ისევ უსახლკაროების შესახებ


რამდენიმე წლის წინ პოსტი დავწერე, სადაც უსახლკარო ადამიანების საკითხის მიმართ ყურადღების დეფიციტზე ვსაუბრობდი. წლები გავიდა, ქვეყანაში თითქოს ხელიუფლებაც შეიცვალა, თითქოს რაღაცეებიც მოგვარდა, ამ პრობლემას კი არაფერი ეშველა. გასულ ზამთარს ქუჩაში ადამიანების გაყინვის რამდენიმე შემთხვევა გავიგე და ისე ჩანს, წელსაც “გაგვანებივრებენ” მსგავსი ამბები. მანქანებიდან და ოფისებიდან არ ჩანან თორემ თბილისში უსახლკაროებზე მეტი რა არის. ლამის ყოველი ქუჩის კუთხეში ზის ჩამოძენძილი, სასოებადაკარგული ადამიანი.

რამდენიმე კვირის წინ ვარკეთილში, “თათრების ბაზართან” მიხდებოდა გვიან გავლა. ერთ კაცს ვამჩნევდი, დაკეტილი მაღაზიის კიბეზე საცოდავად მობუზულიყო. საიდანღაც მოპოვებული ყუთები ჰქონდა ცივ საფეხურზე გაფენილი, ძველისძველი, დაგლეჯილი ადიელა ჰქონდა შემოფარებული სიცივისაგან დასაცავად. ნაგლეჯებიდან მოუჩანდა გაბურძგნული წვერი და ნაღვლიანი თვალები. ცივი კიბე და ძველმანები იყო მისი სახლიც, კარიც და თავშესაფარიც. მაშინ ძალიან არ ციოდა. მაგრამ რა მოხდება ახლა, როცა ტემპერატურა დაიწევს და მოთოვს? სად შეაფარებს თავს?  მას ხომ წასასვლელი არსად აქვს. ძონძები მკაცრი სიცივისგან ვერ დაიცავს, დიდი ალბათობაა რომ ეს საწყალი ერთ ნაცრისფერ დილას საკუთარ “სახლზე” მიყინული იპოვონ!

ვინ იცის, რამდენია თბილისში ასეთი უწყინარი, უპერსპექტივო ადამიანი, რომლებზეც უფლებადამცველებიც კი ძალიან ცოტას საუბრობენ. ყოველდღიურად გვესმის რომ ირღვევა სტუდენტების უფლებები, ეთნიკური უმცირესობის უფლებები, რკინიგზელების შრომითი უფლებები, ცხოველთა უფლებები, ვიღაცის პოლიტიკური თუ გამოხატვის თავისუფლებები… და რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლის უფლებაზეც კი არ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ. არ არსებობს ხალხი, ვინც მათ ამბავს მოყვებოდა, მათ დასაცავად საზოგადოებრივ დისკუსიებს ან კონკრეტულ აქციებს განახორციელებდა.

როგორც იქნა, “იდენტობამ” წამოწია უსახლკაროების პრობლემა. როგორც იქნა, ყურადღება უნდა მიექციათ ძალიან მოწყვლადი და ძალიან დავიწყებული ადამიანების ჯგუფებისთვის. როგორც იქნა, უნდა გვენახა სამოქალაქო სოლიდარობა, ერთსულოვნება და, რაც მთავარია, ქრისტიანობის, როგორც ღირებულების გამოვლინება.

მაგრამ საპატრიარქოს ოფიციალურმა პოზიციამ საზოგადოებრივი აგრესია გამოიწვია და ჩანასახშივე მოკლა ეს მადლიანი ინიციატივა. სამწუხაროა, რომ ეკლესია ჩამოყალიბდა როგორც არაფორმალური ინსტიტუტი, რომელსაც მასებზე უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეკლესიას გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს ამომრჩევლებზე, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტებს ან პოლიტიკურ პარტიებს. არასამთავრობო სექტორს, თუნდაც სახალხო დამცველს არასოდეს ეღირსება ის ღრმა თაყვანისცემა და ბრმა ნდობა, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის მიმართ განიცდის. და სწორედ ეს გავლენაა, რომელიც ხალხის ენერგიას განუსჯელად მიმართავს იქით, საითაც ეკლესია მიუთითებს.

ძალიან მინდა ეკლესიამ დამანახოს ქრისტიანობის, როგორც ქმედების რეალური მნიშვნელობა. ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ერთმა მღვდელმა – ქუჩაში უცნობ მუხუცს მიეხმარა მძიმე ტვირთის წაღებაში. მინდა, რომ ამ უცნობი მღვდელის ქმედება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლური სახე გახდეს. მინდა, რომ ეკლესიამ შექმნას სამოქალაქო სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მისაბაძი მაგალითები, როცა მოყვასზე ზრუნვა ქადაგების თემა კი არა, გადამდები ქმედება იქნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში “იდენტობა” კი არა, ის ათობით და ასობით ადამიანი ზარალდება, ვისაც ღამის გათევა ქუჩაში უწევს.

პატივცემულო ღვთითკურთხეულო ეკლესიის მესვეურებო, როდესაც თქვენ შეყუჟული ბრძანდებით მრევლის შესაწირით გამთბარ სახლებში, გარეთ ვიღაც იყინება! მას ძალიან უმართლებს თუ ქარიანი და წვიმიანი ამინდი არ გამოვიდა. მიიკუნჭება კუთხეში, შემოიფარებს სადღაც ნაპოვნ ნაგლეჯს და ცდილობს მეორე დღემდე მიიტანოს სული! თუ თავად არ შეგიძლიათ სიკეთის კეთება, დააცადეთ ადამიანებს ადამიანებზე ზრუნვა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s