ჟურნალისტური აბლაბუდა


"ვეძებ სამუშაოს"

ბევრი ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა, “დროებით უმუშევარია”. დღეში რამდენჯერმე შედის სამუშაოს საძიებელ საიტებზე, ათვალიერებს ასობით ვაკანსიას და დაუსრულებლად აგზავნის CV-ის სხვადასხვა ელექტრონულ მისამართებზე. მერე იწყება უიმედო ლოდინის დღეები, როცა გგონია რომ აი, სადაცაა შენს მობილურზე უცნობი ნომერი შემოვა, ქალის სასიამოვნო ხმა მოგესალმება და გასაუბრებაზე დაგიბარებს… მიხვალ, მოუყვები შენი დამსახურებების შესახებ, ისინიც აგარჩევენ მრავალთაგან ერთადერთ ღირსეულს და საოცნებო პოზიციაც შენია….

ეს უიმედო იმედიანობა ხშირად ტრაგიკულად დიდხანს გრძელდება, CV-ის გაგზავნა ავტომატურ ჩვევაში გადადის… უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რა ვაკანსიაა – ჟურნალისტის, გაყიდვების აგენტის, ოფის მენეჯერის, მეხანძრის თუ პილოტის – პირადი მონაცემები უნდა მიუვიდეთ. ეგებ ვინმეს თვალში მოუვიდეს, თავში რაღაც გადაუტრიალდეს და გასაუბრებაზე დაგიბაროს…..

ამბავი რომელიც უნდა მოგიყვეთ, ჩემს მეგობარს ეხება. იგი საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა აგერ უკვე 2 წელია უშედეგოდ ცდილობს სამსახურის დაწყებას. მახსოვს, ჩემი ამერიკაში წასვლამდეც იბარებდნენ გასაუბრებებზე. ერთგან მიიღეს კიდეც მაგრამ რამდენიმე კვირაში წამოსვლა მოუწია. საოცარი გრძნობაა, როცა ბოლოსდაბოლოს გგონია რომ შენმა ძიებამ ნაყოფი გამოიღო, მიხვედი სადღაც, დაფუძნდები… აწყობ კარიერულ და პირად გეგმებს, ერთ დღეს კი…  უფროსი კაბნეტში გიბარებს და გეუბნება: იცი, შენ ძალიან კარგი გოგო/ბიჭი ხარ მაგრამ… ამ მაგრამ-ის შემდეგ რას იტყვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ხვდები რომ ეს შენი ბოლო სამუშაო დღეა და ოცნების კოშკები კიდევ ერთხელ ჩამოგენგრა თავზე. კაბინეტის კარებამდე გულში იგინები, ქუჩაში გამოსული კი გამვლელებსაც აღარ ერიდები, ხმამაღლა მობურდღუნებ ყოფილი კოლეგებისა და მთელი ქვეყნის “ქება-დიდებას”.

რამდენადაც ეს სტანდარტული პროცედურა ხშირად მეორდება ახალგაზრდების ცხოვრებაში, უკვე აღარავის უკვირს რომ მორიგი ახლად-უნივერსიტეტ-დამთავრებული ინდივიდი უცებ შემოსავლის გარეშე რჩება.

 ————————-

რაც ჩემს მეგობარს შეემთხვა, ერთი შეხედვით უჩვეულოდ მომეჩვენა. შეიძლება იმიტომაც, რომ უკვე მთელი წელი არ მქონდა შეხება ქართული შრომის ბაზართან და შესაბამისად, წარმოდგენაც აქაური ორგანიზაციების შესახებ.

ეს ამბავი გასულ შემოდგომას დაიწყო.

ოქტომბრის ბოლოს –  წკრრრრრრრ – მობილური რეკავს. ვუპასუხე.

– ავე, – საზეიმო ხმით მომახარა მეგობარმა, – მუშაობა დავიწყე.

– გილოცავ, სად მიგიღეს? – გულწრფელად გამიხარდა. კარგად მახსოვდა ბოლო წლებში სამუშაოს დასაწყების მისი განწირული მცდელობები.

– ახალგაზრდული ჟურნალია, ჟურნალისტი სჭირდებათ.

