ოქრო თუ ადამიანი?


ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ გადავიღე ვაგზლის მოედანზე. ბედის ირონიაა – ოქროს სავაჭრო ცენტრთან უსახლკარო ადამიანი ცივ მიწაზე მიგდებულა. და ერთგვარი გამოწვევაც საზოგადოებისათვის: რა უფრო ღირებულია – ოქრო თუ ადამიანის სიცოცხლე?

უსახლკარო

უსახლკარო

დაზამთრდა, ამინდები აირია. ალბათ მალე მოთოვს კიდეც. ვიღაც გუდაურში წავა სასრიალოდ, დღისით თხილამურებზე გაერთობა, საღამოს თბილ სასტუმროში – მეგობრებთან. რა ელის ამ კაცს ყინვებისას?

Advertisements

ისევ უსახლკაროების შესახებ


რამდენიმე წლის წინ პოსტი დავწერე, სადაც უსახლკარო ადამიანების საკითხის მიმართ ყურადღების დეფიციტზე ვსაუბრობდი. წლები გავიდა, ქვეყანაში თითქოს ხელიუფლებაც შეიცვალა, თითქოს რაღაცეებიც მოგვარდა, ამ პრობლემას კი არაფერი ეშველა. გასულ ზამთარს ქუჩაში ადამიანების გაყინვის რამდენიმე შემთხვევა გავიგე და ისე ჩანს, წელსაც “გაგვანებივრებენ” მსგავსი ამბები. მანქანებიდან და ოფისებიდან არ ჩანან თორემ თბილისში უსახლკაროებზე მეტი რა არის. ლამის ყოველი ქუჩის კუთხეში ზის ჩამოძენძილი, სასოებადაკარგული ადამიანი.

რამდენიმე კვირის წინ ვარკეთილში, “თათრების ბაზართან” მიხდებოდა გვიან გავლა. ერთ კაცს ვამჩნევდი, დაკეტილი მაღაზიის კიბეზე საცოდავად მობუზულიყო. საიდანღაც მოპოვებული ყუთები ჰქონდა ცივ საფეხურზე გაფენილი, ძველისძველი, დაგლეჯილი ადიელა ჰქონდა შემოფარებული სიცივისაგან დასაცავად. ნაგლეჯებიდან მოუჩანდა გაბურძგნული წვერი და ნაღვლიანი თვალები. ცივი კიბე და ძველმანები იყო მისი სახლიც, კარიც და თავშესაფარიც. მაშინ ძალიან არ ციოდა. მაგრამ რა მოხდება ახლა, როცა ტემპერატურა დაიწევს და მოთოვს? სად შეაფარებს თავს?  მას ხომ წასასვლელი არსად აქვს. ძონძები მკაცრი სიცივისგან ვერ დაიცავს, დიდი ალბათობაა რომ ეს საწყალი ერთ ნაცრისფერ დილას საკუთარ “სახლზე” მიყინული იპოვონ!

ვინ იცის, რამდენია თბილისში ასეთი უწყინარი, უპერსპექტივო ადამიანი, რომლებზეც უფლებადამცველებიც კი ძალიან ცოტას საუბრობენ. ყოველდღიურად გვესმის რომ ირღვევა სტუდენტების უფლებები, ეთნიკური უმცირესობის უფლებები, რკინიგზელების შრომითი უფლებები, ცხოველთა უფლებები, ვიღაცის პოლიტიკური თუ გამოხატვის თავისუფლებები… და რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლის უფლებაზეც კი არ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ. არ არსებობს ხალხი, ვინც მათ ამბავს მოყვებოდა, მათ დასაცავად საზოგადოებრივ დისკუსიებს ან კონკრეტულ აქციებს განახორციელებდა.

