როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთა


 ზურგჩანთის შეძენა სალაშქრო სამზადისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მის გარეშე შეუძლებელია სამოგზაუროდ წასვლა. ზურგჩანთა ერთგვარი მოძრავი სახლია, სადაც ინახავთ ყველა აუცილებელ ნივთს. მაგრამ არ ჰგავს ჩვეულებრივ სახლს – სადაც შეიძლება ყველაფერი განურჩევლად ჩაყაროთ – დაწყებული დეკორატიული ნივთებიდან, დამთავრებული ტექნიკითა და ფუფუნების საგნებით. ზურგჩანთის ტარება საკუთარი ზურგით გიწევთ (არ გქონდეთ იმის იმედი რომ ვინმე გიტარებთ, განსაკუთრებით მრავალდღიან გასვლებში). ამიტომ მისი ზომა, წონა და ფორმა პირად შესაძლებლობებს უნდა შეუსაბამოთ. სალაშქრო ზურგჩანთა არ არის გასაპრანჭი ნივთი. იგი უნდა იყოს ტევადი, მორგებული და მოხერხებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია სიმსუბუქეც – ტარებისას ხომ ნივთების წონას მისი საკუთარიც დაემატება. ყველა დამატებითი საგანი მას ამძიმებს და ტარებას ართულებს. ზურგჩანთით სიარულმა შეიძლება მოგიწიოთ არა მხოლოდ ასფალტზე, არამედ სხვადასხვა სირთულის გზებზე, მთებში, მიუვალ ადგილებში. ასე რომ ყოველი გრამი მნიშნვნელოვანია და ზურგჩანთის სწორად შერჩევა და ჩალაგებაც დიიიიიიიიდი ხელოვნებაა.  :) 

როგორი ზურგჩანთა გვჭირდება:

ზურგჩანთები არსებობს ერთ- და მრავალდღიანი გასვლებისთვის. ერთდღიანისთვის შედარებით მარტივია – დილით წასვლა, საღამოს დაბრუნება, მინიმალური ბარგი. მრავალდღიანი მოგზაურობისათვის კი ზურგჩანთაში უნდა ჩაეტიოს:

  • საძილე ტომარა და პარალონი
  • წყალი
  • კარავი
  • საკვები
  • სამედიცინო დახმარების კომპლექტი
  • რუკები, კომპასი, თოკები და კიდევ მოგზაურობისათვის აუცილებელი ათასი წვრილმანი

პირველ რიგში, საჭიროა იმის განსაზღვრა, რა მოცულობის ზურგჩანთა გჭირდებათ.

1 დღიანი გასვლებისთვის 25-35 ლიტრიანი ზურგჩანთა საკმარისია

3-5 დღიანი გასვლებისთვის – 40-80 ლიტრიანი

მრავალდღიანი გასვლებისთვის – 80 ლიტრი და მეტი.

ზურგჩანთის ყიდვამდე გაიზომეთ ტორსი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი ზურგჩანთის შესაჩევად. ტორსის სიგრძე დამოკიდებული არ არის ადამიანის სიმაღლეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ზურგჩანთის ზომის განსაზღვრისას.

ტორსის გაზომვა ხდება შემდეგნაირად:

დახარეთ თავი და მონიშნეთ კისერთან ამობურცული მალა.

ქვედა წერტილი განსაზღვრეთ შემდეგნაირად: ბარძაყის ძვლებს შორის გაავლეთ წარმოსახვითი ხაზი.

შემდეგ გაიშალეთ წელში და ხერხემლის მალიდან სანტიმეტრით გადაზომეთ მანძილი ქვედა ხაზამდე. ესეც ვიდეო (ინგლისურ ენაზე):

ზურგჩანთის ზომები ტორსის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

მცირე (small)

საშუალო (medium)

ფართო (large)

სალაშქრო ზურგჩანთებს აღწერაში მითითებული აქვთ ზომები, გამოწერეთ თქვენთვის შესაბამისი.

არსებობს შემდეგი სახის ზურგჩანთები:

შიდა ჩარჩოთი (internal-frame backpacks) – ინარჩუნებს სტაბილურობას ნებისმიერი სახის რელიეფზე.

გარე ჩარჩოთი (external-frame backpacks)- რომელიც განკუთვნილია დიდი ტვირთის სატარებლად.

ზურგჩანთები ჩარჩოს გარეშე – რომლებიც ძალიან მსუბუქებია, იყენებენ სწრაფი ლაშქრობის ან კლდეზე ცოცვის მოყვარულები.

დამატებითი დეტალები:

დიდ ზურგჩანთებს აქვთ სპეციალური განყოფილება საძილე ტომარისთვის, რომელიც ძირითადისგან იზოლირებულია. თუმცა ზოგჯერ შეიძლება მათი შეერთება.

