მანუალი ბლოგერების საინფორმაციო ტურების ორგანიზატორებისათვის


ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ე.წ. საინფორმაციო ტურები ბლოგერებისათვის, სადაც ესა თუ ის ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობს გაცნობასა და პოპულარიზაციას ცდილობს. რამდენიმე ტურში ვიყავი, სხვების განცხადებებს გადავხედე და – სრული კატასტროფა! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბევრი PR სამსახური პიარშიც და ორგანიზაციულ საკითხებშიც ძალიან მოიკოჭლებს. ერთადერთი გამონაკლისი მსოფლიო ბანკია, რომელმაც გასულ შემოდგომას განახლებული კახეთი დაგვათვალიერებინა.

ეს პოსტი დაგეხმარებათ განახორციელოთ წარმატებული და ეფექტური საინფორმაციო ტური, თავიდან აიცილოთ თქვენი წინამორბედების მიერ დაშვებული შეცდომები. შედეგი – პოზიტიური გამოხმაურება და პიარი სოციალურ ქსელებში, რაც ასევე დადებითად აისახება თქვენს შემდგომ საქმიანობაზე და რეპუტაციაზე.

– პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ რომ ბლოგერი არ არის ჟურნალისტი. ბლოგერი არის ადამიანი, რომელიც ინტერნეტს იყენებს საკუთარი მიზნების, მისწრაფებების, ინტერესების პოპულარიზაციისათვის, საკუთარი ჭიის გასახარებლად. სამოქალაქო აქტივიზმი ბლოგინგის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) გამოყენებაა. ბლოგერი თავისუფალია აზრის გამოხატვის შინაარსში, ფორმებსა და მეთოდებში. შეიძლება დაწეროს ტექსტი, შექმნას ფოტო და ვიდეო პროდუქტი, ინფოგრაფიკები და ა.შ. – ნებისმიერი რამ, რასაც საკუთარი ფანტაზია უკარნახებს. ამიტომ მათგან ნუ მოელით კლასიკური სტატიის მომზადებას ან ჟურნალისტურ მიდგომას. ბლოგერობის მთელი მუღამი სათქმელის თავისუფლად გადმოცემაშია. ამიტომ ტურის შემდეგ შესაძლოა შეიქმნას ფოტო-ალბომი, ვიდეო-მიმოხილვა, ჰაიკუ, პოემა, ჩანახატი ან ნებისმიერი ხასიათის პროდუქტი, რაც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. თუ კონკურსის პირობებში წინასწარ არ განსაზღვრავთ სასურველ ფორმას, შემდეგ პრეტენზიები და “მოთხრობას ხომ არ დაწერთ” დამოკიდებულება არ უნდა დააფიქსიროთ. რატომაც არა, თუ მინდა მოთხრობასაც დავწერ და რომანსაც საკუთარ ბლოგზე, თქვენთან კი აღარ ვითანამშრომლებ იმიტომ რომ ჩემი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავთ, არ გინდათ ჩემი ძლიერი მხარეების შემჩნევა. ჟურნალისტური მიდგომა თუ გჭირდებათ, პრესკონფერენცია ჩაატარეთ. ელემენტარულია, უოტსონ.

– განაცხადი დაიწყეთ მოკლე ინფორმაციით ორგანიზაციის შესახებ: მისი სრული დასახელება,  საქმიანობის სფერო და გამოცდილება. სასიამოვნოა როდესაც განმცხადებელი ზოგავს მკითხველის დროსა და ენერგიას, არ აიძულებს სერჩოს მის შესახებ ელემეტარული მონაცემები.

– კონკურსის/ტურის გამოცხადებამდე კარგად ჩამოაყალიბეთ საორგანზიაციო დეტალები, რომ შემდეგ კითხვები აღარ გაჩნდეს. კერძოდ: განცხადებაში აუცილებლად მიუთითეთ ტურის დაწყებისა და დასრულების თარიღი (თვე და რიცხვი, მოერიდეთ “ტური ჩატარდება ოთხშაბათს” ტიპის განაცხადებს – რომელი ოთხშაბათი იქნება, ვიმკითხაო?); ასევე გასვლის დრო და ადგილი, ტურის ხანგრძლივობა, დანიშნულების ადგილები, როგორ მოხდება ან ვინ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, გათვალისწინებულია თუ არა კვება, ანაზღაურება და ა.შ. შეინარჩუნეთ კავშირი ბლოგერთან ტურამდე და მის შემდეგაც არა მხოლოდ ფეისბუქზე. არსებობს ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა – ყველაზე პროფესიონალური მიდგომა. შეტყობინების ან მადლობის წერილის დაწერას ტურში მონაწილეობის შესახებ სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, პოზიტიურად მოქმედებს რეპუტაციაზეც. ტურის შესახებ ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება ეფექტურ კომუნიკაციაზე მეტყველებს.

