სიბნელეში დაწერილი


21 დეკემბერს დაბნელდება, – ფიქრობდა პანიკაატანილი ერი და ავიწყდებოდა რომ ისედაც ყოველ ღამე ბნელდება, შემდეგ ისევ თენდება. ეს სამყაროს კანონზომიერებაა. ყველას ისევე ეშინია, როგორც ჩემს წინ მჯდომ ქალს. მას ერთნაირად აძრწუნებს უშუქობის მოლოდინი და ცე ჰეპატიტი. ამ ქალს გამოვლილი აქვს 1990-იანები, როდესაც ჩაბნელებულ ქუჩებში მხედრიონი ზეობდა, სახლში – სიცივე და შიმშილი. ამ ქალს ასევე გამოვლილი აქვს 2000 წელი, როცა ყველა სამყაროს დასასრულს ელოდა, ის კი გაურკვეველი დროით გადაიდო.

მაინც ეშინია.

ამ ქალს ჰგონია, რომ ჰეპატიტსა და ნარკოდამოკიდებულების ხსენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ძალიან, ძალიან ეშინია. ისევე, როგორც მეორედ მოსვლის, მოსალოდნელი კატასტროფების, ზოგადად – მომავლის. ამიტომ მთელი გზა არ მაცილებს თვალს და ჩემზე ფიქრობს, როგორც კეთროვანზე. მე მასში მიბუდებული შიში გავაღვიძე, საზოგადოებრივი ტაბუ დავარღვიე. ხმამაღლა შევეხე საკითხს, რომელიც მას(აც) ეხება, მაგრამ ვერ უმსჯელია. ოჯახის, თემის, ეკლესიის, მეზობლების მიერ დაწესებული “წესიერების” ჩარჩოები აიძულებს დუმდეს და უვიცობის სიბნელეში დარჩეს. იგი მზად არის დაიჯეროს სტერეოტიპული შეხედულებები, რომლებიც იოლ ახსნას სთავაზობენ. ისინი პოპულარულია. ადამიანი-მასისთვის, როგორიც ჩემზე მოშტერებული ქალია, პოპულარობა ნიშნავს სანდოობას, ხალხი – ავტორიტეტს. თუმცა, ხალხმა არ იცის და არც სურვილი აქვს გაიგოს, რომ ჰეპატიტი არ გადადის კოცნით, ჩახუტებით, ურთიერთობებით, ტელეფონზე საუბრით; რომ ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია; რომ ინფიცირებული ადამიანის გარიყვა ისეთივე არაჰუმანური საქციელია, როგორიც ყინვიან ღამეს ბავშვის ქუჩაში გაგდება; რომ “სითბო”, “თანაგრძნობა”, “გაგება”, “მხარდაჭრა” – უბრალო სიტყვები კი არა, ზმნებია. ისინი ჯადოსნურ ძალას ფლობენ, მოითხოვენ მუდმივ მოქმედებას და შედეგად ადამიანთა ბედს ცვლიან. თითოეული ადამიანი კი მთელი სამყაროა. და როდესაც ბავშვებს ძილის წინ ზღაპრებს ვუყვებით, მხოლოდ არარსებული ისტორიები კი არა, თანადგომის ამბებიც უნდა გავუზიაროთ. იმიტომ რომ ცხოვრება უცნაურია. არავინ იცის ვინ აღმოჩნდება იმის ბედში, ვისაც ერთ დროს ზურგი შეაქცია.

ქალი, რომელსაც ჩემს მიერ ცე ჰეპატიტის ხმამაღალი ხსენება უკვირს, დიდი ალბათობაა, რომ თავადაც დაინფიცირებულია. უბრალოდ მან ეს არ იცის. იმიტომ რომ გამოკვლევას არ იტარებს. იმიტომ რომ არასოდეს გასცნობია სამწუხარო სტატისტიკას – საქართველოში 200.000 ადამიანამდეა ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი; და კიდევ იმიტომ რომ მსგავი საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მსჯელობა სირცხვილად მიაჩნია! მთელი გზა თვალმოუშორებლად მიყურებს, აზრადაც არ მოსდის რომ მოვიდეს და მკითხოს – რატომ დავწერე პროექტი ჰეპატიტის შესახებ…

დამაფიქრებელია, რას იტყვით?

წავიდა, ჩავიდა, საკუთარ გზას ეწია. ალბათ საღამოს მეგობრებთან გამჭორავს, როგორც უცნაურ ადამიანს, რომელიც დახურულ თემას შეეხო. გაუკვირდებათ, შეიძლება შემიცოდონ, შემიზიზღონ, აგდებულად მომიხსენიონ როგორც მოდასაყოლილი ვინმე, მაგრამ პრობლემა რომ მათ ოჯახებს მოუკაკუნებს, შემდეგ რას იზამენ?..

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s