საწვიმარი – თუ ზურგჩანთას მიიჩნევთ ლაშქრობაში საუკეთესო მეგობრად და თანაშემწედ (🙂 ), ეს დეტალიც უნდა გაითვალისწინოთ. წვიმა, ნესტი მას და, შესაბამისად, საგულდაგულოდ ჩალაგებულ ნივთებსაც ასველებს. სველი ზურგჩანთა, ტანსაცმელი, კარავი და სხვა ყველაფერი მძიმდება, რთული სატარებელი ხდება და მოგზაურობა კოშმარად იქცევა. შეიძლება ღამის გათევა წყლით გაჟთენთილ საძილე ტომარაში მოგიწიოთ. დამეთანხმებით, ვერაფერი სიამოვნებაა. ამიტომ ზურგჩანთის საწვიმარი კარგი გამოსავალია – მას იცავს დასველებისგან და გაცილებით ასატანს ხდის უამინდობას. ზოგიერთი სალაშქრო ზურგჩანთა საწვიმართან ერთად იყიდება (რომელიც ჩაკუჭულია პაწაწინა სპეციალურ ჯიბეში). წინააღმდეგ შემთხვევაში სჯობია ცალკე შეიძინოთ.

ასევე შეიძლება და სასურველია ჰქონდეს პარალონისა და დამატებითი საგნების მისამაგრებლები, დამატებითი შესაკრავები, დამატებითი ჯიბეები ჩანთაზე და ქამარზე და ა.შ. სადაც მოლაშქრეს შეეძლება წყლის, რუკების, ფოტოაპარატების, ნემსის, ძაფის, აფთიაქისა და სხვა აუცილებელი ნივთების ხელმისაწვდომ ადგილას მოთავსება.

სად შევიძინოთ

ხარისხიანი სალაშქრო ზურგჩანთის შეძენას რომ გადაწყვეტავ, უნდა გახსოვდეს, რომ North Face და მსგავსი ბრენდების პროდუქცია ლილოს ბაზრობაზე ან ვაგზალზე არ იყიდება. არც ფასდაკლებების ქართულ საიტებზე, რომლებიც 100 ლარის ფარგლებში გთავაზობენ ტევად ზურგჩანთებს მსგავსი ლოგოებით. ეს არ არის ორიგინალი პროდუქტი! ბრენდის ნაწარმი საკმაოდ ძვირი ღირს და თუ აქ ძალიან იაფად წააწყდით, ნუ გეგონებათ რომ გაგიმართლათ! ეს მხოლოდ უხარისხო ასლებია (მარკეტინგი რას არ ჩაგადენინებს კაცს).

ხარისხიანი სალაშქრო ზურგჩანთების შეძენა შესაძლებელია თბილისშიც, სპორტულ მაღაზიებში (მაგალითად, იქსტრიმი). თუმცა ფასები შედარებით მაღალია, არჩევანი კი შეზღუდული. ამიტომ თუ არ გეჩქარებათ, გამოწერა სჯობია.

ონლაინ მაღაზიებში ყიდვას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

კარგია ის, რომ:

– ფაქტიურად შეუზღუდავი არჩევანია. საიტებზე შესაძლებელია ნებისმიერი ტევადობის, წონისა და ფასის ზურგჩანთების მოძებნა.

– შესაძლებელია რამდენიმე მოდელის ერთმანეთთან შედარება კონკრეტული პარამეტრების მიხედვით (ფერი, ფორმა, ტევადობა, ფასი და ა.შ.).

– შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება (მახასიათებლები, მომხმარებლის მიმოხილვები), რაც გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარებათ.

– შესაძლებელია შენახვა, მოფიქრება და მოგვიანებით ყიდვა. იმ შემთხვევაში თუ ერთ მაღაზიაში მარაგი ამოიწურება, სასურველი მოდელი მეორეშიც მოიძებნება.

ონლაინ შოფინგის უხერხული მომენტები:

– ზურგჩანთას ვერ მოიზომებთ და შეიგრძნობთ. ჩვეულებრივ მაღაზიაში შეუძლიათ ჩამოგიღონ, გაჩვენონ, შეეხოთ და შეამოწმოთ მასალის ხარისხი, გამძლეობა, სიმძიმე; რამდენად კარგად გაქვთ მორგებული და ა.შ. ამ ყველაფერს ონლაინ შოპინგისას მოკლებული ხართ.

– ჩამოტანას სჭირდება დრო. გამოწერიდან ზურგჩანთის აღებამდე ინტერვალი შეიძლება იყოს 10-14 დღე ან მეტი (დამოკიდებულია ტრანსპორტირების ხანგრძლივობაზე).

