დიალოგი ხალხთან (?)


რამდენიმე კვირაა ამერიკულ სერიალს ვუყურებ, სახელად “სკანდალი”. მისი მთავარი თემა პოლიტიკური პიარი და შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლების ვნებანია. პრეზიდენტი ცდილობს გაუმკლავდეს პირად და სახელმწიფოებრივ გამოწვევებს, კრიზისების მართვის სპეციალისტი ოლივია პოუპი კი საკუთარ გუნდთან ერთად უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების პრობლემების მოგვარებისთვის მუშაობს. ეს სერიალი წარმოაჩენს პიარის გავლენას პოლიტიკოსებისა და ხალხის ცხოვრებაზე. გვიჩვენებს ერთმანეთში გადახლართულ სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტერესებს, ამავე დროს შეგვახსენებს, რომ პიარი მხოლოდ პრეს-რელიზების კითხვა კი არ არის, არამედ – პროაქტიული ქმედება, დიალოგი ხალხთან.

“სკანდალი” გვახსენებს იმ ღირებულებებს, რომლებიც სახელმწიფოს მშენებლობის საყრდენსა და პოლიტიკოსის ხალხთან ურთიერთობის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს. აქ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მესიჯი, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, ხშირად მეორდება. მკვლელობა, გატაცება, შეთქმულება, არჩევნების თუ დოკუმენტის გაყალბება – სულ ერთია რა იქნება – უნდა დაისაჯოს. სამართალს ვერავინ გაექცევა, მათ შორის პრეზიდენტი და მისი უახლოესი გარემოცვა.

სერიალს ქართულ პოლიტიკურ რეალობას ვადარებ და ცხადი ხდება, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ჩვენთან პოლიტიკური პიარი. ბოლო დროის მოვლენები განსაკუთრებით კარგად აჩვენებს, რომ ძველი და ახალ მთავრობის დიალოგი ხალხთან არ შედგა. უფრო მეტიც, პოლიტიკური დიალოგი საერთოდ არ შედგა.

კრახი განიცადა პრეზიდენტის მცდელობამ, საჯარო ბიბლიოთეკის შენობიდან მიემართა ხალხისთვის. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პარტიის მაისურიანი ხალხით გადაჭედილი სტადიონები პოპულარობის ილუზია იყო. და რომ ისინი იდეების მხარდასაჭერად ნამდვილად არ დადიოდნენ შეკრებებზე. საჯარო ბიბლიოთეკასთან საკუთარი ინიციატივით მივიდა ხალხი – ბევრი ხალხი. და მათ პრეზიდენტის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს.

კრახი განიცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობამაც – მოეხსნა პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე. უნდა თუ არა ღარიბაშვილს, ყველას მინისტრია და არეულობის დროს მიუკერძოებლობას უნდა ინარჩუნებდეს.

ფაქტია, რომ მიუხედავად ყბადაღებული სიტყვის თავისუფლებისა, დემოკრატიული წინსვლისა, განათლების რეფორმისა და ა.შ. ქვეყანაში კარგი პოლიტიკური პიარის ან კრიზისების მართვის სპეციალისტი არ არსებობს. საქართველოში არიან პოლიტიკური ტაკიმასხარები და უნიჭო მსახიობები. მასმედია ახდენს რიგი პიროვნებების ისტერიისა და ურთიერთანგარიშსწორების ტირაჟირებას. სატელევიზიო გამოსვლები ბოღმით არის გაჟღენთილი, პოლიტიკური ვირთხები საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობენ, ახლადგამომცხვარი ზვიგენები კი ყველაფრის შეხრამუნებას. “ქვეყანა”, “ხალხი”, “ეროვნული ინტერესები”, “დემოკრატია” საჯილდაო ქვა უფროა, ვიდრე მიზანი და მამოძრავებელი ღირებულება.

პრესსამსახურები პასიური შემსრულებლები არიან, გადაწყვეტილების მიღებაში არ/ვერ მონაწილეობენ. ისინი უსიტყვოდ ემორჩიელბიან “პატრონებს”, მათი ინტერესების დაცვაზე ფიქრობენ და არა ხალხთან დიალოგზე.

მხარეები ერთმანეთს ჭამენ. პრეს-სპიკერები ჭრილობაზე მარილს აყრიან. კრილოვის იგავის მსგავსად, გედის, ქარიყლაპიასა და კიბოსავით სხვადასხვა მხარეს ეწევიან პოლიტიკურ ურემს.

საბოლოოდ კი, ამ დარღვეული კომუნიკაციის გამო, ვინ ზარალდება, მკითხველო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s