წარმატებული CV-ის შედგენის სტრატეგიები


 CV-ის შედგენა ერთგვარი გამოყენებითი ხელოვნებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სამუშაოს დაწყება. არასწორად შევსებული ან გაგზავნილი CV შეიძლება წარუმატებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანია როგორც მისი ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი მხარე. აქ მოცემული რეკომენდაციები დაფუძნებულია პრაქტიკაზე: ძალიან ბევრი CV-ის დათვალიერებისა და გადარჩევის შედეგად. გამოიყენეთ და გააუმჯობესეთ თქვენი შანსები. 

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი უნდა გააკეთოთ თქვენი გამოცდილებისა და განათლების შესაბამის ვაკანსიაზე. არარალევანტურ პოზიციაზე კარგი HR უბრალოდ არ განიხილავს თქვენს კანდიდატურას. მაგალითად, თუ დამთავრებული გაქვთ ფიზიკის ფაკულტეტი, მიღწევები გაქვთ ამ მიმართულებით და ამავე დროს სამსახურს ეძებთ ბავშვთა უფლებების პროგრამის ანალიტიკოსად, არაფერი გამოგივათ.

ვაკანსიაზე CV-ის გაგზავნამდე გაარკვიეთ, აქვს თუ არა დამსაქმებელს საკუთარი ფორმა, ან რა მონაცემების შევსებას მოითხოვს. დიდ ორგანიზაციებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული კრიტერიუმები, შესაძლოა ჰქონდეთ ონლაინ საააპლიკაციო სისტემაც, სადაც ყველა კომპონენტი მათი საჭიროებების მიხედვით იქნება აწყობილი. თუ მსგავსი არაფერია,  ხელები დაიკაპიწეთ და თამამად შეუდექით საქმეს!

CV-ის დიზაინი:

1. ნუ გამოიგონებთ ველოსიპედს, არ არის საჭირო ფორმების მოფიქრებაზე დროის კარგვა. MS Word-ს აქვს CV-ის საკმაოდ კარგი ნიმუშები, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ. აირჩიეთ რომელიმე მათგანი და შეავსეთ საკუთარი მონაცემებით.

2. CV-ში მოერიდეთ ცხრილების, ნახაზების, ნახატების, უცნობი სიმბოლოების გამოყენებას. ბევრი ხაზი, ზოლი, საზღვარი იწვევს მის აგდატვირთვას, თვალს ღლის და აღქმას ართულებს. CV უნდა იყოს მსუბუქი და მარტივი დიზაინის. გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელს თქვენს გარდა კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის მონაცემი ექნება წასაკითხი და ნუ გაურთულებთ საქმეს. იგი ზედმეტი დროის დახარჯვას მოერიდება და უბოდიშოდ დაგბრაკავთ.

3. ფონტები: ქართულენოვანი CV-ის შესადგენად გამოიყენეთ უნიკოდის შრიფტები. მოერიდეთ “პატარა” შრიფტების გამოყენებას – რომელიც შეიძლება არ იყოს გავრცელებული და, შესაბამისად, დამსაქმებელსაც არ აღმოაჩნდეს. ზოგმა კომპიუტერმა შეიძლება რაღაცეები ლათინურ სიმბოლოებად ან ოთხუთხედებად ან გაურკვეველ იეროგლიფებად “გადათარგმნოს”. ასეთ შემთხვევაში იგი თქვენი მონაცემების წაკითვას ვერ შეძლებს და გამოიცანით ვისი ინტერესები დაზარალდება. დიახ, ეს თქვენ იქნებით, რომელიც დასაქმების შანსს ვერ მიიღებს!

მოერიდეთ ნაწერის აჭრელებას. არ შეიძლება ბევრი სხვადასხვანაირი შრიფტის შერევა. ამ შემთხვევაშიც გართულდება აღქმა და შესაბამისად, დაწუნებულ კანდიდატთა ნუსხაში აღმოჩნდებით. უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ ერთი “ოჯახის” შრიფტები; ისინი, რომლებიც ვიზუალურად ბევრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

წერეთ მხოლოდ ერთ ენაზე. გამონაკლისია, მაგალითად, ორგანიზაციის სახელები, რომლებიც შეიძლება არ ითარგმნებოდეს. წერეთ მხოლოდ ქართულად, ან მხოლდ ინგლისურად, ან მხოლოდ ფრანგულად – ან ნებისმიერ ენაზე, რომელიც იმ კონრეტული ვაკანსიისთვისაა საჭირო.

