სოციალური იწილო-ბიწილო


23 მარტს ბათუმის საავადმყოფოში  გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. ბავშვი 1 წლის ასაკშიც დაახლოებით იმდენს იწონიდა, რასაც დაბადებისას. გავრცელებული ვერსიით, პატარას სიკვდილის მიზეზი შიმშილობა იყო. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ბავშვი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა თავად ჩაიყვანა ბათუმის საავადმყოფოში.

მთელ ქართულ ინტერნეტ-სივრცეს გადაუარა კომენტარების ნიავღვარმა, რომელიც შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ:

1. აღშფოთებული რევანშისტები, რომლებიც ბავშვის სიკვდილში დამნაშავეებს ეძებენ. ზოგი მთავრობას კიცხავს, ზოგი სოციალურ აგენტს, რომელმაც შემწეობაზე უარი უთხრა გაჭირვებულ ოჯახს; ზოგი – უგულისყურო მეზობელს, ექიმებს და ა.შ. რომ დროზე არ მიაქციეს ბავშვს ყურადღება და ასეთ საზარელ სიკვდილამდე მიიყვანეს. ერთი სული აქვთ ჩამოახრჩონ, გაძიძგნონ, დაამცირონ…

2. გაწიწმატებული მორალისტები, რომლებიც “თუ ბავშვის რჩენა არ შეგიძლია, რატომ აჩენ” ლოზუნგით გამოდიან. მათი ლოგიკით, ოჯახს თუ შემოსავალი არ აქვს, გამრავლებაზეც არ უნდა იფიქრონ. როგორც გააჩინე, ისე არჩინე – მარტივია ხომ? მერე რა, რომ ეკლესია აბორტებს კრძალავს, ან ადამიანებმა არაფერი იციან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ. მერე რა, რომ ფინანსები და დემოგრაფია ხშირად კავშირში არ არის… შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია.

3. ე.წ. ღვთისმოშიში ნეტარები, რომლებიც ღმერთს პატარა გოგიტას სულის ცხონებას და მისი ოჯახისთვის უფლის შეწევნას ითხოვენ.

რაც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ფაქტია, რომ საზოგადოებას ძალიან უჭირს:

1. იმის გამო, რომ ადვილია მისი “აგდება” და აყოლიება. “შიმშილით გარდაცვლის” ვერსია ისე მოეწონათ მავანებს, რომ წესიერად არც კი წაიკითხეს კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული სტატია. აქ ბავშვის მამა ლევან აბაშიძე მის ხანგრძლივ ავადმყოფობაზე და იმ მიზეზებზე საუბრობდა, თუ რატომ არ ჰქონდა მის ოჯახს სოციალური დახმარება. ამ ინტერვიუდან ძალიან მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბავშვის სიკვდილის მიზეზი მშობლების უპასუხისმგებლო ქმედება იყო. ოჯახი, სადაც (თუნდაც) 200-300 ლარი შემოსავალი, ფქვილი და კარაქია,  მოშიმშილედ არ შეიძლება ჩაითვალოს. ის, რომ 2009 წლიდან დღემდე “უსახსრობის გამო” მშობლები ბავშვების პირად ნომრებს არ იღებენ, სოციალურ აგენტს, უბნის ექიმს, მარშუტკის მძღოლ ნუგზარას და მონა ქალ იზაურას ნამდვილად არ უნდა დავაბრალოთ.

2. იმის გამო, რომ ეკლესია, სამწუხაროდ, მხოლოდ კედლებია და თავის დანიშნულებას არ ასრულებს. ქვრივ-ობლების და ღარიბების დახმარება რომ ხდებოდეს, ამდენი ღატაკი ადამიანი არ იარსებებდა ჩვენს გარშემო. “ქრისტიანობა” სტატუსი უფროა ვიდრე ღირებულება. ანაფორიანი და წვერებიანი მამაოები მორალის კითხვაში არიან მაგრები… ეკლესიის მიერ ორგანიზებული სოციალური პროგრამები ბევრი გახსენდებათ?  მე არა. და ძალაუნებურად ვადარებ ამერიკულ ეკლესიებს. 2011-ში, ამერიკაში ყოფინას მათი სოციალური როლის შესახებ დავწერე კიდეც ჩემს ბლოგზე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველ რიგში ეკლესიის სირცხვილია.