უნდა გითხრათ რომ მას სხვადასხვა გამოცემებსა და რადიოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია. შემოქმედებითი ნიჭიც აქვს….

პირველ რიგში სამუშაო პირობები ვკითხე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორი კოლეგები მეყოლება, როგორი იქნება ორგანიზაციული გარემო, ანაზღაურება, ხელფასისა და კარიერული ზრდის პერსპექტივა და ა.შ.

ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ახლადშექმნილი ჟურნალი თანამშრომლებისთვის გადახდას მხოლოდ მეორე ნომრის გამოშვების შემდეგ აპირებდა. ისიც რას? – სტატიაში მხოლოდ 20 ლარს!

მარტივი გამოთვლებითაც იოლი მისახვედრია, რომ ერთ ადამიანსაც კი ვერ ეყოფა თუნდაც რამდენიმე სტატიის დაწერით მიღებული ყოველთვიური ანაზღაურება. თუმცა, ბევრია თუ ცოტაა, ფული არასოდეს არის ზედმეტი. ქართული რეალობიდან გამომდინარე, “სულ არაფერს მაინც სჯობია” ლოგიკით, ჩემი მეგობარი სიხარულით დათანხმდა შემდეგ პირობებს:

1. რედაქციაში ყოველდღიური სიარული საჭირო არ არის. მიდიხარ მაშინ, როდესაც რედაქტორისგან იღებ დავალებას ან კონკრეტული საკითხი/სტატიაა განსახილველი

2. კომუნიკაციის ძირითადი საშუალება არის ინტერნეტი და ტელეფონი

3. პირველი ნომრის მოსამზადებლად უფასოდ დაწერს რამდენიმე სტატიას, მეორე ნომრის გამოცემის შემდეგ კი ანაზღაურება იქნება თითოეული სტატიისთვის 20 ლარი.

შეთანხმება, რა თქმა უნდა, იყო მხოლოდ სიტყვიერი. კონტრაქტები ქართული შრომის ბაზარზე არც ისე გავრცელებულია, ხოლო რა ძალა აქვე დამსაქმებლის მიერ მოცემულ სიტყვას, სულ მალე დაინახავთ.

ახლადდასაქმებული მუშაკი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მოვალეობების შესრულებას. მოიფიქრა რამდენიმე ორიგინალური რუბრიკა, რომელიც ჟურნალის პოტენციურ მკითხველებს დააინტერესებდათ. შეარჩია თემები, მოიძია მასალები, ჩაატარა ინტერვიუები და დაწერა რამდენიმე სტატია. ისიც გახსოვდეთ, რომ როგორც ჭეშმარიტმა ჟურნალისტმა, შეიძინა ახალთახალი დიქტოფონიც. მოკლედ, დაიწყო გძელვადიან გეგმებზე ფიქრი.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სიამაყით მაჩვენა ჟურნალის პირველი ნომერი. ეს იყო მაღალხარისხიანი გამოცემა ფერადი, პრიალა ფურცლებით და ლამაზად გაფორმებული ყდით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამიხარდა. და, რა თქმა უნდა, მან გაორმაგებული ენთუზიაზმით დაიწყო მეორე ნომრის სტატიებზე მუშაობა. ხუმრობა ხომ არაა, უკვე ანაზღაურება უნდა მიეღო.

რედაქტორმა მოუწონა ერთი სტატია… მეორეც… მესამეც… მოუყვა სპონსორებთან მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ…

 ამასობაში ახალი წლებიც მოახლოვდა და, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ, თავს დასვენების უფლებაც მისცეს.

მოვიდა 2012, გავიდა მასობრივი სმა-ჭამის დღეები და ერთხელაც – წკრრრრრრრრრრ – ისევ რეკავს ტელეფონი. ისევ ვუპასუხე.

– ავე, – ამჯერად ზეიმის ნატამალიც არ იყო ჩემი მეგობრის ხმაში, – იცი რედაქტორი დამეკარგა…

გავოცდი! ნუთუ შესაძლებელია 21-ს საუკუნეში, სოციალური ქსელებისა და მასობრივი კომუნიკაციების ეპოქაში მოულოდნელად გაქრეს ცივილიზებული ადამიანი?!