– გამოკვეთეთ კონკურსში/ტურში მონაწილეობის პირობები: ასაკი, ბლოგერობის გამოცდილება (მაგ, 1-3 წელი), ვიზიტორების რაოდენობა, კონკრეტული თემატიკით დაინტერესება, პოსტების რაოდენობა, მოტივაცია და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სამიზნე აუდიტორიაზე: ვინ გჭირდებათ – სამეცნიერო სტატიების მკითხველები თუ სერიალების მაყურებელი ახალგაზრდები? ცხოველთა დამცველები თუ თანამედროვე ლიტერატურით გატაცებულები?…

– მიუთითეთ პოსტის სასურველი ფორმა: ტურის შემდეგ რა სახის პროდუქტი გსურთ რომ შეიქმნას: ტექსტური, ფოტო, ვიდეო, მიმოხილვა, ინსტალაცია… თუ კონკურსის პირობებში არ მიუთითებთ,  მერე აღარ გქონდეთ ბლოგერთან პრეტენზიები. ასევე განსაზღვრეთ მინიმალური მოთხოვნები: ტექსტისთვის – სიტყვების/ფოტოების რაოდენობა, ვიდეოსთვის – ქრონომეტრაჟი.

– თუ კონკურსი/ტური ითვალისწინებს გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას, აუცილებლად გარკვევით ჩამოაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები (მაგ, პოსტის მინიმალური მოცულობა, ფორმა, კრეატულობა, საკითხის სრულად გაშუქება, ან ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია). თუ გინდათ რომ პროფესიონალური მიდგომის შთაბეჭდილება დატოვოთ, არსად ახსენოთ ლაიქების რაოდენობა – არასერიოზულია! ასევე მიუთითებს რომ ორგანიზაცია პოსტის შინაარსით და ხარისხით საერთოდ არაა დაინტერესებული. მე პირადად თავს არ შევიწუხებ ამგვარ დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ლაიქების, ისევე როგორც კომენტარების გაყალბება თავისუფლად შეიძლება და თუ ეს არ ესმის განცხადებელს, ამ ფორმატის ურთიერთობა საერთოდ არ მიღირს.

– მიუთითეთ კონკრეტული და არა ბუნდოვანი პრიზები. ეს პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, ბლოგერის მოტივაციას ამაღლებს. მან უნდა იცოდეს რას უნდა ელოდეს კარგი მუშაობისთვის – ფოტოაპარატს, ტურისტულ საგზურს, ფულად თანხას, გაზქურას, ეპილატორს თუ სპილოს.  როცა სთავაზობ გაურკვეველ რაღაცას, ინტერესი ქრება. მაგალითად, “საუკეთესო პოსტის ავტორს გადაეცემა ფასიანი პრიზი”-ს დაწერას სჯობია პრიზი საერთოდ არ ახსენოთ: ფასიანი პრიზი ათასგვარი შეიძლება იყოს, დაწყებული მზესუმზირიდან დამთავრებული კოსმოსური რაკეტით. რომელს აჩუქებთ ბლოგერს?  ვიღაცას შეიძლება აიპადისთვის უღირდეს კონკურსში ჩართვა, ვიღაცას – ახალი წიგნისთვის, ვიღაცას – ველოსიპედისთვის. მარტივია: ჯერ ჩამოყალიბდით ჯილდოზე, შემდეგ გამოაცხადეთ.

– დედლაინი რაციონალურად შეარჩიეთ, ტურიდან 2-3 დღეში პოსტის გამოქვეყნების მოთხოვნა არარეალურია!!! სტერეოტიპი, რომ ბლოგერს წერის მეტი საქმე არ აქვს, მცდარია! ბლოგერს აქვს ოჯახი, საკუთარი პროფესია, ჰობი, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება. ბლოგინგი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ბლოგერი შეიძლება აკეთებდეს: თამაშობდეს ფეხბურთს, ჭადრაკს, ქსოვდეს, სიმღერებს ქმნიდეს,  ქეიფობდეს, პახოდებში დადიოდეს, ატარებდეს კვლევებს, გეგმავდეს ივენთებს, ჰქონდეს კიდევ ათასი პრიორიტეტული და გადაუდებელი საქმე. ამიტომ მოკლე დროში პოსტის გამოქვეყნების მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, უნამუსობაა! პატივი ეცით ბლოგერის დროსა და პრიორიტეტებს! მიეცით რეალური დრო (სულ მცირე 10-12 დღე) ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად! 

– გაასაჯაროვეთ ჟიურის შემადგენლობა და ისეთი წევრებიც შეიყვანეთ, ცოტა მაინც რომ ერკვევიან პიარსა და სოციალურ მედიაში. ელემენტარულად პოსტის/პროდუქტის ხარისხის შეფასებაში დაგეხმარებიან. გარდა ამისა, გამჭვირვალე პროცესი ნდობას ამაღლებს.

