სირცხვილის თარიღი


საქართველოს ისტორია სისხლით იწერებოდაო, ბავშვობაში ხშირად მეუბნებოდნენ. იმასაც მიმეორებდნენ, რომ ქრისტიანობამ გადაარჩინა ქართული სახელმწიფო. გავიზარდე, რაღაცეებზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არც ქრისტიანობა იყო ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი, არც ქართულ სახელმწიფოს უარსებია ხანგრძლივად. მთელი ისტორიის მანძილზე ვიღაცის ვასალები, პროვინციები, მონამორჩილები (რა კარგად გამოხატავს ეს სიტყვა ქართველების ჭეშმარიტ ბუნებას) ვიყავით. ეს ჩვენს ფსიქიკაზეც აისახა – ცხვარივით, უაზროდ დამჯერები გავხდით. აბა სხვა რით ავხსნა უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ეგრეთ წოდებულმა ქართველმა ერმა ვერც საამაყო ქრისტიანობა, ვერც სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოამჟღავნა.

2013 წლის 17 მაისი სამარცხვინო თარიღია ქართული ეკლესიის ისტორიაში – მღვდლებმა მრევლი ძალადობისთვის დარაზმეს. ერთი-ორი მოწოდება კი გაისმა, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომლებიც სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ აჟიტირებულ მასებს, მაგრამ ვინ უსმინა! ფაქტია, რომ საპატრიარქოს თავი არ გამოუდია არეულობის თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც, აქამდე არ მინახავს მისი სახელით გამოქვეყნებული გაცხადება. ერთი სული მაქვს გავიგო, რა ელით მღვდლებს, რომლებიც ქრისტიანობის მთავარ პრინციპებს არღვევენ და ქვეყანაში არეულობას თესავენ. სარწმუნოების სიმბოლოს – წამებულ თევდორე მღვდელს ახლა შავაი ანაფორით მოსილი “წმინდა” მამა ანაცვლებს, რომელიც “გმირულად” მიიწევს მოყვასის გასანადგურებლად… 

2013 წლის 17 მაისი სამარცხინოა ქართული სახელმწიფოებრიობისთვისაც – კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენში დემოკრატიის მიღწევებზე საუბარი იგივეა, რაც მგლის თავზე სახარების კითხვა. თავი დავანებოთ იმას, რომ სახედაკარგულმა ბრბომ ქალისა და კაცის განურჩევლად “ალქაჯებზე ნადირობა” მოაწყო. დავივიწყოთ ასევე ქუჩაში დატრიალებული ვანდალური აქტები. საკმარისია იმის დაფიქსირებაც, რომ ქართველ მონოქრომულ ერს განსხვავებულის არც გაგება უნდა, არც დანახვა, არც ატანა. არ სურს გამოვიდეს რელიგიური იდენტობის ვიწრო ჩარჩოებიდან და გარედან შეხედოს ყველაფერს. მრავალფეროვნება გველის შხამივით დამღუპველი ჰგონია… და შედეგად რა? – განუსჯელი, ვნებას აყოლილი, დამანგრეველი ქმედებები.

დიახ, დემონსტრაციებზე სიარული და დარბევაც ერთგვარი ვნებაა. აქ ადამიანი თავს ყოვლისშემძლედ გრძნობს, უჩნდება დაუსჯელობის ილუზია, თვითშეფასება წამიერად ეზრდება უსასრულობამდე და “ნეტარების” ამ მცირე წუთებში ყველაფრის გამკეთებელია. მის გონებაში იშლება ისეთი ღირებულებები, როგორიცაა მშვიდობა, ქალისადმი პატივისცემა, მოთმინება, სიყვარული…

გუშინ ბრმა და ყრუ “პატრიოტიზმის” მომსწრენი გავხდით. ათასობით “ქვეყანაზე გულშემატკივარი” არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ “ჰომოფობიის წინააღმდეგ” პოზიციის დაფიქსირება იგივე კაცთმოყვარეობას ნიშნავს – ყველაზე ფართო და ამაღლებული გაგებით, არც ის გახსენებიათ, რომ ქრისტე ყველაზე დიდი კოსმოპოლიტი და მიმტევებელი იყო…

უსახური, უვიცი ბრბო ვიღაცის გადაძახილებს აჰყვა და აჰა შედეგიც!

და მაინც, 2013 წლის 17 მაისი მაინც მნიშვნელოვანი თარიღია ქართულ სამოქალაქო ისტორიაში იმის გამო, რომ

– ხალხი სამოქალაქო (და არა პოლიტიკური) უფლების გამო დაირაზმა

– პოლიციამ თავისი როლი აგრესორიდან გამშველებლამდე შეცვალა. უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ მათ საკმარისი არ გააკეთეს ანტიჰომოფობიური აქციისა და მისი მონაწილეების დასაცავად… მაგრამ გავიხსენოთ, რომ აქამდე ის რეზინის ტყვიების სროლას, დემოსტრნატების დასისხლიანებას იყო ჩვეული. მოდი მიღწევად ჩავუთვალოთ დღევანდელი ქმედება პოლიციას და ვუსურვოთ, რომ მუდამ მოქალაქეთა დაცვაზე, დამნაშავეთა დაჭერაზე ყოფილიყოს ორიენტირებული

– განსაკუთრებით ხაზგასმულად დაფიქსირდა სამღვდელოების მაღალი ჩართულობა ამ გამოსვლებში. 1989 წლიდან დღემდე, ანუ ქართული საპროტესტო გამოსვლების მთელ ისტორიაში სასულიერო პირების ასეთი აქტიურობა არ მახსენდება. რას დავაბრალოთ? შემდეგ რას ველოდეთ? სადმე მაჟორიტარობის კენჭისყრაზე დაყენებულ ანაფორიან კანდიდატურას?… ეკლესიის ამბიცია – მართოს მასები – სრულიად გაუგებარია. იგი უნდა დაკმაყოფილდეს მშვიდობისმყოფელის როლით, ჭეშმარიტ ღირებულებათა სწავლებით და უარი თქვას პოლიტიკურ-სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობაზე.

ცხადია, რომ

1. ვნებამოჭარბებული მოძალადეები უნდა დაისაჯონ.

2. ქართველი ერის “საუკეთესო” შვილებმა თავს ძალა უნდა დაატანონ და გაარჩიონ რაზე უნდა მოახდინონ რეაგირება – ქრისტიანულ ქვეყანაში ბავშვის შიმშილით გარდაცვალებაზე თუ ერთსაათიან  აქციაზე.

3. უნდა გააქტიურდეს არაფორმალური სწავლებები მშვიდობისა და ადვოკატირების შესახებ. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ისწავლოს ცივილიზებული ქცევა, მრავალფეროვან გარემოში ცხოვრება. იმიტომ მაინც, რომ მომავალში რომელიმე ფანატიკოსის უმისამართოდ მოქნეულმა ხელმა თავი არ გაუტეხოთ…

p.s. 2010 წელს გამოქვეყნებულ პოსტში გმირობანას თამაში – უმცირესობის მიერ გმირობის ალბათობაზე ვწერდი. კიდევ ერთხელ წაიკითხე, ბედნიერო ერო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s