არა – ძალადობას!!!


გრძელ პოსტს ვწერდი, მაგრამ… “არაკაცები”, “მისუნე ტრაკში”, “ნაძირალები”, “მკვლელები”, “ჯალათები” “მხეცები” და მსგავსი სახის ლექსკური არსენალი ამ დღეებში საკმარისზე მეტი დაიხარჯა. კიდევ ერთხელ მიაწყდა ქართველი ერი ტელევიზორს. პატიმრების წამების ამსახველმა დოკუმენტურმა კადრებმა ათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ გამოიყვანა ქუჩაში. მე კი გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ამდენი იმედგამაცრუებელი აქციების შემდეგ ქართველ ერს საპროტესტო მანიფესტაციებზე ვეღარ გამოიტყუებდი. თურმე “ღირსების საკითხები” ჯერ კიდევ აღელვებს ხალხს… ერთი მხრივ მიხარია საზოგადოებრივი სოლიდარობის დანახვა… მეორე მხრივ კი ახალი კითხვები მიჩნდება.

– აქამდე სად იყავი, ერო? სახალხო დამცველის ბოლო წლების ანგარიშები რატომ არ იკითხე თავის დროზე? განა ცოტა იწერებოდა პატიმრების წამებაზე, სიკვდილზე, ღირსების შემლახველ ქმედებებზე?… ემოციები? გასაგებია, მაგრამ განა აუცილებელია მოზარდების დამცირების საჯაროდ გამოტანა იმისათვის, რომ უსამართლობის მიმართ პროტესტის გრძნობა გაჩნდეს?…

მიუხედავად ემოციური დღეებისა, ხალხმრავალი გამოსვლებისა, მაინც ძალიან გაბრაზებული ვარ გულგრილ, უინტერესო და არაინფორმირებულ საზოგადოებაზე! ჩემთვის მათი დუმილი ისეთივე დანაშაულია, როგორც ჩინოვნიკების თავგასულობა.

ის, რასაც ხალხი ახლა აკეთებს, არის მასობრივი უპასუხისმგებლობა!!! სტუდენტებს, ახალგაზრდებს, უფლებადამცველებს, ვიღაცისტებს, რაღაცისტებს, უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ახლა აქციებზე გამოდიან და წადი-დაისაჯეს ყვირიან, იმდენადვე მიუძღვით ბრალი პატიმრების წამებაში, რამდენადაც მათ უშუალო ჯალათებს. მათი რეაქციები იმპულსურია, მხოლოდ მაშინ ერთიანდებიან, როდესაც რაიმე ძალიან-ძალიან-ძალიან აღმაშფოთებელი, დაუშვებელი, ზღვარგადასული ხდება. რას ელოდებიან მანამდე? ითმენენ… მკითხველო, როდესაც არჩევანის წინაშე დადგები – მოითმინო შეჩვეული ჭირი თუ სამართლიანობისთვის იბრძოლო, ნუ შეეცდები სირაქლემის პოზის გამართლებას ძველებური ანდაზით: ცხვარი ცხვარია, თუ გაბრაზდა ცხარიაო. გახსოვდეს, რომ ცხვრების უმეტესობა გაცხარებამდე წაუყვანიათ მსხვერპლად შესაწირად! 

ეს არის Amnesty International-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან შეესაბამება ჩვენს სიტუაციას. ეს არის ერთგვარი მოწოდება იმისა, რომ ძალა ერთობაშია. რომ აუცილებელია ყველამ აიმაღლოს ხმა ძალადობის წინააღმდეგ. რომ საჭიროა დროული რეაგირება, სამოქალაქო აქტივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია. ნახეთ და გააზიარეთ.

პ.ს. ძალადობის აღმოსაფხვრელად ერთჯერადი აქციები, ან ფბ-ის პროფილზე სოლიდარობის ნიშნად შავი ავატარების დაყენება არ კმარა. აუცილებელია ქმედება, ქმედება და ქმედება ყოველთვის. იმ დროსაც როდესაც ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ჩანს.

“როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…”
მარტინ ნიმოელერი

p.p.s. როგორც ვხედავ ქართული საზოგადოებისთვის არაძალადობის შესახებ ინფორმირება აუცილებელზე მეტი ყოფილა. თბილისის ფორუმზე ვადევნებდი თვალს თემებს პატიმრების წამების შესახებ. ფორუმის მომხმარებლები შეურაცხმყოფელების დასჯას არანაკლებ სასტიკი მეთოდებით ითხოვდნენ. განსაკუთრებით ბევრი მომხრე ჰყავდა ლინჩის წესით გასამართლებას. განა ეს დიდად განსხვავდება ჩადენილი სისასტიკისგან? მეეჭვება ძალადობა უფრო მეტი ძალადობით რომ აღმოიფხვრას. ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით გავრცელებულმა კადრებმა ჩემზეც ძალიან იმოქმედა. ბოლო 2 დღეა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და ფაქტიურად ვერაფერს ვაკეთებ. ვეღარც ბლოგისთვის ვწერ (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოსტის გამოქვეყნებას ვგეგმავდი ამ კვირაში), ვერც სკაიპ-კონფერენციისთვის მოვემზადე… ვერც სხვა საქმეები მივიყვანე ბოლომდე… მაგრამ მაინც წინააღმდეგი ვარ თვითნებური მსჯავრისა….  დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ღმერთმა ქნას, ყველაფერ ამან პოზიტიური შედეგები მოიტანოს და მასობრივი წამება, დამცირება, შეურაცხყოფა აღარ განმეორდეს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s