როგორ მოვძებნოთ სწრაფად სასურველი ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე


უნივერსიტეტის ვებ-გვერდამდე “მისაღწევად” გრძელი და დამქანცველი ძებნაა: უნდა ნახოთ ათობით კოლეჯი, სპეციალობები, მისაღები საბუთების ნუსხა, გადასახადის თანხა და ა.შ. რაც უფრო სწრაფად მოხდება სასურველი უნივერსიტეტების მოკლე ჩამონათვალის გაკეთება, მით უკეთესი – უფრო ოპერატიულად მოხერხდება იქ საბუთების გაგზავნა.

1. სანამ ძებნას დაიწყებთ – შეიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმები: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? გარკვეული მიმართულების შესწავლა? დაფინანსების მიღება? დასაქმების პერსპექტივა? მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მისწრაფებები შეესაბამებოდეს არსებულ რესურსებს (ფინანსურს, აკადემიურს და ა.შ.). მაგალითად, თქვენი საბუთები ტოეფელის 80 ქულით კონკურენტუნარიანი ვერ იქნება უნივერსიტეტში, რომლის მინიმალური მოთხოვნა ტოეფელის 100 ქულაა.

2. გუგლის ზოგადი ძებნის მაგივრად გამოიყენეთ სპეციალური ვებსაიტები, სადაც სასურველი პროგრამების მოძებნა შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (გეოგრაფიული მდებარეობა სასურველი ქალაქი სიზუსტით, სასწავლო დისციპლინა, სწავლების დონე და ა.შ.). ასეთებია, მაგალითად http://www.gradschools.com/, http://www.phdportal.eu/ და http://www.bachelorsportal.eu/.  მსგავსი საიტების მოძებნა შესაძლებელია აზიისთვისაც, ასევე კონკრეტული ქვეყნისთვისაც. ეს ძალიან ბევრ დროს და ძალისხმევას დაზოგავს, რადგან ხშირ შემთხვევაში რეგისტრაციის შემდეგ საიტები ჩამონათვლის გაკეთების შესაძლებლობას იძლევიან. ანუ ძალიან მარტივად შეიძლება სასურველი უნივერსიტეტის სიის გაკეთება სისტემიდან გამოსვლის შედეგად. შემდეგ იწყება კონკრეტული მოთხოვნების ძიებისა და ინფორმაციის გაცხრილვის კიდევ ერთი დამქანცველი პროცესი.

3. ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაცხრილეთ თქვენი კრიტერიუმების მიხედვით: უნივერსიტეტებს ხომ ყველა წვრილმანზე აქვთ ინსტრუქციები: იქნება ეს ჩაბარების კრიტერიუმები, ფაკულტეტები, საგნების ჩამონათვალი, კულტურულ-სპორტული ცხოვრება თუ სხვა რამ. ამ რუტინაში რომ არ დაიკარგოთ და დროც დაზოგოთ, მოძებნეთ მხოლოდ აუცილებელი:

3.1 სასურველი სპეციალობა – სექციაში Academics – აქ ნახავთ ინფორმაციას. ყველა დონის, ყველა სპეციალობისა და ყველა კურსის შესახებ. Undergraduate ნიშნავს ბაკალავრიატს, Post/Graduate- ბაკალავრიატისშემდგომ განათლებას. Master – მაგისტრატურას, PhD – დოქტორანტურას. შეიძლება Graduate Education-ში გაერთიანებული იყოს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სპეციალობები, თუმცა თითოეულთან აუცილებლად იქნება მითითებული რომელი დონის სწავლებაა. შესაძლოა დისციპლინები დალაგებული იყოს სკოლების მიხედვით, მაგალითად ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, მედიცინის სკოლა, ხელოვნების სკოლა და ა.შ. ასეც ადვილად შეიძლება სასურველი სპეციალობის მოძებნა, კურსის სილაბუსის სიზუსტით. გადაათვალიერეთ ყველა პროგრამა  – რამდენად შეესაბამება თქვენს მისწრაფებებს. თუ არ არის ნამდვილად ის, რაც გჭირდებათ – გადადით შემდეგ უნივერსიტეტზე.

