“ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი”, ანუ ძალადობის პოეზია


Youtube-ზე “ყივჩაღის პაემანის” ახალი ჩანაწერი მოვისმინე. ლევან ხურციას დინჯი ხმა სვენებ-სვენებით ყვება სევდიან ამბავს. ყოველ სიტყვაზე პაუზას აკეთებს, თითქოს დიდ ჯაფას ეწევა. მოუსმენ და ტირილი მოგინდება.

როგორ განსხვავდება გიორგი ლეონიძის ომახიანი ვერსიისგან, რომლის დროსაც ძარღვებში გამოუცნობი გრძნობა დაგივლის. აგაჟრიალებს, ჩამოგაჟრიალებს… სადღაც გულთან ახლოს მოგიღუტუნებს და მიხვდები რომ სიტყვის მონა ხარ. ემოციური ფრაზები გონებაში იჭრებიან, შენი ბურძგლომეტრი ყველანაირ საზღვარს გადადის… ყოვჩაღის პაემანის კულმინაციისას კი ექსტაზში ვარდები:

“ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,

შემოვამტვერე გზები ტიალი,

მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,

ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.”

ემოცია იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება ოფლში გახვითქული ცხენის თქარათქურიც შემოგესმეს და დაინახო, როგორ მიიჩქარის სატრფოსაკენ შეყვარებული ყივჩაღი.

როგორც ამბობენ, გენიალური ლექსია. გაიძულებს, თითოეული სიტყვა თავში ჩაიბეჭდო და უსასრულოდ გაიმეორო:

“ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს…”

“მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები…”

“ნეტამც ბადაგი არ დამელია

და იმ დღეს ხმალი არ ამელესა”

“ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!”

“მაგრამ თვითონაც დაილეწება,

დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,

მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,

თავი შუაზე გადამიჩეხა!”

მშვენიერი ნაწარმოებია, მუსიკალურიც, ძარღვიანიც, ნიჭიერად დაწერილიც. თუმცა ძალადობისა და სისხლისღვრის პირდაპირი პროპაგანდაა. ეს არის ამბავი კაცისა, რომელიც სხვის ცოლს ადგამს თვალს და სიკვდილის შემდეგაც ეპოტინება. ფეხებზე იკიდებს ქალის გრძნობებსაც, მისი ოჯახის ღირსებასაც და ბადაგით გონებაარეული ძალით დაპატრონებას ცდილობს. სანაძლეოს დაგიდებთ, მთელი ქართულენოვანი საზოგადოება თანაუგრძნობს “სიყვარულის გამო” აჩეხილ ყივჩაღს.  “ყივჩაღის პაემანის” ხსენებისას ხმალმოღერებული, გახვითქულ ცხენზე მჯდარი, ვნებითა და სასმელით  მთვრალი მამაკაცის ასოციაცია ჩნდება. ყველას მოსწონს მისი “ვაჟკაცობა” და ის შემართება, რომელიც იარაღმომარჯვებულს სასურველი ქალის დასაუფლებლად მიერეკება. არის ეს პატივსაცემი? ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე რომ ის ქალი ვიყო, დავნებდებოდი გონებაარეულ, ვნებით გათანგულ უცხო კაცს? მე რომ ქმარი ვიყო, დავუთმობდი ცოლს ვიღაც გადამთიელს? და თუნდაც ვინმე სხვა, განზე მდგომი ადამინი ვიყო, გულგრილად შევხედავდი ამ ყველაფერს?

აღიარებთ თუ არა, “ყივჩაღის პაემანი” საზოგადოებაში ძალადობრივ კულტურას ამკვიდრებს. იგი გვიჩვენებს, რომ ქალი უპიროვნებო არსებაა, მამაკაცის საკუთრება, რომელსაც აზრის, გრძნობების გამოვლენის უფლება არ აქვს. იგი მხოლოდ მამრის პრიმატს აღიარებს. მდედრი დაჩაგრულია, მის მიერ ინდივიდუალიზმის დემონსტრირება – წარმოუდგენელი. ლექსში ორი მოქმედი პირია: ყივჩაღი და ქმარი – მოძალადე და მკვლელი; ოჯახის მყუდროების დამრღვევი და ოჯახის ღირსების დამცველი. ეს არის სისხლით სავსე სამყარო, ჭეშმარიტი გრძნობების სასაფლაო. მკითხველი – პასიური და გულგრილი მაყურებელია, მიკერძობული მოსამართლე.  მის შეცდომაში შეყვანას “სიყვარულის სახელით” შლეგი ყივჩაღი იოლად ახერხებს.

ამგვარად მკვიდრდება ღირებულებები, რომლებიც სიყვარულის რომანტიკასა და ძალადობრივ ქმედებას ერთმანეთთან აიგივებს; ჩაგვრას გრძნობების სიმძაფრით ამართლებს. ამიტომ ხდება, რომ გამვლელები გულგრილად უვლიან გვერდს შუა ქუჩაში გაჩერებულ წყვილს: გოგოს თავი ჩაუღუნავს და უსასოოდ ლუღლუღებს. ბიჭი თავზე დაღრიალებს და უაზრო ეჭვიანობით შეპყრობილი მობილურს უმტვრევს. ისინი შემდეგაც გააგრძელებენ ურთიერთობას, დაქორწინდებიან. კაცი დაბრუნდება ხოლმე სახლში ოფლიანი, ბრაზიანი. ცოლი კი ყოველთვის დაახვედრებს ცხელ საჭმელს და აიტანს უსაფუძვლო ბრალდებებს – “ბავშვების გულისათვის”; უფრო კი იმიტომ, რომ ეშინია “რას იტყვის ხალხი”; და იმიტომაც რომ იცის “იმსახურებს” ძალადობას, ლანძღვა-გინების კორიანტელს, დამცირებასა და შეურაცხყოფას.

“ყურღანებიდან აფრენილი გნოლებით” იწყება დამოკიდებულებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება. ისინი ერის ქვეცნობიერში ქმნიან დანაღმულ ველს. ეს ფეთქებადსაშიში ტერიტორიაა. თითოეული “გნოლის აფრენა” დამახინჯებული აღქმა, არასწორად განვითარებული ფსიქიკა და ზღვარგადასული ფანტაზიაა. “ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი”-ც ანტირელიგიური ამბოხია. არა, ამბოხის წინააღმდეგი კი არ ვარ. პირიქით – მივესალმები, თუ პოზიტიური ცვლილების მომტანია და საზოგადოებას განვითარების ახალ მიმართულებას უჩვენებს. ამ შემთხვევაში კი დეგრადაციისკენ მიჰყავს ეთნოფსიქიკა. ლექსების კითხვა საჭიროა – ერთგვარი სულიერი საზრდოა. მაგრამ უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ თვალებით, ან ემოციებით, არამედ – გონებითაც. ბრმა პატრიოტიზმი, ფორმების ტრფიალება “ყივჩაღის პაემნამდე” მიგვიყვანს. ეს კი თავგაჩეხილი სიკვდილია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s