ღრუბლებს ზემოთ


ფრენას ორი მხარე აქვს: კარგი და ცუდი.

კარგი ის არის, რომ ღრუბლებზე მაღლა ადიხარ. სამყარო ნელა-ნელა პატარავდება და გუგლის რუკების სახეს იღებს. ზემოდან გადაჰყურებ მთებს, ტყეებს, მდინარეებს, ერთი ციდა სახლებს და იწყებ ფიქრს იმის შესახებ რას შეიძლება გრძნობდეს ღრუბლებზე ჩამომჯდარი პეპელა. ამ სიმაღლეზე ფრინველებიც იშვიათად აღწევენ. სიმშვიდეს მხოლოდ თვითმფრინავის ძრავების ხმაური არღვევს. დროდადრო სტუიარდესები მოდიან და სტანდარტულ მენიუს გთავაზობენ. ახლომახლო ძაღლის ჭაჭანება არ არის… მიფრინავ და ნიშნისმოგებით ფიქრობ ალადინზე, რომელიც თავისი ჯადოსნური ხალიჩით მხოლოდ სასახლის სახურავის სიმაღლეზე დაფრინავდა. სასახლე კი ჩვენებურ თექვსმეტსართულიანზე მაღალი ნამდვილად არ იყო!

ფრენაში ცუდი ის არის რომ სადღაც ღრუბლებს ზემოთ ხარ გამოკიდებული. მიფრინავ, მიფირნავ. კლავიატურის კაკუნს მიჩვეული თითები თავისთავად დახტიან და შეჩვეულ ადგილებს ეძებენ… მაგრამ სანუგეშო პერსპექტივა არ ჩანს. რაც დრო გადის, უფროდაუფრო მეტად ნერვიული ხდება კიდურების მოძრაობები და ვაი იმას, ვინც პირველი მოგხვდება ხელში!😀 ფრენის საათები ხშირად მოსაწყენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვითმფრინავს დროის მოსაკლავი საშუალებები არ გააჩნია. არც ფილმი, არც მუსიკები.. მხოლოდ მგზავრები და ღრუბლები…

ასეთი ხედი იშლება ღრუბელებს ზემოდან

ასე ავფრინდი თბილისიდან გუშინ და კიევის გავლით სიმფეროპოლის აეროპორტში დავეშვი. გზა მოსაწყენი იყო. ღრუბლები, ღრუბლები, ბევრი ხალხი თვითმფრინავში, საზიზღარი საკვები და გაუთავებელი კითხვა: როდის ჩავალ?… ქინდლმა მიშველა, მოწყენილობის საათებში დავამთავრე ერთი წიგნი. მერე გამახსენდა, რომ დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია და პოსტის მონახაზის გაკეთება დავიწყე… ამასობაში მოგვაკითხა მანქანამ და სევასტოპოლში წაგვიყავნა.

სიმფეროპოლიდან სევასტოპოლამდე დაახლოებით ერთსაათიანი გზაა. შეიძლება მეტი, ან ნაკლები იყოს. დაღლილებმა დროის შეგრძნება დავკარგეთ და შვებით ამოვისუნთქეთ, სასტუმროს რომ მივაღწიეთ.

რამდენიმე დღის განმავლობაში აქ პოლიტიკური იდეოლოგიებსა და კამპანიების წარმოების შესახებ ჩაგვიტარებენ ვორქშოფს საერთაშორისო ტრენერები.

პირველი დღე: არცთუ ისე საინტერესო. სესიები არც ისე ინტერაქტიულია. ტრენერები მონოლოგს ამჯობინებენ, მხოლოდ პრეზენტაციის ბოლოს გადადიან კითხვა-პასუხზე. იმის გათვალისწინებით, რომ გრძელი გზა გვაქვს გამოვლილი, თან ნაცნობი მასალაა, ლამისაა სესიებზე დაგვეძინოს.

დღის პირველი ნახევარი პოლიტიკურ იდეოლოგიებს დაეთმო. ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალ-დემოკრატია ის თემებია, რომლებიც ათასგვარ ტრენინგებზე, ლექციებზე, უნივერსიტეტში, სახლში, ბაღში, გივიას დუქანში, დებატებზე და ა.შ. მილიონჯერ განხილული და მოსმენილი მაქვს. ასე რომ  კიდევ ერთელ გამეორება ცდონის დედა კი არა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია🙂 ამ დროს პოსტის დასაწერად ვიყენებ და შემდეგი სესიისთვის ვემზადები.

მეორე ნაწილი სტრატეგიის დაგეგმვას ეხება. რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორ ააგო სტრატეგია და რა არის საჭირო პოლიტიკური კამპანიის წარმატებისთვის – ყველაფერ ამას დღეს, ხვალ და შემდეგ დღეებშიც კიდევ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ.

დადებითი: ჩვენს რეალობაში დროული და საჭირო ინფორმაციას ვიღებთ

უარყოფითი: ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ზოგად და ზედაპირულ ცოდნას გადმოგვცემენ.

თემას შემდეგ პოსტში კიდევ უფრო განვავრცობ. მანამდე შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი შეხედულებები, თუ რამდენად საჭიროა მსგავსი ტიპის ტრენიგები ქართველი ახალგაზრდებისათვის და ისურვებდით თუ არა თავადაც მის გავლას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s