3.2 მისაღები კრიტერიუმები: Admissions, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება დაყოფილი იყოს undergraduate და postgraduate  admission-ად, თითოეულისთვის განსხვავებული მოთხოვნებით. ასევე განსხვავებული მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სკოლებს (მაგალითად, ენის მოთხოვნები – ბაკალავრიატისთვის ტოეფელის 60 ქულა, ზოგადი სპეციალობის მაგისტრატურისათვის 80 ქულა, ბიზნესის ან მედიცინის მიმართულებისათვის – 90 და მეტი; ან ითხოვდნენ სპეციალურ ტესტებს, სერთიფიკატებს,  სამუშაო გამოცდილებას და ა.შ.). აკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას? ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ან იმუშავეთ მათ გამოსასწორებლად, ან მოძებნეთ ალტერნატიული სასწავლებელი

3.3 სწავლისა და ცხოვრების დანახარჯები – Tuition and Fees – სტუდენტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა.🙂 კაპიტალისტური სამყაროს სასტიკი კანონების შესაბამისად, სწავლობს ის, ვისაც ფული აქვს, ან მისი შოვნა შეუძლია. ყველა უნივერსიტეტის ვებსაიტზე მოცემულია დაახლოებითი ხარჯები, რაც სტუდენტს სჭირდება 1 აკადემიური წლის განმავლობაში. ეს მოიცავს სწავლის გადასახადს, ასევე საცხოვრებელს, კომუნალურ გადასახადებს, მობილურს, კვებას და სხვა “წვრილმანებს”. სოლიდური თანხა გამოვიდა? არა უშავს, დროა დაფინანსების შესაძლებლობებზე იფიქროთ.

3.4 სტიპენდიები – Scholarships/Financial Aid – ამ სექციაში უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ, დაწყებული სრული სტიპენდიიდან (რომელიც საცხოვრებელ და სასწავლო ხარჯებს დაფარავს), დამთავრებული ნაწილობრივი გადასახადებით, მუშაობა+სწავლის პროგრამებით. ნებისმიერ ქვეყანაში სტუდენტებს არასრული განაკვეთით მუშაობის უფლება გააჩნიათ. უნდა ითქვას, რომ აპლიკაციის გაგზავნა სტიპენდიის მოსაპოვებლად არ არის იმის გარანტია, რომ მას მიიღებთ. შეიძლება სტიპენდიის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გავლა გახდეს საჭირო (საბუთების შერჩევა, ინტერვიუ), ან – მარტივად – მხოლოდ დოკუმენტებში ფინანსური საჭიროების მითითება იყოს საკმარისი – ყველა უნივერსიტეტს საკუთარი პოლიტიკა აქვს. როგორც წესი, აქ კონკურენცია მაღალია, (ფინანსური) რესურსები შეზღუდული და მხოლოდ ძლიერი კანდიდატები გადიან ფინალამდე.

ეს არის მინიმალური აუცილებელი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ყველა სექცია პირველივე გვერდზე უნდა ჩანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად მისაგნებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის ფუნქცია,  A-Z Index, ან საიტის რუკა.

დამატებითი კრიტერიუმები, როგორიცაა კომფორტული სასწავლო გარემო, სტუდენტური სერვისები, სიახლოვე ქალაქთან/გასართობ ცენტრებთან, კარგი ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი და ა.შ. – უკვე მეორე ეტაპის საქმეა. მათი მოძებნა მოგვიანებითაც შეიძლება, როდესაც უნივერსიტეტების მოკლე ჩამონათვალის კიდევ უფრო შემცირებას გადაწყვეტავთ.

წარმატებას გისურვებთ.

2 thoughts on “როგორ მოვძებნოთ სწრაფად სასურველი ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე

    • არსაიდან. თარგმანს ავტორს/წყაროსაც ვუთითებ ხოლმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s