როგორც იქნა, “იდენტობამ” წამოწია უსახლკაროების პრობლემა. როგორც იქნა, ყურადღება უნდა მიექციათ ძალიან მოწყვლადი და ძალიან დავიწყებული ადამიანების ჯგუფებისთვის. როგორც იქნა, უნდა გვენახა სამოქალაქო სოლიდარობა, ერთსულოვნება და, რაც მთავარია, ქრისტიანობის, როგორც ღირებულების გამოვლინება.

მაგრამ საპატრიარქოს ოფიციალურმა პოზიციამ საზოგადოებრივი აგრესია გამოიწვია და ჩანასახშივე მოკლა ეს მადლიანი ინიციატივა. სამწუხაროა, რომ ეკლესია ჩამოყალიბდა როგორც არაფორმალური ინსტიტუტი, რომელსაც მასებზე უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეკლესიას გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს ამომრჩევლებზე, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტებს ან პოლიტიკურ პარტიებს. არასამთავრობო სექტორს, თუნდაც სახალხო დამცველს არასოდეს ეღირსება ის ღრმა თაყვანისცემა და ბრმა ნდობა, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის მიმართ განიცდის. და სწორედ ეს გავლენაა, რომელიც ხალხის ენერგიას განუსჯელად მიმართავს იქით, საითაც ეკლესია მიუთითებს.

ძალიან მინდა ეკლესიამ დამანახოს ქრისტიანობის, როგორც ქმედების რეალური მნიშვნელობა. ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ერთმა მღვდელმა – ქუჩაში უცნობ მუხუცს მიეხმარა მძიმე ტვირთის წაღებაში. მინდა, რომ ამ უცნობი მღვდელის ქმედება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლური სახე გახდეს. მინდა, რომ ეკლესიამ შექმნას სამოქალაქო სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მისაბაძი მაგალითები, როცა მოყვასზე ზრუნვა ქადაგების თემა კი არა, გადამდები ქმედება იქნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში “იდენტობა” კი არა, ის ათობით და ასობით ადამიანი ზარალდება, ვისაც ღამის გათევა ქუჩაში უწევს.

პატივცემულო ღვთითკურთხეულო ეკლესიის მესვეურებო, როდესაც თქვენ შეყუჟული ბრძანდებით მრევლის შესაწირით გამთბარ სახლებში, გარეთ ვიღაც იყინება! მას ძალიან უმართლებს თუ ქარიანი და წვიმიანი ამინდი არ გამოვიდა. მიიკუნჭება კუთხეში, შემოიფარებს სადღაც ნაპოვნ ნაგლეჯს და ცდილობს მეორე დღემდე მიიტანოს სული! თუ თავად არ შეგიძლიათ სიკეთის კეთება, დააცადეთ ადამიანებს ადამიანებზე ზრუნვა!

როგორ გადავჭრათ კადრების დეფიციტი


ბევრ კომპანიას კადრების დეფიციტი აქვს: დასაქმების საიტზე გაუთავებლად ეძებენ გაყიდვების აგენტებს. გააჩნიათ ჩამოწიკწიკებული მოთხოვნათა ნუსხა:

1. უნდა იყოს ახალგაზრდა

2. იცოდეს სულ მცირე 2 უცხო ენა

3. იყოს მიზანდასახული

4. იყოს კომუნიკაბელური

5. კარგი გარეგნობა (და ალბათ ცუდი ხასიათი 😀 იმიტომ რომ ულამაზო ქალზე ყოველთვის ამბობენ – სამაგიეროდ კარგი ხასიათი აქვსო 🙂 )

6. უმაღლესი განათლება

7. სამუშაო გამოცდილება

არის კიდევ რაღც წვრილმანები, რაზეც ყურადღების მიქცევა ამ შემთხვევაში არ ღირს.

მიმდინარეობს რთული სააპლიკაციო პროცესი, “ღირსებული კანდიდატების” შერჩევა და გადარჩევა, უანრების ტესტები, ინტერვიუები (ზოგჯერ ორმაგიც) და ა.შ. შედეგად კი რამდენიმე კვირაში იგივე კომპანიის იგივე პოზიციაზე ზუსტად იგივე განცხადება ქვეყნდება!

