გამგზავრება: რა წავიღოთ


travelpackingtipsბარგი ისე უნდა ჩაალაგოთ, რომ ჩასვლის შემდეგ, ყველაფერს რომ ამოალაგებთ, საკუთარ თავს არ დაუსვათ რიტორიკული კითხვა: “ეს რა ჯანდაბად მინდოდა?”

უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეზღუდული ბარგის წაღების უფლება გექნებათ – 1 ან 2 ჩემოდანი, მათი დასაშვები წონა კონკრეტული ავიაკომპანიის საიტზე უნდა გადაამოწმოთ. შეიძლება ეს იყოს 20, , 23 კგ ან მეტი. აუცილებლად დააზუსტეთ, რადგან ზედმეტი წონისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ბარგი უნდა ჩაალაგოთ მაქსიმალურად კომპაქტურად და ეფექტურად, რაც ნიშნავს, რომ უნდა წაიღოთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები.

ხელბარგი:

გაფრენამდე გაითვალისწინეთ, რომ ხელბარგში აკრძალულია გარკვეული ტიპის ნივთების ჩადება. კერძოდ:

  • 100 მილიგრამამდე სითხეები
  • წვეტიანი, მჩხვლეტავი, ცეცხლსაშიში საგნები
  • ტოქსიკური ან ინფექციური ნივთიერებები
  • გოგონებო, ხელბარგში ვერ ჩადებთ მანიკურის გასაკეთებელ ნაკრებს. ვერც თუნდაც პაწია მაკრატელს. ვერც ფრჩხილების ქლიბს. ეს ყველაფერი უნდა ჩაალაგოთ ჩასაბარებელ ბარგში.
  • ზოგ ავიაკომპანიას ასევე შეზღუდვა აქვს დაწესებული ხელბარგის მოცულობაზე: შეგატანინებენ მხოლოდ გარკვეული ზომის ჩემოდნებს ან ზურგჩანთებს. ამიტომ გაფრენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მათ საიტებზე.

ხელბარგით შეგიძლიათ შეიტანოთ ტელეფონი, ლეპტოპი, ფოტოაპარატი – თავისი დამტენებით და აქსესუარებით; ტანსაცმელი (გირჩევთ, ხელბარგით წაიღოთ ცოტა ტანსაცმელი – რომ ბარგის დაკარგვის ან დაგვიანების შემთხვევაში გქონდეთ სათადარიგო); საბუთები, სამკაულები, თმის უთო/ფენი და ა.შ. შეგიძლიათ ჩადოთ მშრალი საკვებიც (ხაჭაპური, ჩურჩხელა, ორცხობილა და ა.შ.). ასევე უნდა გაითვალისწინოთ ხელბარგის დასაშვები წონა და მას არ გადააჭარბოთ.

აუცილებლად წაიღეთ საბანკო (კრედიტ/დებიტ) ბარათები – ზედ გარკვეული თანხით. ეს დაგჭირდებათ ელექტრონული ანგარიშსწორებისას, სანამ ახალ ადგილას ახალ ანგარიშს გახსნით. ან, უბრალოდ, გექნებათ როგორც სათადარიგო თანხა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ.

ძირითადი ბარგი:

თუ გგონიათ, რომ 20-23 კგ ძალიან ბევრია, “ამდენი რა უნდა ჩაალაგოთ”, “ვერ გაავსებთ ჩემოდანს”, ძალიან ცდებით. რეალურად ეს არც ისე ბევრია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ ჩემოდნის წონაც იგულისხმება (2-2.5კგ). რა შეიძლება წაიღოთ დიდი (ან პატარა) ჩემოდნით?

  • ტანსაცმელი -აუცილებელი არაა მთელი გარდერობის გაყოლება, მაგრამ არც “ჩავალ და ვიყიდი” მიდგომაა სწორი.  რაოდენობა დამოკიდებულია გამგზავრების ხანგრძლივობასა და მიზანზე. მაგალითად, ამერიკაში ჯინსები და სპორტული ტანსაცმელი საკმარისი იყო. კონკრეტული მიღებების გარდა ბიზნეს-სტილს არავინ ატარებდა. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრები ქალაქგარეთ იყო განლაგებული და შეუძლებელი იყო ისე სწრაფად და ხშირად მაღაზიებში სიარული, როგორც საქართველოში. შოპინგი სტუდენტისათვის, რომელსაც მანქანა არ ჰყავდა, ნიშნავდა, რომ მთელი დღე უნდა დაეკარგა. ჩათვალეთ, რომ შეიძლება მთელი თვე ვერ მოახერხოთ საყიდლებზე გასვლა, ან შეზღუდულ დროში ბევრი რამის ყიდვა ვერ მოასწროთ. ამიტომ წაიღეთ აუცილებელი და სიტუაციის შესაფერისი ტანსაცმელი.

გოგონებო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაივიწყეთ. 🙂 კამპუსში სასიარულოდ მოხერხებული და კომფორტული ფეხსაცმელი გჭირდებათ. წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი (და არა 10-20 წყვილი) – ისინი ბევრ ადგილს იკავებენ ბარგში (მოცულობის დასაზოგად, შეგიძლიათ ისინი “ამოავსოთ” სხვადასხვა წვრილი ნივთებით).

