როგორ მომატყუეს. ეპიზოდი 1. ალექს შოშიკელაშვილი და ტელეკომპანია “თანამგზავრი”


2012 წლის მარტში დავესწარი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებულ სემინარს ბლოგერებისთვის, სადაც გვესაუბრნენ C ჰეპატიტის შესახებ. ამ შეხვედრაზე გავიცანი ლიზა ანდღულაძე, რომელიც აღმოჩნდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ამავე დროს სტუდენტური ორგანიზაციის “სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის” ხელმძღვანელი. ლიზამ ჩემი საკონტაქტო მონაცემები ჩაიწერა და რამდენიმე დღეში თავად დამიკავშირდა. შეხვედრაზე შევთანხმდით. მივედი და ამავე დროს გამაცნო ალექს შოშიკელაშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, უფლებადამცველი, ადვოკატი. დღეს, როცა პოსტს ვამზადებდი, შევიტყვე, რომ იგი ამ არჩევნებზე თელავის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც ყოფილა.

ლიზამ და ალექსიმ თანამშრომლობა შემომთავაზეს. შეთანხმების თანახმად, მათთვის უნდა დამეწერა საგრანტო განაცხადები, დაფინანსების შემთხვევაში კი პროექტის ერთ-ერთი ანაზღაურებადი თანამშრომელი ვიქნებოდი. ფინანსურის გარდა მათთან თანამშრომლობის სხვა ინტერესი არ მქონია.

შემდეგ კი მოვლენები ამგვარად განვითარდა:

ალექს შოშიკელაშვილი

IFES საქართველომ 2012 წლის 27 ივნისს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ქართული არასამთავრობო და კომერციული ორგანიზაციებისთვის, ასევე ტელე-რადიო კომპანიებისთვის.

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 6 ივლისი.

დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება – 15 ივლისი

საგრანტო თანხა: 35.000 აშშ დოლარი

განხორციელების პერიოდი: 15 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ანგარიშის ჩაბარებს საბოლოო ვადა – 30 ნოემბერი.

კონკურსის მიზანი: საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამომრჩეველთა მოთხოვნის გაზრდა ქალი-კანდიდატების შესახებ საზოგადოებრივი დებატების საშუალებით.

მიზნის ნისაღწევად IFES საქართველო აფინანსებდა სატელევიზიო თოქ-შოუებსა და დებატებს ქალი-პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვა აქტივისტების მონაწილეობით.

IFES საგრანტო კონკურსის განაცხადი

 ალექს შოშიკელაშვილის შეთავაზებით, საგრანტო განაცხადი მოვამზადე თელავის ტელეკომპანია “თანამგზავრისათვის”. რამდენადაც ვიცოდი, რომ ალექსი “თანამგზავრის” თანამშრომელი არ იყო, დავინტერესდი მისი კავშირით ტელევიზიასთან. მითხრა, რომ ტელევიზიის დირექტორი მისი მეგობარი იყო და “ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვიო”. მაშინვე დარეკა, დირექტორს ესაუბრა და მისგან საგრანტო განაცხადის მომზადების შესახებ სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

რა თქმა უნდა, დავიწყე პროექტზე მუშაობა და 6 ივლისს შუადღისას მომზადებული განაცხადის 6 ეგზემპლარი თავად მივიტანე ფონდში. სარეგისტრაციო ფურცელზე თელავის ტელეკომპანიის სახელით მოვაწერე ხელი და წამოვედი.

16 ივლისს საღამოს დამირეკა ალექს შოშიკელაშვილმა და მეორე დღისთვის შეხვედრა მთხოვა. ამ დროს უკვე კახეთში ვიყავი, თან ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრში კონკრეტული აქტივობა მქონდა დაგეგმილი: ბავშვები ლაშქრობაზე უნდა წამეყვანა და გასვლითი სემინარი ჩამეტარებინა. სერიოზული მიზეზის გარეშე თბილისში წასვლა დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. მაგრამ ალექსიმ მითხრა რომ დონორს უნდოდა პროექტის გუნდის წევრებთან და პარტნიორებთან დალაპარაკება. ამიტომ ყველა საქმე გადავდე და 17 ივლისს დანიშნული დროისთვის IFES-ის ოფისში ვიყავი (ნ. ნიკოლაძის 7). შეხვედრაზე 3-ნი მივედით, მე, ალექს შოშიკელაშვილი და ტელეკომპანია თანამგზავრის დირექტორი ენრი კობახიძე. უნდა ითქვას, რომ ეს იყო ტელეკომპანიის დირექტორთან ერთადერთი შეხვედრა. ამ დროს არც პირდაპირ, არც ირიბად ჩემთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს.