რა არის ამის მიზეზი? ის, ხომ არა რომ “ვეფხისტყაოსანის” მენტალიტეტს შეჩვეულ ქართველობას ვაჭრობა ეთაკილება? ანდა ახალგაზრდების სამართლიანი აღშფოთება – რომ ახლად უნივერსიტეტდამთავრებულს შეუძლებელია ასეთი მაღალი მოთხოვნები წაუყენო? აქ იგულისხმება, რომ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, ვერ ექნება 3-4 წლიანი გამოცდილება რაღაც კონკრეტულ სფეროში, მით უმეტეს საშუალო დონის თანამდებობაზე მუშაობისა. ან იქნებ წარუმატებელი საკადრო პოლიტიკა, ადამიანური რესურსების სპეციალისტების არაკვალიფიციურობა გამოვიყვანოთ განტევების ვაცად?

კიდევ ერთხელ გადავხედოთ მოთხოვნებს:

– საუნივერსიტეტო განათლება გაყიდვებში აუცილებელი არ არის. აქ მთავარია კომუნიკაბელურობა, დამაჯერებლობა, პრეზენტაციის უნარი. რომ კლიენტი დაარწმუნო პროდუქტის/მომსახურების ხარისხში და აიძულო მისი ყიდვა. უმაღლესდამთავრებული გოგო-ბიჭები ხშირად შემინიშნავს მეტროებში მობილური ოპერატორების საცალო გაყიდვების ობიექტებზე. დგანან გაუნძრევლად, პირზე ზეთი ჩამოსდით… რომც გინდოდეს კითხვის დასმა, შეიძლება მათი შეხედვისას გადაიფიქრო… ეს მოღუშული სახეები მყიდველს აფრთხობს! დაუმატე ამას არაკომპეტენტურობა, დაზუთხული და მოკლე პასუხები, ჩაკეტილი და მოუქნელი აზროვნება…. ნომრების გამყიდველები ერთი მაგალითია, მათ გარდა კიდევ ბევრია ისეთი, რომლებსაც აგენტისათვის აუცილებელი თვისებები აკლიათ: სიცოცხლე, თავდაჯერება, კომუნიკაბელურობა, რაც მთავარია – მიზანმიმართულება.

მე რომ მჭირდებოდეს კადრი გაყიდვებში, მსგავსი მონაცემების ადამიანს არამცდაარამც არ ავიყვანდი!

აბა სად შეიძლება მოვძებნოთ ეფექტური გაყიდვების აგენტი?

– ქუჩაში!

გაგიკვირდათ? არადა ქუჩიდან რამდენი სარგებლის მიღება შეიძლება… რუსთაველზე გავლისას რას ხედავთ? უამრავი მანქანის, შავებში ჩაცმული ახალგაზრდების გარდა ვინ დადიან? აჰ, მზესუმზირის გამყიდველი ბებოებიც შეამჩნიე? … ძალიან კარგი, მაგრამ კიდევ უფრო ყურადღებით უნდა მიმოიხედო რომ სასურველი კადრი შენიშნო. ისევ თუ ვერ მიხვდი, საიდუმლოდ გაგიმხელ:

– მათხოვარ გოგო-ბიჭებს ვგულისხმობ!

ეს ხუმრობა არ არის. დაბანე, ნორმალური ტანსაცმლით შემოსე და საკმაოდ სიმპათიურ ახალგაზრდებს (ან ბავშვებს) მიიღებ.

კომუნიკაცია რომ ეხერხებათ, ამაში ალბათ დარწმუნებული ბრძანდები, ჩემო მკითხველო. უშუალო და თავისუფლები არიან, საჭიროების შემთხვევაში ლაპარაკსაც გაგიბამენ…. მათი უხეში მიმართვები გახსოვს? ეს გამოცდილებიდან გამომდინარეა: როგორც ექცევი იმასვე გიბრუნებენ.