– ტრანპორტირებისათვის დამატებითი თანხაა საჭირო. ანუ ამერიკიდან საქართველომდე ჩამოტანას დროის გარდა კიდევ უნდა დაამატოთ ფული🙂 ჩემი ზურჩანთისთვის გამოგზავნის ყველაზე იაფ ვარიანტებს რომ ვეძებდი, თითქმის ყველა გადამზიდი კომპანიის ინფო ვნახე და ბოლოს ამ პოსტში დავწერე ყველაზე ოპტიმალურის შესახებ (რომელიც ნივთის ფიზიკურ წონას ანგარიშობს და არა მოცულობითს).

რომელი საიტებიდან გამოვწეროთ კარგი სალაშქრო ზურგჩანთები:

ამაზონი – უნივერსალური მაღაზია ნებისმიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

სიერა – საიტი თავგადასავლების მოყავრულებისათვის. ხშირად იდება ფასდაკლებები ზურგჩანთებზე, ბათინკებზე, სხვადასხვა სალაშქრო და სამოგზაურო ატრიბუტებზე.

იბეყ – პირდაპირ ან აუქციონის საშუალებით ზოგჯერ შეიძლება საჭირო ნივთების იაფად ყიდვა, მათ შორის სალაშქრო ზურგჩანთისაც.

ბაცკცოუნტრყ.ცომ – კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის, სპორტისათვის აუცილებელი აღჭურვილობა და ტანსაცმელი, ხშირად არის არის ფასდაკლებები.

რაკუტენ.ცომ – კიდევ ერთი მონსტროზავრი ონლაინ მაღაზია, სადაც ნებისმიერი სახის ნივთის პოვნა შეიძლება.

გაითვალისწინეთ! ყიდვამდე აუცილებლად დაგუგლეთ, სხვადასხვა საიტების ფასები შეადარეთ (ტრანსპორტირების ჩათვლით). შეიძლება ერთი და იგივე ზურგჩანთის ღირებულებაში მნიშვნელოვანი განსხვავებაც იპოვოთ.

სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვა ასევე შეიძლება:

– ქართული სამოგზაურო ფორუმებზე (მოლასჰქრე.გე, ცამპ.გე, კარავი.გე და ა.შ.) შესაბამის განყოფილებებში, ასევე ყიდვა-გაყიდვის ფეისბუქის ჯგუფებში. აქ მოლაშქრეები დებენ საკუთარ ნივთებს, რომლებიც აღარ სჭირდებათ.

ესეც ჩემი ზურგჩანთა მრავალდღიანი გასვლებისათვის❤

6 thoughts on “როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთა

    • რამდენლიტრიანს ეძებთ, რამდენხნიანი გასვლებისთვის?

  1. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ზოგ ჩანთას რომ აქვს მოძრავი საზურგის ფუნქცია, ეგ ალბათ ნებისმიერი სიმაღლის და ტორსოს მქონე ადამიანს ერგება არა?

    (მაგალითად ეს: http://www.amazon.com/Mountaintop-Outdoor-Backpack-Camping-Internal/dp/B01B76LPUE/ref=sr_1_3?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1464087742&sr=1-3&keywords=mountaintop )

    • მასეთ შემთხვევებშიც ძირითადად მითითებულია ზომები, უნდა ყურადღებით წაიკითხო მონაცემები. მაგალითად ჩემი ზურგჩანთა მარეგულირებლითაა და 14-18-ინჩის ზომისთვისაა რეკომენდირებული (XS-დან S/M-მდეა). ზოგის რეგულირება L-მდეც შეიძლება.
      ამ კონკრეტული ზურგჩანთის ყიდვას არ გირჩევ. ვერ გავიგე აქვს თუ არა ჩარჩო. ამის გარეშე სიმძიმე დაგაწვება და გაგიჭირდება ტარება.
      წონაც ვერსად ვნახე.

      • გმადლობ პასუხისთვის. არა, მაგ ზურგჩანთის ყიდვას არც ვაპირებ, ეგ უბრალოდ ნიმუშად მოვიტანე. ისე, ამაზე რას იტყვი? ღირს ამის ყიდვა 273 ლარად? The North Face_ია მაინც.

      • საშუალო კლასის ზურგჩანთაა. თუ მალე გჭირდება ზურგანთა შეგიძლია იყიდო🙂 ვაგზალზე “ორიგინალები” რომ იყიდება იმას გაცილებით სჯობია🙂 მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესები (რომლებიც შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგალითად Deuter – მაქვს და❤😀 ). შეგიძლია ეს North Face შეიძინო. ან ცოტა მეტი დრო და თანხა გაქვს, ამერიკულ საიტებზე მოძებნე და/ან იბეიზე ინადირე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s