დონორმა პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გვთხოვა, კერძოდ:

პროექტის სახელი: რეგიონული მედია ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის

თავდაპირველი ვარიანტი:

ხანგრძლივობა: 2012 წლის 15 აგვისტო – 30 ნოემბერი

მოთხოვნილი თანხა აშშ დოლარში: 32.349$

პროექტის პარტნიორები:

  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
  • მშვიდობისა და ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი. (IPHD)

განსახორციელებული ღონისძიებები:

ტელეკომპანია “თანამგზავრის” ეთერში 60-წუთიანი 12 გადაცემის მომზადება და გაშვება. ფორმატი: თოქ შოუ-ში მონაწილეობს 3 სტუმარი. ესენი არიან სამთავრობო, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, აქტივისტები, ექსპერტები, იურისტები რომლებიც მუშაობენ საარჩევნო და გენდერული საკითხების შესახებ ან გარკვეული სახით ჩართული არიან საარჩევნო პროცესებში.

ასევე, ტელეკომპანია “თანამგზავრის” სტუდიაში თოქ-შოუს ესწრება აუდიტორია – 15-დან 18-მე პიროვნება.

თოქ-შოუს მიმდინარეობაში ერთვება ექსპერტის/სტუმარი GARB-ის თბილისის სტუდიიდან.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო რეპორტაჟების მომზადება რეგიონებში, თოქ-შოუს აუდიო-ვერსიის დამზადება და გაშვება გადაცემა “მრავალკუთხედში”, ასევე ონლაინ აქტივობები (ფეისბუქის გვერდის შექმნა, ინტერნეტ-PR). თავდაპირველ განაცხადში მითითებული ვარ პროექტის დირექტორის პოზიციაზე.

 IFES-ის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტეთ პროექტი შეგვესწორებინა. შეხვედრაზე ვიყავით მე, ალექს შოშიკელაშვილი, ტელეკომპანია თანამგზავრის დირექტორი ენრი კობახიძე და ლიზა ანდღულაძე (რომელსაც მსჯელობაში მონაწილეობა არ მიუღია). ეს იყო ტელევიზიის დირექტორთან ჩემი ერთადერთი შეხვედრა.

დონორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საპორექტო განაცხადში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

– საერთოდ ამოვარდა გადაცემების აუდიო-ვერსიების დამზადება და გაშვება

– პარტნიორებში დარჩა მხოლოდ GARB, რომლის მოვალეობაც იყო გადაცემების დისტრიბუცია

– თელავის ტელევიზიის გარდა პროექტში ჩაერთო სხვა 10 რეგიონული ტელევიზია, კერძოდ:

  • გურჯაანის რაიონის  ტელევიზია
  • მარნეულის რაიონის ტელევიზია
  • ახალციხის რაიონული ტელევიზია
  • ქუთაისის ტელევიზია
  • ფოთის ტელევიზია
  • ბათუმის ტელევიზია
  • ოზურგეთის რაიონული ტელევიზია
  • ზუგდიდის რაიონული ტელევიზია
  • ჭიათურის რაიონული ტელევიზია
  • გორის რაიონული ტელევიზია

 – შესწორებული პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა 34.930$-მდე.

 – პროექტის ხანგძლივობა: 2012 წის 25 ივლისი – 10 ნოემბერი

 – ძალაში დარჩა Facebook-ის გვერდის შექმნა და სხვა ონლაინ აქტივობები

– ჩემი პოზიცია განისაზღვრა, როგორც PR ოფიცერი

პროექტის საბოლოო ვერსია გამომიგზავა ალექს შოშიკელაშვილმა 2012 წლის 18 ივლისის დილით. დღის ბოლომდე უნდა მეთარგმნა, მაგრამ გაგზავნის წინ როდესაც ალექსის დავურეკე, აღმოჩნდა, რომ არ დამლოდებოდნენ და პროექტის დასრულებული და თარგმნილი ვერსია დონორს უკვე ჩაბარებული ჰქონდა. ლოდინის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა.

