როგორ გავფრინდეთ ევროპაში იაფად


ყველაფერი ოცნებიდან იწყება. ჯერ აზრი იბადება, მერე – მიზანი, შემდეგ ნელა-ნელა მოქმედების გეგმა მუშავდება და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ოცნება რეალობად იქცა. ყველაზე წარმოუდგენელი ფანტაზიაც კი შეიძლება ახდეს. არ გჯერათ? მფრინავი ხალიჩა გაიხსენეთ, ალადინს რომ დააქროლებდა და პარალელი გაავლეთ თანამედროვე საფრენ აპარატებთან. შერეკილები, ანუ ადამიანები, რომლებიც “რეალობას” არაფრად აგდებენ და საკუთარი ოცნების ასახდენად მუშაობენ, ცვლიან მსოფლიოს.

ძმებმა რაიტებმა 1903 წელს თავიანთი პირველი 12-წამიანი ფრენით მთელი მსოფლიო გამოიწვიეს. თავიდან არავის სჯეროდა. “ადამიანს შეუძლია ხმელეთზე სიარული, ცურვაც, მაგრამ ფრენა? არა, ეს მეტისმეტია”, – ფიქრობდნენ ისინი. რაიტებს უამრავი ცნობისმოყვარის თვალწინ საკუთარი მიღწევის დემონსტრაცია სჭირდებოდათ, ისინი უფროდაუფრო ხანგრძლივი ფრენებით და გაუმჯობესებული თვითმფრინავის მოდელებით აოცებდნენ ცივილიზებულ საზოგადოებას.

ძმები რაიტების თვითმფრინავის მოდელი ჩიკაგოში

ძმები რაიტების თვითმფრინავის მოდელი ჩიკაგოში

2011 წელს ჩიკაგოს მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმში მათი პირველი საფრენი აპარატის მოდელი ვნახე, რომელმაც ვნებათაღელვის თეორიები, ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარულები ხელშესახები გახადა. ადამიანი შეეჯიბრა ჩიტებს, დაიწყო ჰაერის დაპყრობა, დროისა და სივრცის გადალახვა. უცხო ქვეყნების მონახულება უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ნებისმიერ პიროვნებას მიეცა საშუალება თავი ისე ეგრძნო, როგორც მარკო პოლოს ახალი მიწების მონახულებისას. იმ განსხვავებით, რომ საჰაერო გზის “აღმოჩენამ” წარმოუდგენლად შეამოკლა დრო თუნდაც ყველაზე შორეული დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან საბა ორბელიანს რამდენიმე თვე, უამრავი რესურსი, კლიმატური და რელიეფური სიძნელეების გადალახვა დასჭირდა ევროპამდე ჩასაღწევად, თანამედროვე თვითმფრინავები კი იგივე მანძილს სულ რამდენიმე საათში ფარავენ.

ფრენების მიმართულება ქუთაისის ეროპორტიდან

ფრენების მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

ასე რომ, თუ ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობ, ამის გაკეთება ძალიან ადვილია: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იაფი რეისები რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით სრულდება. მათგან ზოგიერთში შესასვლელად ვიზა არ არის საჭირო (უკრაინასა და ბელორუსიაში). მგზავრებმა ასევე შეიძლება ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით, რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ 3-დან 90 დღემდე ერთჯერადი ვიზების მიღება აეროპორტში, სასაზღვრო სამსახურში. ასეთი ქვეყნების სია, ასევე სავიზო დოკუმენტების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. 

როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტამდე:

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ეგრეთწოდებული კოპიტნარი, მდებარეობს თბილისიდან 255, ქ. ქუთაისიდან კი 28 კილომეტრის დაშორებით.

ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა შესაძლებელია საკუთარი სატრანპორტო საშუალებით ან ტაქსით, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც თბილისიდან მიიბარგება, არც მანქანა ჰყავს და გადაჯდომებიც არ სურს?

Georgian Bus მგზავრებს ელოდება

Georgian Bus მგზავრებს ელოდება

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ Georgian Bus-ს, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების ტრანსპორტირებას აეროპორტამდე და უკან, ასევე რამდენიმე სხვა მიმართულებით (გუდაური, ქუთაისის ცენტრი, ბათუმი, ურეკი, ქობულეთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, თბილისი). თბილისში Georgian Bus-ის ბოლო გაჩერება პუშკინის ბაღთანაა (თავისუფლების მოედანი).

გასულ კვირას სწორედ მათი მიკროავტობუსით ვიმგზავრე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: ტრანსპორტი იყო სუფთა, ჩართული კონდიციონერით, მუსიკაც არ მაწუხებდა და ყველაზე დაუჯერებელი – არამწეველი მძღოლი! იმ ფონზე, რომ საქართველოში ტაქსებისა და მარშუტკების მძღოლების 99% პირდაპირ მანქანაში ეწევა, ეს სასწაული იყო!

Georgian Bus-ს დამატებითი სერვისებიც გააჩნია, მისი წარმომადგენლები ეხმარებიან ჩამოსულ ტურისტებს სასტუმროს მოძიებაში ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან დაკავშირებაში.

კომპანიის საიტიდანვე შესაძლებელია ბილეთების დაჯავშნა (ესეც დამატებითი კომფორტი – სახლიდან გაუსვლელად დაგეგმავ მოგზაურობას!), სერვისის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში კი მოქმედებს ფასდაკლების სისტემა.

აეროპორტის შენობა:

ქუთაისის აეროპორტი მცირე ზომისაა, იგი გათვლილია 600 მგზავრის მომსახურებაზე, აღჭურვილია უსაფრთხოებისა და კომფორტის თანამედროვე სისტემებით. ყველაფერი კრიალებს და როცა გარეთ მზე დაუნდობლად წვავს, შენობაში სასიამოვნოდ გრილა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ძალიან ყურადღებიანი პერსონალი ჰყავს.

