ჩაყაროთ – დაწყებული დეკორატიული ნივთებიდან, დამთავრებული ტექნიკითა და ფუფუნების საგნებით. ზურგჩანთის ტარება საკუთარი ზურგით გიწევთ (არ გქონდეთ იმის იმედი რომ ვინმე გიტარებთ, განსაკუთრებით მრავალდღიან გასვლებში). ამიტომ მისი ზომა, წონა და ფორმა პირად შესაძლებლობებს უნდა შეუსაბამოთ. სალაშქრო ზურგჩანთა არ არის გასაპრანჭი ნივთი. იგი უნდა იყოს ტევადი, მორგებული და მოხერხებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია სიმსუბუქეც – ტარებისას ხომ ნივთების წონას მისი საკუთარიც დაემატება. ყველა დამატებითი საგანი მას ამძიმებს და ტარებას ართულებს. ზურგჩანთით სიარულმა შეიძლება მოგიწიოთ არა მხოლოდ ასფალტზე, არამედ სხვადასხვა სირთულის გზებზე, მთებში, მიუვალ ადგილებში. ასე რომ ყოველი გრამი მნიშნვნელოვანია და ზურგჩანთის სწორად შერჩევა და ჩალაგებაც დიიიიიიიიდი ხელოვნებაა.  🙂  Continue reading