ამის შემდეგ საქმის კურსში ჩასაყენებლად საკუთარი ინიციატივით აღარავინ შემხმიანებია. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია საპროექტო განაცხადში ან თანამშრომლობის პირობებში ცვლილებების შესახებ არ მქონია.

23 აგვისტოს ალექს შოშიკელაშვილს ვესაუბრე ფეისბუქზე და ვკითხე პროექტის შესახებ. მიპასუხა, რომ თელავის ტელევიზია უარს ამბობდა პროექტზე, რადგან IFES საქართველო მხოლოდ აქტივობების განხორციელების შემდეგ სთავაზობდა თანხის ჩარიცხვას.

წარმიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც სექტემბრის შუა რიცხვებში ინტერნეტში ამ როლიკს წავაწყდი:

დადების თარიღი: 29 აგვისტო!!!! ეს ხომ ზუსტად ის პროექტი იყო, რომელიც მე დავწერე და “არ ხორციელდებოდა!!!”

სულ რაღაც 6 დღე ჩემი და ალექსის საუბარს და ვიდეოს გამოქვეყნების დროს შორის! და კიდევ რამდენიმე – გამოქვეყნებასა და მის აღმოჩენას შორის!!! ამ ხნის განმავლობაში – არც ერთი ზარი, არც მესიჯი, არც წერილი ელექტონულ ფოსტაზე…… რას იფიქრებთ?

მომატყუეს!

და მართალიც იქნებით! ეჭვი კიდევ უფრო განმტკიცდება, როდესაც კითხვებზე პასუხს თავს აარიდებენ.

რა თქმა უნდა, მაშინვე ვცადე ალექსისთან დარეკვა (რადგან ის იყო ამ შეთანხმების ინიციატორი და შუამავალი ჩემსა და ტელეკომპანია “თანამგზავრს” შორის). ჩემს ზარს არ უპასუხა. კიდევ ვცადე. ისევ უშედეგოდ.

რამდენიმე დღის შემდეგ მცდელობა გავიმეორე. ისევ გამითიშა. იმავე წამს გადავურეკე და ბავშვმა მიპასუხა. მითხრა ალექსის არ სცალია, მოგვიანებით დარეკეთო. დავუბარე თავად გადმოერეკა. არ შემხმიანებია.

შემდეგ ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვნახე გადაცემა “ქალი და პოლიტიკა”. ისევ ვცადე ალექსისთან დარეკვა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მესიჯი გავუგზავნე. მაგრამ არც მაშინ და არც შემდეგ აღარ დამკონტაქტებია. ცხადი იყო, ჩემთან საუბარს თავს არიდებდა.

შემდეგ რა?

შემდეგ შემთხვევით დავინახე ფეისბუქის ჩატში და დაველაპარაკე. ეს არაფრისმომცემი საუბარი იყო. ფაქტიურად არ აუხსნია თუ რატომ მომატყუეს და შეთანხმებისამებრ არ გადამიხადეს შრომის საფასური. შეეცადა გადავემისამართებინე ტელეკომპანიის დირექტორთან, როგორც პროექტზე პასუხისმგებელ პირთან. ისიც დამიდასტურა, რომ პროექტი ხორციელდება და იგი აღმასრულებელი გუნდის წევრია.

ეს იყო პასუხისმგებლობის არიდების უსუსური მცდელობა.

1. პროექტის ინიციატივა წამოვიდა ადვოკატი და უფლებადამცველი ალექს შოშიკელაშვილისგან

2. ტელეკომპანია “თანამგზავრის” სახელით მესაუბრებოდა ადვოკატი და უფლებადამცველი ალექს შოშიკელაშვილი. ის გახდა შუამავალი ჩემსა და ორგანიზაციას შორის.

3. პირი, რომელიც თანამშრომლობის პირობებზე შემითანხმდა, იყო ადვოკატი და უფლებადამცველი ალექს შოშიკელაშვილი (რომელსაც მხოლოდ ფეისბუქზე ბოლო საუბრისას “გაახსენდა”, რომ თურმე კონტრაქტის დადებაც საჭირო ყოფილა).

