სამოტივაციო წერილი – მიზნების განსაზღვრა


 რა გინდა რომ გამოხვიდე? – რამდენჯერ უკითხავთ ბავშვობაში? ერთ-ერთი შემაწუხებელი კითხვაა, რომელსაც უფანტაზიო ბიძიები და დეიდები პატარებთან ურთიერთობაში იყენებენ. მათთვის ეს შინაარსს მოკლებული, მექანიკური ფრაზაა. რომელსაც მოვალეობის მოხდის ან უხერხულობის გაფანტვის მიზნით იყენებენ. მაგრამ რეალურად ეს ის კითხვაა, რომელიც თქვენს მომავალს აყალიბებს. იგი წარმოადგენს ხედვას, რომელსაც მიყავხართ მიზნებისკენ და შემდეგ მათი განხორციელებისკენ. ამ კითხვაზე პასუხს უნივერსიტეტები ითხოვენ სამოტივაციო წერილებში. პირდაპირ ან ირიბად გთხოვენ დაწეროთ რას გააკეთებთ კურსის/პროგრამის დამთავრების შემდეგ. თქვენ კი უნდა ჩამოაყალიბოთ მიზნები და ხედვა – როგორ დაგეხმარებათ ეს კონკრეტული გამოცდილება მათ მიღწევაში. 

  • უნდა დაწეროთ რა გსურთ – რისი მიღწევა ან მიღება: მანქანა, სახლი, თუთიყუში, ფორთოხლის ბაღი, უზარმაზარი ნაგვის კონტეინერი ნარჩენების დასახარისხებლად; როგორი კაბა გინდა გეცვას მეგობრის ქორწილში; რა ჯიშის ძაღლი გინდა გყავდეს; სად გინდა რომ იმუშაო – რომელი ორგანიზაციის რომელ დეპარტემენტში, რა გინდა რომ შეიცვალოს სოფელში ან რომელიმე თემისთვის…
  • მიზნები უნდა იყოს კონკრეტული. “მინდა საქართველოში დემოკრატიის განვითარება”, ან “მინდა მსოფლიო მშვიდობა” ზოგადი ფრაზებია. ამით ვერავის გააკვირვებთ და ვერც ყურადღებას დაიმსახურებთ. მიზნები უნდა გამომდინარეობდეს თქვენი ინდივიდუალური ღირებულებებიდან, გამოცდილებიდან და უნდა იყოს თქვენი, მხოლოდ თქვენი!!! ეს არის ის, რაც მას ფასეულს ხდის და ეს არის ის, რის გამოც გამოგარჩევენ სხვებისგან. კონრეტული თემის კონკრეტული პრობლემის მოგვარება – მაგალითად, X სოფელში სასმელი წყლის გაყვანა არის რეალური, გასაგები და მიღწევადი მიზანი.
  • იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ზოგადი მიზნები, სჯობია იფიქროთ და დაკონკრეტდეთ – ჯგუფის, ან ქვეყნის ან სხვა სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებისა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებით. არ დაგიმალავთ – ეს ხანრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ წარმატება იოლად არ მოდის. სამოტივაციო წერილში სწორედ ეს კონკრეტული მიზნებია საინტერესო და არა ისეთი გაუგებარი ფრაზები, როგორიც, მაგალითად, “საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრება”. კანონს ყველა სფეროში შეიძლება ჰქონდეს ხარვეზი. თქვენ კი უნდა იპოვოთ ის კონრეტული მიმართულება (მაგალითად, უმცირესობების უფლებები, ქალთა უფლებები, პატიმართა უფლებები, არჩევნები…) სადაც ხედავთ პრობლემებს და გინდათ იმუშაოთ მის მოსაგვარებლად.
  • მიზნები არის სამოტივაციო წერილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. არც კი იფიქროთ ინტერნეტში დადებული ნიმუშებიდან რამის დაკოპირება! ერთი იმიტომ, რომ პლაგიატია და ულაპარაკოდ მოისვრიან თქვენს აპლიკაციას. აღარც კი შეხედავენ თქვენს მაღალ ქულებს, რეკომენდაციებს, საბუთებს რომელთა შეკოწიწებაში ბევრი დრო და რესურსი დახარჯეთ… სადაც პლაგიატია იქ ყველაფერი მთავრდება – იგი ერთ-ერთი მიუტევებელი დანაშაულია აკადემიურ სამყაროში. მეორე – ის ნიმუშები სხვა ადამიანების ინტერესებისა და მისწრაფებების შესახებ არის აწყობილი. მისი კულტურული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების, სამუშაო გამოცდილების თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მგავსი ფაკულტეტის კურსდამთვარებულები იყოთ, განსხვავებები მაინც ძალიან დიდი იქნება. ამიტომ სჯობია დახარჯოთ იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა საკუთარი ხედვისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად. ბოლო საათში ან ბოლო წუთებზე სახელდახელოდ მოფიქრებული ფრაზები – ძალიან არასერიოზულია. მთელი დღე ან მთელი კვირაც – რამდენსაც საქმე მოითხოვს კარგად ჩამოსაყალიბებლად – ნუ დაგენანებათ. წარმატება გინდათ? თავად იშრომეთ, იფიქრეთ და ის აუცილებლად მოვა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s