რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ


ბევრჯერ გაგვიგია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ რა რისკებთანაა დაკავშირებული მოვლილი ხელები და ლამაზი ღიმილი? ტატუს გაკეთება მოგდომებიათ? განსაკუთრებით ზაფხულში, როცა გინდა რომ გალამაზებული  სხეულით ვინმე მოხიბლო. ფრთხილად! სტომატოლოგების კაბინეტები, სილამაზისა და ტატუს სალონები, საავადმყოფოებიც ის სარისკო ადგილებია, სადაც C ჰეპატიტის გადადების საშიშროება გემუქრებათ.

არასტერილური სამედიცინო იარაღები, საზიარო ნემსები, სხვადსახვა ადამინისთვის ერთი ამპულიდან ამოღებული წამალი ან ტატუს საღებავი, გადაუმოწმებელი დონორის სისხლი – ვირუსის გადატანის გავრცელებული საშუალებებია.

ეს არის ფორუმ.გე-ს ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, სადაც ჰეპატიტის გადადების ფაქტების შესახებ საუბრობს:

დღესდღეობით საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულია 200.000 ადამიანი. აქედან მხოლოდ 1% მკურნალობს, დანარჩენი 99% კი რიგი მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, საზოგადიების ინფორმირების დონე ჰეპატიტთან დაკავშირებით ძალიან დაბალია.

პოსტის წერა რომ დავიწყე მეგობრებში მინი-გამოკითხვა ჩავატარე. მანტერესებდა რა იცოდნენ ან ვირუსის შესახებ, ან თუ აკვირდებოდნენ რა პირობებში იღებდნენ ამა თუ იმ მომსახურებას. აღმოჩნდა, რომ (1) ჰეპატიტიანს არავინ იცნობს ერთის გარდა, ისიც იმიტომ რომ ოჯახის წევრია. დაინფიცირების სავარაუდო მიზეზად ბავშვობაში არასტერილური ნემსით გაკეთებულ აცრას მიიჩნევენ. (2) თითქმის არავინ იყო დაკვირვებული სალონებში, სტომატოლოგებთან რამდენად უსაფრთხო გარემოა. ან არადამაკმაყოფილებელი დასკვნები გააკეთეს. აი ზოგიერთი პასუხი:

 “ქორწილისთვის ვიკეთებდი მე და მერე რომ ვიხსენე, ვერ გავიხსენე გაუკეთეს თუ არა სტერილიზაცია. როგორც მახსოვს, 20 წუთი უნდა იყოს იმ აპარატში და ეგ არ იყო ჩემს შემთხვევაში. მგონი ვიღაც კაცი იჯდა ჩემს წინ და მერე მე დამსვა. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, აღარ მახსოვდა ნამდვილად საიდან ამოიღო ის მაკრატელი”

“მე მაქსიმალურად ფრთხილი ვარ ეგეთ რამეებში, მარა სტომატოლოგთან მაგის დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია. ისეთ პოზიციაში ხარ, რომ ვერ ხედავ კარგად ვერაფერს, თავსაც ვერ მიატრიალებ. პირდაფჩენილი და თვალებგადმოკარკლული აქეთ იქით ყურება არ გამოდის. ანუ იმასაც კი ვერ ვხედავ, ბურღი რაც აყენია, ისევ იმ ბურღით მბურღავს თუ სხვას აყენებს.”

იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანები გარშემომყოფებს, მომსახურე პერსონალს, საავადმყოფოს მუშაკებს უმხელენ, რომ C ჰეპატიტის მატარებლები არიან. რატომ იქცევიან ასე? პირველ რიგში, გარიყვის შიშის გამო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის C ჰეპატიტის, მისი გადაცემისა და პრევენციის გზების შესახებ. ამიტომ ისინი ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს ურთიერთობებში, სამსახურში, კვების ობიექტებში… საქართველოში ამ მხრივ ძალიან მწირი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, საზღვარგარეთის გამოცდილება კი მრავალფეროვანია: ხშირ შემთხვევაში ხდება ჰეპატიტიანებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა, გამოყოფა სხვა პაციენტებისაგან, ცალკე პალატაში გადაყვანა და მასზე “ჰეპატიტის ვირუსის მატარებლის” ფურცლის მიკვრა.