ქართული სიტყვები დაწერეთ მხოლოდ ქართული ფონტით. ამ შემთხვევაში ლათინური ასოებით წერა წამგებიანია. ის, რაც შესაძლოა დასაშვები იყოს მეგობართან ჩატაობისას, CV-ის გასაგზავნად შეუფერებელი საქციელია. ასევე, ფონტი არ უნდა იყოს გადაპრანჭული. ჩახლარტულ-ჩაგვირისტებული ნაწერი, სადაც ყველა ასო ერთმანეთშია გადაწნული და გარჩევა ჭირს, რეკომენდირებული არ არის. მერე რა რომ მხატვრულად ლამაზადაა გაფორმებული. თქვენი მიზანი დიზაინერული უნარის წარმოჩენა კი არა სამსახურის მიღებაა!

CV არ “გააფერადოთ”. ჭყეტელა ფერებით “მორთვა”, ადგილების გაწითლება, გამწვანება, ნარინჯისფრად შეღებვა დაუშვებელია. ნაწერი უნდა გამოიყურებოდეს სადად და ადვილად აღსაქმელად, თვალს არ უნდა ღლიდეს.

 პირადი მონაცემები: 

CV-ში არ შეიტანოთ სქესი, ასაკი, დაბადების თარიღი, ქალიშვილობის გვარი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა (თუ ამას არ ითხოვს დამსაქმებელი).

მისამართი: სახელმწიფო, ქალაქი, ქუჩა, ბინის ნომერი. უბნის მითითება არასერიოზული და სასაცილოა.

ელფოსტა: თუ თქვენი email-ის მისამართი ოდნავ მაინც ჰგავს ამას: nincho@ragaca.com giuna710@ragaca.com, abadamichire@mail.com – დროა ახალი დაარეგისტრიროთ. რეკომენდირებულია gmail ან yahoo-ს გამოყენება, საკუთარი გვარითა და სახელით. მაგალითად egnateninoshvili@gmail.com.

ფოტო:

ხშირად მეკითხებიან, საჭიროა თუ არა CV-ში ფოტოს ჩასმა.  ჩემი პასუხია: არა, თუ ამას სამუშაო სპეციფიკის გამო დამსაქმებელი არ მოითხოვს. ფოტო შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი, კანდიდატი მხოლოდ გარეგნული მონაცემებით შეაფასონ და არა პროფესიონალიზმით. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ფოტოც უნდა თან დაერთოს.

მინახავს ბევრი სურათიანი CV და მათი უმეტესობა უვარგისი ყოფილა. უვარგისი – დასაქმების თვალსაზრისით. ფოტო არ უნდა იყოს გადაღებული სუფრაზე, ზღვაზე, მეგობრების ქორწილში, მამიდის დაკრძალვაზე, ნათესავის გაცილებისას აეროპორტში და ა.შ.

სასურველია ფოტოზე იყოთ ფორმალურად ჩაცმული. ღრმა დეკოლტე, ზოლიანი, ჭყეტელა, ყვავილებიანი, აჭრელებული ტანსაცმელი რეკომენდირებული არ არის. გოგონები უნდა მოერიდონ ვულგარულ მაკიაჟს.

CV-ის ფოტოზე პირდაპირ უნდა იყურებოდეთ, არ ღირს პროფილის სურათების, ღრმააზროვნად ცისკენ თვალებაპყრობილი გამოსახულების გაგზავნა. ფონი – სადა.

CV-ის შინაარსი:

აუცილებლად ჩაწერეთ საკონტაქტო მონაცემები: სულ მცირე, email და ტელეფონის ნომერი. ასევე შესაძლებელია საცხოვრებელი მისამართის დამატებაც.

 განათლება: ამ ბლოკში იწერება უნივერსიტეტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). სკოლა საჭირო არ არის გარდა იმ შემთხვევისა, თუ უმაღლესი ჯერ არ გაქვთ დამთავრებული და/ან სკოლის მერხიდან პირდაპირ მუშაობას იწყებთ. უნდა მიუთითოთ სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, სპეციალობა და სწავლის თარიღები (თვე, წელი: დასაწყისი და დასასრული). მაგალითად: 2000 წლის სექტემბერი – 2004 წლის მაისი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის სპეციალობა.

ტრენინგები: მოკლე ან გრძელვადიანი კურსები, რაც პროფესიული განვითარებისთვის გაგივლიათ. CV-ში წერთ კურსის სრულ დასახელებას, მისი ორგანიზატორის სახელს, დასწრების ადგილს და თარიღს. აი ასე: 2015 წლის 20-25 მარტი – “ფონდების მოძიების სტრატეგიები”, სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ცენტრი. თბილისი, საქართველო.

