ჰიტლერ შპრეხენ


ჰიტლერ შპრეხენ დერ ჟორიო… მერე გრძელი ტექსტი იყო, რომელიც უკვე აღარ მახსოვს და რომელიც ასე ღაღადებდა: ჰიტლერმა თქვა ჟორიოსთანა  რაზვედჩიკი მთელ დუნიაზე არ დადისო. ვინ იყო ეს ლეგენდარული ჟორიო ან რა გააკეთა სამშობლოს საკეთილდღეოდ, აღარ შემორჩა ჩემს ბურუსით მოცულ მეხსიერებას, რამეთუ ჟორიოს ამბავი ღრმა ბავშვობაში მოვისმინე. ასევე ფრანგმენტულად მახსოვს პაპაჩემის შესახებ მონათხრობები, როგორ მიჰყავდათ დაჭრილი ტყვეთა ბანაკისაკენ და როცა სიარული აღარ შეეძლო, ასევე დაჭრილ ცხენზე შესვეს; როგორ გაატარა კონცლაგერში რამდენიმე თვე. შოკისმომგვრელი იყო იმის გაგება რომ თურმე ტყვეებს დროდადრო ბანაკიდან გაპარვა შეეძლოთ. პოლონელებს რაღაცეებს პარავდნენ, ფაშისტ მცველებზე ყიდიდნენ, თუ პირიქით იყო….. მერე საკვებს ყიდულობდნენ…….. პაპას ცოცხალს ვეღარ მოვესწარი, სხვები მიყვებოდნენ მის შესახებ. “არალეგალური ბიზნესის” ამბავი შოკისმომგვრელი იმიტომ იყო, რომ წიგნებიდან აბსულუტურად საწინააღმდეგო ინფორმაცია მქონდა: რომ ფაშისტები არაადამიანურად აწამებდნენ ყველა ტყვეს….. იმის წარმოდგენა რომ თურმე ვინმეს პატარ-პატარა ეშმაკობები შეეძლო ჩემს ძალებს აღემატებოდა… არ ვიცოდი რომელი მათგანი დამეყენებინა ეჭვის ქვეშ – ჩემიანების მონათხრობი თუ შავით თეთრზე დაწერილი სტრიქონები.

მახსოვს ბებოს მონათხრობიც, ომის დროს რომ ფული არ იყო და საჭირო ნივთებს ერთმანეთში ცვლიდნენ: სასკოლო ჩანთებს სოფელ-სოფელ ატარებდნენ და მისი ფასი იმდენი ლობიო იყო რამდენიც შიგ ჩაეტეოდაო….. კიდევ იყო უკაცობა, სიცივე…. მერე ომიდან დაბრუნებული ნაჯარისკაცალები და ცხოვრების ხელახლა დაწყების მცდელობები….  სამკუთხა წერილები რომლებსაც ბევრისთვის იმედი მოჰქონდათ, სხვებისთვის – სასოწარკვეთა…

ბოლო წლებია საკუთარ თავს ვეკითხები: რატომ აღვნიშნავთ 9 მაისს? II მსოფლიო ომი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ჰიტლერიც მკვდარია, ფაშიზმის საფრთხეც აღარ არსებობს… მერე ვუყურებ კედელზე პაპაჩემის გადიდებულ სურათს და ისევ მისი ომის ამბები მახსენდება… ისევ მესმის ბებოს ხმა რომელიც უკაცო სოფლებზე მიყვება და ამბობს: შვილო, კაცი ყოფილიყო და ვინღა დაგიდევდა უხელო იყო თუ უფეხო, თვალდახუჭული მიყვებოდნენ ცოლად გოგოებიო. კანტიკუნტად შემორჩენილი ომის ვეტერანები, ყველა სოფელში აღმართული მემორიალები საშუალებას არ გვაძლევენ დაგვავწყდეს 1940-იანი წლების საშინელებები. ისინი, რასაც წიგნებსა და პრესაში წერდნენ და ისინიც, რაც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა.

9 მაისი უნდა ყოფილიყო არა სიმბოლური დღე, არამედ ღირსშესანიშნავი თარიღი, როდესაც ბოლო მოეღებოდა ძალადობას, ომს… როცა მსოფლიოს ყველა ერი ერთად მოიშუშებდა ნაომარ იარებს… წარსულის გამოცდილებას ადამიანებისთვის ახალი დანაშაულების ჩადენის სურვილი უნდა მოესპო, მაგრამ… განა ასე მოხდა?… საქართველოში – 2 ომი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, “პატარ-პატარა” კონფლიქტის კერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, კიდევ უფრო დაძაბული პოლიტიკა – ნუთუ ეს არის ისტორიის გაკვეთილის შედეგი? ერის მეხსიერებას მეცნიერები სწავლობენ, საინტერესოა თუ ამბობს ვინმე – რატომ იმეორებს ხალხი იმავე შეცდომებს, რატომ სჩადიან ერთიმეორეზე საზარელ დანაშაულებს?…

9 მაისი, სამწუხაროდ, ასოცირდება ომთან და არა მშვიდობასთან. რა მოხდება რომ ყოველწლიურად ამ დღეს არა მხოლოდ გავიხსენოთ ტკივილით სავსე წარსული, არამედ მომავალ თაობებს მოვუწოდოთ: არა-ომს, არა-ძალადობას, არა-ადამიანთა წამებას!! ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ თანამშრომობას!!!.. განა ბევრია ისტორიაში პოზიტიური თარიღები?… შევცვალოთ 9 მაისისადმი მიდგომა და შეიცვლება ჩვენი აზროვნებაც, შესაბამისად – ქცევებიც და მათი შედეგებიც. დაე, ჟორიოსთანა “ლეგენდარულმა რაზვედჩიკებმა” მშვიდობის დასამყარებლად “იმუშაონ”, რათა შემცირდეს სისხლისღვრა, ძალადობა; ადამიანებმა ისწავლონ ნდობა და ერთად შენება… სხვა სიტყვებით რომ მოგახსენოთ, მოდით ვცადოთ ცნობიერების ტრანსფორმაციის გზით მომავლის შეცვლა. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s