– კარგად გაწერეთ განრიგი. ტურამდე 3 დღით ადრე რომ აცხადებთ რეგისტრაციას, წინა დღეს არჩევთ ბლოგერებს და 10-12 საათით ადრე ატყობინებთ გასვლის შესახებ, არაპროფესიონალურია! ბლოგერს აქვს საკუთარი გეგმები და ასე მოკლე ვადებში თუ ვერ წამოვიდა, მიუხედავად დიდი სურვილისა, არ უნდა განაწყენდეთ. თანაც მსგავსი მიდგომა ნაჩქარევ და მიფუჩეჩებული დაგეგმვის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუდექით საქმეს სერიოზულად, გამოაცხადეთ ინფორმაცია სულ მცირე 2 კვირით ადრე, შეტყობინებები მონაწილეობის შესახებ დაგზავნეთ არანაკლებ 1 კვირით ადრე, რომ ბლოგერებს ჰქონდეთ დრო დაგეგმონ საკუთარი გრაფიკი. ტური არა მხოლოდ თქვენი, არამედ მათი დროის ხარჯვაცაა. და ვინ იტყვის რომ მათი დრო ნაკლებ ღირებულია ვიდრე თქვენი?!

 – გააკეთეთ ძირითადი და სარეზერვო სიები. ბლოგერებიც ადამიანები ვართ, გეგმები ჩვენც შეიძლება შეგვეცვალოს. სარეზერვო სია დაგეხმარებათ ჩაანაცვლოთ ტურის მონაწილე, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო წამოსვლა გადაიფიქრა.

– იყავით ინტერაქტიული! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინ პიარი მხოლოდ ფეისბუქის ჯგუფებსა და ფეიჯებზე განცხადებების დადებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს კითხვები თუ გაუჩნდებათ, ოპერატიულად და ამომწურავად უნდა უპასუხოთ და არა 2-3 დღიანი შუალედებით; რაც მთავარია – ზრდილობიანად. ინტერაქტიულობა ასევე ნიშნავს ტურზე/კონკურსზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო დეტალების ხელმისაწვდომობას, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაკავშირება.

– მიიღეთ კრიტიკა.  თქვენს მიერ ადმინისტრირებული ფეისბუქის გვერდიდან ინფორმაციის გაქრობა ცენზურის სინონიმია. გაბრაზებულმა ბლოგერმა კი, რომელსაც აზრის გამოხატვა შეუზღუდეს, შეიძლება საკუთარ საიტზე მწვავე სტატია გამოგიქვეყნოთ. ამას უფრო ხანგრძლივი და უარყოფითი ეფექტი ექნება. დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხარვეზების გასასწორებლად. იფიქრეთ ამაზე.

– ტურის დროს მიაწოდეთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია, მიჰყევით განრიგს. ეს საჭიროა სასიამოვნო ატმოსფერის შესაქმნელად, თქვენც ხომ ეს გსურთ? ასევე აუცილებელი არაა კუდში დევნა, მუდმივი თვალყურის დევნება. დაუსვას კითხვები ადამიანებს, აძვრეს ღობეზე, გადაიღოს საინტერესო კადრი, გააკეთოს აღმოჩენა – ეს ყველაფერი პოსტშიც აისახება.

– მიეცით ბლოგერს სოციალურ ქსელებში პოსტის გაზიარების სრული თავისუფლება. გამარჯობა, ფეისბუქი ერთადერთი ქსელი არ არის და კიდევ ბევრგან შეიძლება ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ როცა ეუბნებით რომ “ყოველ დღე დადეთ თქვენს თაიმლაინზე”, რბილად რომ ვთქვათ საკუთარ უვიცობას ამჟღავნებთ ონლაინ პიარში. ბლოგერს საკუთარი აუდიტორია და მიმდევრები ჰყავს, რომლებიც არა მხოლოდ ფეისბუქზე არიან. Twitter, LinkedIn, Tumblr, Pinterest, Vimeo, YouTube, თუნდაც Odnoklassniki, VK და სხვა ქსელებს, თავიანთი მილიონობით მომხმარებლით, ისევე უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია როგორც ფეისბუქის იუზერებს. თანაც პოსტს უმეტესად მკითხველები აზიარებენ და არა მისი ავტორები. ასე რომ თუ თავის შერცხვენა არ გინდათ, თავი შეიკავეთ მსგავსი ტიპის “რჩევებისაგან”, გაიფართოვეთ თვალსაწიერი.

და ბოლოს, ნუ ელით რომ საინფორმაციო ტურის შემდეგ აუცილებლად აღფრთოვანებულ შეფასებას მიიღებთ. ბლოგერი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სუბიექტური მიდგომებით. ბლოგზე არ არსებობს “ყველას ქების” პოლიტიკა, ბლოგი მიკერძოებული შეხედულებების საიტია. ბლოგერს რამე თუ მოეწონება – დაწერს, არ მოეწონება – ამასაც აუცილებლად აღნიშნავს. ასე რომ თუ ამისთვის მზად არ ხართ, სჯობია ტურის იდეა თავიდან ამოიგდოთ.

ენივეი, წარმატებებს გისურვებთ.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s