როდის დავიწყოთ საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება


 “საბუთების გაგზავნა ვერ მოვასწარი”, – ეს გულდაწყვეტილი ფრაზა ხშირად მომისმენია საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისგან. “ტესტის შედეგი დედლაინის მერე იქნება და რა ვქნა?” – კითხულობენ სხვები. “მოასწრებს უნივერსიტეტი დოკუმენტების მიღებას?” – კიდევ ვიღაც წუხს. ბევრი ვერ ხვდება სასურველ სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად ვერ მოასწრო ყველაფრის მომზადება.

რა დრო სჭირდება საზღვარგარეთ სწავლის დაგეგმვასა და წასვლას? ეს ხანგრძლივი პროცესია. ცდებით, თუ გგონიათ, რომ 2-3 კვირაში ყველა საბუთს გააკეთებთ და ვიზას აიღებთ. ეს არარეალური დროა. მთელ პროცესს, ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, საშუალოდ 12-18 თვე სჭირდება. რატომ ამდენი? 

პირველ რიგში, იმიტომ რომ მოსაძებნია ინფორმაცია უნივერსიტეტებისა და სასურველი პროგრამის შესახებ. ეს ნიშნავს, სულ მცირე, რამდენიმე ათეული უნივერსიტეტის მონაცემების ნახვას: საძიებო სისტემაში პოვნას, სპეციალობის მიხედვით გადარჩევას, პროგრამების შედარებას და მათ შორის არჩევანის გაკეთებას. ასევე გასარკვევია მიღების პროცედურები, ვადები და მოთხოვნები: რა ტესტებს ითხოვენ? რა დოკუმენტებია საჭირო? ვინ/საიდან უნდა გასცეს ეს საბუთები? რა ვადა სჭირდება მათ აღებას? სად უნდა გაიგზავნოს? რამდენ ხანში ჩავა?… ეს და სხვა დეტალები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე.

მეორე – აუცილებელია არჩეულ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია – რაც გულისხმობს მათთან წერილობით ან სატელეფონო ურთიერთობას, პროცედურული საკითხების გარკვევის მიზნით. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ყველა დეტალის დაზუსტება, რაც სააპლიკაციო დოკუმენტებსა და პროცესს ეხება, მაგალითად: შეიძლება თუ არა მხოლოდ ელექტრონული სახით გაგზავნა თუ ორიგინალების ფოსტით გაშვებაც აუცილებელია; ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში შეიძლება თუ არა რომ დედლაინის გასვლის შემდეგ ჩავიდეს საბუთები; საჭიროა თუ არა მაგისტრატურაში სკოლის ნიშნების გაგზავნა; ვინ შეიძლება იყოს რეკომენდატორი; რას გულისხმობს აპლიკაციაში მოცემული “X” საკითხი და ა.შ. ნებისმიერი კითხვა, რაც შეიძლება კანდიდატს დაებადოს, ამ ეტაპზე უნდა დაზუსტდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საბუთებში შეცდომები გაიპაროს. შეიძლება ეს იყოს ერთი ან რამდენიმე კითხვა; ან კომუნიკაციის პროცესში ახალი საკითხები წამოიჭრას, რისი გარკვევაც/მოლაპარაკებაც იქნება აუცილებელი. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტთან ურთიერთობა შესაძლოა რამდენიმე დღიდან კვირამდე ან თვემდე გაიწელოს. მნიშვნელოვანი საკითხები რაც შეიძლება ადრე უნდა გადაწყდეს, რომ საბოლოო შედეგზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს.

მესამე – ასევე შრომატევადია ინფორმაციის მოძიება საუნივერსიტეტო ქალაქის შესახებ – სად მდებარეობს, რა რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნია, საცხოვრებელი პირობები, ტრანსპორტის სახეობები, ფასები და ა.შ. ყველაფერი, რაც შეიძლება სტუდენტის ინტერესებს შეესაბამებოდეს.

ასევე მნიშვნელოვანია საჭირო ფინანსების განსაზღვრა და მოძიება: გარდა სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯებისა, მოსამზადებელი ეტაპიც ძვირადღირებული პროცესია. იგი მოიცავს რიგ აუცილებელ ხარჯებს, როგორიცაა: საბუთების თარგმნა/დამოწმება, დოკუმენტების ფოსტით გაგზავნა (უნივერსიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში), სააპლიკაციო გადასახადი, სხვადასხვა მომსახურების საფასურები. საჭირო ფინანსების გარეშე ამ პროცესის გავლა შეუძლებელია.