თურმე პერსპექტიული ჟურნალის ყოჩაღი რედაქტორი აღარც მაილზე წერს, არც ტელეფონის ზარებს პასუხობს…. ფეისბუქზეც ყურადღებას არ აქცევს მოკითხვის მესიჯებს….

პირველს რას იფიქრებ? – გადამაგდეს! და მართალიც იქნები.

სხვა ალტერნატივის დაშვებას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ამბის გარკვევის რამე შესაძლებლობა მაინცაა. ამ შემთხვევაში კი კომუნიკაციის ყველანაირმა მცდელობამ კრახი განიცადა. არ უპასუხეს არც ნაცნობი, არც უცხო ნომრის ზარებს, ბოლოს კი საერთოდ გაითიშა რედაქტორის ტელეფონი.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა…

ასე დამთავრდა ერთი დასაქმების ისტორია.

დასკვნა: აფერისტები ყველგან შეიძლება იყვნენ, მათ შორის ჩვენს “საამაყო” მედიაშიც.

შეიძლება გავიგო რომ ვიღაცას არ იღებენ სამსახურში, ან ძალიან მალე ათავისუფლებენ, ან … ნებისმიერი სხვა რამ გარდა მსგავსი უნამუსო შემთხვევისა. ერთი ტექსტური ან ელექტრონული მესიჯის დაწერას, ან ერთ დარეკვას რა უშლის ხელს? ელემენტარული ადამიანური მომენტია რომ შენს მუშაკს, კოლეგას გააგებინო მისი ბედის შესახებ. როცა ეუბნები “სამსახურში მიღებული ხარ”, ასეთივე წარმატებით უნდა შეგეძლოს “საქმე ჩაიშალა და ვეღარ გიხდი”-ს ინფორმირება.

მოკლედ, ქართული შრომის ბაზარზე რომ მეგონა იმაზე წყალწაღებული სიტუაციაა. რა უნდა გააკეთო ამ დროს? როდესაც რედაქტორის გაქრობით გაოგნებულმა მეგობარმა დამირეკა, ვურჩიე პოლიციაში მისულიყო და გაეცხადებინა ადამიანის დაკარგვის შესახებ. მაგრამ არ დამიჯერა. როგორ ფიქრობთ, ამით რამე შეიცვლებოდა?

სადღაც დადის და დაგულაობს არშემდგარი ჟურნალის აქუსლებული რედაქტორი და ალბათ მორიგ საკბილოს ეძებს. გამოცვლიდა მობილურ ოპერატორს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, შეცვლიდა ჟურნალის სახელს და იგივე შემართებით გააგრძელებდა მორიგი მსხვერპლის ძიებას.

ბლოგერებო, ჟურნალისტებო, სტუდენტებო – ვისაც გინდათ რომ მთელი საქართველოსთვის წეროთ!

არ ენდოთ ახლადგამოჩეკილი მედიის წარმომადგენლებს, მოგატყუებენ!!! იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოგემა გაგრძელდა, ხელში შეგრჩებათ “ჭ” კლასის ჟურნალში რამდენიმეთვიანი უფასო მუშაობა, მზარი ხარჯები (ტრანსპორტის, კომუნიკაციის, დიქტოფონის და ა.შ.) და გაცრუებული იმედები.

სჯობია ასე თუ ისე დამკვიდრებულ მედია საშუალებას მიაკითხოთ და იქ სტაჟირებით დაიწყოთ კარიერა ვიდრე მსგავსი აფიორის მსხვერპლი გახდეთ!

გამიზიარეთ ისტორიები – თუ ვინმეს მსგავსი რამ გადაგხდენიათ. რამდენად ხშირია ახალბედა ჟურნალისტების გადაგდება? როგორ აფასებენ მათ შრომას? და სად არის გამოსავალი? ვის მიმართოს დაზარალებულმა, იმედგაცრუებულმა, მომავალზე ხელჩაქნეულმა, შრომის უფლებადარღვეულმა ადამიანმა?

One thought on “ჟურნალისტური აბლაბუდა

  1. მსგავსი ფაქტები სტუდენტობისას მქონდა ხოლმე😦😦

    მაგრამ ძირითადად სტაჟირებას ეხებოდა, სამომავლო დასაქმებით. მაგრამ ეს მომავალი არცერთ გამოცემაში თუ სააგენტოში არ დადგა😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s