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი

აეროპორტის სერვისები:

პირველ რიგში, უფასო და უპაროლო WiFi, შეგიძლიათ შეხვიდეთ ლეპტოპიდან, მობილური ტელეფონიდან ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობიდან. შევამოწმე – კარგად მუშაობს.

საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტურისტს შეუძლია მიიღოს უფასო ბროშურები და რჩევები საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის შესახებ.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

ბილეთების დაჯავშნა (რკინიგზა, ფრენები), რაც უადვილებს ტურისტს ტრანსპორტირებას. იქვე შესაძლებელია დაზღვევის გაკეთება.

ბილეთები

ბილეთები

კაფე “მიმინო” მოფრენისა და გაფრენის დარბაზებში, სადაც მგზავრებს დანაყრება შეუძლიათ. მათი სენდვიჩები ძალიან გემრიელი იყო.😉

კაფე "მიმინო"

კაფე “მიმინო”

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ ქართული სუვენირები, ტკბილეული, ღვინო და სხვადასხვა ნივთები. იხსნება ფრენამდე 2 საათით ადრე.

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მგზავრთა მომსახურებარაც ძალიან გასახარია. მოთხოვნის შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია დაეხმაროს შშმ პირებს (თვითმფრინავამდე მისვლაში ან გადმოსვლაში, ბარგის წაღებაში).

საჭიროების შემთხვევაში აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას.

ცხოველების ტრანსპორტირება – თუ საყვარელ ოთხფეხთან ერთად მოგზაურობას გადაწყვეტავთ, მისთვისაც გამოიძებნება თვითმფრინავში ადგილი.

გამგზავრება:

დოკუმენტები: ქვეყნის საზღვრების დატოვებისას საქართველოს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი შესაბამისი ვიზით (საჭიროების შემთხვევაში). ვადაგასული დოკუმენტის, ასევე ID ბარათის წარდგენისას არ მისცემენ ევროპაში გამგზავრების უფლებას. “არ ვიცოდი რომ პასპორტი საჭირო იყო” და მსგავსი თავის მართლებები არ ჭრის – წესი ერთია ყველასთვის.🙂

ბარგი: ბარგის გარკვეული ნაწილის წაღება უფასოა, თუმცა მისი წონა დამოკიდებულია იმ ავიაკომპანიაზე, რომელსაც აირჩევთ სამგზავროდ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაამოწმოთ მათ ვებსაიტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტი წონისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. მაგალითად, Wizz Air-ის ვებსაიტზე  მითითებულია, რომ ერთი ბარგის მაქსიმალური დასაშვები წონა 32 კილოგრამია, ბელავიასთვის – მხოლოდ 20, აირზენა (Georgian Airways) ასევე განსაზღვრავს 20 კილოგრამს ეკონომ-კლასისთვის.

აკრძალული ნივთები: ანუ რისი გატანაც არ შეიძლება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე:

  • ასაფეთქებელი მასალა
  • აალებადი სითხეები, როგორიცაა, მაგალითად, სანთებელა
  • ტოქსიკური ნივთიერებები, გაზი
  • ვერცხლისწყალი, მჟავები და სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას.
  • ბასრი საგნები (დანა, მაკრატელი, თუნდაც მანიკურის ხელსაწყოები)  ამოიღეთ ხელბარგიდან – ჩამოგართმევენ.

უფრო სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ იმ ავიაკომპანიის ვებსაიტზე, რომლის სერვისითაც აპირებთ სარგებლობას.

აეროპორტში ასევე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მომსახურება.

ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს ასრულებს ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – WizzAir. იგი საშუალებას აძლევს მგზავრებს მინიმალური დანახარჯებით მოხვდნენ დანიშნულების ადგილზე. საჭირო აღარაა საკვებით დატვირთული აქლემების წაყვანა მრავალთვიან მოგზაურობაში, თვითმფრინავს სულ რამდენიმე საათი სჭირდება აფრენიდან სხვა ქვეყნის აეროპორტში დაშვებამდე. WizzAir-ით ქუთაისი-ვარშავის ბილეთის ფასი შეიძლება დაიწყოს 80-90 ევროდან, ვილნიუსამდე მგზავრობის საფასური კი იყოს 130 ევრო (კონკრეტული დღეებისთვის ფასები და ფრენები გადაამოწმეთ ავიაკომპანიის საიტზე). ფრენის ხელმისაწვდომობა არის მგზავრთა რაოდენობის ზდის ძირითადი მიზეზი. მათი უმეტესობა უცხოელი ტურისტია, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა ადგილების სანახავად, ველოტურების მოსაწყობად დადიან. აეროპორტში შევხვდი წყვილს, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოს სტუმრობს და ამას ქუთაისის აეროპორტის საშუალებით აკეთებს. ისინი სიამოვნებით ეცნობიან ბუნებას, ადგილობრივ ტრადიციებს, ღირსშესანიშნაობებს, აღფრთოვანებით საუბრობენ იმ კულტურაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა და შემოინახა…

როგორც პოსტის დასაწყისში აღვნიშნე, ყველაფერი ოცნებით იწყება, ოცნებები კი აუცილებლად ხდება. ქუთაისის აეროპორტიდან გაიზრდება ფრენების მიმართულებებიც და სიხშირეც, ევროპული ოცნების ასასრულებლად კი ისღა დაგრჩენიათ ჩაალაგოთ ჩემოდანი და ისარგებლოთ ამ იაფი, კომფორტული შემოთავაზებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s