ენის/ტესტების სერტიფიკატის აღება – ყველა უცხოური უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებისაგან ითხოვს შესაბამისი ენის სერთიფიკატს. ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის არსებობს 2 აკადემიური ტესტი: TOEFL და IELTS, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის მიერ წერითი, მოსმენის, საუბრისა და კითხვის უნარების გარკვეულ დონეზე ფლობას. გერმანულ და ფრანგულ უნივერსიტეტებს სხვა ტესტების მოთხოვნები აქვთ. ამ ტესტებს თავისებური სპეციფიკა გააჩნიათ. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ენას ძალიან კარგად ფლობთ, გარკვეული დრო მაინც დაგჭირდებათ ამ სპეციფიკის გასაცნობად: გამოცდისთვის მოსამზადებლად სულ მცირე, 2-3 თვე მაინცაა სასურველი. დამწყებებისთვის ეს ვადა შეიძლება 2 წლამდეც გაგრძელდეს. გარდა ამისა, ზოგი უნივერსიტეტი ითხოვს მეორე ტესტის შედეგებსაც (როგორიცაა GRE/GMAT). ტესტისათვის რეგისტრაცია რეკომენდირებულია ადრე, რომ არასასურველი ქულის მიღების შემთხვევაში გადაბარებისთვისაც დარჩეს დრო.

 სხვადასხვა საბუთების შეკრება – იქნება ეს დიპლომის ასლი, ნიშნების ფურცელი, ნოტარიალურად თარგმნილი თუ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, სარეკომენდაციო წერილები თუ სხვა რამ. თითოეული დოკუმენტის მომზადებას სჭირდება გარკვეული დრო. საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის გაცემის საკუთარი წესები გააჩნიათ. თუმცა ზოგჯერ ისინიც აჭიანურებენ გაცემას; შესაძლოა თავად ვერ მოიცალოთ საბუთების დროულად ასაღებად; შესაძლოა კომპეტენტურმა ორგანომ დოკუმენტში ხარვეზი აღმოაჩინოს და ხელახლა მოხდეს მისი მიღების პროცედურის გავლა. ასეთი არასასურველი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დოკუმენტებზე ზრუნვა უნივერსიტეტის დედლაინამდე 2-3 თვით ადრე მაინც უნდა დაიწყოთ.

უნივერსიტეტში საბუთები გაგზავნეთ 5-7 დღით ადრე. შესაძლოა თავადვე, ან მიმღებმა კომისიამ მათში ხარვეზი აღმოაჩინოს და რაღაცის შეცვლა/დამატება მოგიწიოთ; ან ტექნიკური მიზეზის გამო ბოლო დღეს გაგზავნა/მიღება შეფერხდეს. ამის გამო წყალში ჩაიყრება თქვენი შრომა და დახარჯული რესურსები. უნივერსიტეტი ნამდვილად არ დაიწყებს იმის გარკვევას, ინტერნეტი გაგეთიშათ თუ დროზე ვერ აიღეთ რეკომენდაცია. მათთვის მიზეზები სულ ერთია, დაგვიანებულ აპლიკაციას არ განიხილავენ.

სავიზო პროცედურები: სასწავლო ვიზის ასაღებად უნივერსიტეტი აგზავნის ჩარიცხვის წერილს ან სპეციალურ ფორმას, სადაც მითითებულია სტუდენტის ვინაობა, ფაკულტეტი, სპეციალობა, სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, საჭირო ფინანსები ან მინიჭებული სტიპენდია და ა.შ. ამ დოკუმენტის გარეშე სავიზო განაცხადის გაკეთება ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტიდან გამოგზავნასა და მიღებას დრო სჭირდება – რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე (დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საფოსტო სერვისს აირჩევს უნივერსიტეტი). სასწავლო ვიზისათვის საბუთების შეტანა რეკომენდირებულია 2-3 თვით ადრე, რადგან მათ განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასაც გარკვეული დრო სჭირდება: ანალოგიურად, რამდენიმე დღიდან 4-6 კვირამდე. ზოგჯერ ხდება, რომ გასაუბრებისთვის უახლოესი კვირების განმავლობაში ყველა ადგილი შევსებულია. ზოგჯერ ვიზის გაცემა ჭიანურდება. ამიტომ უმჯობესია თადარიგის ადრე დაჭერა.

წარმატებას გისურვებთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s