——————————————

მე არ ვიცი რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს (თუ საერთოდ რამე მოჰყვა). სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვი და ჩვენი შეთანხმება ხელშეკრულებით არ გავამყარე. სიტყვაზე ვენდე ახლადგაცნობილ ადამიანს, რომელმაც მწარედ მომატყუა. წაიღო ჩემი დრო, დამაკარგინა ფული და ჰქონდა მცდელობა, ჩემზე გადმოებრალებინა პირობების არშესრულება. იმის გამო, რომ გარიგება წერილობით გაფორმებული არ იყო, არ მქონდა სამართლებრივი დავის წამოწყების შესაძლებლობა. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. ბლოგზე ვწერ , რათა  (1) ჩემმა მკითხველებმა გაიგონ ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ; (2) მომავალში სხვებიც გაფრთხილდნენ და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ.

რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი დრო, ფული და რესურსები ბოროტად ვერ გამოიყენონ? როგორ უნდა დაიცვათ კანონმდებლობით გარანტირებული საკუთარი უფლებები, თუნდაც კანონმცოდნე “კანონდამცველებისგან?” როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არავინ მოგატყუოთ?

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ.

1. ნუ ენდობით შემთხვევით გაცნობილ ადამიანებს! საერთო ნაცნობები და მასზე ზემოქმედების ბერკეტები თუ არ გაქვთ, გაფრთხილდით! არ არსებობს იმის გარანტია, რომ მოცემულ სიტყვას შეასრულებს. ის ფაქტი, რომ გარიგების საკუთარ ნაწილს კეთილსინდისიერად ასრულებთ, არ ნიშნავს, რომ მეორე მხარეც ასევე მოიქცევა.

2. ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გარიგება დადეთ წერილობით. კონტრაქტი მნიშვნელოვანია! უბრალო ხელშეკრულება, სადაც განსაზღვრული იქნება თანამშრომლობის პირობები, მხარეების უფლება-მოვალეობები, გახდება თქვენი უფლებების დაცვის გარანტი! სხვანაირად გაგიჭირდებათ დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე და დასვათ შეთანხმების დამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი.

3. შეხვედრებზე არ მიხვიდეთ მარტო. წაიყვანეთ სულ მცირე 1 ადამიანი, რომელიც შეძლებს დაადასტუროს იქ მომხდარი მოვლენები, დადებული გარიგებები. არავინ იცის როგორ განვითარდება ურთიერთობები, რა შედეგს მოიტანს. გაუგებრობის შემთხვევაში გეყოლებათ ვინმე, ვინც თქვენს სიტყვებს დაადასტურებს და გვერდში დაგიდგებათ.

4. შეინახეთ ნებისმიერი მტკიცებულება, რაც თქვენს მიერ გაწეული შრომის შესახებ მიუთითებს. იქნება ეს ტექსტური შეტყობინებები, ფეისბუქის მესიჯები, ქაღალდები, მიმოწერა თუ სხვა რამე. დავის შემთხვევაში ნებისმიერი რამ შეიძლება გამოგადგეთ.

5. იარეთ საერთო შეხვედრებზე დონორებთან, პარტნიორებთან, დაამახსოვრეთ მათ თავი, ესაუბრეთ პროექტში საკუთარი როლის შესახებ. ამგვარად მათთვის აღარ იქნებით შემთხვევითი პიროვნება და სადავო საკითხების წამოჭრის შემთხვევაში კომუნიკაცია უფრო იოლი იქნება.

ბლოგერებო, წერეთ მატყუარების შესახებ. ეს თქვენი პასუხიმგებლობაცაა, თქვენი მოქალაქეობრივი ვალია რომ სააშკარაოზე გამოიტანოთ მათი სახელები. დამნაშავე მხოლოდ ის კი არ არის, ვინც მკვლელია, ნარკობარიგაა ან შეთქმულებას აწყობს კაცობრიობის წინააღმდეგ. არამედ ისიც, ვინც თქვენს ნაშრომს ითვისებს. იყავით აქტიურები. იყავით ინფორმირებულები. დაიცავით საკუთარი (და სხვების) უფლებები. თუ გინდათ რომ დანაშაულის პრევენცია მოხდეს, თქვენც არ გახდეთ მატყუარების მსხვერპლი, ღიად ისაუბრეთ მათ შესახებ. შედეგად შეიცვლება საზოგადოების ქცევები, შეიძლება შეიქმნას დასჯის პრეცედენტები და  შემდეგ ვეღარავინ გაბედავს წაგართვათ ის, რაც თქვენ გეკუთვნით! 