მიზანმიმართულება – ჰეჰეეეე, როგორი გადაკიდება იციან. თუ 10 თეთრის გამოსაცინცლად 1-3 წუთს ხარჯავენ (და სანამ თავისას არ გაიტანენ არ გეშვებიან) წარმოიდგინე ნორმალური შემოსავლის შეთავაზების შემთხვევაში როგორ მოინდომებენ.

უცხო ენები – ქუჩის ბავშვები მეტყველებენ ქართულად, რუსულად, კიდევ თავის ენაზე (ალბათ ბოშური)… ყოველ შემთხვევაში სიტყვების იმდენი მარაგი აქვთ, რამდენიც საქმეს სჭირდება. შეუქმენით მოტივაცია და აითვისებენ სხვასაც.

უმაღლესი განათლება – სრულიად უსარგებლო რამ გაყიდვების აგენტებისთვის. ბევრი დიპლომიანი ხდება “ბუზო უკან ნუ მომდევ” ტიპი და როგორ იკადრებს ზედმეტად გარჯას ასეთი “ელემენტარული” სამუშაოსთვის! ქუჩის ბავშვები გაუნათლებლები არიან არა იმის გამო, რომ ეზარებათ ან არ უნდათ; არამედ  ამის შესაძლებელობა არასოდეს ჰქონიათ. ერთ-ერთ პოსტშიც შევეხე მათ პრობლემებს: უმეტესობას დოკუმენტები არ გააჩნია, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. როცა ადამიანს ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უხდება ბრძოლა, ის მაღალ მატერიებზე ვერ იფიქრებს. მიეცით ამ ბავშვებს განათლება და მიიღებთ წარმატებულ ბიზნესმენებს!

მოდი ნუ ვიკამათებთ იმაზე, თუ ვინ არის ქუჩის ბავშვების უმუშევრობა-უპატრონობაში დამნაშავე: სახელმწიფო თუ საზოგადოება. უბრალოდ მივიღოთ ფაქტები: არის მოთხოვნა, არის მისი დაკმაყოფილებისთვის საჭირო რესურსები. რატომ არ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება?… რა გვიშლის ხელს – სურვილის არქონა თუ…. სტერეოტიპები?

დაკარგული ბავშვები


დღეს ერთი ძველი სერიალი ამოვქექე და იმას ვუყურებ: Without a Trace. შეიძლება თქვენც გახსოვდეთ, რამდენიმე წლის წინ გადიოდა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე. ეს არის ამბები ადამიანების შესახებ, თუ როგორ იკარგებიან უგზოუკვლოდ, შემდეგ კი ეძებენ. ყოველდღიურად ათასობით ქალი, მამაკაცი და ბავშვი ხდება გატაცების მსხვერპლი. ზოგი სამაგიეროს გადახდის მზნით მიჰყავთ, ზოგი გამოსასყიდისთვის, ზოგი – ორგანიების დონორად… მოტივაცია სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი ერთია: ოჯახი, ახლობლები საყვარელ ადამიანს კარგავენ. ამერიკაში ეს ხშირად ხდება. ალბათ ეს მაღალი სტატისტიკა ქვეყნის დიდი მასშტაბებიდან გამომდინარეობს.

ეს სერიალი არის მარადიული მოლოდინის, ტანჯვისა და გაურკვევლობის ამბები. შეიძლება ნახოთ სისხლი, მტრობა, ბოღმა და ბოროტება, რომელიც ადამიანებშია დაბუდებული. ბევრ ევდიან ამბავს აერთიანებს. ახლა, როდესაც ვუყურებ, ერთი ფაქტი გამახსენდა:

მაისი ბოლოს ვაშინგტონში ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ტრენინგს გავდიოდი. უკანასკნელ დღეს ერთ-ერთი ფასილიტატორი ნაადრევად დაგვემშვიდობა, და დიდი ბოდიშის მოხდით წასვლის მიზეზი ასე აგვიხსნა: გოგონა მყავს ავად. მას შემდეგ რაც ბიჭი დამეკარგა, მეტ დროს ვუთმობ ოჯახსო. თავდაპირველად ყველას გვეგონა, რომ “დაკარგვა” მან “გარდაცვალების” მნიშვნელობით ახსენა, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო დააკონკრეტა – “გაქრა და ვეღარასოდეს ვიპოვეთო”.