ვნახე ჯეინის ისტორია, რომელიც საავადმყოფოში არათუ სხვებისგან გამოყვეს, არამედ საკუთარი 8 თვის შვილი უხეშად გამოგლიჯეს ხელიდან, თითქოს ჩახუტებით შეიძლებოდა ვირუსის გადაცემა. გახსოვდეთ, რომ ჩახუტებით, კოცნით ჰეპატიტი არ გადადის! ასევე ვნახე კეტის ისტორია, რომელიც საქმრომ მიატოვა მას შემდეგ, რაც ჰეპატიტი დაუდგინდა. წავიკითხე 49 წლის ბარბარას შესახებ, რომელიც მარტოხელა და უმუშევარია იმის გამო, რომ C ჰეპატიტის გამო შრომისუნარიანობა დაბალი აქვს (სწრაფად იღლება), მასთან პაემანსაც ერიდებოდნენ.

ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც დისკრიმინაცია ეწოდება, და რასაც განიცდიან C ჰეპატიტის მქონე ადამიანები.

გახსოვდეთ, რომ ჰეპატიტი ურთიერთობებით კი არა, ძირითადად სისხლით გადადის. იშვიათ შემთხვევაში – სექსუალური კონტაქტის დროსაც, ინექციის ან ტატუს გაკეთებისას, ოპერაციისას, საზიარო ინსტრუმენტებით, ნემსებით; დედიდან შვილზე – მშობიარობისას. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში ჰეპატიტი იკურნება. ეს ხანგრძლივი, თუმცა შედეგიანი პროცესია. ამჟამად მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში აღიარებულია 2 წამალი: რიბავერინი და ინტერფეროლი. ნებისმიერ “შინაური”, “სახალხო” ან “საერთაშორისო” მკურნალების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული საშუალებბეი უშედეგოა! მკურნალობის კურსი გრძელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, 24-დან 48 კვირამდე. განკურნების შანსი დამოკიდებულია გენოტიპზე და განვითარების სტადიაზე.

იბადება კითხვა: თუ განკურნების შესაძლებლობა არსებობს, C ჰეპატიტის მქონეთა 99% რატომ არ მკურნალობს?

საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსებობს მკურნალობის შემაფერხებელი რიგი გარემოებები. პირველ რიგში, ეს არის დიდი ფინანსური დანახარჯები. ჰეპტიტის მკურნალობა საქართველოში 12-დან 24.000 ლარამდე ღირს. ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა კი ბევრს არ აქვს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ჰეპატიტთან დაკავშირებული კვლევებისა და მკურნალობის ხარჯებს. მესამე მიზეზი არის მკურნალობის გვერდითი მოვლენები. თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილები ის ფაქტორებია, რომელიც ბევრს საწყის ეტაპზევე ათქმევინებს უარს.

C ჰეპატიტთან დაკავშირებულ რისკებზე, მკურნალობაზე, სტატისტიკაზე და არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს კავშირი “ახალი ვექტორის” ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა გადაცემაში “დღის შოუ” (2011 წლის 28 ივლისი)

 
C ჰეპატიტის ვებპორტალზე შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია, რეკომენდაციები, სტატისტიკა, რესურსები, ადამიანური ისტორიები, დოკუმენტები… ყველაფერი ეს დაგეხმარებათ, არ გახდეთ უცოდინრობის მსხვერპლი. ამგვარად უფრო მეტს გაიგებთ როგორც ვირუსის, ასევე ადამიანების შესახებ, ისწავლით სიფრთხილის დაცვის ზომებს და, რაც მთავარია, აღარ მოგიწევთ ლამაზი ღიმილის ან მოვლილი კბილების საფასურის ჯანმრთელობით გადახდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s