6 thoughts on “როგორ მომატყუეს. ეპიზოდი 1. ალექს შოშიკელაშვილი და ტელეკომპანია “თანამგზავრი”

  1. ძალიან სამწუხაროა ასეტი რამე რომ ხდება საერთოდ , მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის – ვინც წაიკიტხავს ყველას გამოადგება ! პირველი ნიმუში შენ გაქ , არ გიფიქრია სასამართლოს მიმართო ?

    • პოსტშიც დავწერე, ჩვენი შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერი იყო. შეხვედრებზეც მარტო მივდიოდი. ამის გამო სასამართლო დავისთვის მასალების მოძიება ძალიან გამიჭირდება. კონტრაქტის დადება აზრად არ მომსვლია იმიტომ ჯერ არ მქონია შემთხვევა ვინმეს მოვეტყუებინე. მსგავსი შემთხვევები (ანუ ზეპირი გარიგებები) არასამთავრობო სექტორში ხშირია, შესრულება-არშესრულება მხარეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
      დაახლოებით ერთი წლის წინ სხვა ორგანიზაციას დავეხმარე საგრანტო განაცხადის მომზადებაში იგივე პირობებით – დაფინანსების შემთხვევაში ერთ-ერთი ანაზღაურებადი პერსონალი ვიქნებოდი. პროექტი განხორციელდა და მათ პირობა შეასრულეს – რეგიონებში ჩავატარე ტრენინგები “კონფლიქტების მენეჯმენტი საარჩევნო სუბიექტებისთვის”. წერის დროსაც, მოსამზადებელ ეტაპზეც და განხორციელების პროცესშიც არ შეგვიწყვეტავს კომუნიკაცია, იქნებოდა ეს სატელეფონო თუ ონლაინ კავშირი. არადა გუნდის წევრები ძალიან დაკავებული ადამიანები იყვნენ.
      შოშიკელაშვილის შემთხვევაში რა მოხდა: საპროექტო განაცხადის მომზადების დროს აქტიურად მეკონტაქტებოდა. დამირეკა დონორთან შეხვედრის დროსაც. მაგრამ როდესაც პროექტი თურმე დაფინანსდა და აღსრულება დაიწყო, საერთოდ გაქრა. თავი იმართლა “არ მეცალა”-თი, მაგრამ XXI საუკუნეში როდესაც სწრაფი კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა, მსგავსი განმარტება ძალიან სასაცილოდ მეჩვენა.

  2. ძალიან სამწუხაროა. უსინდისო ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მაინც ძნელია ადამიანურად რო ცდილობ მიუდგე მაშინვე კონტრაქტზე და თავის დაზღვევაზე ფიქრი. თუმცა აღმოჩნდა, რომ აუცილებელია. ამით შენ არამგონია რაიმე დაგაკლდეს, ათჯერ მეტს იშოვი დარწმუნებული ვარ. სხვებს კი ჭკუის სასწავლებლად გამოადგებათ.

    • იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ამ ამბავში თელავის ტელევიზიის ხელმძღვანელობის ბრალიცაა. ჰქონდათ ჩემი საკონტაქტო მონაცემები და არ დამიკავშირდნენ. უბრალოდ იმის სათქმელადაც რომ პროექტი ხორციელდებოდა.

    • 🙂
      ამერიკაში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთოერთობებს/კონფლიქტოლოგიას. ჩამოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე. ახლა ვცდილობ სხვადასხვა პროექტები განვახორციელო. არა მხოლოდ გრანტების დახმარებით.
      ვეწევი კონსულტაციებს, ვატარებ ტრენინგებს, ხანდახან ვწერ ბლოგზე და ჯერ კიდევ აქტიურად ვაქვეყნებ ინფორმაციებს სტიპენდიების შესახებ ფეისბუქის გვერდზე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s