ყველა მივხვდით, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც შეიძლება ოჯახის წევრის ბედი შეიძლება ცხოვრების ბოლომდეც კი ვერ გაიგო.

კიდევ გამახსენდა, რომ ვოლმარტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ხშირად წავწყდომივარ დაკარგული ადამიანების სურათებს. კედლიდან იღიმებიან ქერათმიანი ლამაზმანები, თეთრები, შავები, ლათინოსები… ყველას აქვს თავისი მოკლე ბიოგრაფია, გარეგნობის აღწერა, დაკარგვის გარემოებები… და იქვე უწერიათ: მის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ადგილობრივ პოლიციას, ან მისტერ იქსს, ან ….

ბავშვის დაკარგვა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე მისი გარდაცვალება. გაურკვევლობა, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება, ნელა-ნელა ანადგურებს ოჯახს. როცა არ იცი სად და როგორ გაქრა 6 წლის ბიჭი, ცხოვრების ტვირთი თანდათან უფრო მძიმდება…

ინტერნეტში ინფორმაციების ძიებისას დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის ვებსაიტი ვიპოვე.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ 2002 წლის სტატისტიკით, ერთი წლის განმავლობში 797.500 18 წლამდე ბავშვის შესახებ გაკეთდა განაცხადი, ეს არის დაახლოებით 2.185 დაკარგული ბავშვი დღეში.

ეს მცირე სტატისტიკაც კი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პრობლემას წარმოადგენს შეერთებულ შტატებში ბავშვების მოტაცება. და არა მხოლოდ ბავშვების. ყოველღიურად გამქრალ ათასობით ადამიანს სპეციალური სააგენტოები, ორგანიზაციები, მოხალისეები ეძებენ. ზოგჯერ ეს შედეგიანია, ზოგჯერ კი არა.

ვისაც საქართველოში 1990-იანების დასაწყისი ახსოვს, ისიც ემახსოვრება თუ რამდენად ხშირად ხდებოდა ადამიანის გატაცებები. გამტაცებლების ძირითადი მოტივაცია ფინანსური იყო – ისინი გამოსასყიდს ითხოვდნენ ოჯახისაგან. შემდეგ, საბედნიეროდ, ეს ტენდენტია შემცირდა. ახლა რა ხდება დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთადერთი, რაც მახსენდება ისევ ვიდეოპატრულში გამოცხადებული დაკარგულების რუბრიკაა, სადაც სახლიდან გასული და არდაბრუნებული ადამიანების შესახებ იუწყებოდნენ. კერძოდ ვინ ეძებს, რამდენად შედეგიანია ეს – ძნელი სათქმელია. შეიძლება არსებობდეს ამის მონაცემები, მაგრამ ამჟამად ხელი არ მიმიწვდება. თუ გაგაჩნიათ, კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ, თუნდაც ამ ბლოგზე.

რისი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანნის გაქრობა? ოჯახის წევრების უყურადღებობის? დაუდევრობის? კარგად დაგეგმილი ოპერაციის?.. ძნელი სათქმელია. თითოეული შემთხვევა უნიკალურია და საკუთარი წინაპირობები გააჩნია. როგორ გგონიათ, თუ ბავშვს არც ერთი წამი თვალს არ მოაცილებ, მისი გაქრობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება? რა კატეგორიის ადამიანები არიან გატაცების რისკის ქვეშ?

“როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”


ეს პოსტი ნინო ბექიშვილის ბლოგზე კომენტარად დავწერე – მისი პოსტის პასუხად “როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”. მაგრამ რადგან საკუთარი ჭკვიანოზობების ( 😀 ) შთამომავლობისათვის დაკარგვა არ მინდა (:D) გადავწყვიტე ჩემს ბლოგზეც გადმომეტანა. საკითხი ეხება რუსთავი 2-ის გადაცემის “ვის უნდა 20 ათასი” დახმარების ფორმის ეთიკურობას. ნინო ბექიშვილი თვლის, და მეც ვეთანხმები, რომ ეს ღირსების შემლახველი ფორმაა და შესაძლებელია ინფორმაციის და/ან ფინანსების უფრო კორექტულად მოპოვება/მიწოდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? წაიკითხეთ და განსაჯეთ

—————–

აფიშირებული ქველმომედების არ მწამს. ის, რაც რუსთავი 2-ზე ხდება არის ძალადობრივი ქველმოქმედება. ფულს ცინცლავენ იმას, ვისაც აკლია, ჩინოვნიკები კი, ნინოს თქმის არ იყოს, უკანასკნელი მარკის ავტომობილებს კიდევ უფრო უკანასკნელზე იცვლიან. ეს არის ხალხის ჯიბიდან ფულის ამოცლა და ერთი ადამიანის დახმარება. რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ მწვავე სტატიას წავაწყდი სწორედ ამ გადაცემის შესახებ, სადაც დასაბუთებულად ეწერა, რომ შემოსული თანხის 40%-ზე მეტი (შეიძლება გაცილებით მეტიც… შეუნდეთ ჩემს ბურუსით მოცულ მეხსიერებას, ზუსტი მონაცემი რომ არ შემორჩა) ვერ აღწევს იმ ადამიანამდე, რომლის დასახმარებლადაცაა განკუთვნილი. ეს ნაწილი მობილურ კომპანიებს, სახელმწიფოს და ა.შ. რჩებათ. ესეც აბსურდის კომედიის შემადგენელია.

მაინტერესებს, ვინ და როგორ განკარგავს შემოსულ თანხებს? ანუ იმას, რაც გადასახადების დარიცხვის და სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ რჩება. გინახავთ ვინმეს გამოჯანმრთელებული ადამიანების შესახებ გასული სიუჟეტები? მე არ მახსენდება და თქვენ?

საერთოდ კი, საზოგადოება, რომელსაც რელიგიურობის პრეტენზია აქვს, ქველმოქმედების საჭიროებაზე ასე ხმამაღლა და ხაზგასმულად არ უნდა საუბრობდეს. მოქალაქეების საბაზისო საჭიროებებით (მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის მომსახურებით) უზრუნვლეყოფა არა მხოლოდ სახელმწოფოს პირადპირი და კანონიერი ვალდებულებაა, არამედ საზოგადოების თითოეული წევრისაც. ამერიკაში ამიშების თემი თავად ზრუნავს მოხუცებსა და ავადმყოფებზე. ეს ცოტა სხვა ფენომენია, რელიგიური საზოგადოებაა, რომელიც ჯერ კიდევ ერთგულად მისდევს XVII-XVIII საუკუნეებში დაკანონებულ ნორმებს. თუმცა მისაბაძი სოციალური სტრუქტურა აქვთ. ასე გამართულად რომ მუშაობდნენ სახელმწიფო ორგანოები, მაშინ რაღა გვიშავდა.  ამიშებს მინიმალური შეხება აქვთ სახელმწიფოსთან, გადასახადებსაც არ იხდიან, ძველებურ ყაიდაზე ცხოვრობენ. არ მოიხმარენ ელექტროენერგიას და თავს ირჩენენ საკუთარი წარმოებით (ჩემს ბლოგზე დევს ამის შესახებ პოსტი). შესაბამისად, არ აქვთ სამედიცინო და სოციალური დაზღვევა. მაგრამ მათ შორის მოქმედებს პრინციპი – ერთი ყველასათვის, ყველა – ერთისათვის. დავრდომილებს მთელი თემი ინახავს და თუ რომელიმე მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, ყველა აერთიანებს რესურსებს (მათ შორის ფინანსურსაც) მის გადასარჩენად. საქართველოში, სამწუხაროდ არ არის ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა არც სახელმწიფოს, არც მოქალაქეების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელი მასაჟის გაკეთების პრობლემა არ დადგებოდა.