სამუშაო გამოცდილება: ჩაწერეთ ყველაფერი: ანაზღაურებადი და სრულგანაკვეთიანი სამუშაო, ასევე დასაქმება ნახევარი განაკვეთით, სტაჟირება და მოხალისეობაც. შეგიძლიათ აქვე შეიტანოთ საკუთარი ინიციატივით განხორციელებული პროექტებიც – რომელიც გამოცხადებული ვაკანსიის რელევანტურია.

ენების ცოდნა: ყველა ენა, რაც იცით და რა დონეზეც იცით (თავისუფლად, კარგად, საშუალოდ, დამწყები). შეგიძლიათ ენის ცოდნის ამსახველი სხვა ტერმინებიც გამოიყენოთ: ინგლისური – C1 დონეზე. მაგრამ ასევე არის შანსი, რომ დამსაქმებელმა A1-C1 შეფასების სისტემა არ იცოდეს და ამ “გაუგებრობის” გამო დაგიწუნოთ. ამიტომ რაც შეიძლება გაამარტივეთ.

 კომპიუტერულ უნარებში ჩამოწერეთ ყველა ის პროგრამული ენა თუ აპლიკაცია, რომელსაც ფლობთ. სტანდარტული “პაკეტი” მოიცავს საოფისე პროგრამებს, ინტერნეტისა და (პროფესიული) სოციალური ქსელების გამოყენებას. თუმცა შესაძლოა კომპანია საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული პროგრამის ფლობას ითხოვდეს (მაგალითად, საბუღალტრო პროგრამა ან ბილეთების დასაჯავშნი პროგრამა ტურისტულ კომპანიებში, პროგრამირების ენები და ა.შ.). არ მოგერიდოთ – ჩაწერეთ, თუ მათ რეალურად ფლობთ – იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა სერთიფიკატი.

სერთიფიკატები, ჯილდოები, პუბლიკაციები – ყველაფერი, რაც კონკრეტულ სფეროსთან არის დაკავშირებული და დამსაქმებლის მოთხოვნებს შეესაბამება. ნუ გადატვირთავთ CV-ის არათემატური მიღწევებით.

CV-ში მონაცემები დაალაგეთ რევერსული ქრონოლოგიით: ჯერ ყველაზე ბოლო სამსახური, შემდეგ იმის წინა, შემდეგ კიდევ იმის წინ რაც იყო და ა.შ.

მაგალითად:

2015 წლის იანვარი – 2016 წლის მარტი – ბიზნეს კონსულტანტი X კომპანიისთვის

2014 წლის აპრილი – 2015 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი მკვლევარი

CV-ის მოცულობა: მაქსიმუმ 2 გვერდი (თუ სხვა მოთხოვნა არ არის). დამსაქმებელს ბევრი მონაცემის წაკითხვის არც დრო ექნება და არც სურვილი. ამიტომ CV შეადგინეთ რაც შეიძლება ლაკონურად და ეფექტურად. ამოიღეთ ყველაფერი, რასაც ვაკანსიასთან კავშირი არ გააჩნია. ეს ბალასტია.

დასრულების შემდეგ:

ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ბლოკი და დეტალი.

  • შეამოწმეთ ორთოგრაფია
  • შეამოწმეთ ფაქტები – რამე ხომ არ გამოგრჩათ
  • შეამოწმეთ თარიღებისა და საკონტაქტო ინფორმაციის სისწორე
  • შეამოწმეთ თითოეული სიტყვა – შეცდომით ხომ არ წერია

ამ ყველაფრის შემდეგ CV და ყველა თანდართული დოკუმენტი შეინახეთ pdf ფორმატში. ასე შედარებით დაცული და მოწესრიგებულია, ნაკლები შანსია რომ ბლოკები აირიოს, ფონტი შეიცვალოს და ა.შ.

გაგზავნა:

თითოეული დოკუმენტი გაგზავნეთ ცალკე ფაილად, თუ სხვა მოთხოვნა არ არსებობს. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი.

გაგზავნეთ თითოეულ დამსაქმებელთან ინდივიდუალურად. სამოტივაციო წერილიც შეადგინეთ ინდივიდუალურად. დაკოპირებული ტექსტის გაგზავნა არ რირს – ეს ყოველთვის იგრძნობა და კანდიდატის არასერიოზულ განწყობაზე მეტყველებს.

წარმატებას გისურვებთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s