სუფრის ტერმინატორი ანუ გილოცავთ ახალ წელს


ახალი წელი, პირველ რიგში,  ასოცირდება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ სუფრასთან. ოჯახის ქალები ხეხავენ, ასუფთავებენ, აპრიალებენ სახლს, რთავენ ნაძვის ხეს, ამზადებენ უამრავ საჭმელს და 31 დეკემბრის 12 საათს არაქათგამოცლილი ეგებებიან. მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ფეისბუქის სტატუსებში და დიალოგებში მოჭარბებით ჩნდება შემდეგი სახის ლექსიკა: ჩავსკდები, გოჭის ხორცი, მწვადი, უნდა ჩავთვრე, სახის ახევა, გასკდომაზე ჭამა, ინდაურის ხორცი,  ისევ ჭამა, მირჩიეთ რა ვჭამო, ფენოვანი ხაჭაპური,  ტორტი, ისევ ჭამა,  საცივი, ცხიმიანი თითები, ისევ გოჭი, შამპანური, დღეს ბევრს დავლევ, ისევ ჭამა, ისევ მწვადები, ისევ ინდაურის ხორცი, ისევ ჩასკდომა, ისევ გოზინაყი, წამოდი ბიჭო ჩავთვრეთ, ისევ…. ისევ…. ისევ….

საახალწლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ქართველი მამაკაცის ისტორიული ფუნქცია – სუფრის ტერმინატორობა. ოდიგანვე , ჩვენი ბედკრული  მატიანის განმავლობაში ჟამთააღმწერლები სიამაყით მოიხსენიებდნენ ტრადიციულ ქეიფებს, ნადიმებს, სტუმარმასპინძლობის საოცარ ფაქტებს… თუ როგორ ავლებდნენ მუსრს სუფრაზე დახვავებულ საკვებს მუცელღმერთა პატრიოტები. სადმე გინახავთ სმა-ჭამაზე ჩვენზე მეტად გადარეული ერი?

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ახალი წლის პერიოდი არის საქართველოში  ყველაზე ხანგრძლივი ოფიციალური ჩასკდომფართი, თავისი გვერდითი ეფექტებით. იგი გამოირჩევა ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით შემდეგ სფეროებში: ერთ დღეში დარეცხილი ჭურჭელი,  დამსხვრეული ჭიქები, დალაქული სუფრები, გინება და გამთენიისას გაღვიძებული მეზობლები, სადღეგრძელოების რაოდენობა და ხანგრძლივობა უკვე სათვალავში ჩასაგდები აღარც არის.

გავრცელებული მოსაზრებით, უხვი (საახალწლო) სუფრა ოჯახის სიძლიერის, სიმყარის, კეთილდღეობის მაჩვენებელია. ოჯახი კი ქართული სახელმწიფოს საძირკველია. რადგან ჩვენში მამულის სიყვარული ყვავის და უკიდეგანოდ იფურჩქნება, სუფრის ტერმინატორობა წმიდათაწმიდა მოწოდების, საღვთო მოვალეობის რანგში არის აყვანილი. ვის აქვს უფლება შებღალოს ეს საკრალური ტრადიცია?!

ყველას გილოცავთ ახალ 2014 წელს: ვინც სამზარეულოში ფუსფუფებთ, ნაძვის  ხეს რთავთ,  ტელევიზორს უყურებთ, მეგობარს ემესიჯებით ან კბილებს ილესავთ საახალწლო სუფრის გასანადგურებლად. გისურვებთ რომ ხშირად შემოსულიყავით ჩემს ბლოგებზე და ცხელი დისკუსიები გაგეჩაღებინოთ, თუნდაც საახალწლო სუფრის ინგრედიენტებზე. სად და როგორ ხვდებით ახალ წელს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s