3. იმის გამო, რომ უბანძესი სოციალური დაცვის სისტემა გვაქვს. ქულების მინიჭება, მიზერული დახმარება და ა.შ. მოდი გვერდზე გადავდოთ. რამდენად სრულყოფილი პროცესია, ეს ცალკე საკამათო თემაა. ისევ ამერიკას შევადარებ: სოციალური დაცვა იქ მხოლოდ ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. მილვაუკიში (ვისკონსინის შტატი) ყოფნისას გავეცანი ერთი ოჯახის ისტორიას. ახალგაზრდა მშობლებს 5 წლის ბავშვი ჩამოართვეს იმიტომ, რომ მისი გაზრდისათვის შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ. ცხოვრობდნენ ვაგონში, არ ჰქონდათ შემოსავალი, საკმარისი საკვები, საუბარი აღარაა უკვე სამედიცინო დაზღვევაზე და ა.შ. ბიჭი წაიყვანეს, ოჯახს კი 1 წლიანი ვადა მისცეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილბდნენ, ბავშვს დააბრუნებდნენ. თავის დროზე ეს მეტისმეტ სისასტიკედ მომეჩვენა. ვფიქრობდი, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს მოშორებული თავისი ოჯახისგან. ახლა კი, გოგიტა აბაშიძის შემთხვევის გაგების შემდეგ მივხვდი: ეს სისასტიკე არ არის. ბავშვი უნდა მოშორდეს იმ ოჯახს, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. დარწმუნებული ვარ, დროული მკურნალობის შემთხვევაში გოგიტა აბაშიძე დღეს ცოცხალი იქნებოდა.

არ არის საჭირო წამდაუწუმ მიტინგობანას თამაში, სტატისტიკით მანიპულირება, პროტესტი რაღაცის გამო. ეს საზოგადოების უპასუხისმგებლობის მაჩვენებელია. ბავშვის გარდაცვალება ტრაგედიაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოდი თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. მოდი ვისწავლოთ სამოქალაქო სოლიდარობა, გამოხატული არა სადღერძელოებში, არამედ მუდმივ ქმედებაში. მოდი გავეცნოთ სხვების მაგალითებს, წარმატებული მაგალითებს და შევცალოთ ჩვენი ცხოვრება, სხვების ცხოვრებაც. თუ როგორ კეთდება ეს –  უყურეთ ფილმს: გადაუხადე სხვას. ეს დახმარების, თანაგრძნობის ერთი მოდელია. ასე შეიძლება ერთი ბავშვი  გადარჩეს შიმშილით სიკვდილს. 

 

4 thoughts on “სოციალური იწილო-ბიწილო

  1. ერთი ჩვენი საზოგადოების წარმატებული წევრები ჩამომითვალე რაა…და წარმატების გზები ჩვენნაირ სოციუმში.

  2. ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ საწყალი ბავშვისთვის, ისეთ ოჯახში რომ დაიბადა.
    ოღონდ, არ ვიცი, საზოგადოება ან მთავრობა აქ რა შუაშია, თვითონ მოიყვანე ამერიკის მაგალითი, რომ უპასუხისმგებლო მშობლები იქაც ვერ უვლიან შვილებს. საქართველოში კი ნამდვილად არ არის ისეთი გაჭირვება და შიმშილი, რომ ადამიანები დაიხოცნონ.
    აშკარად რომელიღაც ფონდს გრანტები შემოაკლდა, რომ უაზრო ტრენინგები ჩაატაროს საზოგადოების გასანათლებლად და ამიტომ აიტაცეს ეს ამბავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s