  • პირადი ჰიგიენის ნივთები – იმდენი, რომ რამდენიმე გამოყენებისთვის იყოს საკმარისი. მარაგების წაღება არ ღირს – ბევრ ადგილს და წონას დაიკავებს. ჩახვალთ და ადგილზევე იყიდით (ჩადეთ მხოლოდ 1 კბილის პასტა, 1 პატარა შამპუნი და ა.შ.).
  • სათვალე – თუ სათვალე გჭირდებათ, აუცილებლად წაიღეთ სათადარიგოც, რადგან ბევრ ქვეყანაში მისი მიღება/შეცვლა, ისევე როგორც კონტაქტური ლინზების, მხოლოდ ექიმის რეცეპტით შეიძლება. ასევე, ძალიან ძვირია. ექიმთან ჩაწერა, რეცეპტის მიღება, შეძენა-გამოწერა კი შეიძლება ძალიან გაიწელოს. თქვენ კი ამისთვის არ გქონდეთ დრო, ან ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მოახერხოთ და ა.შ.
  • პირადი აფთიაქი: გამონაკლისების გარდა, წამლების ხელბარგით გადატანა აკრძალულია. ისინი ბარგში უნდა ჩაალაგოთ. გარკვეული კატეგორიის წამლები უნდა გქონდეთ ექიმის რეცეპტთან ერთად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში ლინზები და ლინზის სითხეებიც მხოლოდ რეცეპტით იყიდება და საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებად სჯობია საქართველოდანვე წაიღოთ მათი საჭირო მარაგი. რეკომენდირებულია მცირე “სასწრაფო დახმარების” აფთიაქის წაღება, როგორიცაა, გაციების, ტკივილგამაყუჩებელი, ვალერიანი, სპორტი, ბამბა, ალერგიის საწინააღმდეგო, თვალის წვეთები და ა.შ.
  • ნემსი, ძაფი და მაკრატელი: სასაცილოდ ჟღერს? სულაც არა. არასოდეს იცი როდის აგწყდება ღილი, ან გაირღვევა ტანსაცმელი. მერე სირბილი და ძებნა დამღლელიცაა და დაგვიანებულიც. + ზედმეტი დანახარჯი (ასეთი “წვრილმანები” ამერიკაში 3-4ჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე საქართველოში”).
  • უთო – იყიდება პაწაწინა სამოგზაურო უთოები, რომლის წაღება ხელბარგითაც შეიძლება. მოხერხებული სატარებელი და მსუბუქია. ხშირად თუ გიწევთ მოგზაურობა შეგიძლიათ ატაროთ. თუ არა, ჩასვლის შემდეგ შეიძენთ.
  • სუვენირები – ჯერ არ მინახავს ქართველი სტუდენტი, რომელსაც თავისი ქვეყნის “ნაწილები” არ მიჰქონდეს საზღვარგარეთ. დროშა (საკანცელარიოებში ან ვაგზალზე იყიდება), გულსაბნევი, ყანწები, სტიკერები (რამდენიმე მქონდა წაღებული და სხვადასხვა ადგილებზე დავტოვე), ჯამები, მისაკრავი მაგნიტები, ტანსაცმელი, სათამაშოები – მრავალფეროვანი არჩევანია. სჯობია შეარჩიოთ რაც შეიძლება მსუბუქი და კომპაქტური – რომ ჩემოდანში ზედმეტი წონა+ადგილი არ დაიკავონ.
  • ქართული სუნელები და საკვები: სადაც არ უნდა იყოთ, ძალიან მოგენატრებათ ქართული გემრიელობები. ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი სამზარეულო აქვს, ხილ-ბოსტნეულიც კი განსხვავებული გემოსია. შეგიძლიათ წაიღოთ ქართული სუნელები ან სხვადასხვა (მშრალი) საკვები (სვანური მარილი, ტყემალი, სულგუნი…). ისიც გახსოვდეთ, რომ ისინი საკმაოდ ბევრს იწონიან და ადგილსაც იკავებენ. მოგიწევთ რაღაცის ამოღების ხარჯზე ჩაალაგოთ და რა იქნება ეს “რაღაცა”, თქვენი გადასაწყვეტია.
  • ღვინო – ავიაკომპანიებს დაწესებული აქვთ ალკოჰოლური სასმელის წაღების ლიმიტები (უმეტეს შემთხვევაში – 2 ლიტრამდე). ჩაალაგეთ ბარგში და კარგად შეფუთეთ, რომ ბოთლები მგზავრობის დროს დაცული იყოს გატეხვისგან.
  • სიგარეტი – ასევე ბარგში, 200  ღერამდე ტრანსპორტირებაა ნებადართული.

printable-travel-packing-listძვირფასეულობის ბარგში ჩადებას არ გირჩევთ. დიდი შანსია რომ მოიპარონ. წიგნები სჯობია სახლში დატოვოთ, თუ რამე ძალიან აუცილებელი არ არის. თუ მაინცდამაინც რამის წაღება გინდათ, ელექტრონული ვერსიები მოიმარაგეთ –  ტელეფონით ან ლეპტოპით გახსნით.

სანამ საბოლოოდ დაკეტავთ და დალუქავთ ჩემოდანს, აუცილებლად შეამოწმეთ – აჭარბებს თუ არა დასაშვებ წონას. თუ მეტია, მოგიწევთ პრიორიტეტების ხელახლა გადახედვა და რაღაცეების ამოლაგება. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რა მჭირდება და რა მინდა? რის გარეშე ვერ გავძლებ? რისი შეძენა შემიძლია ადგილზე? აუცილებელია წავიღო 5 ცალი X ნივთი თუ 3 მეყოფა? ცოტაოდენი წამუშავების შემდეგ ნახავთ როგორ შემსუბუქდება. დახურეთ, კიდევ ერთხელ აწონეთ და გასაფრენად გაემზადეთ.

წარმატებას გისურვებთ. 🙂

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.