წესით რელიგიური ორგანიზაციებიც, პირველ რიგში მართლმადიდებლური ეკლესიაც უნდა ზრუნავდეს მრევლზე. ახალი ეკლესიების მშენებლობის მაგივრად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განვითარება არ იქნებოდა ურიგო.

მაგრამ როდესაც  ქვეყანაში ზნეობრივი და ეკონომიკური ბალანსი დარღვეულია, იქ ფარისევლური გადაცემების გაკეთებაც არ უნდა გაგიკვირდეთ. არანაკლებ ღირსების შემლახველი გადაცემა იყო ვა ბანკი. მდიდრები თავის კიდევ უფრო გამდიდრებას აყურებინებდენ ღარიბებს და მიუღწეველ უზრუნველ ცხოვრებას ახარბებდენ. ვინმეს აზრად მოსვლია ამის გაპროტესტება?…

ერთი შემთხვევის მერე განსაკუთრებით სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე ე.წ. საქველმოქმედო საქმიანობას. ვეთანხმები ნინოს, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანს ღირსება არ შეელახოს. რამდენიმე წლის წინ შევესწარი: დაგლეჯილს სამოსში ჩაცმული ბებოსთვის ვიღაც თმაშეღებილ მანდილოზავრს პერაშკის ყიდვა უნდოდა, ალბათ ფიქრობდა ეშიება და დავაპურებო. მოხუცმა ქალმა არ აიღო, შენ ის არ ხარ წეღან რომ გეხვეწე და ჩემგან მწვანილი არ იყიდე, ახლა შენი არაფერი არ მინდაო. იმ ბლანდინკას სახეზე დაეწერა, ვირო მადლიო, მაგრამ იმ ორიდან რომელი იყო ვირი, განსჯა თქვენთვის მომინდია.

მოკლედ, დახმარების ფორმაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შინაარსი. და ისიც გამიგია, “დახმარება”-ს რომ სთავაზობ ადამიანს, შეურაცხმყოფელიაო. ანუ “დახმარება” კი არა, ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რაც სჭირდება, მაგალითად – სამედიცინო მომსახურება, უკეთესი განათლება, წიგნები, ტანსაცმელი, საკვები… თანაც ისე, რომ ღირსება არ შეელახოს. მართლაც არ არის საჭირო განსაკუთრებული ხაზგასმა ადამიანის ფიზიკურ ან მენტალურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდების კორექტული ფორმის მონახვა და/ან ისეთნაირად დახმარება რომ მან თავი დამცირებულად,  გარიყულად  კი არა, საზოგადოების განუყოფელ წევრად იგრძნოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობის აღდგენას ეხება. ასე ძნელია?

ვერელი ოსტატი ისაკა


ფილარმონიიდან რუსთაველისკენ გზას რომ დაუყვები, მარჯვენა მხარეს სახლის კედელზე ქვის მცირე სტელლაა მიკრული. ზედ ძველებურ კეპიანი ქუდით დაფარული, ასაკოვანი მამაკაცის გრძელკისერა პროფილია ამოტვიფრული. წკაპ

მიწისქვეშა თბილისი


ასფალტზე ფერად-ფერადი მანქანები დადიან. მათ ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები მართავენ. ისინი ყოველ დღე საწვავით ავსებენ ბაკს და ფარავენ მანძილს წკაპ